error
ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის ძირითადი მახასიათებლები ბეჭდვა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:32
ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის ძირითადი მახასიათებლები

რეზიუმე: სამხედრო ლოგისტიკა წარმოადგენს ომის თეატრში სამხედრო ძალებისა და იარაღის სისტემების გადატანისა და უზრუნველყოფისთვის საჭირო პროცესებისა და შესაძლებლობების ერთობლიობას.  ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამხედრო მოქმედების წარმატებისთვის.  ეს განსაკუთერებით ნათლად აჩვენა ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებულმა საომარმა ოპერაციებმა და კამპანიებმა.  მათ დოქტრინებში ხაზგასმით აღინიშნება, რომ თანამედროვე პირობებში ლოგისტიკა  - სამხედრო მოქმედებებისთვის საჭირო მასალების, ნაგებობებისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის პროცესის ინტეგრირებულ სერიას წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: ლოგისტიკური სისტემა, ტექნიკური უზრუნველყოფა, საჯარისო რემონტი, საველე რემონტი.
    ჯარების ყოველმხრივი და უწყვეტი  ლოგისტიკური უზრუნველყოფა ნატო-ს უმეტეს ქვეყანაში ითვლება საბრძოლო მოქმედებების წარმატებით განხორციელების ძირითად ფაქტორად.  ლოგისტიკის სისტემის მნიშვნელობა ყველას მიერ არის აღიარებული და თანამედროვე პირობებში უცხოელი სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისით, ის უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.  Eეს განსაკუთრებით სახმელეთო ძალებს ეხება, ვინაიდან, ნატო-ს ფარგლებში სწორედ ამ სახეობას სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მისი მობილურობის, მანევრურობის, ურთიერთქმედების, დარტყმის ოპერატიული სიღრმის გაზრდის თვალსაზრისით.  ოპერაციებისა და სამხედრო კამპანიების მსვლელობა და შედეგები უშუალოდაა დამოკიდებული იმ ფაქტორებზე, თუ რამდენად სრულად და დროულად იქნება უზრუნველყოფილი ჯარები ყველა აუცილებელი საშუალებით, რამდენად ჩქარა დაბრუნდებიან მწყობრში დაჭრილები და ავადმყოფები, აგრეთვე, აღდგენილი დაზიანებული შეიარაღება და ტექნიკა.  ამდენად აქსიომას წარმოადგენს ის მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ლოგისტიკური უზრუნველყოფას მოკლებული ჯარები ვერ შეძლებენ თავისი საბრძოლო შესაძლებლობების რეალიზებას.
    ბოლო ათწლეულში ნატო-ს ქვეყნების უმეტეს არმიაში გაჩნდა და გრძელდება შეიარაღებული ბრძოლის პრინციპულად ახალი საშუალებების შემუშავება, რამაც გამოიწვია შძ-ის მატერიალურ საშუალებებზე მოთხოვნილების გაზრდა, შესაბამისად, ლოგისტიკის ორგანოების სფეროების გაფართოება.  მომარაგების საშუალებების ჩამონათვალი აღწევს ასეულ ათასობით დასახელებას, რასთან დაკავშირებითაც გაფართოვდა ლოგისტიკის ორგანოების ამოცანების წრე, გაიზარდა მომარაგების სამსახურის მიმართ მოთხოვნებიც /განსაკუთრებით საბრძოლო მარაგებსა და საწვავ-საპოხ საშუალებებში, რემონტში, სამხედრო გადაზიდვასა და სამედიცინო უზრუნველყოფაში/.  ნატო-ს ქვეყნების შძ-ს ზურგის ნაწილების ხვედრითი წონა ლოგისტიკის სფეროში მომუშავე სამოქალაქო პერსონალის ჩათვლით, მთელი შეიარაღებული ძალების 20%-ზე მეტს აღწევს,.
