error
გეოპოლიტიკის დაბრუნება და საქართველო (უახლოესი პერსპექტივა) ბეჭდვა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 11:55

გეოპოლიტიკის დაბრუნება და საქართველო

სტრატეგიულ მარტოობაში

მეოცე საუკუნის დასასრულს განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა საუბრებმა გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკური მსჯელობისა თუ ისტორიის „დასასრულზე“. აშშ დომინირებამ საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალიზაციის მზარდმა პროცესებმა  გარკვეულ წილად „კანტისეული მშვიდობის“ დამყარების ილუზია შექმნა. გეოპოლიტიკა თავისი კლასიკური გაგებით, როგორც სწავლება სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდებოდა. საერთაშორისო ურთიერთობებში დადგა გარკვეული "ხავერდოვანი ილუზიის" დრო.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები ამ ილუზიის მსხვრევის სიგნალი გახდა. მსოფლიოში შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ორ ძირითად დასკვნამდე მივყავართ, რომ როგორც ბუნება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები ვერ იტანს ძალის სიცარიელეს. იგი აუცილებლად ავსებს მას და არ არსებობს გარანტია, რომ ეს ძალა თავისი არსით პოზიტიური იქნება, ამიტომ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული აზროვნება კვლავინდებურად აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და დასაცავად.

თავისებურად აისახებოდა ეს ცვლილებები საქართველოს გეოპოლიტიკურ გარემოზეც.  2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ პერიოდში საქართველოსთვის ბოლო წლების განმავლობაში ორი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური-ტექტონიკური მოვლენა მოხდა. პირველი- სამოქალაქო ომი სირიაში და მის მიერ გამოწვეული რყევები. მეორე კი ყირიმისა და უკრაინის მოვლენები. ვფიქრობ არსებული გეოპოლიტიკური გარემო სწორედ ამ ორი მოვლენის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის  ძირითად საგარეო პოლიტიკური  მიზნები, რომელის საქართველოს დღეს გააჩნია.

საქართველოს გაცხადებული აქვს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. არსებობს ალიანსის დაპირებაც საქართველოს აუცილებლად გაწევრიანების შესახებ, თუმცა რეალურად  საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღი ძალზედ ბუნდოვანია. ცხადია, რომ მომავალ სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს. მიზეზები კი პირველ რიგში რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური ხასიათისაა. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ ნათლად აჩვენა, რომ ნატოს აღმოსავლეთ გაფართოება რუსეთის მხრიდან აღქმულია, როგორც მტრული ნაბიჯი. რუსეთის უახლოეს სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორებიც არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სამხედრო დოქტრინა და საზღვაო დოქტრინა ნატოს გაფართოება დასახელებულია როგორც ნომერ პირველი საფრთხე რომელზედაც რუსეთი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ვფიქრობ ეს მკაფიო სიგნალია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ახალ კრიზის გამოიწვევს რუსეთისა და ნატოს ურთიერთობაში, შესაბამისად ალიანსის უმთავრესი ქვეყნები დღეს-დღეობით მხარს არ უჭერენ საქართველოს გაწევრიანებას. სიტუაცია სავარაუდოდ უახლოეს პერსპექტივაში უცვლელი დარჩება. ამ მიმართულებით რუსეთს საკმარისი ბერკეტები გააჩნია საქართველოზე ზემოქმედებისათვის. პირველ რიგში ეს არის სამხედრო ბაზები რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და თვითმარქვია რესპუბლიკებთან რუსების მიერ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებები, რომლებიც თავისუფლად მოქმედების ფსევდო ლეგიტიმურ საშუალებას აძლევს კრემლს. გარდა ამისა, სხვადასხვა სახის საინფორმაციო ზემოქმედების საშუალებები ქვეყნის შიგნით.

 ამიტომ საქართველოს რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დღეს არ შეუძლია ალიანსში გასაწევრიანებლად რუსეთის მხრიდან პოტენციურად მაღალი რისკის მქონე საპასუხო რეაქციების გამო. სწორედ ეს ფაქტორი მოქმედებს ალიანსზე როგორც შემაკავებელი ფაქტორი. თუმცა ამ ეტაპზე ალიანსში ინტეგრაციისკენ სვლა გამოყენებული უნდა იქნას  როგორც ქვეყნის რეფორმირების ინსტრუმენტი.

