error
ეროვნული იდეის ფორმირება პოსტ-საბჭოთა რუსეთში ბეჭდვა
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 10:15

ეროვნული იდეის ფორმირება პოსტ-საბჭოთა რუსეთში

 

(გური ბაქრაძე
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორანტი)

 

შესავალი

თანამედროვე რუსეთის (და არა მხოლოდ) აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში ხშირია დისკუსია ქვეყნის ეროვნული იდეის თაობაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი განსაზღვრა, უნდა იქცეს თუ არა ის იდეოლოგიად და რა ფუნდამენტს უნდა ემყარებოდეს იგი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, როდესაც კომუნისტურმა იდეოლოგიამ სრული კრახი განიცადა და პოსტ–საბჭოთა სივრცე ხანგრძლივმა კრიზისმა მოიცვა, სსრკ–ს სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ პრობლემად, გარდა სამხედრო–პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის დაბრკოლებებისა, გამაერთიანებელი იდეის არარსებობა იქცა. 1996 წლის 12 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა განკარგულებაც კი გასცა ქვეყნის ეროვნული იდეის შემუშავების შესახებ. ამ დავალების შესასრულებლად რუსეთის ინტელექტუალურ ელიტას ერთი წელი მიეცა. თუმცა, თავად ელცინის პოზიციების შესუსტების და სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემების გამო, აღნიშნულ ინიციატივას განხორციელება არ ეწერა.

მედასავლეთეობიდან – კონსერვატიზმამდე

რუსეთის წინაშე იდგა ამოცანა განესაზღვრა თავისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის მიზნები და მასში შემავალი უამრავი ეთნოსის ერთიანობის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას სსრკ–ს ხვედრი გაეზიარებინა. ამის მნიშვნელოვანი წინაპირობები არსებობდა თათარსტანში და განსაკუთრებით ჩეჩნეთში, სადაც სეპარატისტული განწყობების ჩასახშობად მოსკოვს 2 ომი დასჭირდა. სამხედრო კამპანიებმა ჩეჩნეთში, განსაკუთრებით კი, მეორე ომმა და შესაბამისმა საინფორმაციო მხარდაჭერამ რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში პატრიოტული განწყობების გაღვივება და მეტ–ნაკლები კონსოლიდაცია გამოიწვია. ამ მხრივ დადებითი როლი შეასრულა ტერორისტული თავდასხმების და მათთან ბრძოლის პროცესმაც. საბოლოო ჯამში, რუსეთის ელიტამ რეალური იდეოლოგიური ბაზისის გარეშე, ძირითადად, მტრის ხატის „წყალობით“ და ამ ფონზე ძალოვანი სტრუქტურების პრაქტიკულად შეუზღუდავი მუშაობის ხარჯზე, მოახერხა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და სეპარატისტული ელემენტების მნიშვნელოვნად ნეიტრალიზება.
2000–იანი წლებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციას ტერიტორიული მთლიაობის რღვევის პირდაპირი საფრთხე აღარ აქვს, თუმცა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა „საერთო რუსული იდეის“ შემუშავების საკითხი. ხელისუფლებაში „სილოვიკების“ მოსვლისას ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, იყო მცდელობა ამ იდეის განსაზღვრისა. ჯერ კიდევ 1999 წელს პუტინმა და მისმა გუნდმა წარმოადგინა დეფინიცია, რომლის მიხედვითაც „ეროვნული იდეა“ განისაზღვრა როგორც „патриотизм, державность, государственничество и социальная солидарность“. მნიშვნელოვნად შემცირდა ლიბერალური ძალების გავლენა, რაზეც გარდა სახელმწიფო აპარატის ზეწოლისა, გავლენა იქონია იმ ფაქტმაც, რომ ეკონომიკურ კრიზისს და სოციალურ პრობლემებს მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ მათ სახელს უკავშირებდა.

