error
“მტრის თვალების ფერის გარჩევა” – ბრძოლა მოკლე დისტანციაზე ბეჭდვა
პარასკევი, 27 იანვარი 2012 13:37
“მტრის თვალების ფერის გარჩევა” – ბრძოლა მოკლე დისტანციაზე

“არ ესროლოთ, სანამ არ გაარჩევთ მათი თვალების გუგის სითეთრეს...”
ვიცე-პოლკოვნიკ სერ ენდრიუ აგნიუსის მიერ გაცემული ბრძანება შოტლანდიელი სამეფო ფუზელიორებისთვის დეტინგენის ბრძოლაში (1743 წელი).


    ახლო მანძილებზე ბრძოლა (close quarters combat - CQC) წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების სახეს, რომელშიც დანაყოფი ახორციელებს მტერთან დაპირისპირებას პერსონალური იარაღით ძალზედ ახლო დისტანციაზე, ხშირად ხელჩართული ბრძოლის პირობებში.  ტიპიური ახლო მანძილებზე ბრძოლის სცენარი ვითარდება მაშინ, როდესაც შეტევაში მყოფი მებრძოლები ძალზედ სწრაფად უახლოვდებიან მოწინააღმდეგეს, რომელსაც არ გააჩნია ბრძოლის ველიდან სწრაფად გაცლის შესაძლებლობა.  ხშირია შემხვედრი ბრძოლის დროსაც, როდესაც ორივე მხარე თავისი ამოცანის გადაჭრას ცდილობს შეტევით. ახლო მანძილებზე ბრძოლა არ არის ხელჩართული ბრძოლის სინონიმი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ხელჩართული ბრძოლა წარმოადგენს მის შემადგენელ და კულმინაციურ ნაწილს.  ახლო მანძილებზე ბრძოლა ხასიათდება ხანმოკლე, ძალზედ მაღალი ინტენსიობის, აგრესიულობითა და დაუნდობლობით სავსე გააფთრებული შეტაკებით.
   შეიარაღებული ძალების საბრძოლო წესდებები, როგორც წესი ასახავენ მხოლოდ საერთო-საჯარისო ბრძოლის ძირითად პრინციპებსა და ასპექტებს, რომლის დროსაც ქვედანაყოფები მოქმედებენ არტილერიის, ჯ/ტექნიკისა თუ საჰაერო მარდაჭერით.  ასევე არსებობენ ჯარისკაცის მოქმედების სახელმძღვანელოები და მითითებები, მაგრამ ისინიც ვერ ასახავენ სრულად იმ რთულ კომპლექსურობას, რომელიც შეიძლება შეიქმნას ბრძოლის ველზე, თანაც დასავლური საველე წესდებებში, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ახლო მანძილზე ბრძოლა განიხილება ძირითადად დასახლებულ პუნქტებში მოქმედების კონტექსტში, არადა,  საქართველოს პირობებში ქართული შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ ბრძოლები აწარმოონ ნებისმიერი რთული გარემოს პირობებში (მთა, ტყე, დასახლებული პუნქტები), სადაც მოწინააღმდეგე სრულად ვერ იყენებს თავის ტექნიკურ უპირატესობას.  ამავე დროს, რაც უფრო ახლოს ვიმოქმედებთ მასთან, ანუ როგორც სამხედროები იტყვიან “ქამარში ჩავჭიდებთ ხელს”, მით უფრო არაეფექტური გახდება მისი საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერის შესაძლებლობები.  ამ დროს მოწინააღმდეგე მხარეებს ბრძოლა ძირითადად მოუწევთ მხოლოდ ტარებადი საშტატო იარაღით.

ამ პირობებში ახლო მანძილებზე შეტაკება შესაძლებელია მოუხდეს არა მარტო ქვეითებს, არამედ ჯ/ტექნიკის ეკიპაჟებს, არტილერიის სისტემებისა თუ ტყვიმფრქვევების გათვლებს და ა.შ.  შესაბამისად, ყველა მათგანი მზად უნდა იყოს თავისი ინდივიდუალური იარაღის ეფექტურად გამოყენებისთვის.
თავისი ხასიათით ახლო მანძილებზე ბრძოლა წარმოადგენს ლოკალური შეტაკებების სერიას, რომელშიც წარმატება განპირობებულია ინდივიდუალური მებრძოლის უნარითა, ფსიქოლოგიური მდგრადობითა და მომზადების დონით, ვინაიდან მცირე დანაყოფების მეთაურებს ექნებათ მხოლოდ 2-3 უშუალო სიახლოვეს მოქმედი სამხედროს ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.

