error
ბრძოლა ტყის პირობებში ბეჭდვა
ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2010 14:27
ბრძოლა ტყის პირობებში

“ არ არსებობს იდეალური გადაწყვეტილება, არსებობს მხოლოდ სურვილი და შესაძლებლობები, უპირატესობა და ნაკლი”

ეიკე მიდელდორფი, გერმანელი  სამხედრო ექსპერტი

   1944 წლის აგვისტოს ბოლოს დამარცხებულმა გერმანულმა ნაწილებმა დასტოვეს საფრანგეთი და მოკავშირეები მიუახლოვდნენ გარმანიის საზღვრებს.  ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შობისთვის ომი დასრულდებოდა.  თუმცა, მათ იმედებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც მიადგნენ გერმანელთა თავდაცვის ე.წ. “დასავლეთის კედელს” ( მოკავშირეების ტერმინით “ზიგფრიდის ხაზს”).  აღნიშნული ზღუდის ცენტრი გადიოდა უღრან და თითქმის გაუვალ ჰიურტგენის ტყის მასივში.  გერმანელთა თავდაცვას ხელმძღვანელობდა ფელდმარშალი ვალტერ მოდელი -  ტაქტიკური თავდაცვის დიდოსტატი.
    ჰიურტგენის ტყეში ბრძოლა იყო მე-2 მსოფლიო ომში წარმოებული ბრძოლებს შორის აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყველაზე მძიმე დამარცხება.  სამი თვის სასტიკ ბრძოლებში ამერიკელებმა დაკარგეს 33000-მდე მებრძოლი, მაგრამ ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს ვერც ტაქტიკურ და ვერც ოპერატიულ დონეზე.
  ჰიურტგენის ტყის კამპანია “ძალების ეკონომიის” სომარი ხელოვნების პრინციპის რეალობაში გატარების ბრწყინვალე მაგალითია.  დამცველებმა შეძლეს შეეჩერებინათ და შეეზღუდათ გაცილებით უკეთესად უზრუნველყოფილი და მხარდაჭერილი ჭარბი მოწინააღმდეგე სამი თვის განავლობაში, რითაც სამხრეთ ფლანგზე საშუალება მიეცა გერმანელთა სამ საველე არმიას ფარული თავმოყრისა და არდენების ცნობილი კონტრშეტევის წარმოებისთვის.  აღნიშნული კონტრ შეტევა ასევე განხორციელდა ხშირი ტყის მასივებით დაფარულ მხარეში, საიდანაც მოწინააღმდეგე არანაირად არ ელოდა ამ რაოდენობის ჯარების ფარულად გადმოადგილებას და მით უმეტეს, ჯავშან-სატანკო ნაწილების ტყით გამოყვანას.
   უფრო თანამედროვე და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მაგალითი:
1993 წელს აფხაზეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, სეპარატისტების ყურადღება გადატანილ იქნა კოდორის ხეობის სრულ კონტროლზე.  აფხაზებმა ბაღათას გვირაბების დაკავების შემდეგ, გადაწყვიტეს წარმატების განვითარება.  ამ პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად თბილისიდან გაგზავნილ იქნა მოხალისეთა ბატალიონი და რუსთავის სადაზვერვო ბატალიონის ასეული.  მის ამოცანას წარმოადგენდა სადაზვერვო ჯგუფების მიერ ქართული მხარის კონტროლირებადი პერიმეტრის პატრულირება, აფხაზური სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გაზრდილი აქტიურობის აღკვეთა და დაცვის სიღრმეში შემოსვლის არდაშვება.  
   ამოცანის შესრულება წარმოებდა რთული მთა-ტყიანი გარემოს პირობებში, რასაც ასევე ართულებდა მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ერთნაირი ფორმისა და შეიარაღების არსებობა, ქართული დაცვის კერული ხასიათი და არასრულყოფილი ერთმანეთის იდენტიფიცირების სისტემა.
   ერთ-ერთი პატრულირების დროს, ქართული სადაზვერვო 4 კაციანი ჯგუფმა დააფიქსირა უცნობი 8-10 კაცის შემადგენლობის რაზმის გადაადგილება.  ვინაიდან ქართველებმა პირველებმა აღმოაჩინეს მოწინააღმდეგე, მიეცათ საშუალება წინასწარ დაეკავებინათ პოზიციები.  უცხო რაზმის მიკუთვნებულობის დადგენის პირველივე მოთხოვნაზე, მოწინააღმდეგემ მოახდინა ერთჯერადი რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან რამოდენიმე გასროლა ქართველების მიმართულებით.  ტყის პირობებში ყუმბარმტყორცნის გასროლის გაშლილმა ფრთებმა ტოტებთან შეჯახებისგან მუხტს მკვეთრად შეუცვალეს მიმართულება და აფეთქებებმა მიზანს ვერ მიაღწია.  გაჩაღდა ინტენსიური საცეცხლე კონტაქტი მოკლე მანძილებზე.  ქართველ მზვერავებს სწორედ ჰქონდათ გათვლილი, თუ რა პირობებში მოუხდებოდათ ბრძოლის გამართვა და საბრძოლო მარაგში თითო-თითო მჭიდი 7,62 მმ ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ვაზნებით ჰქონდათ დატენილი.  ორივე მხარე ხეებს იყენებდა საფარად და სწორედ ამ მძლავრი ვაზნების ქონამ გადაწონა ბრძოლის სასწორი – ტყვიებმა ხის ტანებში გაატანეს და მოწინააღმდეგემ პირველი წუთებიდანვე ოთხი მებრძოლი დაკარგა, რის შემდეგადაც მიატოვა დახოცილები და უწესრიგოდ უკან დაიხია.  ვინაიდან მშრალი პერიოდი იყო, აღნიშნული ტყვიებისა და ყუმბარმტყორცნების სროლის შედეგად ხეებქვეშა ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც საშუალება არ მისცა ქართველებს დადევნებოდნენ დაფანტულ მტერს. Dაღმოჩენილი საბუთების მიხედვით დახოცილებიდან ორი აღმოჩნდა ამტყელის მკვიდრი სომეხი ეროვნების, ორიც სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში მცხოვრები რუსი დაქირავებული.