სახმელეთო ძალების ლოგისტიკის სისტემა ნატო-ს ქვეყნების შძ-ში შეიცავს შემდეგ სახეებს: მატერიალურ, სატრანსპორტო, ტექნიკურს და სამედიცინოს.  მათგან მთავარს წარმოადგენს მატერიალური უზრუნველყოფა, რომელიც გამიზნულია ჯარების შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალებით, საწვავ-საპოხი მასალით, სურსათ-სანოვაგითა და წყლით, ასევე ტექნიკური, სანივთე და სხვა საქონლით მომარაგება.
    სატრანსპორტო უზრუნველყოფა მიმართულია კომუნიკაციების ყველა სახის სამხედრო და სამოქალაქო საშუალებების ოპტიმალური გამოყენებისკენ, სამხედრო გადაზიდვების განხორციელებისთვის.
ტექნიკური უზრუნველყოფა ახორციელებს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების ეფექტურობის ხელშეწყობას და მათი ექსპლუატაციის სანდოობას, მათი ბრძოლის ველიდან სარემონტო ორგანოებში ევაკუაციას მათი სწრაფი აღდგენისა და მწყობრში დაბრუნების მიზნით.
სამედიცინო უზრუნველყოფა ხორციელდება პ/შ-ის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენით, დაჭრილებისა და ავადმყოფთა ევაკუაციით, მათი შემდგომი მკურნალობითა და მწყობრში დაბრუნებით, ეპიდემოლოგიური ავადმყოფობების გაჩენისა და გავრცელების პროფილაქტიკისთვის.
    საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე, ისეთი საომარი მოქმედებების თეატრში, როგორიცაა ცენტრალური ევროპის, ჯარების უზრუნველყოფის საწყის ბაზას წარმოადგენს მასზე წინასწარ შექმნილი მატერიალური საშუალებების მარაგები, აგრეთვე გაერთიანებებისა და გაძლიერების ნაწილებისთვის  დასაწყობებული მძიმე ტექნიკა.  მოწყობილი საომარი მოქმედებების თეატრის ფარგლებში მოწინავე დაჯგუფებები პრაქტიკულად მუდმივად იმყოფებიან მაღალი საბრძოლო მზადყოფნის პირობებში და გააჩნიათ ზურგის უზრუნველყოფის განვითარებული სისტემა.
სუსტად განვითარებულ საომარი მოქმედებების თეატრების პირობებში, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია გაშლილ იქნან კოალიციის ან ნატო-ს რომელიმე ქვეყნის ჯარები, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი უზრუნველყოფის ბაზები, საკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურა, განხორციელდება წინასწარი მომზადება.  ასე მაგალითად, აშშ-ს სარდლობა, მას შემდეგ რაც გააცნობიერა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სრული დატვირთვით განხორციელების სირთულე, 80-იანი წლებიდან დაწყებული აქტიურად ჰქმნიდა შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მარაგებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოწინავე დაჯგუფების შესაძლო მოქმედებების უზრუნველყოფის მიზნით.  კერძოდ, გამალებული ტემპებით განხორციელდა შეიარაღების, საომარი ტექნიკის, საწვავის, საბრძოლო მასალის საწყობების მშენებლობა საუდის არაბეთში, ბაჰრეინში და რეგიონის სხვა ქვეყნებში.  მხოლოდ ბაჰრეინში, 1989 წლის განმავლობაში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და მიაღწია 500 000 ტონის ზღვარს.  სულ ამ წლების განმავლობაში აშენებულ და რეკონსტრუირებულ იქნა შეიარაღების 13 საწყობი, საწვავის 7 საცავი და ა.შ.  შედეგად, სპარსეთის ყურეში საომარი მოქმედებების დაწყების წინ შექმნილ იქნა 3 დღე-ღამური საბრძოლო მარაგი ჯარების მსხვილი დაჯგუფებისთვის.