სამაგიეროდ, პოპულარულად იქცა „სუვერენული დემოკრატიის“ და რუსეთისთვის საბჭოთა კავშირის დროს არსებული ძალაუფლების დაბრუნების იდეები. უკრაინის კრიზისმა და ყირიმის ანექსიამ კი, „მიწების შემოკრების“ დაწყების ემოციური ტალღა გააჩინა. კვლავ მუშაობს „მტრის ხატის“ ფაქტორი, რომლის გამოხატულებადაც უპირველესად აშშ და მისი მოკავშირეები გვევლინებიან. ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს პატრიოტული განწყობების ზრდაზე მუშაობა. ამ პროცესში პრაქტიკულად მთელი საინფორმაციო სივრცეა ჩართული.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა და სხვა ფაქტორებმა რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლიდაცია მართლაც გამოიწვია. ამის მკაფიო დადასტურებად შეიძლება განვიხილოთ ხელისუფლების რეიტინგის უპრეცედენტო ზრდა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, პირადად ვლადიმერ პუტინისადმი მოსახლეობის ლოიალობა.

შეიძლება იქთვას, რომ ხელისუფლების მიერ იდეოლოგიური ძიების ვექტორი მიდიოდა მედასავლეთეობიდან – პატრიოტიზმისკენ, რადიკალიზმიდან – კონსერტვატიზმისკენ.

დასავლეთის კრიტიკა და რბილი ძალის ელემენტების გაძლიერება

როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო მოსახლეობის კონსოლიდაცია და ქვეყნის შიგნით, მეტ–ნაკლები წარმატებით გამაერთიანებელი იდეების გენერირება. იმავეს თქმა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ჯერჯერობით ნაადრევია. რუსეთის ხელისუფლების მიერ სხვადასხვა საპროგრამო ოფიციალურ სტრატეგიულ დოკუმენტში ღიად გაცხადებული მიზანი მულტიპოლარულ სამყაროში რუსეთის ერთ–ერთ პოლუსად ქცევის შესახებ, უპირველეს ყოვლისა ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში“ (ближнее зарубежье) მოსკოვის გავლენის ზრდას მოიცავს. რუსეთის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს პოსტ–საბჭოთა სივრცეზე უკონკურენტო ძალის ცენტრად ჩამოყალიბება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო სისტემის პოლუსად ქცევა წარმოუდგენელია. ამ თვალსაზრისით კი, მოსკოვს მნიშვნელოვანი წინაღობების გადალახვა მოუწევს.

დასავლეთთან და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციას მოსკოვი რამდენიმე მიმართულებით წარმართავს. შეიძლება ითქვას, რომ პოსტ–საბჭოთა სივრცის მნიშველოვან ნაწილზე რუსეთის გავლენა გაზრდილიცაა და სხვა მოთამაშეების პოზიციებს ჯაბნის, რაც, ძირითადად, სამხედრო–პოლიტიკური და რიგ შემთხვევებში ეკონომიკური დომინაციის შედეგია. თუმცა, ამ შედეგის მიღწევა რუსეთს, ძირითადად, იძულების ხერხების გამოყენებით უწევს. მოსკოვის ერთ–ერთ მთავარ პრობლემას ე.წ. „რბილი ძალის“ საკითხში დასავლეთთან აშკარა ჩამორჩენა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის 2012 წლის რედაქციაში პირველად გამოჩნდა თავი რბილი ძალის შესახებ. რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ დოკუმენტებში არაერთხელ გაუსვა ხაზი უცილებლობას არასამხედრო, არა იძულებითი გზებით თავისი გავლენისა და პოპულარობის ზრდის თაობაზე.

დასავლეთის, როგორც ლიბერალური ცენტრის კრიტიკის პარალელურად მოსკოვი ცდილობს ტრადიციული ღირებულებების დამცველის როლი მოირგოს. აღნიშნული ტაქტიკა მხოლოდ მოკლე, მაქსიმუმ საშუალოვადიან პერსპექტივაზე შეიძლება იყოს ეფექტიანი. ვინაიდან ძალის ახალ ცენტრს, რომელსაც სურს პოსტ–საბჭოთა სივრცეზე სრული დომინირება და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კონკურენტუნარიან ძალად ჩამოყალიბება, თავისი, სხვებისგან განსხვავებული და რაც მთავარია, სახელმწიფოთა „მიზნობრივი ჯგუფისთვის“ მისაღები იდეები, ღირებულებათა ბაზა უნდა ჰქონდეს. უნივერსალურ ღირებულბათა სისტემა, რომელიც თანაბრად იქნება მისაღები სხვადასხვა ეროვნების, თუ კონფესიის წარმომადგენელთათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულფასოვნად ჩამოყალიბება, თუნდაც სამხედრო–პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების შემთხვევაშიც, ნაკლებად შესაძლებელია.