  ტყიანს განეკუთვნება ადგილმდებარეობა, რომლის ფართობის 50%-ზე მეტი დაფარულია ტყეებით.  ხეების ჯიშების მიხედვით ტყეები იყოფა წიწვოვან, ფოთლოვან, შერეულ ტიპებად.

   გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ტყეებისთვის დამახასიათებელი მრავალი სირთულეებისა, ეს მასივები მუდავ იზიდავდა და იზიდავს შეიარაღებული ძალების ყურადღებას.  ერთის მხრივ, ტყეებს გააჩნიათ ჯარების შემნიღბავი თვისებები, როგორც ხმელეთიდან, ასევე ჰაერიდან და კოსმოსიდან თვალთვალისგან დასაფარად (წიწვოვან ტყეებს მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ფოთლოვანს გვიანი შემოდგომისა და ზამთრის გარდა), მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს  ბრძოლის წარმოებას.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცირე ზომის ტყის კორომები და მასივები ასევე იწვევს მოწინააღმდეგის მხრიდან საკონტროლო ცეცხლს.

   ტყეებში ბრძოლისთვის დამახასიათებელი ჩასაფრებებიდან და სამალავებიდან წარმოებული იერიშები და საცეცხლე დარტყმები მძიმედ აღიბეჭდება ჯარების ბრძოლისუნარიანობაზე და ზემოქმედებს მათ მორალურ მდგომარეობაზე.  რაც უფრო ხშირი და გაუვალია ტყე, მით უფრო მეტ სირთულეებს აწყდებიან დაპირისპირებული მხარეები შეტაკების დროს.  Aამ შემთხვევაში, წარმატებას აღწევს ის, რომელსაც გააჩნია ტყის პირობებში საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება და იმართებიან გამოცდილი მეთაურების მიერ.

