error
საბჭოთა კავშირის „დიდი ომის გეგმა“ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ბეჭდვა
შაბათი, 12 ნოემბერი 2011 10:22

საბჭოთა კავშირის „დიდი ომის გეგმა“ გეოპოლიტიკურ კონტექსტში

(მზადება, გეგმა, კოლაფსი)

 

Когда погребают эпоху,
Надгробный псалом не звучит,
Крапиве, чертополоху
Украсить ее предстоит...
А после она выплывает,
Как труп на весенней реке —
Но матери сын не узнает,
И внук отвернется в тоске...

Анна Ахматова «В сороковом году»

 

   ქვემოთ მოყვანილ სტატიაში შევეცდებით ზოგადად მიმოვიხილოთ ის რეალური მოტივები და გეოპოლიტიკური ასპექტები რომელიც საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო  და ე.წ. დიდ სამამულო ომებში მონაწილეობის საწყის პერიოდებს შეეხება.

   შევეცდებით გავაქარწყლოთ რამდენიმე არასწორი წარმოდგენა საბჭოთა კავშირის „უმანკოების შესახებ“ მიმდინარე მოვლენებში. ამის გარდა თქვენს ყურადღებას შევაჩერებ იმ ძირითად მიზეზებზე, რამაც ომის პირველ ეტაპზე საბჭოთა არმიის ფაქტობრივი კოლაფსი გამოიწვია.

   საბჭოთა კავშირის და რუსეთის  მეორე მსოფლიო და სამამულო ომების პერიოდის ისტორია დღემდე გადახედვის სტადიაში იმყოფება. ომის შემდგომი პერიოდის ისტორია ძირითადად ემყარებოდა საბჭოთა პროპაგანდისტულ ვერსიას და იმას რაც საყოველთაოდ ცნობილი იყო საბჭოთა რკინის ფარდის მიღმა. საბოლოოდ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ახალი ხედვებისა და მტკიცებულებების გაჩენა იმ მოვლენების შესახებ რომელთაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რუსეთში ქონდათ ადგილი.

   პირველი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლდათ ცენზურის ღრმა საფარველის გაქრობა რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას ახლდა თან. განსაკუთრებით ეს 1991 წლიდან მოყოლებული პუტინის მართველობის გამყარებამდე პერიოდს ეხება, როდესაც გარკვეული არქივები ისევ დაიხურა ფართო საზოგადოებისათვის. ეს ე.წ. გახსნილობის პერიოდი კარგათ იყო გამოყენებული ისტორიკოსების გარკვეული ჯგუფების მიერ, რომელთაც გზა გაეხსნათ აქამდე მათვის მიუწვდომელ, სხვადასხვა არქივებში დაცულ დოკუმენტებზე.
    მეორე ფაქტორი სწორედ ამ ახალი თაობის მკვლევართა გამოჩენა გახდა, როგორებიც იყვნენ მაგალითად ვიქტორ სუვოროვი, მარკ სოლონინი და სხვები. საკმაოდ დიდი და შრომატევადი სამუშაო იქნა ჩატარებული იმ უამრავი მასალის შესასწავლად რომელიც საცავებში ინახებოდა. სწორედ ამ პიროვნებებმა პირველად გამოიყენეს ანალიტიკური მეთოდოლოგიები და მიდგომა აღნიშნული  პერიოდის მასალებსა და დოკუმენტაციებზე მუშაობისას.