დავიწყოთ იმ იარაღიდან, რომელთანაც ასოცირდება ახლო ბრძოლა და რომელმაც შეიარაღებიდან ალბათ ყველაზე ნაკლები ცვლილება განიცადა გამოყენებისა და ტექნიკური დახვეწის მხრივ მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ბრძოლის ველზე XVI საუკუნის ბოლოს.  ეს იარაღი - მარტივი და ბრუტალური ხიშტია.  ბრიტანელებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად შეტევაში გადადიან შA80-ზე მიმაგრებული ხიშტებით (მიუხედავად იმისა, რომ შA80 თავისი კონსტრუქციული თავისებურებიდან გამიმდინარე ყველაზე ნაკლებადაა მოსახერხებელი ხიშტის გამოყენებისთვის), ამერიკელები თავიანთ M16 ან M4-ებს იყენებენ მათ გარეშე.  მიუხედავად აღნიშნულისა, ბოლო დრომდე სამხედრო მოსამსახურის მომზადების ამერიკულ სისტემაში ხიშტით ბრძოლას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.  ახლახან, ამერიკის მაღალ შტაბებში გადაწყვიტეს, რომ ხიშტით ბრძოლა უკვე აღარ არის რელევანტური თანამედროვე საბრძოლო ველზე, ამდენად საჭიროა წვრთნების აქცენტები გადატანილ იქნას ხელჩართული ბრძოლის დროს იმპროვიზირებული იარაღის გამოყენებაზე (ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, “ყველაფერზე რაც ხელში მოგხვდება”, მათ შორის ხის ნატეხისა და ქვის ხმარებაზეც).  ცვლილებების აუცილებლობას ასაბუთებენ ავღანეთისა და ერაყის საბრძოლო გამოცდილების ადაპტირების შედეგებზე დაყრდნობით, სადაც ხელჩართული ბრძოლის დროს მებრძოლი ან შაშხანას ხმარობდა კეტივით, ან პირად დანას და პისტოლეტს.  საინტერესოა, რომ ხიშტის ხმარებასთან ერთად ცვლილებები შეეხო ტრადიციულ 5 მილიან კროსს, რომელიც ჩანაცვლებულ იქნა ზიგ-ზაგით მოკლე დისტანციებზე სპრინტითა და კუნთური მასის მომატებისკენ მიმართული ვარჯიშების კომპლექსის გაზრდილი ინტენსიობით.  აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად გამოწვეულია იმ რეალობით, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ამერიკელი და ნატო-ს უმეტესი ქვეყნის სამხედროები და რომელიც ზოგადად უკავშირდება სამხედრო რეკრუტების ჭარბ წონასა და ფიზიკური მდგომარეობის დაბალ დონეს.  აშშ წვრთნებისა და დოქტრინების სარდლობის წარმომადგენლის გენერალ-ლეიტენანტ მარკ ჰერტგოინგის განცხადებით: “ ჩვენ უნდა გავხადოთ წვრთნა ადექვატური თანამედროვე საბრძოლო ველის კონდიციებისადმი” ანუ, ექსპერტების აზრით, ჯობია ხიშტით ბრძოლის წესების შესწავლის მაგიერ, ახალგაზრდა სამხედროებმა მეტი დრო დაუთმონ ძალის მომატებისკენ მიმართულ ვარჯიშებს, რათა უკეთ შეძლონ ბრძოლის ველზე გადაადგილება მძიმე ზურგჩანთებითა და ჯავშან-ჟილეტებით, ან  თუნდაც ამოიყვანონ თავიანთი დაჭრილი თანამებრძოლი ცეცხლმოკიდებული ტექნიკიდან.

მიუხედავად გარკვეული მიზანშეწონილობისა, ამერიკის სამხედრო წრეებშიც კი არ იქნა აღნიშნული ცვლილება ერთმნიშვნელოვნად გაზიარებული.  საზღვაო ქვეითთა სარდლობაში თვლიან: მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა ქვეითებმა იარაღზე მიმაგრებული ხიშტებით ბოლო იერიში განახორციელეს 1950 წელს კორეის ომის დროს, ცნობილი “სიმაღლე 180”-ის აღებისას - ხიშტით ბრძოლა უნდა დარჩეს აშშ-ს სამხედრო საზღვაო ქვეითთა ხელჩართული ბრძოლის მომზადების სისტემის მნიშვნელოვან სეგმენტად.  როგორც აშშ-ს საზღვაო ქვეითთა წვრთნებისა და განათლების სარდლობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა: “რეკრუტები გაივლიან ხიშტით ბრძოლის სრულ კურს, მათ შორის ხიშტით “დასერვით” ტექნიკას (რომელიც თანამედროვე საიერიშო შაშხანისა და ხიშტის მოკლე ზომების გამოა გახდა აქტუალური), ვინაიდან აღნიშნული ცოდნა აუცილებელია ავღანეთისთვის”.