   ტყეში ბრძოლა გარკვეულწილად ჰგავს დასახლებულ პუნქტებში საბრძოლო მოქმედებებს, ვინაიდან ასევე ძირითადად წარმოებს ახლო მანძილებზე და უპირველეს ყოვლისა ქვეითი ძალები მიერ.  შენაერთი (ნაწილი) ახორციელებს საბრძოლო მოქმედებებს როგორც მთავარი ძალების შემადგენლობაში, ასევე დამოუკიდებლად.  ბატალიონი (ასეული) შესაძლებელია დაინიშნოს შემომვლელ, სარეიდო ან მოწინავე რაზმად.  სატანკო ასეული ოცეულებად, ხოლო ტანკ-საწინააღმდეგო და ყუმბარმტყორცნთა ოცეულები ათეულებად გადაეცემა პირველ ეშელონში მოქმედ ქვეითთა ასეულებს (ოცეულებს).

   ჯარების გადაადგილება ტყეში.  
ტყეში გადაადგილებისას აირჩევა საჭირო მიმართულებით გამავალი გზები, განაკაფები, მდინარის ნაპირები, სიმაღლეები და ა.შ.
ამასთან, აუცილებელია მიმართულების აზიმუტების მითითება, რომლის მიმართულების მუდმივ შენარჩუნებისთვის საგანგებოდ გამოიყოფა მიმართველი ქვედანაყოფი.  

   ტყეში ჯარები გადაადგილდებიან გზების გასწვრივ და არა გზებზე.  შორ მანძილზე გადასვლისას რამოდენიმე მარშრუტის გამოყენებით ადვილად შეიძლება ქვედანაყოფები დაიქსაქსონ და დაკარგონ კავშირები ერთმანნეთან.  ამის თავიდან ასაცილებლად ინიშნება რეგულირების ზღუდეები (ძირითადად გადაადგილების მარშრუტების პერპენდიკულარულ ტყის ბილიკებსა და ფართო განაკაფებზე), რომელთა მიღწევისას ქვედანაყოფები უნდა შეჩერდნენ და მოიყვანონ თავი წესრიგში.

  ღია მონაკვეთების, როკადული გზების, ფართო მდელოების გადაკვეთის წინ უნდა მომზადდეს საკმარისი საცეცხლე მხარდაჭერის ორგანიზება, მათ შორის ფლანგებზეც.  ხშირად მიზანშეწონილია საეჭვო ადგილების მიმართულებით ცეცხლის გახსნა, სავარაუდო ჩასაფრებული მოწინააღმდეგის მხრიდან საპასუხო ცეცხლის პროვოცირებისთვის.  ღია მონაკვეთის გადაკვეთისთანავე, ჯარებმა თავიდან უნდა განახორციელონ უშუალო დაცვა და მოიყვანონ თავი წესრიგში.

   შეტევა.  სასურველია ცალკეული ტყის კორომების და მცირე ზომის ტყეების მიმართულებებით მასირებული ცეცხლის წარმოებით მათი გვერდის ავლა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფალანგებზე მტრის დარტყმა.  ტყის ფართო მასივებზე შეტევის დაგეგმვისას დეტალურად უნდა შეთანხმდეს მოძრაობისა და ცეცხლის წარმოების სისტემა.

   ტყეში შეტევა შედგება ტყისპირზე შეტევის, მის სიღრმეში გარღვევისა და ტყიდან გამოსვლის ფაზისგან.