    მე-20 საუკუნის 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დასავლური ისტორიოგრაფიის „mainstream”-იც სულ უფრო ახლოს ღებულობს იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებს რომელთაც ახალი თაობის რუსი ისტორიკოსები გვთავაზობენ. ამ პერიოდიდან სულ უფრო ნათელი ხდება, რომ მეორე მსოფლიო ომის ისტორია, რომელსაც წლების განმავლობაში ასწავლიდნენ და „იცოდნენ“, ფაქტობრივად თავიდან დასაწერია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა აღნიშნული მოვლენებიდან, ომში მონაწილე ქვეყნები განაგრძობენ მთელი რიგი დოკუმენტაციის საზოგადოებისთვის დაფარვას. ასე, მაგალითად რუდოლფ ჰესის ბრიტანეთში გადაფრენასთან დაკავშირებულ მასალებს ბრიტანეთის ხელისუფლება მხოლოდ 2017 წელს ახდის  გრიფით „საიდუმლო“-ს ფარდას.სტატია მიზნად არ ისახავს ღრმა ანალიტიკური ანალიზი მოახდინოს იმ მოვლენებისა რომელიც იმ პერიოდში ხდებოდა და აქამდე საბჭოთა კავშირის პროპაგანდის მიერ დამახინჯებულად ისწავლებოდა. შევეცდებით გადავხედოთ რუსეთის/საბჭოთა კავშირის როლს ამ ომში და იმ ძირითად ფაქტებსა და ასპექტებს რომლებიც მას ეხება.

ძველი პერიოდის საბჭოთა ისტორიოგრაფია დიდი სამამულო ომის შესახებ შეიძლება შეჯამდეს შემდეგ მოსაზრებებამდე:

  • 1939 წლის აგვისტოში სტალინის კომუნისტური რუსეთი ხელს აწერს თავდაუსხმელობის პაქტს ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან, რუსეთის გერმანული აგრესიისგან თავის დასაცავად.
  • ორი დიქტატორული რეჟიმები შუაზე იყოფს პოლონეთს.
  • მაშინ როცა ჰიტლერი დასავლეთ ევროპის უდიდეს ნაწილს იპყრობს, სტალინი ბალტიისპირეთის ქვეყნების, ხოლო რუმინეთისა და ფინეთის ნაწილების ანექსიას ახდენს.
  • იმისთვის რომ მთელი ეს პერიოდი ჰიტლერი „მშვიდად ყოფილიყო“  საბჭოთა

კავშირი გამუდმებით აწვდის მას დიდი რაოდენობით ომისთვის საჭირო სხვადასხვა სახეობის რესურსებსა და პროდუქციას. ამის გარდა ვერსალის ზავის პირობების გამო, გერმანელი ოფიცრები მომზადებას რუსეთში გადიან.

  • 1941 წლის ივნისში გერმანია მოულოდნელი და მუხანათური დარტყმით საბჭოთა კავშირში იჭრება!
  • იმ პერიოდისთვის ყველაზე ეფექტური და ძლევამოსილი სამხედრო მანქანა, რომელიც კარგადაა აღჭურვილი და მამაცი ჯარისკაცებითაა დაკომპლექტებული, საზღვრებთან  კონცენტრირებულ გიგანტურ საბჭოთა არმიას მოულოდნელობისა და „ბლიცკრიგის“ ტაქტიკის გამოყენების ხარჯზე ამარცხებს გმირულად მებრძოლ საბჭოთა ჯარებს და აიძულებს მილიონობით ალყაში მყოფ ჯარისკაცს დანებდეს.
  • ჰიტლერის სამხედრო მანქანა, გადაღლილი და რუსული ზამთრისთვის მოუმზადებელი, ბოლო-ბოლო შეჩერებულ იქნა მოსკოვთან რამდენიმე კილომეტრში.
  • რუსეთი გადარჩა. აღიდგინა უდიდესი დანაკლისი, გაძლიერდა თავდაუზოგავ ბრძოლებში და საბოლოოდ შეძლო უკუეგდო გერმანია უკან ბერლინამდე, რის შემდეგადაც მოგვევლინა როგორც ზესახელმწიფო.

 უმეტესობა ამ მოსაზრებებისა თავისთავად სწორია, თუმცა არის ორი მთავარი პრობლემა რომელთაც ისტორიკოსების ყურადღება მიიქცია და რომელთაც მე ქვემოთ განვიხილავ.