   ნატო-ს ჯარების მოთხოვნები მატერიალური საშუალებებზე განისაზღვრება რეალური /სასურსათო/ ან პირობითი /მომარაგების ყველა სხვა საშუალება/ მაჩვენებლით, რასაც იყენებს ერთი სამხედრო მოსამსახურე ერთი დღე-ღამის განმავლობაში.  ეროვნული მიკუთვნებიდან გამომდინარე მისი საშუალო დღე-ღამური ნორმა ევროპის საომარი მოქმედებების თეატრში ომის პირველი თვის განმავლობაში განისაზღვრება 70-100 კგ. ოდენობით.  კონკრეტული ოპერაციების დაგეგმარებისას წარმოებს უფრო ზუსტი გათვლები, დაფუძნებული საბრძოლო მოქმედებების სახესა და ხასიათზე, მომარაგების გარკვეული ნაწილის დანაკარგის გათვალისწინებით.
ნატო-ს ქვეყნების შძ-ში ჩამოყალიბებული საბრძოლო მასალით მომარაგების სისტემა ითვალისწინებს მათ უწყვეტ შევსებას.  ამ მიზნით ეწყობა საბრძოლო მასალის საკორპუსე საწყობები, მომარაგების პუნქტები, გადანაწილების პუნქტები.  შევსება ხდება შემდეგი სქემის მხედვით: მიეწოდება ან აშშ-ს კონტინენტური ნაწილიდან ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან ძირითადად საზღვაო მიმოსვლის გამოყენებით და პორტებში დაცლის შემდეგ იგზავნებიან დანიშნულების ერთ-ერთ პუნქტში.  მისი დიდი ნაწილი აკუმულირდება სახმელეთო ძალების და საარმიო კორპუსების მატერიალური საშუალებების შენახვის რაიონებში, ხოლო მეორე, მცირე ნაწილი – მომარაგების პუნქტებში.  საბრძოლო მასალის ცალკეული სახეობები, როგორიცაა არტილერიის ჭურვები და ტანკის გასროლები, ნახევარმისაბმელებით მიიზიდებიან შუალედური გადატანის პუნქტებში, სადაც გადაიტვირთებიან საბრძოლო ქვედანაყოფების ავოტრანსპორტზე.  ეს პუნქტები, როგორც წესი ექვემდებარებიან დივიზიის ლოგისტიკური უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო მათ ფუნქციონირებას ახორციელებს დივიზიის ლოგისტიკის პირადი შემადგენლობა.  ქვედანაყოფები, რომლებიც გახარჯავენ საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ ძირითადად ივსებენ შუალედური გადატანის პუნქტებში, ხოლო ნაწილობრივ – მომარაგების პუნქტებიდან, რისთვისაც აგზავნიან თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებს და საბრძოლო მასალას აწვდიან უშუალოდ მოწინავე რაიონებში.  ზოგიერთ შემთხვევაში, საბრძოლო მასალა შესაძლებელია გადატვირთულ იქნას მომარაგების საბრძოლო ტექნიკაზე, მათი ძირითად რაიონში მოქმედი საარტილერიო დივიზიონებისა და სატანკო ბატალიონებისთვის უშულო მიწოდების მიზნით.  საგანგებო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, თუკი გარემოება ამის საშუალებას იძლევა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სატრანსპორტო ვერტმფრენებიც.
საომარი მოქმედებების თეატრში ორგანიზებული საწყობების ქსელი შეიცავს “იგლუს” ტიპის საცავებს ან კომუნიკაციის ზონაში განლაგებულ ბუნკერებს და ეწყობა, როგორც წესი, რ/გზისა და საწყლო გზების სიახლოვეს.
   კორპუსის საწყობების ორგანიზება წარმოებს კორპუსის ლოგისტიკის მმართველობის მიერ.  გრუნტზე დაწყობილი მარაგების რაოდენობა დამოკიდებულია გარემოზე, საბრძოლო მასალის რაოდენობასა და ტიპებზე, აგრეთვე ტრანსპორტის საშუალებების არსებობასა და მათ კომუნიკაციის ზონიდან ტვირთების კორპუსის საწყობებში მიტანის შესაძლებლობებზე.  ჯარების გაშლის პერიოდში, ეს მარაგები იქმნება 10-15 დღე-ღამისთვის, ხოლო საბრძოლო მოქმედებების პერიოდში – 5-7 დღე-ღამისთვის.  თუკი მარაგების საერთო ტონაჟი აღემატება 22,5 ათას ტონას, მაშინ, როგორც წესი, ამ მიმართულებაზე იქმნება საბრძოლო მასალის მე-2 საკორპუსე საწყობი.  საშუალო დღე-ღამური ტვირთების დამუშავების მოცულობა 3700 ტ-ს შეადგენს.