   ტყის პირზე შეტევისას გამოიყენება იგივე ტაკტიკა და მეთოდები, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში, თუმცა საბრძოლო ამოცანები და ობიექტები შეირჩევა ნაკლებ სიღრმეზე.  Pპირველ რიგში ხდება ტყის იმ მონაკვეთების დაკავება, რომლებიც ნახევარკუნძულებადაა გამოყოფილი მთავარი მასივიდან და შეიძლება საფრთხე შეუქმნას შეტევაში მყოფ ძალებს ფლანგებიდან.  მხარდამჭერი საცეცხლე საშუალებების მასირებულმა ცეცხლმა ხელი უნდა შეუწყოს შემტევი ნაწილების წინსვლას.  Bბრძოლის ამ ეტაპზე სატანკო ქვედანაყოფები მხარს უჭერენ ქვეითებს მოქმედებებს თავიანთი სრული შემადგენლობით.  მას შემდეგ, რაც ქვედანაყოფები გადაკვეთენ ტყისპირს, მათ, როგორც წესი გადაჯგუფება მოუწევთ ტყის ხასიათიდან გამომდინარე (ბუჩქნარი, წაქცეული ხეები, დაჭაობებული მონაკვეთები).  შეტევის შემდეგი ობიექტები აირჩევა ახლო მანძილებზე და ძირითადად მიმართულებების ორიენტირების თანხვედრით.  ისევე როგორც დასახლებულ პუნქტში ბრძოლისას, შემტევ ქვედანაყოფებში ყალიბდება მოიერიშე ჯგუფები, რომლებიც იმავდროულად ასრულებენ საბრძოლო დაზვერვას – პატრულირებას.  ქვეითთა ქვედანაყოფებში აუცილებელია იმყოფებოდეს არტილერიიდან მიმაგრებული კორექტირების ოფიცერი.  
   მოწინააღმდეგის თავდაცვის აღმოჩენილ მონაკვეთებზე იერიშის განხორციელებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად შეუძლიათ მიიღონ პირველი ეშელონის ფორმირებების მეთაურებმა.  შეტევაში მყოფმა მენრძოლებმა მიუხედავად მხედველობის შემზღუდავი პირობებისა, გაბედულად უნდა მიიტანონ იერიში მოწინააღმდეგეზე სვლიდან ცეცხლის ინტენსიური წარმოებით.  ხელყუმბარების გამოყენება შეზღუდულია, ვინაიდან ხეების ტანმა და ტოტებმა ხელყუმბარები შესაძლებელია უკან აისხლიტოს.  ტყის ბილიკებისა და ნაკაფების გადაკვეთის ადგილებში წინააღმდეგობა შეიძლება მაქსიმალურად ძლიერი აღმოჩნდეს, ამიტომ სასურველია ასეთი მონაკვეთების შემოვლა, რისთვისაც გამოყენებულ უნდა იყოს ინფილტრაციის მეთოდი, რაც საშუალებას მისცემს ქვედანაყოფს ზურგში მოექცეს მოწინააღმდეგეს.  შეტევაში მყოფ ქვეითებს მხარს უჭერს ცალკეული ტანკები, რომლებსაც იცავენ საგანგებოდ ამისთვის გამოყოფილი ქვეითების ჯგუფები.  მეორე ეშელონის ქვედანაყოფების ამოცანაა ტყის გულდასმით გაწმენდა მტრის დარჩენილი წინააღმდეგობის კერებისგან, მათ შორის ე.წ. “გუგულების” (ხეებზე მოწყობილი საფარებიდან მოქმედი სნაიპერები) განადგურება.  ტყეში არსებული ცუდი მხედველობის პირობებში ართულებენ ორიენტირებას, რის გამოც იზრდება “მეგობრული ცეცხლით” დაზიანების საფრთხე.  ამის თავიდან ასაცილებლად,შეტევის გაგრძელების წინ მეთაურებმა თავი უნდა მოუყარონ დაფანტულ ნაწილებს და მოიყვანონ ისინი წესრიგში.  ამ პერიოდში, მათ დაცვას უზრუნველყოფენ საბრძოლო დაზვერვის ჯგუფები (პატრულები).  ტყეში სწრაფი შეტევა შესაძლებელია მხოლოდ მოწინააღმდეგის სრულად დათრგუნვის შემთხვევაში.  შესაბამისად, ტყის ფართო მასივებში შეტევა ვითარდება ძალზე დიდი ხნის განმავლობაში და მოითხოვს ძალების დიდ დანახარჯს.  ღამით ტყეში შეტევა თითქმის შეუძლებელია, ამდენად ამ პერიოდში ხორციელდება მხოლოდ მცირემასშტაბიანი ადგილობრივი იერიშები.  იმ შემთხვევაში, თუკი ტყის ბოლოს მიღწევისას საჭიროა შეტევის გაგრძელება, საჭიროა შეჩერება და გადაჯგუფება, რომელიც უნდა განხორციელდეს ტყიდან გაუსვლელად, რათა დაფარული იყოს მოწინააღმდეგის თვალთვალისგან.  თავად ტყიდან გამოსვლისას საჭიროა თავის არიდება გზების გამოყენებაზე, ვინაიდან სწორედ მათი მიმართულებით იქნება მოწინააღმდეგის ცეცხლი თავმოყრილი.