სულ სხვა მიდგომაა ამ მხრივ ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში.  ვნახოთ რამოდენიმე მაგალითი: 1982 წლის 13-14 ივნისს ფოლკლენდის კრიზისის დროს ბრიტანელებმა განახორციელეს იერიში ქ. სტენლის მახლობლად გაბატონებულ სიმაღლე მთ. თამბლედოუნის მიმართულებით, რათა ეს სტრატეგიული წერტილი გაეწმინდათ კარგად ჩასანგრებული არგენტინელებისგან.  იერიში განხორციელდა ღამის 2:30.  მიუხედავად არგენტინელთა ფორტიფიცირებული ტყვიამფრქვევების და სნაიპერთა დამიზნებითი ცეცხლისა, ბრიტანელებმა მტერს მედგრად შეუტიეს ხიშტმომარჯვებული იარაღით და წარმატებით გაწმინდეს სიმაღლე.  ბრძოლის დროს მაიორმა კისზელიმ (ომის შემდგომ გენერლის წოდება მიენიჭა) პირველმა შეძლო მოწინააღმდეგის პოზიციებთან მიღწევა, ხელჩართულ შეტაკებაში ცეცხლით გაანადგურა ორი და ხიშტით მესამე მოწინააღმდეგე.  აღნიშნული ვაჟკაცობისთვის მაიორი კისზელი დაჯილდოვდა “სამხედრო ჯვრით”.  ამ შემთხვევიდან 22 წლის შემდეგ, 2004 წლის მაისში ბრიტანეთის შოტლანდიელ სამეფო სიუზერლენდის  პოლკის 20 მებრძოლი თავისი ლენდ-როვერებით ახორციელებდა გადაადგილებას სამხრეთ ერაყში.  ქ. ამარადან 15 მილის დაშორებით,  ბასრა-ბაღდადის გზატკეცილზე ქვედანაყოფი მოჰყვა რელიგიური ლიდერის მოქთადა ალ-სადრის დაახლოებით 100 შიიტი მებრძოლის ჩასაფრებაში, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ტყვიაფრქვევებით, ყუმბარ-ტყორცნებითა და ნაღმ-ტყორცნებით.  ორივე მანქანა პირველივე წამებზე გამოვიდა წყობიდან.  ბრიტანელებმა დაიკავეს დაცვითი პოზიციები და ჩაებნენ საცეცხლე დაპირისპირებაში.  დაახლოებით 3 საათი ბრძოლის ბოლოს ბრიტანელებს საბრძოლო მასალა დაუმთავრდათ, რის შემდეგადაც ისინი ხიშტებით გადავიდნენ იერიშზე, ელვისებურად გადაკვეთეს 150 მ-მდე ღია გამყოფი ზოლი და ეკვეთნენ მტერს, რომელსაც პოზიციები მოწყობილი ჰქონდა გზას გაყოლებულ არხში.  სასტიკ ხელჩართულ ბრძოლაში, სადაც მტრის უპირატესობა ერთი-ხუთთან იყო, მათ ხელ და ხელ გაანადგურეს მოწინააღმდეგის 20-ზე მეტი და ტყვედ აიყვანეს 9 მებრძოლი.  ბრიტანელთა დანაკარგმა 3 დაჭრილი შეადგინა.  ბოლოს კიდევ ერთი უახლესი მაგალითი კვლავ ბრიტანელების გამოცდილებიდან - ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულების დროს შოტლანდიელთა სამეფო პოლკის მე-5 ბატალიონის  ლეიტენანტმა ჯეიმს ადამსონმა დაიმსახურა “სამხედრო ჯვარი” გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის.  მაშინ როდესაც, თავის ქვედანაყოფთან ერთად ახორციელებდა საეჭვო ნაგებობების დათვალიერებას,  ის პირისპირ გადაეყარა 2 ავღანელ მოჯაჰედს, რომელთაგანაც ერთი შაშხანიდან ავტომატური ჯერით გაანადგურა, ხოლო ვაზნების გარეშე დარჩენილმა მეორე ხიშტით განგმირა.