   საბრძოლო მასალით მომარაგების პუნქტების გაშლა ხორციელდება საარმიო კორპუსის ზურგის რაიონის მოწინავე ზონაში ან დივიზიების ზურგის რაიონებში.  აქ თავმოყრილია და მუდმივად ხდება განახლება 3-5 დღე-ღამის  /დაახლ. 2000-2500 ტ./ მარაგების.  თითოეულ ასეთ პუნქტს შესწევს ძალა დღე-ღამეში გასცეს 1980 ტ საბრძოლო მასალა იმ შემთხვევაში, თუკი მათი შემოტანა მოხდება მცირე პარტიებად.  თუკი მათი 50% იმყოფება კონტეინერებში, მაშინ ამ პუნქტების შესაძლებლობები ქვეითდება 1350 ტ-მდე.  საბრძოლო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მომარაგებაში ძირითად როლს თამაშობენ საბრძოლო მასალის მიწოდების პუნქტები, რომლებიც განლაგებულნი არიან ბრიგადების ზურგის რაიონებში.  ასეთი პუნქტის დაცილება წინა ხაზიდან შეადგენს დაახლოებით 10 კმ-ს.  თითოეულ მათგანზე ინახება  /როგორც წესი მისაბმელებსა და ნახევარ-მისაბმელებზე/ სწრაფად ხარჯვადი მარაგები 200-250 ტ მასით.  თითოეულ პუნქტი ამუშავებს დღე-ღამეში დაახლოებით 450 ტ-ს.
ხანგრძლივი საომარი მქმედებების საწვავ-საპოხი მასალით უზრუნველყოფა დღევანდელ დღეს განსაკუთრებისთ აქტუალური გახდა.  თანამედროვე შენაერთები გახარჯავენ საწვავის უდიდეს მოცულობას.  ასე მაგ.: შეტევაში ჯ/სატანკო დივიზიის საწვავ-საპოხი მასალის ხარჯი ნატო-ს ექსპერტების გათვლით შეადგენს 2270 ტ-ზე მეტს.
   საწვავ-საპოხი მასალით მომარაგების სისტემა ფუნქციონირებას იწყებს მისი საომარი მოქმედებების რაიონში შეზიდვისთანავე.  საოკეანო ტანკერებს შეაქვთ საწვავი საზღვაო პორტებში და ცლიან ნავსაყუდელებთან ან ღუზაზე დგომის პერიოდში, რის დროსაც იყენებენ მცურავ მილსადენებს.  მილსადენების მომსახურეობის ბატალიონიები და გადმოტვირთვის პუნქტები საწვავ-საპოხი მასალის მიწოდების ტრასაზე ორგანიზებას უკეთებენ მომარაგების პუნქტებს.  საომარი მოქმედებების სუსტად მოწყობილ თეატრებში დამატებით იშლებიან გადაზიდვის შუალედური პუნქტები თხევადი საწვავის დაცლის, მიღებისა და შენახვის მიზნით.
  საომარი მოქმედებების თეატრების მოწყობის თავისებურებებიდან გამომდინარე, საწვავ-საპოხი მასალა შეიძლება ინახებოდეს როგორც სტაციონარულ, ასევე, საველე საწყობებში, საიდანაც ის მიეწოდება შენაერთებისა და ნაწილების ზურგის რაიონებს სტაციონარული და საველე მილსადენებით, სამდინარო ან რ/გზის ტრანსპორტით ან საავტომობილო ცისტერნებით, რომელთა ტევადობაც 19000 ლ-ს აღწევს.  საომარი მოქმედებების თეატრების კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურის შემთხვევაში საგანგებო აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება სამოქალაქო მილსადენების ქსელი და ნავთობპროდუქტების მიწოდების საბოლოო პუნქტები.