  1. ჩანს თითქოს გერმანელთა შეჭრამდე 1941 წლის ივნისში, რუსეთის სამხედროები და უმაღლესი მთავარსარდლობა აბსოლუტურად ირაციონალური იყო და თითქმის ყველა შესაძლო შეცდომა დაუშვა. არამარტო იმაში თუ სად და როგორ იყო დისლოცირებული საბჭოთა ჯარები, არამედ სამხედრო დაგეგმარებაში, სამხედრო შესყიდვებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ყოველივე, შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად ცუდია იმისათვის რომ სიმართლე იყოს და საჭიროებს დამატებით ახსნა განმარტებას.
  2. თითქოს იკვეთება, რომ მას შემდეგ რაც ბრძოლები დაიწყო, გერმანელი ჯარისკაცების ხარისხი და რაოდენობა იმდენად აღემატებოდა საბჭოთა ჯარისკაცებისას, რომ გამოიწვია გასაოცარი, ტოტალური და უსწრაფესი გამარჯვებები, რომელთაც დაჩრდილეს მათი წინამორბედი გამარჯვებები დასავლეთ ფრონტზე. ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ დასახელებული მიზეზები საეჭვო ჩანს და მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს.

 ინფორმაცია და დეტალები მოცულობაში იმდენად დიდია თითოეული ზემოდ დასმული პრობლემატური საკითხის გარშემო, რომ ერთი სტატიის ჩარჩოებში მათი სრულად განხილვა წარმოუდგენელია, ამიტომ მხოლოდ ზედაპირულად შევეხებით და ჩამოვაყალიბებთ თეზისებს დასმული საკითხების ირგვლივ.

 

ისტორიიდან

 

   თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სტალინს შეეძლო შეეჩერებინა გერმანიის ექსპანსია აღმოსავლეთით იმ ქვეყნებში რომელთა ანექსიას შეეძლო მსოფლიო ახალ საომარ კონფლიქტში ჩაეთრია. მას ეს კარგად ესმოდა და ამბობდა კიდევაც დაახლოებულ პირებთან პირად საუბრებში.

  ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში ომის პრევენციის მაგივრად სტალინი საპირისპიროს აკეთებს. იგი თავდაუსხმელობის პაქტს აფორმებს ჰიტლერთან და პაქტის საიდუმლო ნაწილის მიხედვით ხდება აღმოსავლეთ ევროპის სუვერენული ქვეყნების გადანაწილება ამ ორ სახელმწიფოს შორის. რა თქმა უნდა ამ ქმედებების უკან სუფთა გეოპოლიტიკური ინტერესები იდგა. სტალინს კარგად ესმოდა, რომ პოლონეთის ანექსია გერმანიის მხრიდან გამოიწვევდა ახალ, დიდ ომს ევროპის კონტინენტზე, რაც საბოლოო ჯამში ასეც მოხდა.

   გერმანიის მხრიდან ბრიტანეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ომის დაწყებამ, სტალინს საშუალება მისცა მოქმედების მეორე ფაზაზე გადასულიყო. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო მუხლების შესაბამისად აფართოებს თავის საზღვრებს დასავლეთით, რის შემდეგაც საერთო დიდი საზღვარი უჩნდება გერმანიასთან. ამავე პერიოდში, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა ღონეს არ იშურებს ქვეყნის სამხედრო ძალებისა და წარმოების ზრდისა და გაძლიერებისათვის.

საბჭოთა კავშირი იწყებს მზადებას დიდი სამხედრო კამპანიის ჩასატარებლად დასავლეთ მიმართულებაზე.

   არქივებში ინახება ის სამხედრო რუქები გენერალური შტაბის მეთაურისა და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნების ხელმოწერით, რომელზედაც ოპერაციის თარიღი 1941 წლის აგვისტოა. ის რომ ოპერაციისთვის მზადება მიმდინარეობდა და გეგმა არაერთგზის განიხილებოდა უკვე ეჭვს აღარ იწვევს.

ზემოაღნიშნული კამპანიის მიზნები შემდგომში მდგომარეობდა.