 რაც შეეხება გეოპოლიტიკურ გარემოს, რუსეთ უკრაინის კრიზისი და სიტუაცია დონბასში სავარაუდოდ გაყინული კონფლიქტის სახეს შეიძენს. ხოლო ყირიმი აუცილებლად დარჩება რუსეთის შემადგენლობაში და ახალ განსაკუთრებით სამხედრო  მნიშვნელობას შეიძენს იქ განთავსებული ფლოტისა და სტრატეგიული შეიარაღების გამო.

 რუსეთის პოლიტიკა სირიაში ირიბად სწორედ ამ პროცესზეც მოქმედებს. მისმა სამხედრო ყოფნამ სირიაში შექმნა რუსეთის საჭიროების სავაჭრო ფაქტორი, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს- ეს არის სანქციები უკრაინის კონფლიქტის გამო და შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად. სირიის კონფლიქტში „დადებითი როლის“ თამაშით რუსეთი შეეცდება უკრაინის გამო დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. ამ ჭრილში ჯარების გამოყვანასთან ერთად ვფიქრობ ასევე საპასუხო ნაბიჯი ინება, თუ კი პუტინი გაათავისუფლებს ნადეჟდა სავჩენკოს, რამაც შესაძლოა სანქციების შემსუბუქებაზე სწორედაც რომ იქონიოს გავლენა.

 ასევე შესაძლოა სირიაში ასადის რეჟიმის შენარჩუნება მეორეხარისხოვანი ამოცანაც კი გახდეს. რუსეთმა მოახერხა საკმარისად რეჟიმის პოზიციების გამყარება და  საკუთარი მნიშვნელობის წარმოჩენა. რუსეთი აუცილებლად შეეცდება სირიის მომავალში თავისი როლი ითამაშოს, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინტერესების კუთხით.

 თუ გავაანალიზებთ რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებს, საერთაშორისო პრესტიჟზე ზრუნვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისათვის. აქვე უნდა ითქვას, რომ გარემო ამ დოკუმენტების მიხედვით რუსეთის თვალთახედვიდან მტრულად განწყობილია და იგი პრო-აქტიური იქნება თავისი ინტერესების დასაცავად ამ გარემოში. ზოგადად დაძაბულობის კერების შენარჩუნება რუსეთისათვის მნიშვნელოვან რეგიონებში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გატარების ბერკეტი იქნება ახლო პერსპექტივაში. ამდაგვარი პრო აქტიურობა ხშირად შეიძლება  რუსეთის სიძლიერის ანდა მნიშვნელობის ყალბ ილუზიურულობას ქმნიდეს, თუმცა მუშაობს როგორც საკუთარი მნიშვნელობის წარმოჩენის საშუალება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც უმთავრესი მოთამაშეები პასიურობენ.

ამ პრიზმაში უნდა დავინახოთ ბოლო მოვლენებიც. ჩანს რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს სირიასთან დაკავშირებით და ნებისმიერ მეორეხარისხოვანი საკითხების გამო (მაგ. საქართველოს გაწევრიანება ალიანსში) მიზერულია შანსი, რაიმე ახალი დაპირისპირების მიზეზი წარმოშვან ამ მოთამაშეებმა ერთმანეთთან ურთიერთობაში.

ამ ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება ახალი პრეზიდენტის არჩევნები აშშ-ში. არსებულ რეალურ კანდიდატებს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამიტომ ძნელი სათქმელია როგორი ეფექტი ექნება კავკასიაზე ახალი ადმინისტრაციის მოსვლას თეთრ სახლში.

 რაც შეეხება ჩვენს მეზობელ თურქეთს. როგორც ჩანს თურქეთი საკამოდ დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება უახლოესი პერიოდის განმავლობაში და  თავისი კონკრეტულ მიზნების განხორციელებაზე იმუშავებს, ზოგიერთ შემთხვევაში მოკავშირეებთან ერთად. რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბულობა აისახება ასევე ჩვენს რეგიონზეც, პირველ რიგში ეკონომიკური ფაქტორებით. ამ ორ ქვეყანას შორის რაიმე სახის სამხედრო ესკალაციის შანსი მიზერულია  და დაპირისპირება მხოლოდ დიპლომატიურ და ეკონომიკურ სივრცეში დარჩება.

 საქართველო თურქეთის ურთიერთობებში რაიმე ცვლილებები ნაკლებ სავარაუდოა. ჯერ-ჯერობით საერთო ინტერესები გაცილებით მეტია. ამ ჭრილში უნდა დავინახოთ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებიც და რეგიონში არსებული და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების გავლენები არსებულ სიტუაციაზე.