სახელმწიფო–ცივილიზაცია

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთში გამოიკვეთა მიმართულება, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება და მოსკოვის საპატრიარქო აქტიურად უჭერენ მხარს. ეს არის რუსეთის, როგორც სახელმწიფო–ცივილიზაციის მოდელი. აღნიშნულ საკითხს არაერთხელ დაუთმო ყურადღება ვლადიმერ პუტინმა. პრაგმატული კონსერვატორი, როგორც იგი თავს იხასიათებს, საბოლოო ჯამში, სწორედ, ამ მიდგომის მომხრეა. 2013 წელს, ვალდაის კლუბში სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო–ცივილიზაციის მოდელიდან გამომდინარეობს რუსეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის თავისებურებები.“ აღნიშნულ იდეას ემხრობა რუსეთის კათოლიკოს პატრიარქი, კირილიც. რუსეთის უმაღლესი საერო და სასულიერო პირების განმარტებით, რუსეთი – ეს არის ქვეყანა თავისი ღირებულებათა უნიკალური სისტემით, საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებებით, სოციუმისა და სახელმწიფოს თავისი მოდელით, ისტორიული და სულიერი კოორდინატების სისტემით. ეს არის სახელმწიფო, სადაც უამრავი ეთნოსისა და კონფესიის წარმომადგენელი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანაცხოვრობდა. მათი აზრით რუსეთს შეიძლება ეწოდოს ცივილიზაცია, თუმცა იკვეთება სისუსტეებიც, კერძოდ, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ჩამორჩენა დასავლეთთან და დემოგრაფიული უთანასწორობა ჩინეთსა და ინდოეთთან, რომელთაც პტრირქი კირილი ასევე ცივილიზაციებად განიხილავს.

რუსული სახელმწიფოს ცაკლეულ ცივილიზაციად, განსხვავებულ ერთობად მოხსენიებას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. რუსეთის, როგორც ცივილიზაციის შესახებ საუბრობდნენ ოსვალდ შპენგლერი, ნიკოლაი დანილევსკი, არნოლდ ტოინბი და სხვები. შპენგლერის იდეა ევროპული ცივილიზაციის დასასრულთან და აშშ-სა და რუსეთში ახალი ცივილიზაციური ცენტრების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რუსეთში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

პარალელების გავლება შეიძლება ევრაზიონიზმის სათავეებთანაც. სწორედ ევრაზიონისტები მიიჩნევდნენ, რომ ევროპასა და აზიას შორის არსებობს მესამე ცენტრი, ევრაზია, განსაზღვრული გეოგრაფიული საზღვრებით და მცხოვრები მოსახლეობით, რუსებით. მათთვის, რუსული კულტურა მატარებელი იყო როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ელემენტებისა და იმავდროულად, აბსოლუტურად უნიკალური. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ევრაზიონისტები პრაქტიკულად იმეორებდნენ მაკინდერის თეორიას ჰართლენდის შესახებ. ნეოევრაზიონისტებმა კი, დუგინის სახით, თალასოკრატიისა და თელუროკრატიის დაპირისპირება პრაქტიკულად საკრალურ ომად გამოაცხადეს. დუგინის მოსაზრებით, საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციას შორის დაპირისპირება გარდაუვალია. ძალის მთავარ ცენტრებად კი, იგი, ერთი მხრივ – ანგლო-საქსურ სამყაროს მოიზარებს, აშშ-ს ლიდერობით,  ხოლო, მეორე მხრივ – რუსეთს.

ამ ეტაპზე ნეოევრაზიული იდეების გავლენა რუსულ პოლიტიკურ ისტემბლიშმენტზე საგრძნობია, რაც, თუნდაც აშშ–თან ღია კონფრონტაციით, საკუთარი თავის ლიბერალური, მონდიალისტური და ატლანტიკური ხედვების საწინააღმდეგოდ პოზიციონირებით გამოიხატება. მაქსიმალურად მწვავეა ლიბერალური ღირებულებების კრიტიკა და დასავლეთის ტრადიციული ღირებულებებიდან გადახვევის ხაზგასმა, ამის ფონზე კი, რუსული სახელმწიფოს, როგორც ალტერნატიული ცენტრის წარმოჩენის მცდელობები.