თავდაცვა.  ტყიანი რაიონების მხედველობის შეზღუდული პირობები საშუალებას არ იძლევა თავდაცვითი პოზიციების პირდაპირ ცეცხლის ეფექტურად ორგანიზებისათვის.  ასევე გართულებულია ურთიერთქმედება.  Eეს გარემოება, აგრეთვე თავდაცვის მოწყობისთვის დიდი ძალების საჭიროება მნიშვნელოვნად აქვეითებს ტყის პოზიციური თავდაცვისთვის გამოყენების საჭიროებას, თუმცა თავის მხრივ, ხშირი ტყე აფერხებს მოწინააღმდეგის მხრიდან ჯავშან-ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობას.  ბატალიონის დაცვის რაიონის ფრონტი არ უნდა აღემატებოდეს 800 მ-ს, უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაშვებულ იქნას 1000 მ-ი.  ტყისპირიდან მოცილებით ორგანიზებული თავდაცვის მოწინავე ხაზი საშუალებას იძლევა საცეცხლე წერტილების და საყრდენი პუნქტების ფარულად განლაგებისთვის.  
პოზიციებს შორის მიჯნები უფრო მოკლე უნდა იყოს, რათა თავიდან იქნას აცილებული პოზიციებს შორის მოწინააღმდეგის შემოღწევა.  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცეცხლის წარმოების სექტორების ფარულად გაწმენდას:  ტოტების და ბუჩქნარისGაჩეხვა დაიშვება მხოლოდ იმ დონემდე, რაც საშუალებას არ მისცემს მტერს  გამოამჟღავნოს პოზიციების განლაგება!  ყველაზე მისაღებია სექტორში ბუჩქნარის და ტოტების გასხეპვა ადამიანის ნახევარ-სიმაღლემდე.  უცილებელია არტილერიის ცეცხლის კორექტირების ოფიცრების რაოდენობის გაზრდა მოწინავე პოზიციებზე.  საცეცხლე საშუალებები, განსაკუთრებით ნაღმ-მტყორცნები ექვემდებარებიან ქვეითებს. რეზერვების განლაგება წარმოებს ახლო მანძილებზე, ხოლო მათი ბრძოლაში შეყვანის გზები კარგად იწმინდება.  ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები პოზიციებს იკავებენ გზებისა და განაკაფების გაყოლებით, ფლანკირებული ცეცხლის წარმოების მიზნით.  ტყეში მანევრული თავდაცვისთვის განსაკუთრებით ხელშემწყობი პირობებია ფართო მასივებში.  ამ შემთხვევაში თავდაცვის აგება ხდება ჩასაფრებებზე, საცეცხლე ხაფანგებზე, ფარულ წინაღობებსა და დანაღმული ველების სისტემაზე.  Mმოწინააღმდეგის წინსვლა ფერხდება მოძრავი რაზმების მანევრირებით, საცეცხლე დარტყმებით ახლო მანძილებიდან და ადგილობრივი კონტრ-შეტევებით ფლანგებსა და ზურგში.  ეს მოითხოვს ყველაზე დაბალი რგოლის მეთაურთა დამოუკიდებულებასა და ინიციატივას.