 უცვლელი იქნება ასევე ქართულ-სომხური ურთიერთობებიც. კავკასიაში არსებულ სტატუს-კვო და ჩვენი გეოსტრატეგიული მდგომარეობა ამის საწინდარია. აზერბაიჯანში არსებული ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ გაამყარებს ამ სტაგნაციას ყარაბაღის პრობლემის გარშემო.

 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ირანის თანდათანობითი დაბრუნება იქნება რეგიონში. ვფიქრობ საწყის ეტაპებზე ეს ეკონომიკური აქტიურობა იქნება. სანქციების მოხსნა, ნავთობ მოპოვების ზრდა და ექსპორტი ამის საწინდარი ფაქტორებია. იგივე ითქმის საქართველოსთან მიმართებაშიც. ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

ქართულ ევროპული ურთიერთობა პროდუქტიულად გაგრძელდება კონკრეტული დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების გატარების კუთხით. ევროპა ამ მხრივ კვლავინდებურად უმთავრესი პარტნიორი იქნება. სავიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ ხელს შეუწყობს კავშირების განმტკიცებას და განვითარებას. თუმცა განსაკუთრებული გარღვევები ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნაკლებ სავარაუდოა. პირველ რიგში ევროპაში მის მომავალთან დაკავშირებული  არ არსებული პოლიტიკური კონსესუსის და ემიგრაციული კრიზისის გამო. ბრიტანეთის შესაძლო გამოსვლამ ევროკავშირიდან შეიძლება არა სასურველი პრეცენდენტი შექმნას, ბუნდოვანი პოტენციური შედეგებით. ასევე გასათვალისწინებელია, ამ მხრივ რუსეთის ძალისხმევა სხვადასხვა ხერხით დეზორიენტაცია შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მის სამომავლო განვითარებასთან და ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

 ჩინეთის როლი საქართველოში კვლავინდებურად ზომიერი, მაგრამ მზარდი იქნება, განსაკურებით ეკონომიკური კუთხით. ამ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენას მოახდენს ავღანეთის მომავალი და ზოგადად სიტუაცია ირან-პაკისტან-ჩინეთის სამეზობლო ზოლში.

ახლო აღმოსავლეთი კვლავინდებურად დაძაბულობის უმთავრესი კერა იქნება. ისლამური სახელმწიფოს საბოლოოდ დამარცხება მიმდიანრე წელს ნაკლებ სავარაუდოა.მოსალოდნელია, რომ ძირითადი მოვლენები კვლავაც სირიის ირგვლივ განვითარდება.

ზოგადად, საქართველოს გარემოცვაში არ არსებობს დღეს ერთი მოთამაშე რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძალებით შეუძლია რაიმე სახის ჰეგემონიის მიღწევა, ანდა სიტუაციის რადიკალური შეცვლა, ამიტომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურად მწვავე დარჩება საფრთხეების და რისკების ცვალებადი სპექტრით. თუმცა, რუსეთის პოზიციები ამ თვალსაზრით კავკასიაში მაინც საუკეთესოა.

აღსანიშნავია, ასევე ქვეყნის შიდა მდგომარეობაც. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური არასტაბილურობა, ტერორიზმისა თუ რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხეები და საინფორმაციო შეტევები უმნიშვნელოვანესი გამოწვევი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის უახლოეს პერიოდში.

 ყოველივედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო  სტრატეგიულ მარტოობაში იმყოფება, მან რეალურად მარტომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. ქვეყანას ყავს ბევრი პარტნიორი, მაგრამ არცერთი სტრატეგიული მოკავშირე. ამიტომ აუცილებელია გადაიხედოს ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკისა და უსაფრთხოების ალგორითმი მთლიანად. რეალურად საქართველომ უნდა ეძიოს ახალი ფუნქცია და ნარატივი რომელიც მან როგორც სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებას, ასევე გარე სამყაროს, ხოლო მისი ამჟამინდელი საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად უკეთეს გეოპოლიტიკურ ფანჯარას დაელოდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საუბრები ქვეყნის განვითარების რაიმე სახის რაციონალურ სტრატეგიის შემუშავება-იმპლემენტაციაზე კრახისათვის იქნება განწირული. ამ პროცესების წარმატებისათვის გეოსტრატეგიული აზროვნების ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნება აუცილებელი წინაპირობა იქნება.

 

 

გიორგი ანთაძე

/03.2016