შეიძლება ვინმემ ჩამთვალოს კონსერვატორად და მოძველებული შეხედულებების მქონე სამხედროდ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებში უნდა აღდგეს ხიშტი, როგორც შეიარაღების ნაწილი, ხოლო მებრძოლები მომზადნენ ხიშტის ხმარების პროგრამით.  აღნიშნული მიზანშეწონილია შემდეგი ძირითადი მოსაზრებებით:
•    აღნიშნული ვარჯიშების კურსი მეომარის ფსიქიკაში იმუშავებს მებრძოლის მენტალობასა და პოზიტიურ აგრესიულობას;
•    მტერთან მოულოდნელი შეჩეხების პირობებში, განმუხტული იარაღის ხიშტის გამოყენება შესაძლებელია დაუყოვნებლივ, მაშინ როდესაც დანის ამოღებას და მომარჯვებას გარკვეული დრო სჭირდება, ისევე როგორც ავტომატის კეტივით გამოყენების მიზნით ხელში გადანაცვლებას;
•    ხიშტიანი იარაღით, ახლო მანძილიდან, საბრძოლო შეძახილით შეტევაზე გადმოსული მეომარი მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მოწინააღმდეგეზე და არ აძლევს მას საშუალებას ზუსტი დამიზნების განსახორციელებლად, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორია ახლო ბრძოლაში;
•    მტრულად განწყობილი ადამიანებით დასახლებულ ტერიტორიაზე პატრულირებისას, ტყვეების კონვოირებისას, ხელჩართულ შეტაკებაში -  ხიშტი მნიშვნელოვნად იცავს იარაღს მოწინააღმდეგის მხრიდან მასზე მოულოდნელად ხელის ჩავლებისგან.
•    მებრძოლებმა უნდა აითვისონ, რომ მოულოდნელობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ხელჩართული ბრძოლისთვის მორალური მზაობა – წარმოადგენს ხიშტით ბრძოლაში წარმატების მიღწევის სამ ძირითად შემადგენელს.

ხიშტით ბრძოლის შესწავლა უნდა განხორციელდეს შემდეგი ალგორიტმით: ტექნიკის დამუშავება ფიტულის გარეშე, ფიტულზე იერიში ადგილიდან, ფიტულზე იერიში ნაბიჯის გადადგმით, ხიშტის გამოყენება ნაბიჯში და სირბილში, ხიშტის გამოყენება ფიტულების ჯგუფში მიმართულებების ცვლილებით, ხიშტის გამოყენება სხვადასხვა პირობებში (სანგარი, ტყე, შენობა, ტრენშეა და ა.შ.).  მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს მებრძოლში აგრესიულობის გამომუშავებას, სიზუსტეს და ძალას.  Yყურადსაღებია ცნობილი რუსი გენერლის დრაგომიროვის გამონათქვამი: “ცივი იარაღის ხმარებისას თვალზომა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სროლისას: იქ მანძილის განსაზღვრის შეცდომა ნიშნავს დაკარგულ ტყვიას, ხელჩართული ბრძოლაში – დაკარგულ სიცოცხლეს”.

უნდა აღინიშნოს, რომ ხიშტი ახლო ბრძოლის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია.
ამ სტატიაში არ შევეხებით ხელჩართული ბრძოლის მეთოდებს, რისთვისაც უამრევი შესაბამისი ლიტერატურა და სახელმძღვანელო არსებობს.  მხოლოდ ერთს გავუსვამ ხაზს - ილეთები უნდა იყოს მარტივი, ინდივიდუალურ მებრძოლზე მორგებული და ეფექტური, სამხედროს უნდა შეეძლოს მათი განხორციელება მთელი აღჭურვილობის და მძიმე სამხედრო აღკაზმულობის პირობებში (კუნ-ფუს ან კარატეს დიდოსტატებივით ვერ “იფრენენ” ჰაერში).  ამ დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების ტექნიკას და ტაქტიკასაც, რაც ამ შემთხვევაში რამდენადმე განსხვავებულია შორი დისტანციებზე მისი გამოყენებისგან (რისთვისაც ფაქტიურად შეიქმნა თავის დროზე).  მაგალითად, ნიუ-იორკის პოლიციის მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად, რომელთაც ყველაზე უფრო ხშირად უწევთ იარაღის ახლო მანძილზე გამოყენება, 6000 შემთხვევიდან მოწინააღმდეგის მიზანში ამოღებით სროლა განხორციელდა მხოლოდ 20% შემთხვევაში.  ყველა დანარჩენი პროცენტი მოდიოდა ინსტიქტურ სროლაზე, როდესაც დამიზნება განხორციელდა ლულის მეშვეობით, რაც გამოწვეული იყო მოწინააღმდეგის სიახლოვით, ინციდენტის სწრაფი ესკალაციით, ცუდი განათებით და ა.შ.   კვლევის თანახმად, პოლიციელთა 93% ფოკუსირებული იყო მიზანზე და არა იარაღზე, ხოლო 88% სროლა განახორციელა ბინოკულარული მხედველობის (ორივე გაღებული თვალი) გამოყენებით.

ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეეები სათანადო მომზადებას გადიან თავისი ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით და სასწავლო ცენტრებში ალბათ ახლო ბრძოლის უნარ-ჩვევების გამომუშავებაც ხდება, ამდენად ქვემოთ მოყვანილი რამოდენიმე რჩევა, დაფუძნებული საბრძოლო გამოცდილებაზე, ალბათ უპირველეს ყოვლისა საინტერესო და სასარგებლო იქნება ქართველი რეზერვისტებისთვის. აი, ისინიც:

მოკლე დისტანციებზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას, თუკი მას არ გააჩნია სპეციალური ოპტიკური ხელსაწყო, ძირითადად გამოიყენება სროლის შემდეგი მეთოდები:
1.    მიზანში ზუსტად ამოღება.  ეს ტექნიკა საბაზო სროლის ტექნიკაა და ყველაზე ზუსტი სროლის საშუალებას იძლევა.  მისი არსი ყველასთვისაა ცნობილი და აღწერილია ყველა შესაბამის სახელმძღვანელოში.  ამ დროს ხდება წინა და უკანა სამიზნის (ძირითადი ნიშანი და უკანა თამასა) გასწორება, მიზნის სილუეტზე შეთავსება და რბილი დაწოლა სასხლეტზე.  მოითხოვს 2-3 წმ-ს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც სიზუსტე უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სისწრაფე.  ჩვეულებრი გამოიყენება 25 მ-ზე მეტ დისტანციაზე.
2.    “მონადირული” სროლა.  ეს მეთოდი ცნობილია მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც გამოუყენებია სანადირო გლუვლულიანი თოფი.  ამ დროს დამიზნება ხდება მხოლოდ თოფის ნიშნის (წინა სამიზნის) გამოყენებით.  ეფექტურია 10-15 მ მანძილებამდე, როდესაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს სამიზნის ვერტიკალურ ცთომილებას.
3.    ინსტიქტური სროლა.  მეთოდს საფუძვლად უდევს ადამიანის რეფლექტური ქმედებების მექანიკა ( მაგ. ჭამის დროს არ გვჭირდება ჩანგლის პირისთვის დამიზნება, ისევე როგორც ჩოგბურთელი ბურთს არ უმიზნებს ჩოგანს და ა.შ.).  ამ შემთხვევაში მსროლელი ფოკუსირებულია მიზანზე და არა იარაღზე.  იარაღს მიმართავს ინსტიქტურად, დამიზნების გარეშე, გამომუშავებული რეფლექსებისა და კუნთის მეხსიერების გამოყენებით.  ამ მეთოდს სჭირდება დიდი პრაქტიკული გამოცდილება.  გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

