error
ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორია ბეჭდვა
პარასკევი, 04 თებერვალი 2011 11:02
კახა კაციტაძე

ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორია

ტაქტიკა


საყოველთაო გაგებით თუ სტრატეგია არის ომის მოგების თეორია, ტაქტიკა არის ბრძოლის მოგების თეორია. ეს განმარტება სწორია, მაგრამ არასაკმარისი, ვინაიდან ტაქტიკა მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ბრძოლის ტიპები (შეტევითი, თავდაცვითი ყველა მათი სახესხვაობით) აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარე ბრძოლის სახეები (ვთქვათ ბრძოლა მთაში, ბრძოლა უდაბნოში, ბრძოლა ტყეში, ბუმბერაზთა შებრძოლება და ა.შ.), აგრეთვე ისეთ ტაქტიკურ ქმედებებს, როგორიცაა დაზვერვა, მიხდომა, რეიდი... საინტერესო პერიოდში სასურველია შევეხოთ ქართულ სახელმწიფოთა სამხედრო ტაქტიკის ყველა ელემენტს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უცვლელი სტრატეგიის და ტექნოლოგიური დონის პირობებში ტაქტიკა მაინცადამაინც დიდ ცვლილებებს არ განიცდიდა იმის მიუხედავად, რომ ფარნავაზიდან ვახტანგ გორგასლამდე არცთუ მცირე დრომ გაიარა.
წარმოდგენილი სტატია არის ნაწილი მონოგრაფიისა, რომელიც ეხება ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორიას ფარნავაზიდან მოყოლებული ვიდრე არაბთა დაპყრობამდე. Mმონოგრაფიაში სხვასთან ერთად განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა შეიარაღებულ ძალთა ორგანიზაცია, აღჭურვილობა, ფორტიფიკაცია, კომუნიკაციები, ლოგისტიკა, სხვადასხვა კამპანიები და ა.შ. წარმოდგენილი სტატიის უკეთ გაგებისათვის უცილებელია აღინიშნოს კვლევის იმ მონაკვეთის ძირითადი შედეგი, რომელიც ეხება იბერიის შეიარაღებული ძალების ორგანიზაციას. შესაბამის მონაკვეთში, დასაბუთებულია, რომ ძველი იბერიის და კოლხეთის არმიების ძირითად დამრტყმელ ძალას მძიმე ე.წ. კატაფრაქტული ტიპის კავალერია წარმოადგენდა (იხ.ნახატი I, 2, 3). მათ გარდა ქართულ სახელმწიფოთა არმიებში შედიოდნენ საშუალო და მსუბუქი მოისარი ქვეითები და საშუალო/მსუბუქი კავალერია. ასეთი ორგანიზაციის არსებობის (რომელიც დაწვრილებით სხვა სტატიაში იქნება განხილული) გათვალისწინება აუცილებელია ძველი ქართული ხელოვნების ისეთი ელემენტის სპეციფიკის გასათვალისწინებლად, როგორიც არის ტაქტიკა.
 
საყრდენი ობიექტების სისტემა

ნებისმიერი სტრატეგიული თუ ტაქტიკური ქმედება გულისხმობს საყრდენი ობიექტების გარკვეულ სისტემას, რასაც ინგლისელები `ცენტრე ოფ გრავიტატიონ~-ს,  გერმანელები `შწერპუნკტ~-ს, ხოლო რუსები `цент связности~-ს ან опорный пункт -ს უწოდებენ (აქ არ შევეხებით ამ ტერმინების მოხმარების ნიუანსურ განსხვავებებს, მივიჩნევთ რა, რომ ის, რაც ტერმინში `საყრდენი ობიექტი~ იგულისხმება, მკითხველისათვის ნათელია, თუგინდ ინტუიტიურ დონეზე) . ბუნებრივია ტაქტიკის ეს უნივერსალური ელემენტი არც ძველი ქართული სამხედრო ხელოვნებისათვის იყო უცნობი. მაგალითისათვის შეიძლება ავიღოთ  ტაქტიკური ხერხი, რომლის დროსაც ხდება ფრონტის ხაზის ზურგის   უზრუნველყოფა საყრდენი ობიექტით ან ობიექტების სისტემით. ტერმინი `ფრონტის ხაზის ზურგი~ წმინდა ტაქტიკურ დატვირთვას შეიცავს.  ის გულისხმობს ჯარების მწყობრის ტაქტიკურ სიღრმეში (ფრონტის მოწინავე ხაზიდან მაქსიმუმ 20-25 კმ-ით დაშორებულ, დაწვრილებით იხ. ქვემოთ) არსებულ საყრდენ ობიექტს ან   ობიექტების სისტემას. Eეს შეიძლება ვთქვათ  მდინარე,   ციხე-სიმაგრემდე, ან დაახლოებით ამავე მანძილზე განთავსებულ რეზერვი თუ დამხმარე ჯარი. ჩხადია `ფრონტის ხაზის ზურგის~ ამგვარ გაგება უშუალოდ არ ემთხვევა `ზურგს~ თანამედროვე გაგებით, ანუ ლოგისტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციის ელემენტებს. ამიტომაც ჩვენ შეგნებულად მოვიხმართ ტერმინებს: `ფრონტის ხაზის ზურგის უზრუნველყოფა~ ან `ფრონტის ზურგის უზრუნველყოფას~ და არა უფრო ზოგადი და ინდუსტრიული ეპოქის დროიდან მომავალ ტერმინს `ზურგის უზრუნველყოფა~ (რაც საბოლოო ჯამში იმის სინონიმურია, რასაც `ლოგისტიკას~ უწოდებენ). Fფრონტის ზურგის უზრუნველყოფა ხდება რაიმე ობიექტზე ან ობიექტების სისტემაზე დაყრდნობით. ეს ობიექტი შეიძლება იყოს ბუნებრივი  ( ქედი, მდინარე და ა.შ) ან ხელთქმნილი (საფორტიფიკაციო ნაგებობა, ხერგილიდან დაწყებული ვიდრე ქალაქამდე). რეალური სამხედრო მოქმედებებებისას უმეტესწილად უნდა გამოყენებულიყო ფრონტის ზურგის უზრუნველყოფის  ორივე ხერხი. მთავარია იმის აღნიშვნა რომ ბრძოლა წარმოებდა ფრონტის უშუალო ხაზის უკან, გარკვეულ მონაკვეთებზე განლაგებული ობიექტების გამოყენებით საყრდენ წერტილებად. `ქართლის ცხოვრების~ იმ მონაკვეთში, რომელსაც ლეონტი მროველს მიაწერენ, გვხდება ამგვარი ტაქტიკური მოქმედების აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინები, მაგალითად: `იპყრა იგი ქალაქი ზურგად~, (3, 31,55) ან სულაც ლაპარაკია ფრონტის ზურგის უზრუნველყოფაზე ჯარის ნაწილზე დაყრდნობით (რვა ძმისა და ნებროთის ბრძოლისადმი მიძღვნილი მონაკვეთი).
Fფრონტის ხაზის ზურგის უზრუნველყოფის მაგალითები მოგვეპოვება ლეონტისადმი მიწერილი ქრონიკის რამოდენიმე მონაკვეთში. მაგალითად მეფე ბარტომის და ტახტის მაძიებელ მირვანს შორის ბრძოლის აღწერისას ვკითხულობთ: ` ხოლო მეფემან ბარტომ შემოკრიბნა ყოველნი სპანი ქართლისანი, და მოირთო ძალი სომხითით, და მიეგება იგი ხუნანს. და იპყრა იგი ზურგად, ქალაქი ხუნანი. მოვიდა მირვან და დადგა მდინარესა ბერდუჯისასა.~( 3,31). ანუ აქ ორივე მხარე პრინციპში ერთსადაიმავე ტაქტიკურ ხერხს იყენებს და ფრონტს ამყარებს მოწინავე ხაზიდან გარკვეული მანძილით დაშორებულ ობიექტზე. განსხვავება იმაშია, რომ თავდაცვის მდგომარეობაში მყოფი ადერკი  საყრდენ წერტილად იყენებს საფორტიფიკაციო ნაგებობას, ქალაქ ხუნანს, ხოლო მომხდური მირვანი, თავისი ტაქტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საყრდენ წერტილად ბუნებრივ ობიექტს, მდინარე ბერდუჯას იყენებს.
Aანალოგიური ვითარებაა ამაზასპის და ოვსების ბრძოლის აღწერისას. ამაზასპის მოქმედების ძირითადი ელემენტები სტრატეგიის სფეროს განეკუთვნება და არა ტაქტიკისას. Aამიტომ ამ სტატიასი მათ შედარებით გაკვრით შევეხებით. მატიანეში ვკითხულობთ:` მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქუეითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს; მათგან კიდე რომელი გარე მეომრად განვიდოდეს, იყო ოცდაათი ათასი ქუეითი ყოვლად-ვე. და მაშინ სხუა რომელი ჰყვა მჴედარი ათი ათასი, და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა, ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქჳან საფურცლე. და იპყრა ზურგად ქალაქი (მცხეთა-კ.კ.) და ქუეითნი იგი, რომელ დაეყენნეს კართა შინა~.(3, 55).    
Aამრიგად ორივე შემთხვევაში ხდება გარკვეული საყრდენი წერტილის არჩევა და მასზე დაყრდნობით საბრძოლო მოქმედება, რომელიც ამ საყრდენი წერტილიდან გარკვეულ მანძილზე წარმოებს. ეს მანძილი არც ისე დიდი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან როგორც ამაზასპის კამპანიის აღწერიდან ირკვევა კავალერიას ერთი დღის განმავლობაში შეეძლო გადაადგილებულიყო საყრდენი წერტილიდან ფრონტის ხაზამდე, ეწარმოებინა ბრძოლა და დაბრუნებულიყო საყრდენ პუნქტში. ფრონტის ზურგის უწრუნველყოფის ეს ზოგადტაქტიკური ხერხი გავრცელებული უნდა ყოფილიყო აღწერილი ბრძოლების დროიდან ( ჩვ.წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან) მატიანეს შექმნის დრომდე. ეს ნათელი ხდება იმით, რომ  მატიანეს ავტორისათვის ხსენებული ტაქტიკური ხერხი, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი აღმნიშვნელი ტერმინი, კარგად არის ცნობილი და არ წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებებზე რაღაც ყრუდ შემორჩენილ გადმოცემას. იმის გათვალისწინებით რომ ლეონტისადმი  მიწერილი ქრონიკის ყველაზე ადრეული დათარიღებები მინიმუმ VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება, გასაგებია რომ ტაქტიკის ისეთი ხერხი, როგორიც არის ფრონტის ხაზის ზურგის საყრდენი წერტილებით უზრუნველყოფა, სულ მცირწ ექვსი - შვიდი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა ქართულ სამხედრო ხელოვნებაში.
იგივე ითქმის ფრონტის ზურგის უზრუნველსაყოფად სარეზერვო ან დამხმარე ჯარის კომპონენტების გამოყენებაზე. როგორც ვთქვით ამგვარ ტაქტიკურ მოქმედებაზე პირველი მითითება ჯერ კიდევ ნებროთისა და რვა თარგამოსიანი ძმის ბრძოლის აღწერისას გვხდება. Aამ, ძირითადად მითოსურ არქეტიპზე  დაყვანადი (იხ. ჩვნი სტატია ჟურნალში `ახალი პარადიგმა~, #2) ბრძოლის აღწერისას ვკითხულობთ: ` ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნეს შჳდნი იგი გმირნი ძმანი ჰაოსისნი სპითა ძლიერითა. ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა უკანით, ზურგით~ (3, 6). Aან კიდევ: ` ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშის-ცემდა ჴმითა საზარელითა, რომელი მსგავსი იყო მეხის ტეხისა (იქვე, გვ.7). დაბოლოს ბუნებრივია, რომ ეს ტაქტიკური ხერხი გამოყენებულ ყოფილიყო ინდივიდუალური შებრძოლების, ორთაბრძოლის დონეზე: `ჰაოს რქუა გმირთა მისთა: "განმიმაგრეთ ზურგით კერძი ჩემი, და მივეახლო ნებროთს".და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა (იქვე).
Fფრონტის ხაზის ზურგის უზრუნველყოფას სარეზერვო თუ დამხმარე კომპონენტების გამოყენებით ახდენს ამაზასპიც. ჩვენს მიერ ზემოთ ციტირებული მონაკვეთიდან  ირკვევა, რომ ამაზასპმა ფრონტის ხაზის ზურგის უწზრუნველყოფის საყრდენ წერტილად გამოიყენა ქალაქი-სიმაგრე მცხეთა, აგრეთვე ფრონტის ხაზსა და მცხეთას შორის შექმნილ ხერგილებზე განთავსებული ქვეითი ჯარები.

იგივე ხერხის გამოყენების მაგალითი(ოღონდ უკვე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ლაშქრობისას) გვხდება `ვახტანგ გორგასლის ცხოვრებასიც~. ოვსეთსი წარმოებყული გადამწყვეტი ბრძოლისას: `მაშინ ვახტანგ მეფე მოქცეულ იყო სპასა მისსა ზურგით რჩეულითა მჴედრითა, უზახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშინის-ცემდა სპათა მისთა~(3,156). ცხადია ფრონტის ზურგში საყრდენი პუნქტების არსებობას (მით უფრო თუ ასეთი პუნქტის როლში ვახტანგ გორგასლისნაირი ქარიზმატული მეფე გამოდიოდა) გარდა წმინდა ტაქტიკური დატვირთვისა დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა.

ამრიგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ქართული ჯარის  ტაქტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო ფრონტის ხაზის ზურგში საყრდენი ელემენტების სისტემის გამოყენება. ამასთან, ამგვარი სისტემის ელემენტი შეიძლება ყოფილიყო:
•    ბუნებრივი ობიექტი (ქედი, მთა, მდინარე და სხვა მისთანანი);
•    ხელთქმნილი ობიექტი(ციხე-სიმაგრე, ქალაქი, ხერგილი);
•    პირველი ორის კომბინაცია;
•    ზურგში განლაგებული სარეზერვო ან დამხმარე ძალები;
•    თავისთავად ცხადია, რომ საყრდენი ობიექტების სისტემა სხვადასხვაგვარი იქნებოდა შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლებისას. Aამ სისტემისათვის აგრეთვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა იმასაც, როდის გამოიყენებოდა იგი: საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებისას (როდესაც საყრდენი პუნქტების შექმნისათვის საკმაო დრო გექნებიოდა) თუ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მიმდინარე მოქმედებისას  (როდესაც ეს საყრდენი წერტილები ან სახელდახელოდ უნდა შეგექმნა ან მოწინააღმდეგისათვის წაგერთმია);
•    ამ საყრდენი პუნქტების არსებობას გარდა წმინდა ტაქტიკურისა ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დატვირთვა უნდა ჰქონოდა;


ბრძოლის ძირითადი სახეები

 

ნებისმიერი ბრძოლა შეიძლება დაიყოს ძირითადად და განსაკუთრებულად. ბრძოლის ძირითადი სახე, როგორც წესი არის ჩვეულებრივი საბრძოლო მოქმედება, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა ბრძოლის მიზანი. განსაკუთრებული მოქმედება არის ბრძოლის ისეთი ფორმა, რომელიც არ მიმდინარეობს ჩვეულებრივი სახით და რომლის ამოცანაა ბრძოლის ძირითადი მიზნის მიღწევისათვის ხელისშეწყობა. ძველ ქართულ არმიაში ბუნებრივია ბრძოლის ორივე სახე და შესაბამისად ტაქტიკა გამოიყენებოდა.