რამოდენიმე მარტივი პრაქტიკული რჩევა:
•    როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში პრიორიტეტს წარმოადგენს ტყისპირი;
•    ტყეში შეტევის გადაჭარბებული სიჩქარე წარმოადგენს ყველაზე დიდ შეცდომას;
•    ბუჩქნარი ფარავს მოწინააღმდეგის თვალთვალისგან და არა მისი ცეცხლისგან;
•    ხშირი მცენარეული საფარი და რთული რელიეფი აფერხებს რადიო კავშირს;
•    დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ტყეების პირობებში გაძლიერებულია აღჭურვილობის კოროზია, რაც მოითხოვს სათადარიგო ნაწილებსა და რემონტზე მკვეთრ დამოკიდებულებას;
•    ტყის ხანძრები წარმოადგენს დიდ საფრთხეს პირადი შემადგენლობისთვის. ხანძრის ეპიცენტრში ტემპერატურამ შეიძლება 400-900 გრადუსს, ხოლო ძლიერი ქარის დროს ცეცხლის გავრცელების სიჩქარე 20-25 კმ/სთ-ს მიაღწიოს;
•    ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარმტყორცნის გამოყენება ტყის პირობებში შეზღუდული ეფექტისაა, ვინაიდან ყუმბარის ფრთები ძალზედ მგრძნობიარეა ტოტებთან შეხებისას და ადვილად იცვლის მიმართულებას;
•    ხელყუმბარები სასურველია მიზანს კი არ სტყორცნოთ, არამედ იმ ხის მაღალ ტოტებს, რომლის უკანაც იმყოფება მიზანი.  ამ შემთხვევაში ხელყუმბარა აფეთქდება მიზნის თავზე და ნამსხვრევები უფრო ეფექტურად გაანადგურებს მოწინააღმდეგეს;
•    ტყეებსა და ხშირ ბუჩქნარში გადაადგილებისას (განსაკუთრებით სუბტროპიკულ ზონაში) ტკიპებისა და სხვა მავნებლებისგან თავის დაცვის მიზნით დაუშვებელია სახელოების აკაპიწება და საყელოს გახსნა;
•    ქართველი სამხედროების მიერ საძილე ტომრის ქვეშ დასაფენი ე.წ. კარემატის (“კოვრიკის”) ზურგჩანთაზე დამაგრება ტყეში გადაადგილებისას იწვევს მის დახევას, ასევე მკვეთრად აფერხებს მებრძოლის მანევრირების შესაძლებლობას. ის უნდა წრიული ფორმით შენახულ იქნას ზურგჩანთაში.  ამ შემთხვევაში  არა მარტო იქნება დაცული დაზიანებისგან, არამედ ზურგჩანთაც მიიღებს სწორ ფორმას და ტვირთიც თანაბრად განაწილდება;
•    ზოგადად ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ვაზნების გამოყენება ამცირებს ცეცხლსასროლი იარაღის რესურს, მაგრამ ჯობია დაქვეითდეს რესურსები ვიდრე გაიზარდოს პირადი შემადგენლობის დანაკარგი და ვერ იქნას მიღწეული მიზანი.  შესაბამისად ტყეში მოქმედების დროს ყოველ მეომარს საბრძოლო მარაგში უნდა გააჩნდეს ამ ტიპის ვაზნების გარკვეული რაოდენობა.
•    ტყეში ძალზედ ეფექტურია გაკვამლიანების გამოყენებით მოწინააღმდეგის “დაბრმავება”, ვინაიდან ბუჩქნარი და ტოტები დიდხანს აკავებენ კვამლის ფარდას;
•    ტყეში მოქმედების ორგანიზების პერიოდში, სხვა საკითხებთან ერთად მეთაურმა ასევე გულდასმით უნდა განსაზღვროს: გადაადგილებების აზიმუტები, ჯარების იდენტიფიცირების მეთოდები, ტყის ხერგილებისა და რთულად გასავალი ადგილების გადალახვის თანმიმდევრობა და ხერხები, ზომები ტყის ხანძრების ჩასაქრობად და ამ დროს პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ევაკუაციის გზები.



ვახტანგ კაპანაძე

ბრიგადის გენერალი