არსებობს ბრძოლების გამოცდილებიდან მოსული რამოდენიმე პრაქტიკული ხერხი, რომელიც გამოყენებადია ახლო ბრძოლის პირობებში:
- ხმარებიდან უნდა იქნას ამოღებული ორი მჭიდის ერთმანეთთან საიზოლაციო  თამასით გადაბმის მავნე პრაქტიკა, ვინაიდან, ჯერ ერთი – მისი მოხსნა, ამოტრიალება და ისევ მიმაგრება დაახლოებით იმდენივე დროს მოითხოვს, რაც მომზადებული სამხედროს მიერ ცარიელი მჭიდის ახლით შეცვლა; მეორე – უკარგავს იარაღს სიმძიმის ცენტრს, მესამე – ართულებს დაწოლილი პოზიციიდან ნიდაყვებზე დაყრდნობით სროლას, მეოთხე და მთავარი – იქმნება დიდი საშიშროება ტალახსა თუ მტვერში გადაადგილებისას, როდესაც ქვედა პოზიციაში მყოფი მჭიდი ივსება ჭუჭყით, რაც იწვევს ვაზნების გაჭედვას.
    ყოველი მე-3 ან მე-4 ვაზნა მჭიდში სასურველია იყოს მანათობელი სროლის კორექტირებისთვის დახურულ სივრცეში, ასევე, ბოლო ორი ვაზნა იყოს მანათობელი, რათა მოხდეს მჭიდის დაცლის ინდიკაცია, ან ბოლო 2-3 ვაზნის წინა ვაზნა იყოს მანათობელი, რაც საშუალებას იძლევა მსროლელმა დროულად გაითვალისწინოს მჭიდის დაცლის მოახლოება და ისე გამოცვალოს მჭიდი, რომ გადატენვაზე დრო აღარ დახარჯოს.  P
    პატრულის (მზირის) წყობა ტყის პირობებში ან მთაში გადაადგილებისას სასურველია იყოს ერთ მწკრივად (“ჯაჭვი”) ან Y მაგვარი (“ფიწლისებური”), თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებით, საუკეთესო მაინც “რომბია”, რომელიც იძლევა 360 გრადუსიან კონტროლის საშუალებას.  ორმაგი მწკრივის გამოყენება დასახლებული პუნქტის გარდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ჩასაფრებაში მოხვედრის  დროს ურთიერთდაზიანების საფრთხის გამო.  ნებისმიერ შემთხვევაში, წყობის ფორმა გამომდინარეობს გარემო პირობებისა და მოწინააღმდეგის შესაძლებლობისგან.  
    უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ახლო დისტანციაზე კონტაქტის დროს დაუყოვნებელ რეაქციას, სიზუსტეს და ჩამხშობ საპასუხო ცეცხლს, ე.წ. “საცეცხლე დუელის მოგებას” პირველივე წამებიდანვე.  ამ დროს, რაც უფრო მოუმზადებელია მოწინააღმდეგე, მით უფრო ცდილობს იმოქმედოს შექუჩულად, ერთმანეთთან ახლოს.  ასევე, ცდილობს უსარგებლო ცეცხლი გახსნას შორი მანძილიდან, მაშინ როდესაც, მომზადებული მებრძოლი ახორციელებს მანევრს ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგესთან დისტანციის შესამცირებლად მისი უკეთ განადგურების მიზნით.
    ჩვეულებრივ, ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ვიზუალური ინდიკაციის ნიშნებს წარმოადგენს: მოხაზულობა, ჩრდილი, ანარეკლი, სილუეტი და მოძრაობა, თუმცა ახლო ბრძოლისას დროის დეფიციტის გამო, ხშირად საჭირო ხდება არა ზუსტად განსაზღვრო რას ხედავ, არამედ ივარაუდო მოწინააღმდეგის ადგილსამყოფელი, თუნდაც ინსტიქტურად შეიგრძნო, რომ გარემოში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.  ამ შემთხვევაში გადამწყვეტია პიროვნების გამოცდილება და უმცირესი დეტალების შემჩნევის უნარი.  მიუხედავად ცინიკური ფორმისა, ასეთი შემთხვევებისთვის აქტუალურია მრავალი მებრძოლის სისხლზე დაფუძნებული სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე კანონი: “თუკი რამეზე ეჭვი გეპარება – დააცალე მჭიდი!”.
    სასიცოცხლო მნიშვნელობისაა წესი – არასდროს მოიშორო იარაღი! ბრიტანელ სპეციალურ საჰაერო სამსახურის (შAშ) მებრძოლებს ერთი პერიოდი, თავიანთი იარაღიდან მხარზე გადასაკიდი თასმები მოხსნილიც კი ჰქონდათ, რათა მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში ჰქონოდათ იარაღი.
    ახლო ბრძოლაში გასროლა, რომელიც მტერს ვერ შეაჩერებს მყისეულად, ბევრად არ სჯობია მიზანზე აცილებას. მხოლოდ მიზნის დაზიანება საკმარისი არ არის, საჭირო ხდება მოწინააღმდეგისთვის არა მარტო მორტყმა, არამედ მისი დაუყოვნებლივი გაუვნებელყოფა.  ჩვეულებრივ სამხედრო სწავლობს სამიზნის ყველაზე ფართო და უძრავ ნაწილზე დამიზნებას (მკერდის, მუცლის არე), რაც მისაღებია დისტანციაზე საცეცხლე დუელის წარმოებისას, ხოლო ახლო ბრძოლაში მებრძოლი კონცენტრირებული უნდა იყოს მოწინააღმდეგისთვის ყველაზე შემაჩერებელ წერტილში – თავში სროლისთვის, რაც გამომუშავებულ უნდა იყოს რეფლექსების დონეზე, როგორც ერთი, ასევე რამოდენიმე მოწინააღმდეგის პირობებში.  ვერ შეძლებ ამას, შეძლებს მოწინააღმდეგე! შეუძლებელი არაფერია, სწორი წვრთნისა და მონდომების შემთხვევაში ძალზედ ადვილად მიიღწევა კარგი შედეგები.
    ახლო ბრძოლის პირობებში ვითარების სწორი შეფასებისთვის მცირე ზომის ქვედანაყოფებისა და ჯგუფების მეთაურებს უნდათ შეეძლოთ, მოწინააღმდეგის ცეცხლის სიმჭიდროვის მიხედვით, სმენით განსაზღვროს მისი რაოდენობა, შეიარაღება, განლაგება, მისი ძალისხმევის მიმართულებები.
    აკ-ს საბრძოლო სროლის ტემპი ძალზე მაღალია.  ერთი 30 ვაზნიანი მჭიდის დაცლას ჯერით მხოლოდ 3 წმ-მდე სჭირდება.  ამდენად მიზანშეწონილია ერთჯერადი სროლის რეჟიმის გამოყენება, რომლის დროსაც გამოცდილ მებრძოლს შეუძლია საკმაოდ მაღალი ტემპით აწარმოოს სროლა იარაღის შესაბამისი კორექტირებით.  ახლო ბრძოლისას ზოგჯერ იქმნება პირობები, როდესაც საჭიროა ავტომატური ჯერის გამოყენება, განსაკუთრებით თუკი ახლო მანძილზე მოულოდნელად გადაეყრები მოწინააღმდეგის ჯგუფს.  ვინაიდან კალაშნიკოვი ჯერით სროლისას უკუცემა ლულას ხრის მარჯვნივ და ზევით, ამდენად სროლა სასურველია უახლოესი მარცხენა მიზნიდან დავიწყოთ.
    არტილერიის შეზღუდეული გამოყენების პირობებში ხელის რეაქტიული ყუმბარმტყორცნებს წარმატებით შეუძლიათ ახლო დისტაციებზე საბრძოლო მხარდაჭერის როლის თავის თავზე აღება, რაც რიგ შემთხვევაში უფრო ეფექტურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე 122 მმ-იანი ჰაუბიცა.  ბრძოლის დროს ყუმბარმტყორცნელს მისი თანაშემწის გარდა დამატებით უნდა მიმაგრდეს კიდევ ერთი მებრძოლი.  ჯერ ერთი იზრდება ყუმბარების მარაგი, მეორეც - ყუმბარმტყორცნელის დაცულობა, ვინაიდან რამოდენიმე გასროლის შემდეგ მისი სმენა სრულად ვეღარ აღიქვამს ბრძოლისა და ბრძანებების ხმას და ადვილად მოწყვლადი ხდება ახლო ბრძოლაში.
    კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საბრძოლო მოქმედებების ახლო ბრძოლის პირობებში საცეცხლე ჯგუფის ახლო წყობით, მხარდამხარ გადაადგილების, რაც წარმოადგენს პოლიციური ტაქტიკის ელემენტს.  ის რაც წარმატებით გამოიყენება ხელში მძევალჩაგდებული და ოთახში გამაგრებული ტერორისტის წინააღმდეგ, სახიფათოა სამხედრო ქვედანაყოფთან დაპირისპირებისას.  დაუშვებელია ერთი ხელყუმბარის კოლექტიური მსხვერპლი გახდეს 4 თუ 6 მებრძოლი ერთდროულად.  ამის გარდა, როგორც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, ჩვენი რეალური მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები გაჯერებულნი არიან ხელის რეაქტიული ყუმბარმტყორცნებით (რპგ) და ამგვარი ჯგუფური სამიზნის შედარებით ნელი გადაადგილება წარმოადგენს მათთვის ადვილად მოწყვლად ობიექტს.  რპგ-ს კუმულიატიური გასროლაც კი პირად შემადგენლობას აფეთქების ტალღისა და ნამსხვრევების საშუალებით აზიანებს 4 მ რადიუსში.  ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მის არსენალში ფუგასურ-მსხვრევადი ყუმბარის არსებობა და ჯარისკაცული “ეშმაკობები” – ნამსხვრევების რაოდენობის გაზრდისთვის რპგ-ს ყუმბარის თავზე მავთულის შემოხვევა, ან იზოლიაციური ლენტით მზა დამაზიანებელი ელემენტების მიმაგრება (ლურსმნები, რკინის ჭანჭიკები და სხვ.).
    ლულქვეშა ყუმბარმტყორცნის (გპ-25) გამოყენებისას ახლო დისტანციაზე ბრძოლაში, პირდაპირი დამიზნებით მიზანში ამოღება და სროლა რთულია მისი სასხლეტის დაშორებული მდებარეობის გამო, ამიტომ გაცილებით ადვილია მისი ხმარება, თუკი მხარზე მიიყრდნობთ არა ავტომატის კონდახს, არამედ ავტომატის პისტოლეტურ სახელურს.  ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გპ-25-ის ყუმბარის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხდება გასროლიდან 10-20 მ-ის ფრენის შემდეგ.  უფრო ახლო მანძილზე შესაძლებელია ყუმბარა არ აფეთქდეს.