 

შეტევითი მოქმედებები

 

სტრატეგია და შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია ბუნებრივია განაპირობებს ტაქტიკის ხასიათს.  არმიაში სადაც მძიმე, მით უფრო კატაფრაქტული კავალერია დომინირებს, შეტევა ძირითადი ტაქტკური მოქმედება იქნება. ეს შეტევა შეიძლება განხორციელდეს როგორც გარკვეული მომზადების შემდეგ, ისე ამის გარეშე. პირველ შემთხვევაში ჯარს საშუალება ექნება მოეწყოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს შეტევაზე. მეორე შემთხვევაში შეტევა უშუალოდ მარშიდან იწყება. ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ორივეს მაგალითი დასტურდება. წინასწარ მოწყობილი ჯარით შეტევაზე გადასვლის მაგალითს იძლევა ცნობილი ბრძოლა ფარსმან ქველსა და პართიელებს შორის (თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ რომ ეს ორმხრივად შეტევითი ანუ შემხვედრი ბრძოლა იყო), სადაც ორივე მხარეს იმდენი დრო ჰქონდა მოწყობისათვის, რომ მეფეებმა ჯარისკაცებისთვის სიტყვებით მიმართვაც კი მოასწრეს. უშუალოდ მარშიდან შეტევის ტაქტიკის ნიმუში მოგვეპოვება ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში, სადაც გორგასლის არმია ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობისას პირდაპირ მარშიდან, შეუჩერებლად და შეუსვენებლად გადადის შეტევაზე. ამასთან პირველ შემთხვევაში საქმე იმდენად კლასიკურ შეტევით მოქმედებასთან, ანუ ერთი მხარის  შეტევასთან კი არა გვაქვს თავდაცვით პოზიციაში გამაგრებული მოწინააღმდეგეზე, არამედ ორმხრივ შეტევით ბრძოლასთან. რაც შეეხება მეორე ვითარებას აქ საქმე კლასიკურ შეტევით მოქმედებასთან გვაქვს, შესაბამისად ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ძველი საქართველოს შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედება იყოფოდა საკუთრივ შეტევით და ორმხრივად შეტევით ანუ შემხვედრ ბრძოლებად. ამ ორი განსხვავებული მოქმედების ამოცანები ცხადია განსხვავებული იყო, ისევე როგორც მოქმედების ხერხები.

Untitled-1


სქემა #1


გორგასლური ტიპის შეტევითი მწყობრი

თუმცაღა იმჟამინდელ ქართველთა შეტევითი მოქმედებების ორივე ფორმისას  უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური მოთხოვნა იყო მოწინააღმდეგესთან რაც შეიძლება სწრაფად დაახლოება და რაც შეიძლება სწრაფად ჩართვა კონტაქტურ ბრძოლაში. ეს დასტურდება როგორც ტაციტუსთან ფარსმანის და პართიელების ბრძოლის აღწერით, ისე ვახტანგ გორგასლის და ჩრდილო კავკასიელების ბრძოლის აღწერით. ერთ შემთხვევაში ვკითხულობთ: `თუმცა სარმატები (იგულისმება იბერიელ, ალბანელ და ჩრდილოკავკასიელეთა ჯარი -კ.კ.) არა მხოლოდ მთავარსარდლის სიტყვამ შეაგულიანა: ისინი თავად არწმუნებენ ერთმანეთს, რომ არ უნდა დაუშვან, რომ მოწინააღმდეგემ ისრებების წვიმა დააყაროს: ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსწრაფესი ზეწოლა და შემდეგ ხელჩართული ბრძოლა. აქედან სრულიად განსხვავებული სურათი ორივე მოწინააღმდეგის მხარეს: პართიელები ერთიანი ოსტატობით შეჩვეულები თავდასხმასაც და უკუქცევასაც, ქსაქსავენ თავიანთ კავალერიას, რათა დაუბრკოლებლად გაანადგურონ მოწინააღმდეგე ისრებით. ხოლო სარმატები [ანუ იბერიელები და მათი მოკავშირე ჩრდილოკავკასიელები] არ იყენებენ მშვილდისრებს, რომელსაც პართიელებზე უარესად ფლობენ, არამედ მათზე მიიჭრებიან გრძელი შუბებითა და ხმლებით....~ (7,190-191). სურათი ნათელია. მსგავსი ვითარებაა ვახტანგ გორგასლის შემთხვევაშიც, სადაც ვკითხულობთ: `და ესრეთ მიმართეს ოვსთა (იგულისხმება მარშიდან უშუალოდ შეტევაზე გადასული გორგასლის  ჯარის უსწრაფესი შეტევა ჩრდილოკავკასიელებზე - კ.კ.). ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი ვითარცა წვიმა მძლავრი~(3, 156)
რა განაპირობებდა შეტევისას კონტაქტურ ბრძოლაში სასწრაფოდ ჩართვის ტაქტიკურ მოთხოვნას? ის რომ ჩვენ, განსხვავებით პართიელებისაგან არ გვყავდა სპეციალიზებული მოისარი კავალერია, რომელიც მწყობრის პირველ რიგში იბრძოლებდა. მწყობრის პირველ რიგში მებრძოლი  მძიმე შუბოსანი კავალერია, ისევე როგორც მათ უკან მრბენი საშუალო ქვეითები, დაინტერესებულნი უნდა ყოფილიყვნენ ბრძოლას რაც შეიძლება სწრაფად მიეღო კონტაქტური ხასიათი, რომელთანაც ისინი უკეთ იყვნენ ადაპტირებულნი, ვიდრე დისტანციურთან. ნიშანდობლივია ტაციტის კონტექსტიდან გამომდინარე დასკვნა იმაზე, რომ იბერიელ კავალერისტებს მშვილდ-ისრებიც ჰქონდათ, მაგრამ არ იყენებდნენ. ჩანს იბერიელები მშვილდს პრიორიტეტულად თავდაცვითი ბრძოლის იარაღად განიხილავდნენ და არა საკუთრივ შეტევითის ან შემხვედრის. ასეთი ვითარება იყო დუნაისპირა სარმატების  შემთხვევაში, სადაც მძიმე კავალერისტები მშვილდ-ისარს მხოლოდ უკანდახევისას იყენებდნენ (იხ. სურათი ტრაიანეს კოლონიდან სადაც ასახულია როგორ იყენებს მშვილდისარს რომაელთა კავალერიის მიერ ოტებული სარმატი ).

ძველ ქართველთა შემდეგ ტაქტიკურ მოთხოვნას წარმოადგენდა საშუალო ქვეითი და მძიმე კავალერიის ეფექტიანი ურთიერთქმედების უზრუნველყოფა. ამგვარი ურთიერთქმედების მიღწევის აუცილებლობა განპირობებული იყო სტრატეგიითაც, შეიარაღებული ძალების ორგანიზაციითაც და იმ ბრძოლების ჩანაფიქრითაც რომელთა შესახებაც ინფორმაცია გაგვაჩნია. ამასთან უკვე ძველთაგანვე გვხვდება ცნობები კავალერიის და ქვეითების მიერ ერთობლივად წარმოებულ  ბრძოლებზე. დელბრუკი ახსენებს ბეოტიელებს, რომლებიც მისდევდნენ ბრძოლის ამგვარ წესს, აგრეთვე იმას, რომ კეისარმა ფარსალეს ბრძოლისას ცალკე შერეული დაჯგუფება შექმნა. დე ბელლო გაელიცა - ში კეისარი გერმანელების შერეული ჯგუფის ბრძოლას ასე აღწერს: `6000  მხედარი და ამდენივე მოქნილი და მამაცი ქვეითი, რამეთუ მთელი ჯარიდან ყოველმა მხედარმა თავისი დაცვისთვის ერთი ქვეითი შეარჩია. ისინი ერთად იბრძოდნენ. მხედრები ქვეითებისკენ იხევდნენ, ხოლო ისინი ქვეითების დასახმარებლად მიისწრაფოდნენ. თუ ვინმე, მძიმედ დაჭრილი, ცხენიდან ჩამოვარდებოდა, ქვეითები გვერდით დაუდგებოდნენ და იცავდნენ. შორ მანძილზე წინ გადაადგილებისას თუ სწრაფი უკანდახევისას თავიანთი გაწვრთნილობის წყალობით ქვეითები ისეთ სისწრაფეს ანვითარებდნენ, რომ შეეძლოთ ცხენისათვის ფაფარში ჩაევლოთ ხელი და ისე გაჰყოლოდნენ (6, I,48; 9, 117-119). ჩანს იბერიელებიც ისევე იქცეოდნენ, როგორც კეისართან აღწერილი გერმანელები.

Untitled-2

სარმატი კატაფრაქტი მშვილდისრით იგერიებს ლასოს ტიპის იარაღით
აღჭურვილ რომაელ კავალერისტს

 

მძიმე კავალერიის და ქვეითების ურთიერთქმედებით ბრძოლა ცნობილია შუა საუკუნეებიდანაც. საბა მალასპინას მიხედვით ბენევენტეს ბრძოლის წინ შარლ ანჟუელი ასე არიგებდა თავის მეომრებს: `უმჯობესია დაარტყათ ცხენებს, ვიდრე ადამიანებს, და ურტყათ მახვილად და არა პირით, ისე, რომ, როდესაც მოწინააღმდეგის ცხენები თქვენი დარტყმებით წაიქცევიან, ქვეითის სწრაფმა ხელმა სწრაფად დაჭრას და მოუღოს ბოლო მიწაზე ჩამოვარდნილ და იარაღის სიმძიმის გამო ზოზინა რაინდებს. თქვენი სიქველის გამოვლინება პირველივე ბრძოლაში სხვაგვარადაც შეიძლება გაიოლდეს. დე ყოველ რაინდს თან ახლდეს ერთი ქვეითი, თუ შესაძლებელია ორიც..რამეთუ საბრძოლო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისინი უძლეველნი არიან და ფრიად სასარგებლონი, როგორც მოწინააღმდეგის ცხენების მოკვდინების, ისე იმათი გაჟუჟვის საქმეში, რომლებიც ცხენებიდან ჩამოვარდნილან~ (ციტ. 10, 119). როგორც ფარსმანის მიერ წარმოებული ბრძოლიდან შეიძლება დავინახოთ ჩვენი წინაპრები სწორედ ასეთი ტიპის მოქმედებას აწარმოებდნენ.
შეტევით ტაქტიკური მოქმედებების კიდევ ერთი ორიგინალური სახეა ის, რომლის შესახებ თხრობა მირვანის დურძუკებში ლაშქრობასთან დაკავშირებით მოგვეპოვება. ამ ტაქტიკურ დისპოზიციაში უჩვეულო მწყობრთან გვაქვს საქმე: თუ ყველა შემორჩენილ ტაქტიკურ მწყობრში კავალერია ქვეითების წინ არის განლაგებული, ამ შემთხვევეში ქვეითები კავალერიის წინ იმყოფებიან. პ.ინგოროყვას კონიექტურით ტექსტი ასეთ ხასიათს ატარებს: `შეკრბეს დურძუკნი და დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთ გზასა მას. მაშინ:

მირვან გადახდა ცხენისაგან, მივიდა ქვითთა თანა,
თვისთა,
და წარუძღვნა წინა ქვეითთა და ზურგით შემოიდგინა
მხედარნი,
და მივიდა კართა მათ შინა, ვითარცა ვეფხი სიმხნითა,
ვითარცა ლომი ზახილითა,
იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი.
ხოლო მირვანს ვერ ჰკუეთდა მახვილი დურძუკთა ვითარცა კლდესა
სიპსა,
და დგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე,
და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა.
და მოწყდა მათ შორის ურიცხვ,
ხოლო იძლივნეს დურძუკნი და ივლტოდეს.


რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მირვანმა წინ ქვეითები გაუშვა და არა კავალერია, როგორც ეს ჩვეულებრივ იყო მიღებული მაშინდელ ტაქტიკაში? პირველ ყოვლისა მითითება შეიძლება გაკეთდეს იმაზე, რომ მირვანის დროს კატაფრაქტული ტიპის მძიმე კავალერისტები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ და შესაბამისად ვერ იარსებებდა კატაფრაქტული ტაქტიკა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ცნობილი ისიც კი არაა, თუ რა სახის კავალერია ჰყავდა მირვანს. მაგრამ კიდევ უფრო არსებითია სხვა გარემოება. დამცველი მხრის მიერ ხელოვნული წინაღობების (ბარიკადა, ხერგილი, პალოების მესერი და ა.შ) მოსაშლელად მხედრები, მით უფრო კატაფრაქტების ტიპისა უვარგისნი არიან. საჭიროა ეს წინაღობები ქვეითებმა (ან ჩამოქვეითებულმა მხედრებმა)  მოშალონ. ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ქვეითები ავანგარდში იმყოფებიან და წინაღობებს ხსნიან, ხოლო მხედრები მათ ზურგს და ფლანგებს უზრუნველყოფენ. ჰანს დელბრიუკი აღწერდა რა სარაინდო ომების პერიოდს (სარაინდო ომები ტიპოლოგიურად ძალიან ჰგავს კატაფრაქტულს) წერდა:` [ქვეითი] შუბოსნები კავალერიის წინ  მიდიოდნენ, ალბათ, მხოლოდ მაშინ თუ ცხენოსნების გზაზე რაიმე წინაღობა, პალოებისგან გაკეთებული ან სხვა სახის მესერი იყო გასანადგურებელი. სხვა შემთხვევაში ისინი რაინდებს მიჰყვებოდნენ და ბრძოლაში მათ შემდეგ ერთვებოდნენ~ ( 10, 122). ზუსტად ასევე უნდა ყოფილიყო მირვანის ხსენებული ლაშქრობის შემთხვევაში. სალაშქროდ მიმავალი ქართული მხედრობას დურძუკები დახვდნენ `სიმაგრეს ზედა გარდასავალთა გზათა~. ამრიგად საქმე გვავს გზაზე არსებულ `სიმაგრეზე~. `სიმაგრე~ ძველქართულად არა მხოლოდ არა მარტო `ციხე - სიმაგრეს~ ნიშნავდა, არამედ ნებისმიერ `გამაგრებას~. ამასთან ეს გამაგრება აგებულ იყო გზაზე. მოგვიანებით ტექსტში გზის იმ მონაკვეთის ხასიათზეც არის ლაპარაკი, რომელზეც ეს სიმაგრე იყო აგებული. ეს მონაკვეთი ხასიათდება, როგორც `კარი~. იგულისხმება ვიწრო გასასვლელი გზა (კლდეკარი და ა.შ). ამრიგად მარშზე მყოფი მირვანის ჯარი ხელოვნურ გამაგრებას, ხერგილს გადააწყდა და გადაეწყო. წინ ქვეითები გავიდნენ, რომლებსაც სათავეში თავად მირვანი ჩაუდგა და გამაგრების მოშლა დაიწყეს. ამასთან მათ ბუნებრივია შეტაკებები უწევდათ დურძუკებთან. ეს უკანასკნელებიც ცხადია უპირატესად ქვეითებით იყვნენ წარმოდგენილები, ვინაიდან ვიწრო, სავარაუდოდ მთიან, გზაზე არსებულ სივრცის მასშტაბებში კავალერისტების მასა უბრალოდ ვერ გაიშლებოდა. Aამ შეტაკებებში მირვანს გამოუჩენია თავი. შემდეგ ბრძოლა ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა (ავანგარდში მძიმე კავალერიით) და დურძუკები სასტიკად დამარცხდნენ. რასაკვირველია ამ სახის მოქმედებები მხოლოდ კლასიკური შეტევითი ბრძოლისას  შეიძლებოდა წარმართულიყო, რომლის დროსაც ერთი მხარე ცალსახად უტევდა, ხოლო მეორე მხარე ასევე ცალსახად იცავდა თავს.
ამრიგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველ ქართველებში შეტევის ძირითადი სახეები იყო:
•    საკუთრივ შეტევითი ბრძოლა, რომელიც შეიძლებოდა განხორციელებული მარშიდანაც (რის შესახებ ცნობები ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში მოგვეპოვება) , მაგრამ შეიძლებოდა  განხორციელებულიყო ადგილზე წინასწარ მოწყობის მდგომარეობიდანაც. ამგვარი შეტევის  დროს ავანგარდში მყოფ კატაფრაქტების ტიპის კავალერისტები დაოთხილი ჭენებით უტევდნენ; მათ მიჰყვებოდნენ საშუალო ქვეითები, ხოლო შემდეგ - მსუბუქი/საშუალო კავალერისტები, რომელთაც ოტებული მტრის მიდევნა ევალებოდათ. გადაადგილებისას წინაღობის, ხერგილის თუ გამაგრების შეხვედრისას მწყობრი გადაეწყობოდა. წინა რიგებში საშუალო ქვეითები გადიოდნენ და წინაღობის მოშლას იწყებდნენ, ხოლო მხედრები ფლანგებსა და ზურგს უზრუნველყოფდნენ. წარმატების (წინაღობის მოშლის)  შემდეგ ქვეითებს ძველი ადგილი უნდა დაეკავებინათ, რასაც ძვეულებრივი მწყობრის აღდგენა მოჰყვებოდა. Aამგვარი შეტევითი საბრძოლო მოქმედების უმთავრესი მიზანი მოწინააღმდეგის თავდაცვითი წყობის (რა სახეც არ უნდა ჰქონოდა მას) `აყირავება~ , მოშლა და დეზორგანიზებული მოწინააღმდეგის მიდევნება უნდა ყოფილიყო.
•    ორმხრივი შეტევითი (შემხვედრი) ბრძოლა, რომელიც შეიძლებოდა განხორციელებულიყო წინასწარი მოწყობის მდგომარეობიდანაც (ფარსმანის ბრძოლა პართელთა წინააღმდეგ), მაგრამ თეორიულად შეიძლება განხორციელებულიყო მარშიდანაც (როგორც ცალმხრივად, როდესაც ერთი მხარე შეტევას მარშიდან იწყებდა, ხოლო მეორე ადგილზე მოწყობიდან, ან ვითარებაში როდესაც ორივე მხარე პირდაპირ მარშიდან ერთვებოდა ორმხრივ ბრძოლაში). თუმცა ამ შემთხვევაში ბრძოლა ბევრად უფრო ძნელადსაწარმოებელი ხასიათის იქნებოდა, და ამიტომ სავარაუდოა მხედარმთავრები შემხვედრ ბრძოლას უფრო წინასწარი მოწყობის მდგომარეობიდან ამჯობინებდნენ. Aშემხვედრი ბრძოლისას მხარეები ერთმანეთს სწრაფად უახლოვდებოდნენ და კონტაქტურ ბრძოლაში ებმენოდნენ (ამასთან მოწინააღმდეგის რიგებში მოისარი კავალერიის არსებობის პირობებში იბერიელთათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა მოისარი კავალერიის `ცეცხლის~ მოქმედების არეალის უსწრაფეს გადალახვას მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში ჩაბმის მიზნით) . თუ ვერ მოხერხდებოდა მოწინააღმდეგის მწყობრის ერთი დარტყმით მოშლა და `აყირავება~, მაშინ ხდებოდა  ბრძოლის დაშლა ცალკეულ ორთაბრძოლებად, რომლებშიც ძველ ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ მძიმე კავალერისტებისა და საშუალო ქვეითების აწყობილი ურთიერთქმედების ხარჯზე დაამარცხებდნენ მოწინააღმდეგეს.
ამასთან შეტევის ორივე სახეობისას ძირითად ტაქტიკურ მოთხოვნებად რჩებოდა: 1. მოწინააღმდეგესთან რაც შეიძლება სწრაფად დაახლოება და რაც შეიძლება სწრაფად ჩართვა კონტაქტურ ბრძოლაში; 2. საშუალო ქვეითი და მძიმე კავალერიის ეფექტიანი ურთიერთქმედების უზრუნველყოფა. ორივეს მისაღწევად რასაკვირველია საჭირო იყო ხანგრძლივი წვრთნა და ვარჯიში.