  1. გერმანიის მოწყვეტა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რუმინეთის პლიესტის ნავთობსაბადოებიდან, (რომელიც უკვე საბჭოთა კავშირის საზღვრიდან 193 კმ-ის მოშორებით იყო) რომ მომხდარიყო გერმანული მექანიზირებული ჯარების გაჩერება. რაც მოხდა კიდევაც 1944 წლის მეორე ნახევარში (რამდენიმე სხვა მიზეზეზის გამოც);
  2. გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხება მთლიან ფრონტზე, რომელიც ფინეთიდან იწყებოდა  და შავ ზღვასთან მთავრდებოდა. შეიძლება ითქვას რომ სარკისებური ანარეკლი იმ შეტევისა, რომელიც მოგვიანებით გერმანიამ განახორციელა.
  3. კომუნისტური „განმანთავისუფლებელი“ მოძრაობის დაწყება მთელი ევროპის მასშტაბით და რა შეიძლება მეტი ევროპული ქვეყნების „გაწითლება“.

   ექსპანსიონისტური იდეოლოგია, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე იკითხება. ჰიტლერის ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგია 1920-იანი წლებიდან ოფიციალურად აცხადებდა, გერმანული რასის უპირატესობას და გერმანიის ლეგიტიმურ უფლებას ყოფილიყო გლობალური დომინანტი ევროპის კონტინენტზე, მოეპოვებინა უკეთესი ადგილი მზის ქვეშ რომელსაც გერმანია, ჰიტლერის აზრით, იმსახურებდა. საბჭოთა კავშირსაც ანალოგიური ექსპანსიური მიზნები ამოძრავებდა, მისი მიზანი კომუნისტური მართველობის დამყარება იყო ევროპის რაც შეიძლება დიდ ნაწილზე. როგორც ვიცით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიეცა ამის შანსი საბჭოთა კავშირს, რაც მან წარმატებით განახორციელა.

   როგორც ჩანს, გერმანიამ რამდენიმე კვირით ადრე დაასწრო შეტევა. იგივე სუვოროვის მიხედვით, ეს საბჭოთა ოპერაცია 1941 წლის 6 ივლის უნდა დაწყებულიყო. საბოლოო ჯამში, გერმანელთა შეტევის შედეგად, სსრკ იძულებული გახდა გვერდზე გადაედო თავისი ოპერატიული გეგმები. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს კვლავ შეიქმნა ხელსაყრელი სიტუაცია კომუნისტური ზეგავლენის გასავრცელებლად და საბოლოოდ თითქმის ყველა ის ადგილი სადაც წითელი არმია შევიდა დიდი ხნით დარჩა კომუნისტური რეჟიმის ქვეშ, რაც კიდევ ერთი არგუმენტია ზემოთმოყვანილი მოსაზრებების გასამყარებლად.

   საინტერესოა გავიხსენოთ სტატია ჟურნალ „ბოლშევიკში“ 1939 წლის მე-4 ნომერი. ამონარიდი სტატიიდან: „ამ ახალი ომის დასასრული იქნება იმ სამყაროს როგორიც ჩვენ დღეს ვიცით, დასასრული და სრული განადგურება საბჭოთა კავშირისა და რევოლუციური დემოკრატიის უძლეველი ტალღის მიერ, რომელიც საბჭოთა კავშირის  დასახმარებლად აღმოცენდება. საბოლოოდ, ნაცარტუტად იქცევა კაპიტალისტური სისტემების ნარჩენები“. ამდაგვარ "ახალ ომზე" ოცნება კინომატოგრაფიაშიც ასახა საბჭოთა პროპაგანდამ.

    

(კადრი 1937 წელს გადაღებული ფილმიდან "დიდი მოქალაქე". მთავარი გმირი სერგეი კიროვის პროტოტიპია. ეს კადრები დიდი ხნით იმალებოდა ცენზურის მიერ და წარმოადგენს ამონარიდს ფილმის სრული ვერსიიდან სადაც საუბარია დიდ საბჭოთა ომზე)

   ოფიციალურად, გერმანიის დამარცხებისა და ევროპის კომუნისტური მართველობის ქვეშ მოქცევის სტალინისეული გეგმა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ საიდუმლოებად რჩება. თანამედროვე რუსეთი როგორც ჩანს არასდროს აღიარებს ამ გეგმების არსებობას.

თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდებში მოპოვებული ინფორმაცია სრულიად საპირისპიროს მიუთითებს.

ქვემოთ უფრო დაწვრილებით.

 

ციფრები და ფაქტები  განსჯისათვის

 

   კარგად არის ცნობილი თუ როგორ ემზადებოდნენ 2 წელი დასავლელი მოკავშირეები ნორმანდიაში სადესანტო ოპერაციის ჩასატარებლად. როგორ ითვალისწინებდნენ მომავალი სამხედრო კამპანიის ყველა შესაძლო ასპექტს. ავარჯიშებდნენ უზარმაზარ ძალებს, ზოგიერთებს სპეციფიკური როლისთვის, იგონებდნენ ახალი დანიშნულების სამხედრო იარაღსა და ეკიპირებას. ჩატარებულ იქნა მთელი რიგი მცირე ოპერაციებისა, რომლებიც საშუალებას იძლეოდა ენახათ მოკავშირეებს, თუ რა იყო არასწორად და რის გამოსწორების საშუალება არსებობდა.

   სტალინის მართველობის პირობებში, საბჭოთა სამხედრო, ინდუსტრიული, საშინაო და დიპლომატიური მზადება  ომისათვის კიდევ უფრო მაღალი მაგნიტუდის იყო, ვიდრე მოკავშირეებისა D-დღისთვის.

 