მოუწყობელ საომარი მოქმედებების თეატრებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია უმოკლეს ვადებში გაყვანილ იქნას დროებითი მილსადენები, რომლებიც შემდგომში, როგორც წესი, სტაციონარულებით იცვლებიან.
   საარმიო კორპუსის ზურგის რაიონში საწვავ-საპოხი მასალით უზრუნველყოფის ბატალიონს შეაუძლია გაშალოს საწვავით მომარაგების არანაკლებ 8 პუნქტი /ჩვეულებრივ მათი დიდი რაოდენობით თავმოყრის ადგილებში/, თითოეულზე პრორეზინულ რეზერვუარებში 1140 კუბ.მ საწვავის შენახვით.
   დივიზიებსა და ბრიგადებში საწვავი მიეწოდება სტაციონარული /საველე/ მილსადენებით, რ/გზით და სამდინარო ტრანსპორტით, აგრეთვე საწვავ-საპოხი მასალის მიზიდვის ასეულის საავტომობილო ტრანსპორტით.  ამ უკანასკნელის საშუალო დღე-ღამური გარბენი “კორპუსი-დივიზიის” რგოლში შეიძლება აღწევდეს 240-280 კმ-ს.
დივიზიის ზურგის რაიონში საბრძოლო შეხებიდან 40-50 კმ-ზე იშლება როგორც წესი, ორი საველე გასამართი კომპლექსი.  თითოეულ მათგანს შეუძლია დღე-ღამურად გასცეს 1145 ტ საწვავამდე.  მომარაგების ასეული ბრიგადის ლოგისტიკის ბატალიონიდან ლაგდება ჩვეულებრივ ბრიგადის ზურგის რაიონში, პასუხს აგებს საწვავის შენახვასა და გაცემაზე /200 ტ/დღე-ღამეში/.  
ლოგისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს ტექნიკური უზრუნველყოფა ბრძოლებისა და ოპერაციების დროს.  მისი ეფექტურობა ხასიათდება შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის /შ და სტ/ და მატერიალური ნაწილის ბრძოლის ველზევე სრულად შეკეთების პროცენტულობით. ამდენად, ის ორიენტირებულია უპირველეს ყოვლისა შ და სტ-ს მაქსიმალური ოდენობის უმოკლეს ვადებში აღდგენაზე.
ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ძალებში ჩვეულებრივ ხორციელდება რემონტის სამი სახე - საჯარისო, საველე და საბაზო /კაპიტალური/, რომლებიც სირთულისა და მოზიდული ძალების მიხედვით 5 ეშელონად იყოფიან:  საჯარისო რემონტი /I და II ეშელონის რემონტი/ - ხორციელდება ქვედანაყოფებსა და ნაწილებში / ოცეულიდან ბრიგადამდე/, გულისხმობს მატერიალური ნაწილის მიმდინარე რემონტს.  ხორციელდება საბრძოლო მანქანის ეკიპაჟის, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, იარაღის გათვლებისა და სპეციალურად მომზადებული ქვედანაყოფების ძალებით.  I ეშელონის რემონტი ევალებათ სამხედრო ტექნიკის ექსპლუატატორ პირად შემადგენლობას, ხოლო II ეშელონის – სპეციალურ სარემონტო დროებით ჯგუფებს, შექმნილს ქვედანაყოფის განლაგების რაიონში.  I ეშელონის სამუშაოების დროს ნორმატივე არ არის გათვალისწინებული, ხოლო II ეშელონისთვის ნორმატივი შეადგენს 2-6 ადამიან/სთ-ს ერთ ერთეულ ტექნიკაზე.  საველე რემონტი /III და IV ეშელონი/ - გულისხმობს მწყობრიდან გამოსული კვანძებისა და აგრეგატების ცვლილებას და ავსებს საჯარისო რემონტს.  III ეშელონის სარემონტო სამუშაოები ხორციელდება მომზადებული სპეციალისტების მიერ ბრიგადებისა და დივიზიების ზურგის რაიონებში.  