თავდაცვა
 


არმიისათვის, რომელშიც მძიმე კავალერია დომინირებს, თავდაცვა არა მხოლოდ არ არის ბრძოლის ძირითადი ნაირსახეობა, არამედ ერთგვარად დასაძრახადაც კი ითვლება. ამიტომაც არის, რომ ჩვენს წყაროებში უაღრესად მწირი ინფორმაციაა საქართველოს არმიის თავდაცვითი მოქმედებების შესახებ (ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო პერიოდს). თუ არ ჩავთვლით ინფორმაციას ამაზასპის მიერ ოსთა (ზოგადად ჩრდილოკავკასიელთა) წინააღმდეგ წარმოებულ სტრატეგიული მასშტაბის თავდაცვით მოქმედებას, არცთუ იოლია მოძებნო ინფორმაცია, რომელიც ზუსტ წარმოდგენას შეგვიქმნის ჩვენი ძალების მიერ წარმოებულ თავდაცვით მოქმედებებზე.
ჩვენთვის საინტერესო პერიოდში თავდაცვითი ბრძოლების პრინციპების შესახებ არაბულ წყაროებში  შემონახულია გარკვეული ინფორმაცია. Eეს ინფორმაცია სასანიდური ეპოქის ირანის სამხედრო ტრაქტატ `აინ ნამეს~ ეხება. გვაქვს აგრეთვე სასანიდური ირანისა და თუქთა კაგანატის ბრძოლის აღწერა, რომელიც დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გერათთან მოხდა. Aამ ინფორმაციების შეჯერების საფუძველზე შეგვიძლია დავსვათ საკითხი ძველი ქართული თავდაცვითი წყობის მიმართებაზე სასანიდურთან, ხოლო შემდეგ ვცადოთ გავარკვიოთ ჩვენს წინაპართა თავდაცვითი წყობის თავისებურებებზე.
არაბი ისტორიკოსი სასანიდების სამხედრო ხელოვნებასთან დაკავშირებით წერს: `წავიკითხე წიგნი აინი: ბრძოლაში დადგენილია წესი: ცაცია მეომრები  მარცხენა ფლანგზე განალაგონ, რათა მათ მტრისადმი პირისპირ დგომისას მოახერხონ ორივე მხარეს სროლა.და აგრეთვე [დადგენილია წესი], რომ წინ მხედრები გაეწყონ.და ეს წესი არ დაიცვება ორმხრივი ბრძოლისას ან გვერდითი მოძრაობისას.და [აგრეთვე] რომ [ჯარის] გულისათვის (ცენტრისათვის) შეარჩიონ ამაღლებული ადგილი და სცადონ იქ განალაგონ ისინი, რადგან  მარჯვენა და მარცხენა ფლანგების მეომრებს ვერ გადალახავენ  და დაამარცხებენ მანამ, სანამ `ორი მთავარი ნაწილი~ მაგრად დგას. ხოლო თუ `ორი მთავარი ნაწილი~ დამარცხდა, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს სიმტკიცე ვერაფერს უშველის.და თუ ჯარი სუსტდება, დე შეუტიონ მარჯვენა ფლანგმა და `ორმა მთავარმა ნაწილმა~; რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ის არ უტევს, თუ არ დაესხმის საშიში მტერი.მაშინ მარცხენა ფლანგის მებრძოლები იგერიებენ მტერს. ამასთან მარჯვენა ფლანგის და `ორი მთავარი ნაწილის~ მეომრები შეიძლება ბრძოლაში ჩაერთონ მათზე შემტევ ძალებთან და დაუბრუნდნენ თავისიანებს (სასტარტო პოზიციას, ალბათ ბანაკს _ კ.კ.), რათა კვლავ ჩაერთონ ბრძოლაში. ხოლო მარცხენა ფლანგის მებრძოლებს ეს მხოლოდ უკანდახევისას შეუძლიათ, და არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ ბრძოლის ველს და კვლავ განაახლონ ბრძოლა~ ( დაწვრილებით იხ. 11;).
ცნობილია სხვა ნიმუში სასანიდური წყობისა, რომელიც სპარსმა მხედარმთავარმა ბაჰრამ ჩუბინმა გამოიყენა ძველ თურქებთან ბრძოლისას გერათის სიახლოვეს.  ბრძოლის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის არაბი ისტორიკოსი საალაბი.მისი თქმით, ბაჰრამმა თავისი ჯარი შემდეგნაირად გააწყო: პირველ რიგში მან ქვეითები განალაგა, მათ უკან სპილოები , ხოლო ფლანგებზე რჩეული ლაშქარი.ყველაზე სანდო მეომრებისგან მან ერთგვარი `ზაგრანოტრიადი~ გააკეთა, რომლის ამოცანა იყო, არ დაეშვა თავისი ჯარის უკანდახევა.
თურქთა სარდალმა სავემ (ქართული წყაროებით საბა) შეტევა კავალერიით დაიწყო. შეტევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბაჰრამი ერთხანს უკანდახევაზეც კი ფიქრობდა. თურქებმა მოახერხეს მარცხენა ფრთის შევიწროება, მაგრამ ირანელთა ცენტრმა და მარჯვენა ფრთამ შეტევები მოიგერია.ამის შემდეგ სავემ შეტევაზე სპილოები მიუშვა, მაგრამ ირანელთა მოისარმა კავალერიამ, რომელიც ბაჰრამის არმიის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდა (გაქანებული ცხენიდან მიზანში ისრის ზუსტად სროლის შესწავლას წლები სჭირდებოდა და გასაგებია, რომ კავალერისტ-მოისრები პროფესიონალი მოქირავნეებით კომპლექტდებოდნენ) სპილოებს მოწყლად ადგილებში (ხორთუმები, თვალები) დაუშინა ისრები (მათ შორის ცეცხლმოდებულები). სპილოები უკან გაიქცნენ და თავისიანები გადათელეს. სავე გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ბაჰრამი დაეწია და ისრით მოკლა (გავიხსენოთ, რომ საქართველოში საუკეთესო მსროლელს დღემდე ჩუბინს ეძახიან).
რა შეიძლება ითქვას ბაჰრამ ჩუბინის საბრძოლო წყობაზე? Lლ. გუმილიოვი თვლის, რომ ეს წყობა `აინ-ნამეს~ პრინციპებს შეესაბამება. იმ გარემოებას, რომ ბაჰრამმა წინა რიგში ქვეითები განალაგა და არა მხედრები, რუსი მეცნიერი იმით ხსნის, რომ `აინ-ნამეს~ თანახმად შემხვედრი ბრძოლის დროს შეიძლება დაირღვეს პრინციპი, რომ მწყობრის  პირველ რიგში კავალერია უნდა იყოს განლაგებული.  გუმულიოვი გერათის ბრძოლას სწორედ შემხვედრ ბრძოლად მიიჩნევს.მაგრამ საქმე ის არის, რომ გერათთან არავითარი შემხვედრი ბრძოლა არ ყოფილა.   ნებისმიერი ქრესტომატიული განმარტებით, შემხვედრი არის ბრძოლა, როდესაც ორივე მხარე თავისი ამოცანის გადაწყვეტას შეტევით ცდილობს.მაგრამ თავად გუმილიოვის აღიარებით არაფერი ამის მსგავსი გერათთან არ მომხდარა. ბაჰრამის მთელი მწყობრი თავდაცვითია. თავად გუმილიოვი წერს: `საკავალერიო შეტევის ჩაშლამ სავე აიძულა შეტევაზე სპილოები მიეშვა, რასაც ბაჰრამმა კონტრშეტევით უპასუხა (8, 137).  თუ კონტრშეტევა იყო, მაშინ ბრძოლა შემხვედრი არ ყოფილა, ვინაიდან კონტრშეტევა მხოლოდ თავდაცვის პოზიციიდან შეიძლება, ხოლო შემხვედრი ბრძოლისას, როგორც ვთქვით, ორივე მხარე ამოცანას შეტევით ახორციელებს.ასე რომ, ბაჰრამმა, გუმილოვის მტკიცების საპირისპიროდ, პირველ რიგში ქვეითების დაყენებით `აინ-ნამეს~ რეკომენდირებული მწყობრი დაარღვია. ამას გარდა, ბაჰრამი სხვაგვარადაც არღვევს `აინ-ნამეს~ მწობრს, როდესაც საუკეთესო მეომრებს ფლანგებზე აყენებს, ანუ მათ ანიჭებს უპირატესობას მაშინ, როდესაც `აინ-ნამეს~ თანახმად გადამწყვეტია `ორი მთავარი ნაწილი~ (ცენტრის). ასე, რომ ჩუბინმა ამ მიმართებითაც დაარღვია `აინ-ნამეს~ რეკომენდაციები.
`აინ - ნამეს~ შინაარსიდან და გერათის ბრძოლის აღწერიდან შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია, თუ როგორი სახის თავდაცვითი მოქმედებები შეიძლებოდა წარმოებულიყო საქართველოს ტიპის არმიაში, ანუ არმიაში რომლის დამრტყმელ ძალას  მძიმე, კატაფრაქტული ტიპის კავალერია წარმოადგენდა (თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ სპარსელებს ჰყავდათ დიდი ოდენობით მოისარი კავალერია, რაც იბერიისათვის დამახასიათებელი არაა). თავდაცვა ხორციელდებოდა ორი ფორმით: ფრონტზე და სიღრმეში დანაწევრებულად, ისე რომ წინ მხედრები ეწყობოდნენ, ხოლო სიღმეში `ორი მთავარი~ ნაწილი იყო დისლოცირებული. მეორე ტაქტიკური მწყობრისას წინ ქვეითები განლაგდებოდნენ, ფლანგებზე მხედრები, ხოლო არიერგარდში ყველაზე სანდო ძალები. აღწერიდან ჩანს ფლანგებზე მოისარი კავალერია უნდა ყოფილიყო განლაგებული, ვინაიდან ლაპარაკია იმაზე, რომ კავალერიამ ( რომელიც ფლანგებზე უნდა ყოფილიყო განლაგებული ) სპილოებს ისრები დაუშინესო. რაც შეეხება არიერგარდს იქ ჩანს კატაფრაქტები იდგნენ, რომელთაც ერთის მხრივ უნდა შეენარჩუნებიათ მთელი ჯარის მდგრადობა (თუგინდ მხოლოდ თავისი არსებობის ფაქტით ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოეხდინათ პირველ რიგში საკუთარ, ხოლო შემდეგ მტრის მეომრებზე).
სამწუხაროთ ჩვენ არ ვფლობთ თუგინდ ამ დონის ინფორმაციას ჩვენი ჯარის თავდაცვითი მწყობრის შესახებ. ამიტომ იძულებულები ვართ  ლოგიკური რეკონსტრუქციის მეთოდს მივმართოთ. როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მწყობრი? რა ტაქტიკური პრინციპებს უნდა დამყარებოდა იგი?
თავდაცვაში თეორიულად შესაძლებელი უნდა მყოფილიყო ორი მწყობრი: 1) როდესაც წინ განლაგებული იქნებოდნენ ქვეითები; @2) წინ განლაგებულნი იქნებოდნენ კავალერისტები (ლაპარაკია ჩამოქვეითებულ კავალერისტებზე, ვინაიდან ამხედრებული კავალერისტებს უბრალოდ გაუჭირდებოდათ ცხენების ადგილზე მდგრადად შენარჩუნება მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოწინაააღმდეგე თუგინდ ისრით მისაწვდომ მანძილამდე მიუახლოვდებოდა. ამას მოწინააღმდეგეც შეუშლიდა ხელს ხმაურით, გამოწვეულით ყიჟინით თუ მუსიკალური ინსტრუმენტებიდან გამოშვებული ხმებით, რაც დააფრხობდა ცხენებს. ამასთან კიდევ ერთხელ ვუსვავთ ხაზს, რომ რომაელებთან ორიოდ ბრძოლის გარდა ჩვენს არმიას შეტაკება ჰქონდა ისეთ ძალებთან, რომელთა მთავარ დამტყმელ ძალას კავალერია წარმოადგენდა.
პომპეუსთან ბრძოლისას, რომელშიც მძიმე კავალერიის მონაწილეობა არ დასტურდება, წინა პლანზე ჩანს მართლაც მოისრები იდგნენ. გავიხსენოთ რას წერს დიონ კასიოსი: `როდესაც პომპეუსმა ეს დაინახა, გაეკიდა მას (იბერიის მეფე არტოკეს კ.კ.) დაეწია და დაამარცხა: ვიდრე მისი მშვილდოსნები თავის მოხერხებას გამოიყენებდნენ, [პომპეუსი] ეცა მათ და უმალვე უკუაქცია. ამის მერე არტოკე გადავიდა პელორზე, დასწვა ხიდი და გაიქცა, ხოლო მის მეომართაგან ბევრი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგი მდინარეზე გადასვლისას. მაგრამ მრავალნი გაიფანტნენ ტყეებში და რამდენიმე დღეს თავს იცავდნენ, ისრებს ისროდნენ, რა ხეებიდან, რომლებიც [იქ] ძალიან მაღალია.~ (1, XXXVII, 2). აქ დიონ კასიოსი არაფერს ამბობს დეტალურად იბერიელთა მწყობრის შესახებ, მაგრამ კონტექსტიდან ნათლად ჩანს რომ ქვეითები (აქ მოისრები) მწყობრის პირველ რიგში უნდა ყოფილიყვნენ გაწყობილი, ვინაიდან პომპეუსი მათ პირველთ სცემია და გაუქცევია (რასაკვირველია ეს, რომაელთა ტაქტიკიდან გამომდინარე კონტაქტური ბრძოლით მოხდებოდა).
როგორც ვთქვით, ეს გამონაკლის ინფორმაციათაგანია, რომლისგანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ თავდაცვითი ბრძოლისას იბერიელთა მწყობრში ავანგარდში ქვეითები, სახელდობრ მოისრეები იდგნენ. მაგრამ ისეთ ბრძოლებში მოწინააღმდეგის დამრტყმელ ძალას კატაფრაქტები წარმოადგენდნენ, მოისარი ქვეითების პირდაპირ დაყენებას ავანგარდში აზრი არ ჰქონდა. საეჭვოა მათ მოეხერხებინათ რაიმე დაეკლოთ კატაფრაქტების ან მათი ცხენებისთვის. სამაგიეროდ ეს უკანასკნელნი პირველ რიგში მეომარ ქვეით მოისრებს უბრალოდ გადაქელავდნენ, რაც არეულ-დარეულობას გამოიწვევდა უკანა რიგებშიც. მაშადასამე ისეთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას, რომლის დამრტყმელ ძალასაც კატაფრაქტები წარმოაგენდნენ, მოისარი ქვეითები ავანგარდში პირდაპირი განლაგებისას უბრალოდ უვარგისები იქნებოდნენ. ეს კარგად ჩანს იქიდან, რასაც დელბრუკი სარაინდო ბრძოლებთან დაკავშირებით წერს (სარაინდო ბრძოლა ტიპოლოგიურად ჰგავს კატაფრაქტულს) : ` მოისარს შეეძლო ეცადა გაერტყა ისარი რაინდის (და განსაკუთრებით მისი ცხენის) დაუცველ ადგილას. მაგრამ შანსი აქ საკმაოდ მცირე იყო, ხოლო შემტევი რაინდისათვის რამოდენიმე ისრის ან ზუფნის სროლის შესაძლებლობას იშვიათად იყენებდნენ; მოისარი არ ელოდებოდა მხედრის მოახლოებას, რაც მისთვის ნაღდი სიკვდილის ტოლფასი იყო, არამედ ცდილობდა თავი გადაერჩინა, სანამ მასსა და რაინდს შორის მანძილი ამის საშუალებას იძლეოდა. ამიტომ ქვეით მსროლელთა დამოუკიდებელი კორპუსი ბუნებრივი საფარის გარეშე ღია ველზე ვერ დაუპირისპირდებოდნენ რაინდების რაზმებს...~(11, 122). დელბრუკის ეს გამოთქმა კიდევ უფრო მეტი სამართლიანობით შეიძლება გავრცელდეს ჩვენთვის საინტერესო ეპოქაზე, ვინაიდან კატაფრაქტები, განსხვავებით რაინდებიდან, დაოთხილი ჭენებით, მაშასადამე შეუდარებლად დიდი სისწრაფით უტევდნენ ვიდრე რაინდები. ავანგარდში პირდაპირ განლაგებული მოისარი ქვეითები კიდევ უფრო უვარგისნი იქნებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდგეს კატაფრაქტებთან ერთად მოისარი კავალერიაც ეყოლებოდა (როგორც ეს მაგალითად პართიელებს ჰყავდა). პართიელი ან სასანიდი კავალერისტის მშვილდი უფრო შორსმსროლლი იყო ვიდრე ქვეითისა (განთქმული ინგლისური ქვეითთა გრძელი მშვილდი `ლონგბოუ~ იმხანად რასაკვირველია გამოგონილი არ იყო, ხოლო იმავე პართიელთა მშვილდები მოქმედების რადიუსს 700 მეტრამდე შეეძლო მიეღწია).
