ბოლო პერიოდში Foreign Affairs-ში გამოქვეყნებული რამდენიმე საყურადღებო ანალიტიკური სტატია (მარკ ლეონარდი, ანდრეა კენდალ-ტეილორი და რიჩარდ ფონტეინი, ჯასტინ ბრონკი) გლობალური უსაფრთხოების საკმაოდ მძიმე, მაგრამ ფხიზელ სურათს ხატავს. ამ ტექსტების მთავარი გზავნილი მარტივია: წესებზე დაფუძნებული ძველი მსოფლიო აღარ არსებობს, მაგრამ მის ადგილას ახალი, სტაბილური წესრიგი არ მოდის. ჩვენ შევდივართ ხანგრძლივი „უწესრიგობის“ ეპოქაში, სადაც კრიზისები ელვის სისწრაფით გადადის ერთი სფეროდან მეორეში, სავაჭრო და სატრანზიტო გზები იარაღად იქცევა, ხოლო დიდი სახელმწიფოების უსაფრთხოების გარანტიები სულ უფრო პირობითი და ტრანზაქციული ხდება.
მარკ ლეონარდის მეტაფორით რომ ვთქვათ, დღეს სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ არა როგორც „არქიტექტორებმა“ (რომლებიც გლობალური წესებისა და იდეალური კონსტრუქციების იმედად არიან), არამედ როგორც „ხელოსნებმა“ — პრაგმატულად, მოქნილად და არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით. თუმცა, საქართველოს რეალობაში „ხელოსნის“ სტრატეგიას თავისი მკაფიო საზღვრები აქვს. თურქეთის, ინდოეთის ან ბრაზილიის მსგავს საშუალო ძალებს შეუძლიათ ყველა პოლუსთან თანაბრად ივაჭრონ, მაგრამ ნაწილობრივ ოკუპირებული მცირე ქვეყნისთვის უსაზღვრო „მულტივექტორულობა“ და ქაოსური ჰეჯირება დამღუპველი მახე შეიძლება იყოს. თუ ყველა მხარე ჩათვლის, რომ არავის ერთგული არ ხარ, კრიზისის დროს მარტო დარჩები. ამასთან, „ხელოსნური პრაგმატიზმი“ არ უნდა იქცეს უპრინციპო დათმობისა და კაპიტულაციის გამართლებად — ნებისმიერი მოქნილობა მკაფიო წითელ ხაზებს უნდა ეფუძნებოდეს.