ვლადიმერ პუტინის განმარტებით, 21–ე საუკუნეში, როდესაც ხდება დიდი გეოპოლიტიკური მატერიკების ფორმირება, რუსეთის აბსოლუტური პრიორიტეტია მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო ინტეგრაცია. ამ მიზნის მისაღწევად კი ევრაზიული კავშირია შექმნილი. მისი მიზანია ისტორიულ ევრაზიულ სივრცეში მცხოვრები ერების იდენტობის შენარჩუნება ახალ მსოფლიოში. ევრაზიული ინტეგრაცია ეს მთელი პოსტ–საბჭოთა სივრცის შანსია გახდეს გლობალური განვითარების დამოუკიდებელი ცენტრი და არა ევროპისა თუ აზიის პერიფერია. ტერმინები, ისტორიული ევრაზიული სივრცე, დამოუკიდებელი ცენტრი, ევრაზიონიზმის აშკარა გავლენაა. საყურადღებოა აგრეთვე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ევრაზიულ კავშირში მთელ პოსტ–საბჭოთა სივრცეს მოიაზრებს. ამ ჩანაფიქრის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული წრეების აზრით, რუსეთმა მიაგნო პოსტ–საბჭოთა სივრცეზე მცხოვრები ერებისა და სახელმწიფოების კვლავ შეკრების ფორმულას.

„რუსული სამყარო“

სახელმწიფო–ცივილიზაციის იდეის განხორციელების მთავარ მექანიზმად ამ ეტაზე პროექტი „რუსული სამყარო“ (Русский мир) მოიაზრება.  „რუსული სამყარო“ განიხილება არა ეთნიკური, არამედ ცივილიზაციური (კულტურულ–გეოგრაფიული) კუთხით – როგორც უმთავრესი, მაგრამ არა ერთადერთი დომინანტი ელემენტი ფორმირებად ევრაზიულ ცივილიზაციურ ერთობაში.

თავად „რუსულ სამყაროზე“ მსჯელობა მე–20 საუკუნის ბოლოდან იწყება, თუმცა ამ ტერმინის დღევანდელი გაგების წინაპირობა 2000 წელს პეტრ შედროვიცკის მიერ გამოქვეყნებულ სტატიის „რუსული სამყარო და ტრანსნაციონალური რუსული“ შემდგომ შეიქმნა. შედროვიცკის მოსაზრებით, რუსული სამყაროს ნაწილია ყველა, ვინც აზროვნებს რუსულ ენაზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, აღნიშნული განმარტება განივრცო და დღეს „რუსული სამყაროს“ იდეის ავტორები და მომხრეები მას ასე განმარტავენ:

  • რუსეთის ყველა მოქალაქე მათი ეროვნების, აღმსარებლობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად;
  • ყველა რუსი და რუსულენოვანი ადამიანი მათი საცხოვრებელი ადგილისა და მოქალაქეობის მიუხედავად;
  • რუსეთის ფედერაციისა და სხვა, რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოების სივრცე, რომელთა მოქალაქეებიც იზიარებენ რუსეთისა და რუსების ცივილიზაციურ კავშირებსა და ღირებულებებს და ასევე, სურთ, ისაუბრონ რუსულად და კავშირი ჰქონდეთ რუსულ კულტურასთან.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2007 წლის 21 ივნისის განკარგულებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, შეიქმნა ფონდი „Русский мир“. აღნიშნული ფონდის საიტზე „რუსული სამყაროს განმარტება შემდგომია: „რუსული სამყარო, ეს არა მხოლოდ რუსები არიან, რომლებიც რუსეთში ან მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც საუბრობენ რუსულად და რეალურად ინტერესდებიან რუსეთით, აღელვებთ მისი მომავალი.