იქნებ წინა რიგში არა მოისარი, არამედ სხვა ქვეითები იყვნენ განლაგებულნი. მაგრამ რომელი? შუბოსან მსუბუქ ქვეითთა წინა რიგებში გაწყობას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, როდესაც მათ კატაფრექტების წინააღმდეგ ეფექტიანად გამოყენებადი ტექნიკა ექნებოდათ შეიარაღებაზე: ვთქვათ გრძელი შუბი, რომელთაგან ისინი შუბების `ტყეს~ გააკეთებდნენ (გავიხსენოთ `მამაც გულ~-ში გრძელი შუბებით აღჭურვილი უოლესის შოტლანდიელები რა წარმატებით იგერიებენ ინგლისელი რაინდების შეტევებს). მაგრამ ასეთი გრძელშუბოსანი ქვეითების არსებობაზე იბერიელთა ჯარში არავითარი ინფორმაცია არ მოგვეპოვება (ისიც კი ძნელი სათქმელია, რამდენად გამოიყენებოდა სატყორცნი შუბი).
     იქმნება თითქოსდა პარადოქსული სიტუაცია. გამოდის, რომ თავდაცვითი ბრძოლისას იბერიელები წინა პოზიციებზე ვერც ჩვეულებრივად აღჭურვილ ქვეითებს (მსუბუქ მოისარს ან შუბოსანს) განალაგებდნენ და ვერც კავალერისტებს. შემქნილი პარადოქსიდან გამოსვლისათვის შეიძლება სულ მცირე სამი დაშვება შეიძლება გავაკეთოთ: 1) წინა რიგში საშუალო ქვეითები იდგნენ. მაგრამ გრძელი შუბების `ტყეს~ აკეთებდნენ? საიდან შოულობდნენ გრძელ შუბებს? ხომ არ  შეეძლოთ კატაფრექტებს მათთვის თავიანთი გრძელი სუბები ე.წ. კონტოსები `ესესხებინათ~; 2) ავანგარდში კატაფრაქტები იდგნენ ოღონდ ჩამოქვეითებულები. მაშინ ჩნდება კითხვა რას უშვებოდნენ ისინი საკუთარ ცხენებს? 3) იბერიის არმიაში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული თავდაცვითი ბრძოლა, არამედ მხოლოდ შეტევითი და შემხვედრი. მოჩვენებით პარადოქსზე პასუხები შეიძლება მეტიც მოიძებნოს. ეს ჩვენს წარმოსახვასა და ლოგიკური აზროვნების უნარზეა დამოკიდებული. ჯერ-ჯერობით ჩვენ სამ ხსენებულ ვარიანტს დავჯერდეთ და სათითაოდ განვიხილოთ ყოველი მათგანი.
მესამე ვერსია ახლავე უნდა უკუვაგდოთ. როგორც `ქართლის ცხოვრების~ იმ მონაკვეთში შეიძლება ვნახოთ,  ამაზასპს რომ ეძღვნება, ძველი იბერიელები ანხორციელებდნენ სტრატეგიული მასშტაბის თავდაცვით ოპერაციებს. და თუ თავდაცვა სტრატეგიულ დონეზე ხორციელდებოდა, ბუნებრივია ტაქტიკურ დონეზეც განხორციელდებოდა. ამას გარდა ამაზასპისადმი მიძღვნილ მონაკვეთში პირდაპირ არის მოთხრობილი როგორ აგზავნის ამაზასპი ქვეითებს ორი გამაგრებული ადგილის დასაცავად, ასე რომ ძველ იბერიელთა ტაქტიკაში თავდაცვითი მოქმედებების არსებობა ფაქტია.
გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გაუგებარია ჩამოქვეითებული ისროდნენ ისრებს კატაფრაქტები (როგორც გახსოვს მათ შეიარაღებაზე დამხმარე საშუალებად მშვილდიც გამოიყენებოდა), თუ ცხენდაცხენ. ცხადია ამხედრებული კატაფრაქტს მოწინააღმდეგის შეტევის პირობებში გაუწირდებოდა ცხენის უძრავ მდგომარეობაში შეჩერება (მით უფრო მოწინააღმდეგის მიერ ატეხილი ხმაურის, მუსიკის და ღრიალის პირობებში), რაც ცხადია გავლენას მოახდენდა დამიზნების სიზუსტეზე. ეს  გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა ვიდრე მდგრადი რიტმით ჭენებისას ისრის ზუსტად სროლა, როგოროც ამას პართიელი კავალერისტების შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში განთავსებულ კატაფრაქტები ვერ გამოიყენებდნენ კონტოსს, ვინაიდან ამისათვის გარკვეული გაქანება ექნებოდათ ასაღები. ამას გარდა კატაფრაქტების ტაქტიკა თავისი არსით გამორიცხავს ღრმა წყობის გაკეთება, რაც აუცილებელია თავდაცვისათვის.
ასე რომ რჩება პირველი ვარიანტი – კატაფრაქტული კავალერიის მქონე მოწინააღმდეგესთან (პართელები, სასანიდები, სომხები, ალბანელები, ჩრდილო კავკასიელები) ბრძოლისას თავდაცვისას ავანგარდში მაინც ქვეითები ეწყობოდნენ. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ გეოგრაფიულ გარემოში წარმოებდა ეს ბრძოლა, როგორი იყო მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალთა ორგანიზაცია და ტაქტიკა, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, თუ სად ხდებოდა თავდაცვითი მოქმედებების ორგანიზება: ძველ საქართველოს ტერიტორიაზევე თუ უცხო ქვეყანაში ლაშქრობისას.ყველა შემთხვევაში კატაფრაქტული კავალერიის მქონე მოწინააღმდეგესთან თავდაცვითი მოქმედებისას, როგორც აღინიშნა თავდაცვითი მწყობრის ავანგარდში ქვეითები უნდა მდგარიყვნენ, ოღონდ არა პირდაპირი წყობით განლაგებული მოისარი ქვეითები (როგორც ვთქვით მოისარი ქვეითები  ეფექტიანი უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ მოწინააღმდეგესთან, რომლის შეტევისას ავანგარდში ასევე ქვეითები იქნებოდნენ. ამიტომ შემთხვევითი არ ჩანს, რომ არტოკემ რომაელებთან ბრძოლისას ავანგარდში სწორედ მოისარი ქვეითები განალაგა. ჩანს იბერიელებს ჰქონდათ ინფორმაცია რომაელთა საბრძოლო წყობის შესახებ. თუმცა აუცილებელი არ იყო ქვეითები მხოლოდ რომაელთა ავანგარდში ყოფილიყვნენ. ცნობილია შემთხვევა, როდესაც კარრის ცნობილი ბრძოლისას პართიის მეფემ მთელი კავალერია კრასუსის წინააღმდეგ გაგზავნა, ხოლო რომაელთა მოკავშირე სომხებზე მხოლოდ ქვეითი ჯარით ილაშქრა). მაშასადამე გვრჩება ვარიანტი, როდესც ავანგარდში საშუალო ქვეითები ეწყობოდნენ. ეს განსაკუთრებით ქმედითი უნდა ყოფილიყო ვიწრო მთიან გასასვლელებში წარმოებული ბრძოლებისას. ამაზასპთან დაკავშირებით ლეონტისადმი მიწერილ ქრონიკაში ვკითხულობთ: ` დაგანვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა~. აქაც როგორც მირვანის დურძუკეთში ლაშქრობისადმი მიძღვნილ ეპიზოდში (იხ.ზემოთ) ლაპარაკია `სიმაგრეთა შიდა კართა~-ზე, ანუ ხეობაში, სახელდობრ არაგვის ხეობაში გამავალ გზაზე ვიწრო გასასვლელში არსებულ გამაგრებაზე. მემატიანე აზუსტებს, რომ თითოეული გამაგრების უკან დაახლოებით 15 000-მდე ქვეითი იყო (ორივეგან 30 000 ქვეითი). ამრიგად ხეობაში ბრძოლისას მაინც, თავდაცვითი ტაქტიკა იმაში გამოიხატებოდა, რომ წინ, ხელოვნურ გამაგრებებს უკან საშუალო ქვეითები განლაგდებოდნენ, რომლებიც გამაგრებების სიახლოვეს ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთვებოდნენ მოწინააღმდეგის ქვეითებთან, რომლებიც გამაგრებების მოშლას შეეცდებოდნენ (შდრ. მირვანის ქვეითების მოქმედებას დურძუკებთან ომისას).
საშუალო ქვეითების მიერ მძიმე კავალერიის წინააღმდეგ მოქმედების ნიმუშს განიხილავს დელბრუკი ქვეითი კნეხტისა (აქ არა უბრალოდ ყმა, არამედ ყრმა, ახალგაზრდა მებრძოლი, ფრანგ. ვალეტ) და რაინდის ორთაბრძოლის მაგალითზე (ეს მაგალითი ტიპოლოგიურად ჰგავს კატაფრაქტის და საშუალო ქვეითის შესაძლო შერკინებას). დელბრუკი წერს: `რაინდის წინააღმდეგ მეტი შანსი ჰქონდა ქვეით კნეხტს. იმ შემთხვევაში, თუ საკმაოდ შეინარჩუნებდა სიმშვიდეს და მოქნილობას, რათა აეცდინა მოწინააღმდეგის ცხენდაცხენ შეტევა და შემდეგ ცივი იარაღით გვერდიდან დაერტყა მისთვის ან მისი ცხენისათვის...ქვეითთა დიდ რაზმებს შეეძლოთ მჭიდრო მწყობრი შეეკრათ და შუბებით წინ გადაეღობათ გზა რაინდებისათვის; მაგრამ თუ მათ მწყობრში გაჩნდებოდა ინტერვალები, რომლებშიც რაინდები გააღწევდნენ, ქვეითები დაღუპულები იყვნენ~ (10,117-119).
მძიმე კავალერიის წინააღმდეგ საშუალო ქვეითების ეფექტიანი მოქმედების მაგალითებს დელბრუკი ასახელებს. პრუსიაში ტევტონების ორდენის ომისას ცნობილია შემთხვევა, როდესაც რაინდ ულენბუსის ერთმა ქვეითმა ყმამ (ნეცჰტ) მოკლე შუბით (ცომ მოდიცა ლანცეა) დაჭრა მოწინააღმდეგის შეტევაზე მყოფი სარდალი ჰენრი მონტე (რომელიც ცხადია მძიმე კავალერისტის ამუნიციით იქნებოდა აღჭურვილი) და აიძულა ეს უკანასკნელი უკან დაეხია (იქვე,119-120)
თავდაცვითი ტაქტიკის რეკონსტრუირებისას სრული სურათის მისაღებად უნდა გავიხსენოთ ოსების (როგორც ამ სახელით მემატიანე ჰუნებსა და ჩრდილოკავკასიელებსაც აღნიშნავს) მოქმედება ვახტანგ გორგასლის არმიის წინააღმდეგ. ტექსტში ვკითხულობ: ` ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მჴედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წჳმა მძლაფრი~(3, 155-156). როგორც ვხედავთ ოსები მშვილდს მიუწვდომელი ადგილებიდან, ქარაფებიდან ( ზემოდან, ფლანგებიდან, შესაძლლოოა ზურგიდან) უშენენ. ამასთან ასეთი ზემოქმედება ყველაზე ეფექტიანი ფლანგებიდან იქნებოდა. Aაქ იმოქმედებდა იგივე კანონზომიერება, რომელსაც დელბრუკი კრესის ბრძოლასთან დაკავშირებით აღნიშნავდა:` კრესის ბრძოლისას [ფრანგთა] ყოველი გაცალკევებული შეტევა ინგლისელებს იმ უპირატესობას აძლევდა, რომ აძლიერებდა მშვილდიდან ნატყორცნი ისრების ქმედუნარიანობას, რამეთუ მიახლოებული ცხენებისათვის და ადამიანებისათვის ისარი შეგეძლო დაგეშინა არა მხოლოდ ფრონტიდან, არამედ ფლანგებიდანაც (10, 196)~.
ამრიგად მთიანი რელიეფის პირობებში საკუთარი ტერიტორიის დაცვისას, ისეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რომლის მთავარ ძალას მძიმე კავალერია წარმოადგენდა, იბერიელთა თავდაცვითი ტაქტიკა შემდეგი სახის უნდა ყოფილიყო: ვიწრობში კეთდებოდა ხელოვნური გამაგრება, რომლის უკან საშუალო ქვეითები ლაგდებოდნენ, რომლებსაც ხელი უნდა შეეშალათ მოწინააღმდეგის ქვეითების მცდელობისათვის მოეშალა ხსენებული გამაგრება. მოისარი ქვეითები მოწინააღმდეგისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ზემოთ და ფლანგებზე უნდა განლაგებულიყვნენ და იქიდან ისარი დაეშინათ. კატაფრაქტები მწყობრის ბოლოს, იმ მანძილზე უნდა განლაგებულიყვნენ, რაც მაქსიმალურად მისცემდათ საშუალებას შეძლებისდაგვარად სრული გაქანებით კონტრშეეტიათ მოწინააღმდეგისათვის თუ ის შეძლებდა გამაგრების და საშუალო ქვეითების მწყობრის გარღვევას.
მაგრამ როგორ მოახერხებდნენ ამ ტაქტიკით  საშუალო ქვეითები გაშლილი ველის პირობებში კატაფრაქტების შეტევის უკუგდებას თუ არა, მათთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებას? ჯერ ერთი საშუალო ქვეითებს შეეძლოთ ველზეც შეექმნათ სხვადასხვა სახის ხელოვნური წინაღობები, რომლებიც შეაჩერებდა ან შეანელებდა კატაფრაქტების შეტევას (როგორც მაგალითად კრესის ბრძოლისას ინგლისელმა მოისრებმა თავის წინ 2-მეტრიანი პალოების მესერი გააკეტეს ფრანგი რაინდების შეტევის შესაფერხებლად). მათ შეეძლოთ ხელთმყოფი მასალისგან თათარიახნად დაემზადებინათ გრძელი შუბისებრი პალოები და მათგან `ტყე~ გაეკეთებინათ, რომელიც მნიშვნელოვნად შეაფერხებდა მოწინააღმდეგის კატაფრაქტების შეტევას. ამასთან საკუთარ ტერიტორიაზე ბრძოლისას, ყოველთვის შეიძლებოდა გამაგრების წინ, შედარებით მოშორებით, ფლანგებზე მოისარი ქვეითების განლაგება (ვთქვათ დიაგონალური მწყობრით, უკეთესი იქნებოდა თუ მოისრები ჩასაფრებას მოახერხებდნენ), რომლებიც მტერს ზიანს მიაყენებდნენ ჯერ კიდევ გამაგრებამდე მიღწევამდე, ან აიძულებდნენ მოწინააღმდეგის კავალერიას მათზე შეეტია მათი გაფანტვის მიზნით, რაც მოწინააღმდეგის მწყობრს მოშლის ან დაქსაქსვის საფრთხის წინაშე დააყენებდა და ხელს შეუშლიდა იბერიელთა მთავარ ძალებზე კონცენტრირებულ შეტევას. დაბოლოს, რაც მთავარია გაშლილ ველზე არიერგარდში მყოფი კატაფრაქტები კონტრშეტევისას გაცილებით ეფექტიანად იმოქმედებდნენ.