მათზე განსაზღვრულია, როგორც წესი, 72 სთ-მდე დრო.  ამ შემთხვევაში დადგენილი ნორმატივების შესაბამისად, საჭიროა 24-დან 50 ადამ/სთ-ი.  IV ეშელონის რემონტი ტარდება საარმიო კორპუსის ლოგისტიკის საშტატო სარემონტო ნაწილების მიერ ნახევრადსტაციონარულ სახელოსნოებში, რომელნიც აღჭურვილნი არიან რთული სარემონტო-აღმადგენელი ტექნიკით.  მათი გაშლა ხორციელდება დივიზიებისა და კორპუსების ზურგის რაიონებში და სამუშაოების ხანგრძლივობა აღწევს 96 სთ-ს.  საბაზო რემონტი /V ეშელონი/ წარმოებს სპეციალიზირებულ სტაციონარულ სახელოსნოებში, სარემონტო ქარხნებსა და დაწესებულებებში დაზიანებული აგრეგატებისა და კვანძების შეცვლის, ასევე, საექსპლუატაციო რესურსის 70%-ით გაზრდის მიზნით.
   საბრძოლო საშუალებების განმეორებით გამოყენების შესაძლებლობა მისი აღდგენის შემდგომ, მნიშვნელოვნად მოქმედებს დაპირისპირებული მხარეების აღდგენილი დანაკარგის დინამიკაზე.  მე-2 მსოფლიო ომის მაგალითმა გვიჩვენა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საბრძოლო საშუალება, როგორიცაა ტანკი, მონაწილეობას ღებულობდა საბრძოლო მოქმედებებში საშუალოდ 4-ჯერ აღდგენის შემდეგ, აღუდგენელ დანაკარგად ჩამოწერამდე.  შესაბამისად ჯარებს, რომელთაც გააჩნიათ დაზიანებული სამხედრო ტექნიკის აღდგენისა და მწყობრში დაბრუნების მოწინააღმდეგეზე მეტი შესაძლებლობა, ასევე ექნებათ უპირატესობა საბრძოლო ძლიერების შექმნის, აღდგენის, შენარჩუნებისა და კონცენტრაციის მიმართებაშიც.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაჯგუფებებისთვის, რომელსაც არ გააჩნიათ მოწინააღმდეგეზე რაოდენობრივ-ტექნიკური უპირატესობა.  სარემონტო ნაწილებისა და ქვედანაყოფების ზუსტად დაგეგმილმა მუშაობამ შესაძლებელია გადამწყვეტი როლი ითამაშოს წარმატების მიღწევაში არა მარტო ტაქტიკურ, არამედ ოპერატიულ დონეზეც.
   დაზიანებული ტექნიკის აღდგენის წარმატებით განხორციელებისათვის, აუცილებელია უპირველეს ყოვლისა მისი ბრძოლის ველზე შეგროვება და ევაკუირება.  ამ მიზნით წარმოებს შესაბამისი პუნქტების ორგანიზება.  დაზიანებული ტექნიკის შეგროვების პუნქტები იქმნება “ბატალიონი-დივიზიის” რგოლში, ხოლო ევაკუაციის პუნქტები – დაწყებული ბრიგადიდან.  ბრიგადის შეგროვების პუნქტები ჩვეულებრივ არსდება საბრძოლო შეხებიდან 10-15 კმ სიღრმეზე, ხოლო დივიზიის – 30-60 კმ-ზე.  Dდაზიანებული ტექნიკის ბრძოლის ველზე შეგროვება და გამოყვანა ხორციელდება იმ ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ, რომლებიც ახორციელებენ მათ ექსპლუატაციას.  Dდაზიანებული შ და სტ-ს რემონტის ორგანიზება წარმოებს ჯარების წყობის მთელ ოპერატიულ სიღრმეზე.  ამასთან, საჯარისო  და საველე რემონტის საშუალებები თავს იყრიან ძირითადად ორ რგოლში: საბატალიონო /სარემონტო ოცეული/ და სადივიზიო /დივიზიის ლოგისტიკის სარემონტო ასეული და ბრიგადების ლოგისტიკის მოწინავე სარემონტო ასეულები/.