რუსული სამყაროს ყველა პლასტი – პოლიეთნიკური, მრავალკონფესიური, სოციალურად და იდეოლოგიურად არაერთგვაროვანი, მულტიკულტურული და გეოგრაფიულად სეგმენტირებული – ერთიანდება რუსეთთან კავშირის გაცნობიერებით.

რუსული სამყარო ფორმირდება როგორც გლობალური პროექტი. რუსეთი იღებს ახალ იდენტობას, მსოფლიოსთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს და განვითარების დამატებით იმპულსებს.რუსული სამყარო – ეს რუსეთის სამყაროა.“

აღნიშნული ფონდი აქტიურად მოქმედებს როგორც პოსტ–საბჭოთა სივრცეში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. მისი ოფიციალური მიზნებია რუსული ენის პოპულარიზაცია და მისი სწავლების ხელშეწყობა. ასევე, რუსული კულტურის, რუსული დიასპორების მხარდაჭერა და ა.შ.

ამ მიმართულებით რუსეთის ხელისუფლების უმთავრეს საზრუნავს აღნიშნული იდეის პოპულარიზაცია წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება განათლების სისტემის როლზე რუსული სამყაროს და რუსული ცივილიზაციის ჩამოყალიბების პროცესში. დგება ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები, სადაც ძირითადი აქცენტი პატრიოტიზმსა და საერთო რუსული იდეის მხარდაჭერაზეა გაკეთებული. რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ „ისტორიის გადაწერის მცდელობებს“, სადაც კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები თანაბარ ბოროტებადაა მოაზრებული, რიგ შემთხვევებში კი, გერმანული ფრთა უფრო ჰუმანურადაც კი გამოიყურება.

რუსული ენის ფაქტორის და ზოგადად, რუსული კულტურის გავლენის როლი, ყველაზე თვალსაჩინოდ უკრაინის მაგალითზე წარმოჩნდა. მოსკოვის ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე რუსული ენის რეგიონულ ენად გამოცხადების შესახებ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა უკრაინის ფრაგმენტაცია, ძირითადად ამ ნიშნით ხორციელდება. მეორე მხრივ, შესაძლოა გავიხსენოთ ლვოვის მერის „კომიკური“ ინიციატივაც 22 საათამდე რუსულად საუბრის აკრძალვის შესახებ.

იდეის განხორციელების პრობლემები

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება და საეკლესიო პირები ცივილიზაციურ პროექტს საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებენ, იქვე აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ ჩანასახია და აუცილებელია მასზე მუშაობის გაგრძელება. ლოგიკურ დასასრულად კი, სავარაუდოდ, ევრაზიული კავშირის შექმნა, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების პოლუსად ჩამოყალიბება და სსრკ–ს პერიოდის გავლენის მოპოვება მოიაზრება. თუმცა, იკვეთება პრობლემათა რიგი, რომელთა გადაწყვეტის გარეშეც „ახალი ცივილიზაციის“ ხორცშესხმა გართულდება.

თავისთავად ცხადია, რომ ნებისმიერი ამბიციური პროექტის განხორციელებას უპირველეს ყოვლისა, სამხედრო, პოლიტიუკური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა უძღვის. თუმცა, თუ ამ მომენტებს დროებით გვერდზე გადავდებთ და საკითხს მხოლოდ იდეოლოგიურ ჭრილში მივუდგებით, შესაძლოა გამოვკვეთოთ შემდგომი წინააღმდეგობები:

  • საფუძველშივე სერიოზული კამათის საგანს წარმოადგენს რუსეთის, როგორც ცალკეული ცივილიზაციის რაობა. ევრაზიონისტული ხედვები უფრო სასურველის რეალობად წარმოჩენას ემსახურება.
  • თავად კონცეფცია რუსული სამყაროს შესახებ დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. რუსული ენის ცოდნა ავტომატურად რუსეთისადმი კეთილგანწყობის და მითუმეტეს რუსული კულტურის ნაწილად ქცევის სურვილს არ აღძრავს;
  • თავად რუსეთის ცალკეულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სულაც არ თვლის თავს რუსული სამყაროს ნაწილად და მათი ლოიალობის დონე, ძირითადად, ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის ხარისხით განისაზღვრება;
  • ევრაზიული კავშირის მიმზიდველობა იმავე ევროკავშირთან შედარებით, პოსტ–საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისთვის გაცილებით დაბალია არა მხოლოდ სუფთა ეკონომიკური, არამედ ადამიანის უფლებების, კორუფციის დონის და სხვა საკითხებში აშკარა ჩამორჩენის გამო;
  • მიუხედავად იმისა, რომ „რუსული ცივილიზაციის“ მომხრეები ხაზს უსვამენ პოლიკულტურულობას (მულტიკულტურალიზმის კრიტიკის პარალელურად), პოსტ–საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, რუსული სამყაროს წევრობის პერსპექტივა რუსიფიკაციის პერსპექტივასთან ასოცირდება;
  • და ბოლოს, მიუხედავად მცდელობისა, რუსული პროპაგანდა მაინც დასავლეთის კრიტიკაზე ორიენტირებული რჩება და ერთგვარი მოპასუხის როლშია.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემების მიუხედავად, აღნიშნული იდეები შესაბამის ყურადღებას იმსახურებს. ფაქტია, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის გარეთ პრო–რუსული განწყობების გაღვივების მიმართულებით.

ამ ეტაპზე რუსეთის ხელისუფლებას განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაზე აქვს გადატანილი, ვინაიდან უკრაინის თუნდაც ნაწილის გარეშე რუსული ცივილიზაციის, რუსული სამყაროს და ზოგადად „დიდი რუსეთის“ წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე რუსეთის „ეროვნული იდეის“ ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. ქვეყნის ხელისუფლების, სასულიერო წრეებისა თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თანხმდება, რომ აღნიშნული იდეა უნდა ეფუძნბოდეს კონსერვატიზმს და ეწინააღმდეგებოდეს დასავლურ ლიბერალურ ღირებულებით სისტემას. გარდა ამისა, უცილებელია, მას უნდა ჰქონდეს საყოველთაო, უნივერსალური ხასიათი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება რუსეთის და მის „ახლო საზღვარგარეთის“ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად და კონფესიურად ჭრელი მოსახლეობისთვის.

ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება რუსეთის, როგორც ძალის ცენტრის როლზე, რომელმაც უნდა დაიცვას ტრადიციული ღირებულებები და როგორც სახელმწიფო-ცივილიზაციამ უზრუნველყოს პოსტ-საბჭოთა სივრცის, „რუსული სამყაროს“ კონსოლიდაცია, იქცეს ფორმირებადი მულტიპოლრული სამყაროს ერთ-ერთ პოლუსად არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური, არამედ კულტურულ-ცივილიზაციური თვალსაზრისითაც.

 

 სტატია პირველად გამოქვეყნებული იყო კავკასიური
სახლის ანალიტიკურ პორტალზე - რეგიონული დიალოგი

 

 

 

Путин В.В. Россия на рубеже тысячелетий // Независимая газета. 1999. 30 декабря. С. 4.

В.Путин: Я прагматик с консервативным уклоном; 04.09.2013; rbc.ru;

http://www.rbc.ru/rbcfreenews/20130904114725.shtml

Выступление Владимира Путина на заседании клуба “Валдай”; 19.09.2013;  rg.ru;

https://rg.ru/2013/09/19/stenogramma-site.html

Выступление Святейшего Патриарха Кирилла на открытии XVII Всемирного русского народного собора; 31.10.2013; patriarchia.ru;

http://www.patriarchia.ru/db/text/3334783

Выступление Владимира Путина на заседании клуба “Валдай”; 19.09.2013;  rg.ru;

https://rg.ru/2013/09/19/stenogramma-site.html

„Национальная идея найдена“; 31.07.2014; Владимир Лепехин;Ria.ru;

https://ria.ru/zinoviev_club/20140731/1018124260.html

„Русский мир и транснациональное русское“; Пётр Щедровицкий; 2000 წ.

http://www.archipelag.ru/ru_mir/history/history99-00/shedrovicky-transnatio/

информационный портал фонда русский мир;

http://russkiymir.ru/fund/

Во Львове на русском языке разрешат разговаривать только после 22:00; segodnya.ua; 09.07.2012;

http://www.segodnya.ua/regions/lvov/vo-lvove-khotjat-zapretit-rucckij-jazyk.html