marz 

 

ამრიგად ველის რელიეფის პირობებში ისეთი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, რომლის ძირითადი ძალა მძიმე კავალერია იყო, ჩვენი წინაპრები იყენებდნენ შემდეგ ტაქტიკას: კეთდებოდა ხელოვნური გამაგრება (ქვების ბარიკადა, პალოების მესერი და ა.შ), რომლის წინ, უპირატესად ფლანგებზე ლაგდებოდნენ მოისარი ქვეითები, რომელთა ამოცანა იყო, მოწინააღმდეგისათვის მაქსიმალური ზარალის მიყენება გამაგრებასთან მიახლოებამდე. გამაგრების უკან საშუალო ქვეითები ლაგდებოდნენ, რომელთა ამოცანა იყო, მოწინააღმდეგის მიერ გამაგრების მოშლის მცდელობის აღკვეთა. არიერგარდში იდგებოდა მძიმე კავალერია, რომლის ამოცანა იქნებოდა გამაგრების მოშლის შემთხვევაში მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა, აგრეთვე მოწინააღმდეგისათვის ხელის შეშლა საშუალო ქვეითების და გამაგრების ფლანგებიდან შემოვლისათვის (ეს განსაკუთრებით აქტუალური იქნებოდა გაშლილ ველზე ბრძოლისას, სადაც ფლანგების შემოვლა გაცილებით იოლია, ვიდრე მთიან ვიწრობში). ისეთ მოწინააღმდეგეს ბრძოლისას, რომლის მთავარ ძალას ქვეითები წარმოადგენდნენ (რაც შედარებით იშვიათად ხდებოდა) წინ მსუბუქი მოისარი ქვეითები ეწყობოდნენ, ხოლო შემდეგ საშუალო ქვეითები და ორივე სახის კავალერია (თუ რასაკვირველია ადგილმდებარეობა მძიმე კავალერიის გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა). იხ.სქემა #3

 

 

4

 

ბრძოლის განსაკუთრებული სახეები

რეიდი (მიხდომა)


რეიდი ანუ მოხდომა ტაქტიკურ დონეზე გულისხმობს შედარებით მცირე და მობილური დაჯგუფებით მოწინააღმდეგეზე მოულოდნელ თავდასხმას. სტრატეგიულ დონეზე რეიდს შეიძლება ლაშქრობის (არ ნიშნავს მაინცადამაინც კლასიკური ომს) სახე ჰქონდეს და გულისხმობდეს რაღაც მიზნით მებრძოლთა დიდი მასის დიდ მანძილზე გადაადგილებას ( როგორც ამას ჰქონდა ადგილი 13-ე საუკუნეში საქართველოზე მონღოლების 40-კაციანი დაჯგუფების რეიდის შემთხვევაში, რომელთაც ჯებე და სუბუდაი სარდლობდნენ და რომლებმაც საქართველოს გავლით შუა აზიიდან სამხრეთ რუსეთის სტეპებამდე მიაღწიეს). ტაქტიკური რეიდი შეიძლება მიზნად ისახავდეს მოწინააღმდეგის მდგრადობის მოშლას, ზემოქმედებას მის ხელმძღვანელობაზე, რათა მან მიიღოს არაადეკვატური გადაწყვეტილება ( გავიხსენოთ სპარსეთის ყურეში მეორე ომისას ამერიკური ჯავშანსატანკო კოლონის რეიდი ბაღდადზე, რომელმაც საბოლოოდ მოშალა სადამის მდგრადობა და მოსახლეობის რწმენა საკუთარ ბელადში), სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას, ხელში ტყვეების ან იარაღის ნიმუშების ჩაგდება და ა.შ.
ბუნებრივია რეიდი არ არის კლასიკური ბრძოლის მიზნის მიღწევის უშუალო საშუალება (ასეთად რეიდი შეიძლება გახდეს არაკლასიკური საბრძოლო მოქმედებისას, მაგალითად სპეცოპერაციისას), მაგრამ რეიდის მეშვეობის ხდება ბრძოლის  ძირითადი მიზნის მიღწევის გაიოლება ან უზრუნველყოფა.  რეიდზე, როგორც ძველი საქართველოს არმიის ტაქტიკურ ხერხზე, ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია ფარსმან პირველსა და პართიელებს შორის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით გვხვდება. სახელდობრ, ტაციტუსი ფარსმან პირველის მიერ პართიელთა წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედების აღწერისას აღნიშნავს: ` ფარსმანი საბრძოლველად გადის ოროდთან, რომელსაც დამხმარე ჯარი არ ჰყავდა, და რამდენადაც ეს უკანასკნელი ბრძოლას თავს არიდებს, აწუხებს მას, კავალერიით თავს ესხმის მის ბანაკს, ხელს უშლის ფურაჟის მიზიდვას, და არაერთგზის ანლაგებს პოსტებს მათ ბანაკს ირგვლივ, ისე თითქოსდა ალყას არტყავდეს მათ, მანამ, სანამ , პართელები მიუჩვეველნი ამგვარ შეურაცხყოფას, თავისი ხელმწიფისაგან მოითხოვენ ბრძოლაში გაძღოლას.~ (7, 190 და შემდეგ ). ამ აღწერიდან ნათელი ხდება შემდეგი: 1) ფარსმან I-ის რეიდებს ტაქტიკური ხასიათი აქვს; 2) ის მრავალჯერადი მოქმედებების სახით ხორციელდება (`არაერთგზის ანლაგებს პოსტებს მათ ბანაკს ირგვლივ~). 3. რეიდებს აქვს ტაქტიკური ამოცანა: გამოფიტოს მოწინააღმდეგის რესურსები ( ` ხელს უშლის ფურაჟის მიზიდვას~); 4. რეიდებს აქვთ მოწინააღემდგეგეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ამოცანა ( ` აწუხებს მას~). 5. რეიდს აგრეთვე ევალება სადაზვერვო ამოცანების განხორციელება (რასაკვირველია მოწინააღმდეგის არმიის ახლოს განლაგებულ პოსტებს მოწინააღმდეგეზე დაკვირვების ანუ სადაზვერვო ფუნქციაც ექნებოდათ). ^. 6.Dდა რაც მთავარია მოწინააღმდეგის სამხედრო ხელმძღვანელობაზე იმგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა, რომელსაც სტრატეგიული შედეგიც კი მოსდევს. Fფარსმანის რეიდებით შეწუხებული : ` პართელები მიუჩვეველნი ამგვარ შეურაცხყოფას, თავისი ხელმწიფისაგან მოითხოვენ ბრძოლაში გაძღოლას~ რასაც შედეგად მოსდევს ის, რომ პართიელები გენერალურ ბრძოლას მათთვის არახელსაყრელ პირობებში იღებენ და მარცხდებიან კიდეც.
როგორც ითქვა რეიდი არ იყო ბრძოლის ძირითადი ხერხი. ამიტომ სამხედრო-ისტირულ წყაროებში მის შესახებ შეუდარებლად უფრო მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, ვიდრე თავდაცვაზე და მით უფრო შეტევით მოქმედებაზე. ამისდამიუხედავად რეიდზე, როგორხც ტაქტიკური მოქმედების ერთ-ერთ სახეზე, ქართულ წყაროებში მონაცემები მაინც გაგვაჩნია. მაგალითად იქ, სადაც ლეონტისათვის მიწერილ წყაროში მოთხრობილია ამაზასპის შებრძოლებაზე ოსებთან.
`ქართლის ცხოვრებაი~ ვკითხულობთ:

` მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქუეითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს; მათგან კიდე რომელი გარე მეომრად განვიდოდეს, იყო ოცდაათი ათასი ქუეითი ყოვლად-ვე. და მაშინ სხუა რომელი ჰყვა მჴედარი ათი ათასი, და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ
სიმაგრეთა შინა კართასა, ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა,
რომელსა ჰქჳან საფურცლე. და იპყრა ზურგად ქალაქი და ქუეითნი იგი,
რომელ დაეყენნეს კართა შინა.
და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა. და განვიდა ამაზასპ მშჳლდითა, და იწყო
სროლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა; ეზომ შორით
ისროდა, რომელ დამართებითა მდგომთა ოვსთაგან არა შეიტყუებოდა და არ-
ცა ინახვებოდა სიშორითა, თუ ყოვლად აქუს მშჳლდი. და მან ჰკრის ისარი,
რომელსა ვერ დაუდგის სიმაგრემან საჭურველისამან. და მას დღესა შინა

ამაზასპ თავის-თავითა მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი რჩეული და ცხენი
მრავალი. და სხუათა-ცა ბუმბერაზთა ამაზასპისათა მოკლნეს ბუმბერაზნი
მრავალნი ოვსთანი; და დასდვეს დიდი ვნება ოვსთა ზედა.
მას დღესა შინა შემოვიდა ამაზასპ ქალაქად მჴედრითა სპითა, ხოლო
ქუეითნი იგი დგეს მუნ-ვე ადგილსა ზედა კართა შინა. და ღამესა მას
მოემატნეს მჴედარნი, რომელნი ვერ მოეტანნეს თანა ერის-თავთა მათ
სისწრაფითა.
და ვითარ განთენდა, კუალად განვიდა მუნ-ვე ამაზასპ და აღიხუნა
ოროლნი. და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, რომელსა ერქუა სახელი
ხუანსუა; იგი გამორჩეულ იყო სპათა შორის ოვსთასა. აღიზახნეს ორთა-ვე და
მიეტევნეს ურთიერთას; და პირველსა-ვე მისლვასა სცნა ოროლნი ამაზასპ, და
განავლო ზურგით, და მოკლა იგი. და აღმოიჴადა ჴრმალი, და მიეტევა სხუათა-
ცა ბუმბერაზთა, და მოკლნა ორნი სხუანი-ცა, შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად
მჴედრებით-ურთ. ხოლო ქუეითნი დგეს მუნ-ვე კართა შინა, და მას ღამესა
კუალად მოემატნეს მჴედარნი (3, 55-56).