ახლო ბრძოლის პირობებში ბრძოლისთვის არსებობს მსოფლიო საბრძოლო გამოცდილებიდან მოსული რამოდენიმე უმარტივსად დასამახსოვრებელი, თუმცა ხშირად ძნელად განსახორციელებელი წესი:
- ჯობია იმოქმედო წყვილებში, სამეულებად, ოთხეულებად, ვიდრე ეულად;
- ერთმანეთში კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.  წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ყოველი სიგნალი, ჟესტი, მოქმედება.  ნებისმიერმა მებრძოლმა ერთნაირად უნდა გაიგოს მინიშნება;
- იყავი მაქსიმალურად ყურადღებით.  უმნიშვნელო დეტალები არ არსებობენ;
- მუდმივად იაზროვნე.  შეარჩიე საუკეთესო საფარი, გადაადგილების მარშრუტი, მოქმედების ვარიანტი, პრიორიტეტული სამიზნე და ა.შ.;
- მუდმივად განსაზღვრე შენი ადგილი გარემოში.  იცოდე სად არიან შენიანები, სად მტერი.  დიდი მნიშვნელობა არ აქვს მტრის ტყვია მოგხვდება თუ შენიანის, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო “გულდასაწყვეტია”;
- შეაგროვე მაქსიმალური ინფორმაცია ბრძოლის წინ გარემოს, მოწინააღმდეგის, საკუთარი ამოცანის შესახებ.    