  • იმისა და მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირი და გერმანიაც ერთმანეთის ისტორიული მოწინააღმდეგეები იყვნენ, მათ შორის პირველ მსოფლიო ომში, კომუნისტურმა რუსეთმა ჯერ კიდევ ჰიტლერის მმართველობაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე 1922 წელს გააფორმა  საიდუმლო ხელშეკრულება გერმანიასთან. ხელშეკრულების მიხედვით რუსეთი უზრუნველყოფდა მოსამზადებელი ბანაკებითა და სხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტებით გერმანელ სამხედროებს, რადგან მათ ვერსალის ზავის პირობების გვერდის ავლით, საშუალება ქონოდათ განეგრძოთ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების ათვისება და განვითარება. რუსეთს ეს თავის მხრივ საშუალებას მისცემდა პირდაპირი წვდომა ჰქონოდა უახლეს სამხედრო ტექნიკასთან თუ თანამედროვე სამხედრო აზროვნების უახლოეს ნიმუშებთან. ამ ხელშეკრულების შედეგად რუსეთს საშუალება ეძლეოდა განევითარებინა თავისი სამხედრო ტექნოლოგიები და დოქტრინა, ხოლო გერმანიას საშუალება მიეცა შეენარჩუნებინა და აღედგინა სამხედრო ძლიერება.
  • 1931 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად (გავიხსენოთ თუნდაც 1931-32 წლების შიმშილობა), ქვეყნის ხელმძღვანელობა ძალღონეს არ იშურებს სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის ზრდისათვის, ისე როგორც ეს ზესახელმწიფოს შეეფერება. საზოგადოებრივი სპორტის საფარველ ქვეშ იწყება მილიონობით ადამიანის მომზადება სახელმწიფოს ხარჯზე, ისეთ „სპორტულ დისციპლინებში“ როგორებიცაა პარაშუტით ხტომა, პლანერობა, მიზანში სროლა და სხვა. დასაწყისისათვის ეს სპორტული კლუბები მოხალისეებისგან შედგებოდა, თუმცა მალევე შეიცვალა სავალდებულო სისტემით. 1935 წლისათვის რუსეთს 140,000 პლანერისტი ყავდა. 1936 წლის დეკემბერში სამთავრობო ახალგაზრდული გაზეთი 150.000 ახალგაზრდას იწვევდა თვითმფრინავის პილოტის კურსებზე.  უკვე 1941 წლისათვის 121.000 გაწვრთნილი სამოქალაქო პილოტი იყო მომზადებული, თუმცა ცალკე თემაა ამ პილოტების მომზადების დონე. ცალკე იყო რა თქმა უნდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გაწვრთნილი მფრინავები. საფრენოსნო სკოლების რაოდენობა რუსეთს საჰაერო ძალებში გაიზარდა 12-მდე 1937 წელს, 18-მდე 1940 წლის იანვრისთვის, 28-მდე 1940 წლის სექტემბერში და 41-მდე 1941 წლის დასაწყისში.  1941 წელს საბჭოთა კავშირს ყავდა მილიონი გაწვრთნილი მედესანტე, რაც გიგანტური ციფრია რუსეთის ხელა ქვეყნისთვისაც კი. ბუნებრივია ამდენი მედესანტე ყველანაირი ჯანსაღი სამხედრო მოსაზრებიდან გამომდინარე არაა თავდაცვისთვის საჭირო ამ სახეობის ჯარების სპეციფიკიდან გამომდინარე. 1941 წლის ივნისისათვის, რეგულარული ჯარების რაოდენობის გაორმაგების გარდა, რუსეთს სხვადასხვა სახით და სახვადასხვა სახეობის 29 მილიონიანი რეზერვი გააჩნდა.
  • ცნობილია, რომ 1939 წლის აგვისტოში სტალინს საიდუმლო მოლაპარაკებები ქონდა არამარტო გერმანიასთან არამედ, პარალელურ რეჟიმში საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთთან. ერთის მხრივ ჰიტლერი ეუბნებოდა სტალინს (რა თქმა უნდა ი.ფ. რიბენტროპის პირით), რომ აპირებდა პოლონეთში შეჭრას და აინტერესებდა რა პოზიციას დაიჭერდა საბჭოთა კავშირი. მეორეს მხრივ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არწმუნებდა საბჭოთა მხარეს, რომ თუ კი ჰიტლერი შეიჭრებოდა პოლონეთში, ისინი ომს გამოუცხადებდნენ გერმანიას. იცოდა რა ორივე მხარის პოზიცია, სტალინი დათანხმდა ჰიტლერის შემოთავაზებას თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმების თაობაზე. ეს ადვილი ასახსნელიცაა, გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან მოვლენათა ასეთი განვითარება საბჭოთა კავშირისა და სტალინის ინტერესებში შედიოდა. ცნობილია, ასევე, რომ სავარაუდოდ წინა ომების ხასიათიდან გამომდინარე, სტალინს იმედი ქონდა , რომ ეს  ომი დასავლეთში მინიმუმ 2-3 წელი მაინც გაგრძელდებოდა და მნიშვნელოვნად დაასუსტებდა მოწინააღმდეგე მხარეებს. ასევე ცნობილია, რომ ბრიტანული და ფრანგული „სუსტი“ შემოთავაზებების პირობებში სტალინს მყარი მიზეზები გააჩნდა დათანხმებოდა გერმანულ შემოთავაზებას.  დასავლურ ფრონტზე ომით დასუსტებული მხარეები სერიოზულ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდნენ საბჭოთა კავშირს, რომელიც თავის შეტევის შედეგად დაიმორჩილებდა მთელს კონტინენტურ ევროპას. (როგორც ვიცით ეს საბჭოთა „ბლიცკრიგის“ გეგმა მის დაშლამდე ოფიციალურად არსებობდა საბჭოთა სამხედრო დოქტრინაში, რომელიც ლამანშამდე მისვლას გულისხმობდა).ეს იყო წმინდა წყლის გეოპოლიტიკური გათვლა.

   სტალინმა ყველაფერი სამთავრობო შეხვედრაზე 1939 წლის 19 აგვისტოს ახსნა და განიხილა, თუ რას აპირებდა იგი ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამას რამდენიმე დღეში, იმავე წლის 23 აგვისტოს გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმება მოყვა, ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ამ პაქტის საიდუმლო ნაწილით გათვალისწინებული პუნქტების მიხედვით საბჭოთა კავშირს საშუალება მიეცა შემოერთებინა მის საზღვრებში აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.