ჩვენ ახლა დაწვრილებით არ გავარჩევთ ამაზასპის მოქმედებებს. ამას სპეციალურად მისი სტრატეგიისადმი მიძღვნილ სტატიაში გავაკეთებთ. ახლა       მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად სტრატეგიულ პრინციპებს შორის განსხვავებისა, მიხდომის ტაქტიკას ამაზასპიც ისე იყენებს, როგორც ფარსმან ქველი. სახელდობრ, ოსების მთელი არმია მუხნართან (თანამედროვე მუხნართან?) არის დაბანაკებული. ამაზასპი ქვეითების ნაწილით და მხედრებით მცხეთაშია გამაგრებული, ქვეითების დანარჩენი ნაწილები არაგვის მხარეებზე არსებულ გამაგრებულ პუნქტებში ჰყავს განთავსებული. როგორც ტექსტი გვამცნობს ორი დღის განმაცვლობაში ამაზასპი თავის მხედრებთან ერთად (ამაში ამაზასპი ფარსმან ქველს იმეორებს, რომელიც მის ლაშქარში ქვეითების ყოფნის მიუხედავად რეიდს მხოლოდ კავალერისტებით აწყობდა. იხ. ტაციტუსი ` კავალერიით თავს ესხმის მის ბანაკს   ~) გამოიჭრებოდა ციხიდან, მოაწყობდა რეიდს დაბანაკებულ ოვსებზე და შემდეგ საღამოსკენ უკან ბრუნდებოდა ქალაქში. ეს მოქმედება ფორმალური არ იყო მთლიანად იდენტური ფარსმანისა, მაგრამ ეს მათ მიერ წარმოებული ომის ხასიათისა და სტრატეგიების განსხვავდებითაა განპირობებული. ამაზასპის ქმედებას მატიანეს მიხედვით დროის მოგებაც და გენერალური ბრძოლის დაწყების გაწელვაც ჰქონდა მიზნად, განსხვავებით ფარსმანისაგან, რომლის რეიდებიც სწორედაც გენერალური ბრძოლის მაქსიმალურად სწრაფად დაწყებას ისახავდა მიზნად. ამისდამიუხედავად უეჭველია, რომ რეიდი, მიხდომა, როგორც ტაქტიკური პრინციპი ერთნაირად გამოიყენებოდა ორივე მიერ.
რეიდის გაფართოებულ სახეობად შეიძლება ჩაითვალოს თარეში, ანუ მოწინააღმდეგის ტერიტორიის დალაშქვრა, რომლის ზემოქმედების ძირითადი ობიექტი მოწინააღმდეგის არმია კი არაა, არამედ მისი ტერიტორია. თარეშის მიზანი შეიძლებოდა სხავდასხვა ყოფილიყო, ვთქვათ ცალკეულ პირთა დასჯა, ნადავლის მოპოვება, ძალის დემონსტრირება სასურველი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ასეთი თარეშის ვახტანგ გორგასლის ბაბუის, მირდატის  მიერ რანსა და მოვაკანზე ხშირი თარეში, რომელიც მოულოდნელი შედეგით - ბარდავის ერისთავის ასულის და თარეშის მომწყობის ვაჟის ქორწილით დამთავრდა, რის შემდეგაც ვახტანგ გორგასალი იშვა. ამ თარეშების შესახებ მემატიანე ასე მოგვითხრობს: ` მირდატ იყო მორწმუნე და ღმრთის-მსახური,ვითარცა მამა მისი; და იყო იგი ქუელი და შემმართებელი. ამან უმეტესად უწყო ბრძოლად სპარსთა, შესლვად და ტყუენვად რანსა და მოვაკანსა; რამეთუ მას ჟამსა უცალო იყო მეფე სპარსთა, და ბრძოდა იგი ინდოთა და სინდთა და აბაშთა, და ვერ შემძლებელ იყო სპისა დიდისა გამოგზავნად; და სპათა რანისა და მოვაკანისათა და ადარბადაგანისათა ემძლავრებოდეს ქართველნი. წინა-მძღუარ ექმნის მირდატ სპათა მამისა თჳსისათა, და მარადის ტყუენვიდის რანსა და მოვაკანსა~ (3,140-141).
ამგვარი თარეში მასში მონაწილე ჯარების რაოდენობით თუ არა  არა, პოლიტიკური მიზნით მაინც, რეიდებზე უფრო მასშტაბური იქნებოდა (თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, თეორიულად მაინც, ვთქვათ მოვაკანის დამბრბევი ლაშქარი შეიძლებოდა მაინცადამაინც რაოდენობრივად დიდი არ ყოფილიყო ამაზასპის იმ მხედრობაზე მცხეთიდან მუხნარს რეიდებს რომ ატარებდა). ამიტომ მათი განხილვა ტაქტიკის დონეზე კორექტული ვერ იქნება. ასეთი თარეშები უფრო სტრატეგიის შემადგენელ თუ მისადმი დაქვემდებარებულ ელემენტად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე ტაქტიკის.
თუმცა რეიდი/მიხდომა უეჭველად იყო ძველი ქართული ტაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი. ამას ადასტურებს როგორც რომაული (ტაციტუსი ფარსმან ქველის შემთხვევაში), ისე ქართული წყარო (`ქართლის ცხოვრება~ ამაზასპის შემთხვევაში). ამასთან როგორც აღინიშნა, რეიდის ამოცანები კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა ყოფილიყო:
•    მოწინააღმდეგის რესურსების გამოფიტვა;
•    მოწინააღმდეგის მდგრადობაზე უარყოფითი ზემოქმედება;
•    სადაზვერვო ამოცანების განხორციელება;
•    მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება;
•    ნადავლის მოპოვება;


მოულოდნელობა


რეიდის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი პირობა მისი მოულოდნელობაა (ეს ცხადია მხოლოდ რეიდს არ ეხება, მოულოდნელობა ნებისმიერი ტაქტიკური თუ სტრატეგიული ქმედების წარმატების ხელისშემწყობია, ოღონდ სტრატეგიულ დონეზე ბევრად ძნელადაა მისაღწევი). მოულოდნელობის აუცილებლობას განაპირობებდა ჩვენი რესურსების სიმწირის კომპენსირების აუცილებლობაც. ამასთან ხაზი უნდა გაესვას ერთ დეტალს: მოულოდნელობა უნდა განვიხილოთ არა იმდენად როგორც საკუთრივ ტაქტიკური მოქმედება, არამედ უფრო როგორც ამგვარი მოქმედების განხორციელების ხერხი, პრინციპი.
მოულოდნელობის როლი ქართულ სამხედრო ხელოვნებაში შედარებით კარგად შესწავლილი საკითხია. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ სფეროში ი.შაიშმელაშვილის დამსახურება, რომელმაც საგანგებოდ გამოიკვლია მოულოდნელობის ეფექტის გამოყენება დავით აღმაშენებლის სამხედრო ხელოვნებაში. Aაქ ლაპარაკია სეზონურ მოულოდნელობებზე (წელიწადის იმ დროს ლაშქრობებზე, როდესაც ომი ჩვეულებრივ არ იწარმოება), მოულოდნელ გადაადგილებებზე სივრცეში, სადღეღამისო რიტმის მოულოდნელობებზე (ღამის მარშის შემდეგ ან გათენებისას ბრძოლის დაწყებაზე) და ა.შ. (დაწვრილებით იხ. 2, 345-348). თუმცა მოულოდნელობის, სახელდობრ სადღეღამისო რიტმის მოულოდნელ მომენტებს ბრძოლისათვის ჩვენი მეფეები ბევრად ადრეც იყენებდნენ. მაგალითად ფარსმანი, რიცხვით ბევრად აღმატებულ სპარსელებთან ერთ-ერთი ბრძოლისას (ლაპარაკი არაა იმ ბრძოლაზე, რომელსაც ტაციტუსი აღწერს და რომელსაც შედეგად ფარსმანის ძმის სომხეთში გამეფება მოჰყვა) სამხედრო მოქმედებას გამთენიისას იწყებს. მემატიანე წერს:

` მაშინ ფარსმან მეფემან სიფიცხითა გულისა თჳსისათა არღარა განახა სიმრავლე სპარსთა, არამედ. განვიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თჳსითა, და
დაესხა. და მოსცა სუემან მისმან ძლევა: აოტა ბანაკი მათი და მოსწყჳდნა
ურიცხუნი. და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და მიერითგან
განითქუა სახელი ფარსმან ქუელისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი~ (3, 52).

ანალოგიურად იქცევა ამაზასპიც, როდესაც მცხეთის ციხეზე დაყრდნობით ასრულებს ორდღეიან რეიდებს ოსებზე. მატიანეში ვკითხულობთ: ` და ვითარ განთენდა, კუალად განვიდა მუნ-ვე ამაზასპ და აღიხუნა ოროლნი. და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, რომელსა ერქუა სახელი ხუანსუა; იგი გამორჩეულ იყო სპათა შორის ოვსთასა. აღიზახნეს ორთა-ვე და მიეტევნეს ურთიერთას; და პირველსა-ვე მისლვასა სცნა ოროლნი ამაზასპ, დაგანავლო ზურგით, და მოკლა იგი. და აღმოიჴადა ჴრმალი, და მიეტევა სხუათაცა ბუმბერაზთა, და მოკლნა ორნი სხუანი-ცა, შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მჴედრებით-ურთ. ხოლო ქუეითნი დგეს მუნ-ვე კართა შინა, და მას ღამესა კუალად მოემატნეს მჴედარნი. ხოლო განიზრახეს დასხმა ოვსთა; და განვიდა და დაესხა ოვსთა, განთიადისა ჟამსა, მჴედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი, და მოკლა მეფე ოვსთა და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი.~. საინტერესოა, რომ ამაზასპი გათენებისას იწყებს არა მხოლოდ გენერალურ ბრძოლას (განთიადისა ჟამსა, მჴედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი) , არამედ რეიდებსაც კი განთიადისას ანხორციელებს (და ვითარ განთენდა, კუალად განვიდა მუნ-ვე ამაზასპ და აღიხუნა ოროლნი).
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოულოდნელობა ძველი ქართული (ისევე როგორც ბევრი ერების) სამხედრო ხელოვნების ტაქტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენდა.

ტყეში ბრძოლა


ტყეში ბრძოლა კარგა ხნის განმავლობაში რჩებოდა საქართველოში წარმოებული სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახედ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მიერ აღწერილი ეპოქიდან საუკუნეები გავიდა და დავით აღმაშენებელმა საქართველოს ისტორიაში უძლიერესი არმია შექმნა. ტყეში ბრძოლა, როგორც ტაქტიკური მოქმედების ნაირსახეობა (გასაგები მიზეზების გამო ტყეში სტრატეგიული მასშტაბის ოპერაციების თუ კამპანიების ჩატარება ძნელია), როგორც ძველი საქართველოს სამხედრო ხელოვნების მნიშვნელოვანი ხერხი, რამოდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. ჯერ ერთი საქართველოს ეკოლოგიით, მისი ტერიტორიის მთიან-ტყიანი ხასიათით. ტყიანი ეკონიშა, როგორც ჩვენი ბუნების დამახასიათებელი უმნიშვნელოვანეს ფაქტორთაგანი, საუკუნეების მანძილზე უცვლელი რჩებოდა. მთიან-ტყიანი რელიეფის მნიშვნელობას ჯერ კიდევ ძველი მემატიანეები იაზრებდნენ. `ქართლის ცხოვრებაში~ ვკითხულობთ: `და ვერავინ შევიდოდა ..... კლარჯეთს. რამეთუ შეუვალ და მაგარი იყო ტყითა და კლდითა~ (3, 48).  ნიშანდობლივია, რომ თვით დავით აღმაშენებლის პერიოდში ტყეში მოქმედება ქართველთა მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი სახეობა იყო. ერთი სულტანი წერდა დავით აღმაშენებელს: `შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერაოდეს გამოხვალ ველთაო~. (3, 343). ისე ჯობდა არ მიეწერა იმიტომ, რომ დავითის ველზე გამოსვლის შემდეგ სულტანის საქმე ცუდად დამთავრდა. ტყის პირობებში ცხადია მძიმე კავალერია ვერ იმოქმედებს, სამაგიეროდ მშვილდოსნები შეუცვლელები არიან (გავიხსენოთ თუგინდ რობინ ჰუდი და მისი საძმო, რომელთა მოქმედების არეალი შერვუდის ტყით შემოიფარგლებოდა და რომლებიც უბადლო მოისრები იყვნენ.). ამას გარდა იმის გათვალისწინებით, რომ ძველი ქართული სახელმწიფოების რესურსები, როგორც წესი ლიმიტირებული იყო, ტყეში ბრძოლა (საერთოდ პარტიზანული ტიპის მოქმედებები) ლოგიკურად იყო ძველი ქართული ტაქტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც ემსახურებოდა საკუთარი ძალის დაზოგვასაც და მოწინააღმდეგის გამოფიტვასაც. იმას, რომ იბერიელები დაოსტატებულნი იყვნენ ტყეში ბრძოლაში ანტიკური წყაროებიც ადასტურებენ. რამდენადაც ძველი ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების მთავარი დამრტყმელი ძალა მძიმე კავალერია იყო, რომელიც როგორვ აღჭურვილობით, ისე ტაქტიკით, ტყეში ბრძოლისათვის უვარგისი იყო, გასაგებია რომ ტყეში ბრძოლა უპირატესად ბრძოლის თავდაცვით დამხმარე საშუალებად უნდა იქნეს განხილული. ტყეში ბრძოლა, რომელიც მისი სპეციფიკიდან გამომდინარე (ვთქვათ ადგილმდებარეობაში ძალზე კარგი ორიენტაციის აუცილებლობა) უპირატესად საკუთარ ტერიტორიაზე წარმოებული ომებისას უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ყოველ შემთხვევაში ქართული წყაროები არაფერს ამბობენ ბრძოლის ამ სახეობის გამოყენებაზე საქართველოს გარეთ. სამაგიეროდ იბერიელების მიერ პომპეუსის წინააღმდეგ ტყეში წარმოებული მოქმედებების შესახებ ცნობებს ანტიკურ წყაროებში ვხვდებით. დიონ კასიოსის არაერთგზის ციტირებულ წყაროსი ვკითხულობთ: ` მაგრამ მრავალნი (იბერიელ მებრძოლთაგან-კ.კ.) გაიფანტნენ ტყეებში და რამდენიმე დღეს თავს იცავდნენ, ისრებს ისროდნენ, რა ხეებიდან, რომლებიც [იქ] ძალიან მაღალია. მაგრამ შემდეგ, როდესაც ხეები გაკაფულ იქნა, ისინიც დაიღუპნენ~.  ამ მონათხრობს აპიანეც ადასტურებს, ოღონდ აშკარად უზუსტოდ: იბერებთან ერთად ამ ბრძოლის მონაწილედ ის ალბანელებსაც მიიჩნევს. იგი `მითრიდატეს ომებში ~ (4, 103) წერს: `ოროისოსი ალბანელთა მეფე და არტოკე იბერიელთა მეფე 70000 კაცით ელოდნენ მდინარე კურნასთან..იხილა რა ჩასაფრება, პო მპეუსმა მდინარეზე ხიდი გასდო და ბარბაროსები უსიერ ბარდებში შეჰყარა (ისინი  მეტად დაოსტატებულნი არიან ტყეში ომში, ახერხებენ რა შეუმჩნევლად გაქრობასა და გამოჩენას), გააწყო ჯარი ამ ბარდების ირგვლივ და მათ ცეცხლი წაუკიდა, ტყიდან გამოქცეულებს ის მისდევდა მანამ, სანამ მათ მძევლები და საჩუქრები არ გამოგზავნეს~.
დიონის და აპიანეს ცნობების მონაცემებით შეგვიძლია დავასკვნათ: 1) იბერიელები ტყეში ბრძოლაში უაღრესად დაოსტატებულნი იყვნენ; @2) წინა პუნქტიდან გამომდინარე მათ მსუბუქ ქვეითებს უნდა ჰქონოდათ ტყეში ბრძოლისათვის ვარგისი იარაღი და აღჭურვილობა. 3. მათ ავტონომიური საბრძოლო მოქმედებების წარმოება ტყეში რამოდენიმე დღის განმავლობაში შეეძლოთ; 4. მათზე გამარჯვების ერთადერთი საშუალება ჩანს მხოლოდ ტყის განადგურება იყო (რაც რასაკვირველია მხოლოდ ტაქტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი, უზარმაზარი ტყიანი მასივების გაჩეხვა შეუძლებელია, ხოლო იქ თავშეფარებულ მეომართა ძებნა თივის ზვინში ნემსის ძიებას  ჰგავს). 5. ტყეში ბრძოლის ტაქტიკისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოულოდნელ თავდასხმას და ასევე მოულოდნელ გაქრობას,  რაც თავისთავად გულისხმობს ადგილზე კარგ ორიენტაციას.
მართალია ძველი ქართველების მიერ ტყეში ბრძოლების შესახებ ინფორმაცია მწირია, მაგრამ გამომდნარე იქიდან, რომ საქართველოს ეკოგარემო საუკუნეების განმავლობაში უცვლელი იყო, გასაგებია რომ ტყის თავშესაფრად გამოყენება და შესაბამისად ტყეში ბრძოლის წარმოება საუკუნეების განმავლობაში იქნებოდა გავრცელებული როგორც რესურსების დაზოგვის და მოწინააღმდეგის გამოფიტვის საშუალება(თვით 2008 წლის აგვისტოს ომისასაც კი ჩვენი ჯარი ბორჯომის რაიონის ტყეებს აფარებდა თავს). შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობა `ქართლის ცხოვრებიდან~, რომლის თანახმადაც ქართლის მეფეების აზორკის და არმაზელის დროს, ქართველები ტყიან – მთიანი რელიეფის გამოყენებით წამატებით იგერიებდნენ სომეხთა შეტევებს (3, 48). სამხედრო ისტორიის გამოცდილებიდან და  წყაროთა ცნობებიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტყეში ბრძოლა ძველი ქართველების ტაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. ამასთან ეს ბრძოლა:


•    მიზნად ისახავდა საკუთარი რესურსების დაზოგვას და მოწინააღმდეგის გამოფიტვას;
•    წარმოებდა მცირე ჯგუფების მოულოდნელი თავდასხმებით, ჩასაფრებით და ბრძოლიდან მოულოდნელი გარიდების ტაქტიკით;
•    ქვეითების (ყოველ შემთხვევაში მსუბუქი, მოისარი ქვეითების) იარაღი და საჭურველი ადაპტირებული იყო ველზე ბრძოლიდან ტყეში ბრძოლისთვის უსწრაფესი გადასვლისთვის (ამას პომპეუსთან ბრძოლის გამოცდილება აჩვენებს);
•    მეომართა მცირე ჯგუფებს და ინდივიდებსაც კი, ტყეში ავტონომიურად ბრძოლა რამოდენიმე დღის განმავლობაში შეეძლოთ.