   სარემონტო ქვედანაყოფებიდან დივიზიებში შესაძლებელია გამოყოფილ იქნას 70-ზე მეტი სპეციალიზირებული სამუშაო ბრიგადა, რომელთაც შეეძლებათ 2-3 დღე-ღამეში აღადგინონ საჯარისო რემონტს დაქვემდებარებული დაზიანებული შ და სტ-ს 75%-მდე.  მაგ.: სულ, რემონტისა და აღდგენის ამოცანების შესასრულებლად შესაძლებელია გაშლილ იქნას: აშშ-ს ქვეით დივიზიაში – 163-მდე, მექანიზირებულში – 223-მდე, ჯ/სატანკოში – 230-მდე სარემონტო ბრიგადა.  გერმანულ დივიზიებში ასეთი ბრიგადების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, თუმცა თავისი შემადგენლობითა და შესაძლებლობებით აღემატებიან ამერიკულებს.
დივიზიების სარემონტო ასეულები გაშლის რაიონებში ჩვეულებრივ ასრულებენ III ეშელონის რემონტს.  სარემონტო ქვედანაყოფების აღჭურვილობა /მაგ.: აშშ-ს მექ.დივიზია/ საშუალებას იძლევა დღე-ღამურად წარმოებულ იქნას სამუშაოები, რომლებიც მოცულობით შეადგენენ 500 ადმ/სთ-ზე მეტს.
საარმიო კორპუსების სარემონტო ბატალიონები II და IV ეშელონის რემონტებს ახორციელებენ, ხოლო უფრო რთული საბაზისო რემონტი, როგორც წესი, სარემონტო ორგანოების მიერ ხორციელდება კომუნიკაციის ზონაში.
   ჯარების დაჯგუფებებში სარემონტო-აღდგენითი საშუალებების არსებობა უზრუნველყოფს ჯარების შეიარაღებითა და ტექნიკით აღჭურვის უფრო მაღალ დონეს.  სარემონტო ორგანოების მაქსიმალური მოზიდვა საშუალებას იძლევა დაზიანების შემდეგ აღდგენილი საშუალებების შეფარდებითი წილის გაზრდისა 0,65-0,75-მდე, რაც მეტყველებს ამ სამუშაოების მაღალ ეფექტურობაზე.
ამრიგად, ნატო-ს უმეტესი ქვეყნის სახმელეთო ჯარებში რემონტისა და ევაკუაციის სისტემა საშუალებას იძლევა წარმატებით იქნას განხორციელებული შემდეგი სახის ამოცანები:
•    შ და სტ-ს მწყობრიდან გამოსული მნიშვნელოვანი ნაწილის /50-60%/ ადგილზე და შეგროვების პუნქტებში შეკეთება, რაც ამცირებს მათი ევაკუაციის დროსა და გამოყოფილ საშუალებების რაოდენობას;
•    განალაგოს სარემონტო საშუალებები და ძალები ფრონტისა და სიღრმის მიმართულებით;
•    გააძლიეროს სისტემაში შემავალი ქვედა რგოლების ძალებისა და საშუალებების შესაძლებლობები ზემდგომი რგოლის საშუალებებით;
•    თანაბრად გადაანაწილოს სამუშაო დატვირთვა რემონტისა და ევაკუაციის ჯგუფებს შორის.

საერთო ჯამში, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ნატო-ს ქვეყნების შძ-ში ლოგისტიკის სისტემას ძალუძს შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო მომარაგების ყველა კომპონენტით ეფექტური უზრუნველყოფა.


ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე

1.      Logistic support for NATO operations.  NATO Public Diplomacy Division, 1110 Brussels, BELGIUM, 2006
2.    FM 701-58 Planning Logistics Support for Military Operations, HQ Department of the Army, Washington, DC, 27 May 1987