ბევრი განვითარებული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები თავიანთ ქვედანაყოფებს აგზავნიან ცხელ წერტილებში სხვადასხვა მისიებში მონაწილეობის მისაღებად, რათა მათ შეძლონ საბრძოლო გამოცდილების მიღება, რის გარეშეც წარმოუდგენელია ბრძოლისუნარიანობის გაუმჯობესება.  ამ დროს, საქართველოში 1990 წლიდან დაწყებული მოხდა სამოქალაქო ომი, შეიარაღებული დაპირისპირებები სხვადასხვა ტიპის ფორმირებების მონაწილეობით, კონფლიქტები სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სამხედრო ოპერაციები პანკისის ხეობაში, კოდორის ხეობაში და ა.შ. რომ აღარაფერი ვთაქვათ კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობაზე, ერაყსა და ავღანეთში კონტიგენტების გაგზავნაზე... ამავე დროს, დღემდე ვერ მომზადდა საბრძოლო გამოცდილების კვლევების რამდენადმე ღირებული ნაშრომი, რომელიც უშუალოდ ქართველ სამხედროთა საბრძოლო პრაქტიკის განზოგადებით შექმნიდა სახელმძღვანელოს, რაც ძალზედ გამოადგებოდათ ახალგაზრდა მებრძოლებსა და მეთაურებს.  ეს საყვედური უპირველეს ყოვლისა გვეკუთვნის ამ ბრძოლებისა და კამპანიების ვეტერანებს.  იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული სამხედრო აკადემიის ახალი ხელმძღვანელობა შეძლებს მსგავსი სამუშაოს ორგანიზებას და ყველაფერს მოიმოქმედებს სისხლსა და ოფლზე დაფუძნებული ამგვარი ცოდნის ქართველ სამხედროებამდე მისატანად.

ვახტანგ კაპანაძე
ბრიგადის გენერალი