ბუმბერაზთა ბრძოლა


არქაული, ისევე როგორც ჩვენთვის საინტერესო ეპოქის სამხედრო მოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი ტიპი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ორთა-ბრძოლა, ანუ შეჯახება ორ ქარიზმატულ სამხედრო ბელადს შორის, რაც წინ უძღოდა საკუთრივ ბრძოლას, როგორც სხვადასხვაგვარად აღჭურვილი მასების შერკინებას.  ზოგჯერ მთელი საომარი კამპანია ამგვარი ორთა - ბრძოლებით ამოიწურებოდა. ცხადია ორთა-ბრძოლის მონაწილეები  გამორჩეული გმირები იყვნენ. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში შემორჩენილია, განმარტება, რომ  გმირი: `კაცი არს დიდი საზარელი ტანითაცა და საქმითაცა მეტი და გარდარეული ძალითა, ბუმბერაზი უმცირეს მათსა, უდიდეს და უმხნეს ჩვენსა~. შესაბამისად, დიდი ლექსიკოგრაფის მიხედვით აღმავალი ხაზით მეომრების კლასიფიკაცია ამგვარია: ჩვეულებრივი მეომარი _> ბუმბერაზი _> გმირი. სიტყვა `გმირის~ წარმოშობას ეტიმოლოგიურად კიმირიელების სახელს უკავშირებენ (გადასვლა კიმირ _> გუმურ _> გმირი). ნიკო მარი რუსულ `კუმირს~ _ `კერპს~ _ იმავე წარმოშობისად თვლიდა.გუმირის სახელის მქონე პერსონაჟი ოსთა ფოლკლორშიც გვხვდება.ესაა ევროპული ტროლის მსგავსი ზებუნებრივი ძალით აღჭურვილი გიგანტური, მაგრამ უჭკუო არსება.
რასაკვირველია ბუმბერაზთა ბრძოლას არ ექნებოდა წმინდა სამხედრო, ტაქტიკური ხასიათის ეფექტი. მისი საიდუმლოს მნიშვნელოვანი ნაწილი მენტალობის სფეროშია საძიებელი. ჯერ ერთი, იმ ბუმბერაზის არმია, რომელიც ორთა-ბრზოლაში გაიმარჯვებდა, თავს უფრო მდგრადად და მშვიდად იგრძნობდა, დარწმუნდებოდა რა, რომ რადგან მისი ფალავანი (ან ფალავნები) მტრის ფალავანზე (ან ფალავნებზე) `მაგარია~, თავად ისიც (არმიაც) მტრის არმიაზე ძლიერი იქნება. ამას გარდა ითვლებოდა ღმერთი და კანონი გამარჯვებულის მხარესაა; რომ საკუთრივ ბრძოლის დაწყების წინ ასეთი ორთაბრძოლა ერთგვარ ღვთიურ სამსჯავროს წარმოადგენა, რომელმაც უნდა განსაჯოს ვისი საქმეა სამართლიანი და შესაბამისად ვინ იქნება გამარჯვებულნი. ასეთი ორთაბრძოლა რაიმე პრეტენზიის ლეგიტიმაციის არგუმენტადაც შეიძლებოდა გამომდგარიყო.
ბუმბერაზთა ორთაბრძოლის შედეგი ხშირად აღიქმებოდა, როგორც ღვთის ნების გამოხატულება. მონოთეისტურ რელიგიებსა და წარმართობას შორის არსებული მთელი განსხვავების მიუხედავად, ბუმბერაზთა ორთაბრძოლის შედეგი შეიძლებოდა ინტერპრეტირებულ ყოფილიყო, როგორც ზებუნებრივ ძალთა ჩარევის შედეგი. ეს ჩარევა სხვადასხვაგვარად გაიაზრებოდა: ვთქვათ ბერძნულ პოლითეიზმში როგორც კოსმიური შემთხვევითობის გამოვლინება მიწიერ სფეროში (ზევსი აქილევსისა და ჰექტორის ორთაბრძოლის შედეგს არა თავად განსაზღვრავს, არამედ ალბათობის სასწორზე წონის, ისე, რომ შედეგი წინასწარ თავადაც არ უწყის), ვიდრე ქრისტიანულ-რაინდულ ტრადიციამდე, სადაც სარაინდო ორთაბრძოლოს შედეგი განიხილებოდა როგორც ღვთაებრივი სამართლიანობის აღსრულება. ყველა შემთხვევაში არსებითია ის, რომ ბუმბერაზთა ბრძოლი შედეგი განიხილებოდა რაღაც უფრო მეტად, ვიდრე უბრალო ტაქტიკური რეზულტატი, განიხილებოდა ზნეობრივ-კოსმიური კანონზომიერების აღსრულებად.
ეს მსოფლმხედველობა კარგად არის დაფიქსირებული ჯუანშრის ქრონიკის იმ ადგილას სადაც მოთხრობილია ვახტანგ გორგასლის მიერ თარხანთან შებრძოლების აუცილებლობის არგუმენტაცია და მისი მოქმედება გამარჯვების შემდეგ. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ბრძოლის დაწყების წინ:

~ გარდაჴდა (ვახტანგი-კ.კ.)  ცხენისაგან და დავარდა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა,
აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა: "ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და
შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა,
მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და დაეც უსჯულო ისი, და არცხჳნე
მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობილ ვარ, არამედ
მოწყალებისა შენისად". მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა თჳსსა, და რქუა სპათა
თჳსთა: "ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით". თარხანზე გამარჯვების შემდეგ : ვახტანგ მას-ვე ადგილსა გარდაჴდა ცხენისაგან, და დავარდა მიწასა
ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა და თქუა: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან
მოავლინე. ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა
შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან
აღამაღლი დავრდომილი" (3, 153-154).


ერთი სიტყვით ბუმბერაზთა ბრძოლა ქრისტიანობის, შესაძლოა საერთოდ მონოთეისტური რელიგიების დამკვდრების შემდეგ, განიხილება როგორც ღვთაებრივი სამართლიანობის განხორციელება. ასეთი წარმოდგენა კაცობრიობის ისტორიას გვიან შუასაუკუნეებამდე მოჰყვა (არაფერს ვიტყვით  სტერეოტიპზე, რომელიც დღესაც ცოცხლობს და ამბობს, რომ ომში საბოლოო ჯამში მაინც სამართლიანობა იმარჯვებს). ასწლიანი ომის ხანიდან მოგვეპოვება ასეთი ცნობა: 1340 წელს ბრიტანეთის პრინცმა ედუარდმა საფრანგეთის მეფობაზე პრეტენზიის მქონე ფილიპ დე ვალუას ფრიად საინტერესო უსტარი გაუგზავნა,სადაც სთავაზობდა სამ ვარიანტს თუ როგორ გადაეწყვიტათ მათ შორის არსებული პრობლემები დიდი ომის გარეშე. პირველი ვარიანტი ტრივიალური იყო: ფილიპი და ედუარდი ერთმანეთს უნდა შებრძოლებოდნენ რამოდენიმე ერთგულ რაინდთან ერთად და ვინც გაიმარჯვებდა, ის აღმოჩნდებოდა საფრანგეთის ტახტის ჭეშმარიტი მპყრობელი. ორი დანარჩენი მეთოდი გაცილებით ორიგინალური იყო. ედუარდი წერდა: `თუკი ფილიპ დე ვალუა, საფრანგეთის ჭეშმარიტი ხელმწიფეა, როგორც ამას ამტკიცებს, დაე შევიდეს გალიაში, სადაც მშიერი ლომები იმყოფებიან, რამეთუ ლომები არასოდეს ესხმიან თავს ჭეშმარიტ ხელმწიფეს; თუ არა და მოახდინოს სასწაული და განკურნოს სნეულნი, როგორც ამას ოდითგანვე სჩადიოდნენ ჭეშმარიტი მეფენი..ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში აღიაროს რომ უღირსია მეფობისათვის~ (5,86). როგორც ქრონისტები (ყოველ შემთხვევაში ედუარდის მომხრენი) ამტკიცებენ ფილიპმა ამ გამოცდაზე უარი თქვა. ჩანს თავის სამედიცინო უნარებშიც ეპარებოდა ეჭვი და არც მშიერი ლომის ხახაში მოხვედრა სურდა .
შესაძლოა სამეფო ტახტზე პრეტენზიის სამართლიანობის დასაბუთება ორთაბრძოლის გზით ვინმეს ევროპული სარაინდო ტრადიციის გამოვლინებად მოეჩვენოს, მაგრამ ასეთი მიდგომა ჯერ კიდევ სასანიდებთან დასტურდება. ასეა თუ ისე, ბუმბერაზთა, პირველ რიგში მეფეთა შორის ორთაბრძოლას პირველ რიგში ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი შედეგი შეიძლებოდა ინტერპრეტირებულ ყოფილიყო, როგორც ღვთაებრივი სამართლიანობა, სახელდობ ორთაბრძოლათა უმრავლესობაში გამარჯვებულ მხარეს შეეძლო დაესკვნა, რომ საბოლოო გამარჯვება სწორედაც რომ მისი არმიის მხარეს იქნებოდა.
ტახტის ბედის გადაწყვეტა მათYმაძიებლებს შორის ორთაბრძოლების გზით `ქართლის ცხოვრებიდანაც~ არის ცნობილი. მაგალითად: ქართლის მეშვიდე მეფის ბარტომისა და ტახტის მაძიებელ მირვანს შორის გამართული ბრძოლის შესახებ ვკითხულობთ: `და იწყეს ბრძოლად, და გამოჩნდეს ორთავე შორის ბუმბერაზნი. იწყეს ყოველთა დღეთა ბუმბერაზთა ბრძოლანი თუესა ერთსა: ოდეს მათ სძლიან, და ოდესმე ამათ სძლიან. ხოლო მას თვესა შინა ერთსა ამან მირვან თავის-თავითა მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი (მოქმედ მეფე ბარტომს მხარს სომხები უჭერდნენ, ხოლო ტახტის მაძიებელ მირვანს _ სპარსელები, უფრო ზუსტად, პართიელები _ კ.კ.). და არავინ გამოჩნდა ქართველთაგანი და სომეხთაგანი მძლე მირვანისა.და ვერღარცა თვით ბარტომ მეფე ებრძოდა მას, რამეთუ არ იყო ბარტომსა თანა გოლიათობა~ (3, 31-32). როგორც ვხედავთ, ორიგინალური სურათია! მთელი თვის განმავლობაში ორი დაპირისპირებული არმია იმით არის დაკავებული, რომ ერთმანეთთან გოლიათებს აბრძოლებს. რასაკვირველია, საბოლოო ჯამში მირვანმა გაიმარჯვა (აბა გოლიათური მახასიათებლების არმქონე ბარტომი ხომ ვერ გაიმარჯვებდა!) და ტახტსაც დაეუფლა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი სურათი გვაქვს ფარსმან ქველის ლაშქარსა (რომელშიც სარმატები და ჩანს ალბანებიც  შედიოდნენ) და სპარსელების ბრძოლის დროს. ამ ბრძოლის აღწერა, გარდა `ქართლის ცხოვრებისა~, მოგვეპოვება ტაციტუსთანაც. ორივე მონაყოლი პრაქტიკულად იდენტურია, იმ დეტალის ჩათვლითაც კი, რომ ფარსმანს თავისი ჯარისთვის ფრთოსანი გამოთქმით მიუმართავს. ოღონდ ეს გამოთქმა ქართულ და რომაულ წყაროებში მთლად იდენტური არ არის. ლეონტის ქრონიკის თანახმად ფარსმანს განუხცხადებია: `აჰა ლომნო მძვინვარენო, ცხოვარნი დასეტყვილი~. ტაციტუსი ფარსმანს რომაელთათვის დამახასიათებელ პრაგმატიზმს მიაწერს და, ლეონტის პათეტიკურ - ჰეროიკული ვერსიიდან განსხვავებით, გადმოგვცემს, რომ ფარსმანს ხელი ჯერ საკუთარი ლაშქრისკენ გაუშვერია და შეუძახებია: `აქ ვაჟკაცებია~, ხოლო შემდეგ სპარსელებზე მიუთითებია და დაუძახნია: `აქ კი ნადავლი~! ცხადია, ნადავლის დაუფლების სურვილი ჯარს არანაკლებ ძალას შთაბერავდა, ვიდრე მეფის მიერ მათი ლომებად მოხსენიება. ამიტომაც ქართველები პართელებს გაათკეცებული ენერგიით ეცნენ და სულ ბდღვირი ადინეს.
მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მემატიანის სიტყვებით რომ ვთქვათ, `დღეთა მრავალთა~ განმავლობაში ერთმანეთს ბუმბერაზები ებრძოდნენ. მემატიანე სკრუპოლოზურად გადმოგვცემს ამ ბრძოლების სტატისტიკას. სახელდობრ, აღნიშნავს, რომ `და მას ბრძოლასა შინა მოკლა ფარსმან მეფემან ჩვუიდმეტი ბუმბერაზი სპასთა, ხოლო სპასპეტმან მისმან ფარნავაზ მოკლა ოცდასამი~ (3, 51). პართიელები ამ სტატისტიკამ ფრიად დაამწუხრა და თავისი ჭკუით გამოსავალიც მოძებნეს. თუ ლეონტი მროველის მიერ რედაქტირებული ქრონიკის ამ მონაკვეთის ავტორს დავუჯერებთ: `მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელად ჯუმბერ, რომელი ლომსა ხელითა შეიპყრობდა. და მან სთხოვა ბრძოლა თავის-თავ მეფესა ფარსმანს.ფარსმან ქუელი სიხარულით აღიჭურა და განვიდა.და აღიზახნეს, ორთავე ხმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ბრძოლად ხრმლითა. და ხმა ბრძოლისა მათისა ემსგავსა ხმასა ქუხილისა და ტეხისასა. აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო და მოკლა~ (3, 52). სწორედ ამის შემდეგ მიუმართავს ფარსმანს ჯარისათვის თავისი ცნობილი სიტყვით. ამის შემდეგ, უკვე ბრძოლის მსვლელობისას, ფარსმანს კიდევ თორმეტი ბუმბერაზი მოუკლავს, ხოლო ფარნავაზ სპასპეტს _ თექვსმეტი. ამგვარი არითმეტიკით ფარსმანს საიქიოს ოცდაათი ბუმბერაზი გაუსტუმრებია (ჯუმბერის ჩათვლით), ხოლო მის სპასალარ  ფარნავაზს _ კიდევ უფრო მეტი – ოცდაცხრამეტი. ცხადია, პართიელები ასეთ ბუმბერაზებს ვერ გაუმკლავდებოდნენ და სასტიკად დამარცხდნენ.
ყოველივე ეს შეგვეძლო ეპოსისათვის დამახასიათებელი ჰიპერტროფირებისათვის მიგვეწერა, მაგრამ ფაქტია, რომ ეპოსისგან შორს მდგომი ტაციტუსი ცალსახად უსვამს ხაზს: ამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა იმ გარემოებამ, რომ ცხენდაცხენ, პირისპირ ბრძოლაში ფარსმანმა მძიმედ დაჭრა და ცხენიდან ჩამოაგდო სპარსელთა სარდალი ოროდე. ამგვარი ორთაბრძოლების პრაქტიკა საქართველოში დიდხანს გრძელდებოდა და თვით ვახტანგ გორგასლის დროსაც კი. სახელდობრ, ვახტანგის ცხოვრებაში ლაპარაკია იმაზე, რომ ვახტანგ გორგასლის ოსებში ლაშქრობისას ბუმბერაზთა ორთაბრძოლები ერთი კვირის განმავლობვაში გრძელდებოდა (საერთოდ ბუმბერაზთა ბრძოლების დღეების ზუსტ რაოდენობაზე მითითება ლიტერატურული ხერხია, რომელმაც ტექსტს დამაჯერებლობა უნდა შემატოს) : ` და დადგეს ეგრეთ შჳდ დღე. ამა შჳდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. ამ ბრძოლების მონაწილეებზე და დეტალებზე არ შევჩერდები. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ორ ბუმბერაზთა ორ ბრძოლაში მონაწილეობა თავად მეფემ მიიღო. მონაკვეთში, რომელიც ვახტანგისა და თარხანის ბრძოლას ეხება ვკითხულობთ:  ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისა პირსა; აქუნდეს ჴელთა ოროლნი.  აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსა-ვე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი სარტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვლო ზურგით და მოკლა(3,153).
მსგავსად არის აღწერილი ვახტანგისა და ოსი ბაყათარის ორთაბრძოლა. ტექსტსი ვკითხულობთ:` და მეორესა დღესა სხუა გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქუა ბაყათარ. იგი იყო გოლიათი; და რაჲთგან დაეწყო მჴედრობად, ვერ-ვის დაედგნეს მისთჳს ბრძოლასა შინა. და მოესრა ყოველი მბრძოლი მისი: რამეთუ იყო სიგრძე მშჳლდისა მისისა თორმეტი მტკაველი და ისარი მისი ექუსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა ...და განაწესნა ვახტანგ სპანი და დაადგინნა განმზადებულად; და აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკუეთდა მახჳლი, და ჩავლო გუერდი და მიდგა მახლობელად მდინარისა.გამოვლო მდინარე ბაყათარ, და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თუალთათა, და სიმახჳლითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისათა ირიდებდა ისარსა:

რამეთუ შორს-ვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯჳთ მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაბდაბთა. და იზახდეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნი-ვე,
ქართველნი და ოვსნი, რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცუნი. და ვერა ჰკრა
ისარი, ორისა ისრისაგან მეტი, ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერ ჰკუეთა
ყოვლად. და კუალად ჰკრა სხუა ისარი ცხენსა ვახტანგისსა, და გააგდო შიგა. და
ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუჴდა ზედა და უხეთქნა ჴრმალი მჴარსა
ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე(3,154-15).


რასაკვირველია, ბუმბერაზთა შებრძოლება  არ არის მხოლოდ ძველი (ვგულისხმობ არაბთა დაპყრობებამდელი) ქართველური კულტურისათვის დამახასიათებელი მოვლენა. ასეთ ორთაბრძოლებს მრავლად შევხვდებით არქაულ საზოგადოებებში _ ირლანდიიდან ჩინეთამდე. თუ რომაელი ავტორების ნაწერებს განვიხილავთ, სადაც ისინი გალებს აღწერენ, დავინახავთ, რომ მათი მიდგომა სამხედრო საქმისადმი არსობრივად არ განსხვავდება იმისაგან, რაც ძველ ქართლში იყო მიღებული. ამასთან ეს მიდგომა გარდა წმინდა სამხედრო ასპექტისა შეიცავს საკულტო და რიტუალური ხასიათის ქმედებებს, აგრეთვე ვერბალურ გაპაექრებას მომავალი შერკინების მონაწილეთა შორის. გალების მემკვიდრე ძველ ირლანდიელებთან  ორი მეომარი ორთა-ბრძოლის დაწყებამდე, როგორც წესი, ერთმანეთს უგვანი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ისინი ხოტბას ასხამდნენ საკუთარ გვარს და საკუთარ გმირობებს.
ასეთი `ურთიერთშემკობის~ მაგალითება საკმარისად მოიპოვება ჯუანშერთანაც. მაგალითად თარხანი ასე მიმართავს ვახტანგ გორგასალს:` მოხედნა თარჴან და რქუა: "მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ, არა ყმა-წურილთა, გარნა შენ ზედა-ცა დავიმდაბლო თავი ჩემი". არანაკლებ თავხედურად მიმართავს დიდ მეფეს ბაყათარიც:` "ვახტანგ მეფეო,ნუ განლაღნები შენ მოკლვისათჳს თარჴანისა: არა ერთო იგი გოლიათთა და ამისთჳს მოიკლა იგი ყმა-წურილისა მიერ. აწ უკეთუ შენ-ვე გამოხვიდე მბრძოლად ჩემდა, მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთაგან ვერ-ღა-რა განერე. თუ არა ვინ-ცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მისთჳს-ცა მზა ვარ". ერთი სიტყვით ბუმბერაზთა შებრძოლება, როგორც ვთქვით, გარდა წმინდა ტაქტიკურისა შეიცავს რიტუალურ, საკულტო და ფსიქოლოგიურ ელემენტებს.
თუმცა რასაკვირველია არასწორი იქნება ბუმბერაზთა ორთაბრძოლისას წმინდა სამხედრო ასპექტების იგნორირება. სხვა რომ არაფერი, ერთ-ერთი ბუმბერაზის გამარჯვება იოლად შეიძლებოდა უშუალოდ გადაზრდილიყო ორი არმიის შეჯახებაში, რომლის დროსაც გამარჯვებული ბუმბერაზის მხარეს, როგორც აღვნიშნეთ  დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნებოდა. Eეს მომენტი კარგადაა დაფიქსირებული ჯუანშერთან. ბაყათარზე გამარჯვებას მემატიანის მიხედვით შემდეგი რამ მოსდევს: აღჯდა (ვახტანგ გორგასალი-კ.კ.) ცხენსა ბაყათარისსა, და მოდგა მახლობელადსპათა თჳსთა, და რქუა ჴმითა მაღლითა: "მჴნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩუენ- კერძო არს". ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მჴედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წჳმა მძლაფრი (3,155-156). ანუ ჯუანშერის მიხედვით გენერალური ბრძოლა უშუალოდ ბუმბერაზთა ბრძოლის აპოგეის გაგრძელებას წარმოადგენს. ბუმბერაზთა ბრძოლის შედეგი საბოლოო შედეგზე ცხადია სათანადო გავლენას ახდენს.
ჩვენს მიერ განხილული წყაროები საშუალებას იძლევა ბუმბერაზთა ბრძოლის რიგი ტაქტიკური ასპექტების რეკონსტრუირებისა. პირველ ყოვლისა, ბუმბერაზები შებრძოლებისას შეზღუდულნი არ იყვნენ იარაღში. შებრძოლება შეიძლებოდა მომხდარიყო ოროლის ( ვახტანგ გორგასალი - თარხანი), ხმლის (თარხანი - ფარსმან-ფარუხი), ხმლის და მშვილდის (ვახტანგ გორგასალი -ბაყათარი) გამოყემებით. ამასთან წმინდა ტაქტიკური ხასიათის ორთაბრძოლა (ვთქვათ ფარსმანის მიერ ოროდესთან შებრძოლება და მისი დაჭრა) ლიტერატურული ჟანრის კანონების თანახმად შეიძლება წარმოდგენილ ყოფილიყო როგორც ბუმბერაზთა შერკინება, რომელიც წინ უძღოდა ორ არმიას შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებას.
ორთაბრძოლის წესები წინდაწინ განისაზღვრებოდა. ასე ხდება ვახტანგის და ბაყათარის ბრძოლისას: ჴმა უყო ბაყათარს და რქუა: "არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ; არა მივეახლები მე სპასა ოვსეთისასა, რამეთუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების სპა ჩემი ყოველი. ხოლო შენ მონა ხარ, და წარწყმედითა შენითა არა ევნების სპათა ოვსეთისათა, ვითარცა ძაღლისა ერთისათა. გამოვედ მდინარესა ჩემ-კერძო". მაშინ ბაყათარ ოვსმან აღასრულა სიტყუა მისი და რქუა: "მე მომკლველმან შენმან გამოვლო მდინარე, არამედ პირისაგან მდინარისა უკუ-დეგ სამ უტევან". მაშინ ვახტანგ უკუ-დგა(3,154-155). მსგავსი `ჯენტლმენური შეთანხმება~ გვხდება ირლანდიურ ეპიკურ ტრადიციში. ირლანდიური ტრადიციის თანახმად, ორთაბრძოლა რეგულირდებოდა მკაცრი წესებით, რომელთაც ფირ ფერ-ი ანუ პატიოსანი, წესიერი თამაში ეწოდებოდა. ერთ-ერთი წესის თანახმად, მებრძოლს, რომელიც ორთაბრძოლაზე გამოწვევას გააკეთებდა, მხოლოდ ერთი მოპირისპირე შეიძლებოდა ჰყოლოდა. ირლანდიური საგები სასტიკად გმობენ ამ წესის დარღვევას. „კუალგნედან ხარის მოტაცებაში“ დაგმობილია ერთ-ერთი პერსონაჟის ფერკ ლოინგსეხის და მისი თორმეტი თანამებრძოლის გადაწყვეტილება _ თავს დასხმოდნენ კუხულინს. ეპოსში ვკითხულობთ: `ასე გადაწყვიტეს (თავდასხმა _ კ.კ.) და დაუყონებლივ გაილაშქრეს კუხულინზე, და მოძებნეს იგი და წესიერ ორთაბრძოლაზე შეთანხმების გარეშე, მთელი დუჟინით დაეცნენ თავს“ (12, 230-231).
რასაკვირველია შეიძლება გაუთავებლად ვიდავოთ იმაზე, რამდენად რეალურია ძველი ქართული ქრონიკების, მათ შორის ჯუანშერის აღწერილი ეპიზოდები. მაგრამ ერთი რამ ვფიქრობთ უდავოა: ბუმბერაზთა ბრძოლის პრინციპები მეტ - ნაკლებად უნივერსალურ ხასიათს ატარებს ეპოქებსა და ხალხებში, რომლებთანაც სამხედრო საქმე იმდენად სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეს ემყარება, რამდენადაც ქარიზმას, ლიდერის ინდივიდუალურ ოსტატობას და წინამძღოლობის უნარს. ამიტომაცაა, რომ ბუმბერაზთა ორთაბრძოლები (სხვათა შორის არაა არსებითი რეალურ ორთაბრძოლაზეა ლაპარაკი თუ ლიტერატურულზე) ძალიან ჰგავან ერთმანეთს, იმისდამიუხედავად ქართულ წყაროებში არიან აღწერილნი, კელტურში თუ სპარსულში (ლაპარაკი ჯერ კიდევ იმ ეპოქაზეა, როდესაც არაა ჩამოყალიბებული უნივერსალური სარაინდო კოდექსი). ამასთან ბუმბერაზთა ბრძოლას გარდა რიტუალურისა და საკულტოსი ჰქონდა წმინდა ტაქტიკური და თვით სტრატეგიული დატვირთვაც ( გამარჯვებული ბუმბერაზის მხარე ფსიქოლოგიურად დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რაც რეალური გამარჯვებისათვის მნიშვნელოვანი გარანტია იყო). ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბუმბერაზთა ბრძოლების აღწერისას ლამის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული ლიტერატურული კლიშეები არსებობს, ეს ბრძოლა მაინც სამხედრო ხელოვნების ისტორიის სფეროს განეკუთვნება და არა ლიტერატურის ისტორიისა.
ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ:

•    ბუმბერაზთა ბრძოლა ძველი ქართველების საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ტაქტიკურად ინსტიტუციონალიზებური ფორმა იყო;
•    ბუმბერაზთა ბრძოლა ერთდროულად შეიცავდა, როგორც სამხედრო ისე მენტალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს;
•    ბუმბერაზთა ბრძოლა განიხილებოდა ღვთაებრივი სამართლიანობის კონტექსტში. ითვლებოდა, რომ გადამწყვეტ ფიზიკურ ბრძოლაში გამარჯვებული ბუმბერაზის მხარეს დგას `მეტაფიზიკური~ სამართლიანობა (სხვა საკითხია, რომ ამ `მეტაფიზიკურის~ არსი სულ სხვადასხვაგვარად გაიგებოდა წარმართულ და მონოთეისტურ ტრადიციებში. ჩანს რომ სასანიდურ - ზოროასტრული ტრადიცია, რომელმაც ამ ასპექტით გარკვეული გავლენა მოახდინა კავკასიურ და ახლოაღმოსავლურ გაგებაზე ტიპოლოგიურად მონოთეისტურ გაგებასთან იდგა ახლოს);
•    ბუმბერაზთა ბრძოლა გარდა სამხედროსი,  შეიავდა რიტუალურ და საკულტო ასპექტებს;
•    ბუმბერაზთა ბრძლას ჰქონდა თავის კანონები. სავარაუდოა, რომ მსგავსად სარაინდო ბრძოლის კანონებისა, ისინი ისე ზედმიწევნით არ სრულდებოდნენ, როგორც ამ ბრძოლებისადმი მიძღვნილ მხატვრულ ქმნილებებში, მაგრამ ამ კანონთა დარღვევა დიდ ცოდვად ითვლებოდა (საინტერესოა, რომ ფოლკლორულ - ანონიმური ჟანრი, მისი ლოგიკიდან გამომდინარე ვახტანგის ბაყათარზე გამარჯვებას სამხედრო ეშმაკობით, ლამის ვერაგობით ხსნის, მაშინ, როდესაც ისტორიული-ლიტერატურული  ნარატივი, ასევე თავისი ჟანრის  კანონებიდან გამომდინარე, ვახტანგის გამარჯვებას წმინდა სარაინდო - მეტაფიზიკურ ასპექტში წარმოადგენს).
•    ბუნებრივია ბუმბერაზთა ბრძოლას გააჩნდა წმინდა სამხედრო დატვირთვაც. არაფერი რომ არ ვთქვათ წმინდა სამხედრო-ფსიქოლოგიურ ასპექტზე, ის გვევლინებოდა ბრძოლის ერთგვარ პრეამბულად თუ უვერტიურად.

გამოყენებული ლიტერატურის სია

 
1.    დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ თბB.მეცნიერება, 1966, XXXVII, 2
2.    კახა კაციტაძე სტრატეგიის საფუძვლები,თბილისი, 2007
3.    ქართლის ცხოვრება ტ. I, თბილისი, 1955;
4.    Аппиан. Митридатовы войны  http://www.vehi.net/istoriya/rim/appian/mitridat.html
5.    Блок М. Короли — чудотворцы: Очерк представлений о сверхъестеств. характере королев. власти, распростр. преимущественно во Франции и в Англии. М.: Яз. рус. культуры, 1998. ელვერსია  http://www.gumer.info/bibliotek_Buks/History/Blok/index.php
6.    Гай Юлий Цезарь "Записки о гальской войне"  http://www.fictionbook.ru/en/author/cezar_gayi_yuliyi/zapiski_o_gallskoyi_voyine/
7.    Корнелиий Тацит, Сочинения в двуч томах. Том 1. М. 1969
8.    Л.Н. Гумилев Древние Тюрки , т.1. Москва 1999;
9.    Г. Дельбрюк. История военного исскуства. Минск. Русич. 1997 Т.1;
10.  Г. Дельбрюк. История военного исскуства. Минск. Русич. 1997 Т.II;
11.  К.М. Иностранцев.  сасанидская военная теория  სამხედრო-ისტორიული ჟურნალი პარა ბელლუმ, #19, 2004.  
12.  Похищение Быка из Куальнге М. 1985