  • 1939 წლის აგვისტოსა და 1941 წლის ივნის შორის, როდესაც გერმანია ომს აწარმოებდა დასავლეთ ფრონტზე, საბჭოთა კავშირის რეგულარული არმიის რიცხვი 2 000 000 ჯარისკაციდან 5 000 000-მდე იზრდება. მილიონობით ადამიანი გადის მომზადებას და ირიცხება რეზერვში. ამავე პერიოდში, რუსეთის არმია დისლოცირებას იწყებს საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრებთან ისეთი დიდი რაოდენობით, რომ წარმოუდგენლად რთულდება გერმანიის დაზვერვისთვის მათი თითოეული გადაადგილებაზე თვალის დევნება.(იხილეთ ბმული  Полный состав Красной Армии ) ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გერმანელები აშკარად შეცდნენ საბჭოთა არმიის რიცხოვნების დადგენისას დიდი სამამულო ომის დაწყების წინ.
  • რუსეთის სამხედრო ინდუსტრია, რომელიც ისედაც უდიდესი მასშტაბების იყო, 1939 წლის იანვრიდან ომის პერიოდის რეჟიმზე გადავიდა. აწარმოებდა ტანკების, ავიაციისა და სხვა სამხედრო ტექნიკის დიდ რაოდენობას. განსაკუთრებით კი ამუნიციას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სამხედრო მრეწველობის მინისტრი, ცალკე მინისტრი კურირებდა სამხედრო დანიშნულების ამუნიციის წარმოებას. 1940 წლის ივნისში მთლიანად ქვეყანა გადაერთო 7 დღიან სამუშაო კვირაზე. გაიზარდა სამუშაო საათებიც დღეში 8-დან 10 საათამდე, ხოლო მოგვიანებით 12 საათამდე. 1941 წლის თებერვლიდან სამხედროებიც თავდაუზოგავად მუშაობენ. რუსეთის გენერალური შტაბი დღეში 15-17 საათი მუშაობდა კვირაში 7 დღის განმავლობაში.
  • 1939 წლის იანვრიდან მოყოლებული, სამხედრო წარმოება და მრეწველობა იმდენად დიდი მასშტაბების იყო, რომ მისი დიდი ხნით შენარჩუნება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ეს ყოველივე უნდა ყოფილიყო მზადება უკუთვლით ომამდე და ომისათვის. ყველაფერი ისე იყო დაგეგმილი და განხორციელებული, როგორც მაშინდელი რუსული სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა. იგი განსაზღვრავდა არამარტო ომის ტაქტიკასა და სტრატეგიას, არამედ სრულიად ნაციის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მობილიზაციასაც. ყოველივე ეს „დაძაბულობა“ უნდა განმუხტულიყო როგორც ჩანს გიგანტური შეტევით ოპერაციის შედეგად. მთლიანი დოქტრინა იყო აგრესიული შეტევითი ხასიათის. თავდაცვითი ტაქტიკა არმიაში საერთოდ არ განიხილებოდა და  აღიქმებოდა როგორც- пораженческий.
  • მილიონობით გერმანიისა და რუმინეთის რუქა იქნა დაბეჭდილი მაშინ, როცა საკუთრივ რუსეთის რუქა შეუდარებლად ცოტა იყო არმიაში.
  • ჰიტლერი ყოველთვის მოწოდებული იყო საბჭოთა კავშირის დაპყრობისა და ბოლშევიზმის აღმოფხვრისკენ. რეალობამ აიძულა ეს სამომავლოდ გადაედო. თუმცა როდესაც სტალინმა მოახდინა რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილის ანექსია და გერმანიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პლოესტის ნავთობსაბადოებიდან მხოლოდ 193 კმ აშორებდა, ჰიტლერი საბოლოოდ დარწმუნდა თუ რამდენად საფრთხის ქვეშ იყო მისი მდგომარეობა. ბრიტანეთთან გაწელილმა ომმა და შექმნილმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ აიძულა დაეჩქარებინა რუსეთის წინააღდეგ ომის პროცესი და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. ომი უნდა დაწყებულიყო 1941 წლის მაისის „პირველსავე  ნათელ დღეებში“, თუმცა ბალკანეთსა და რუმინეთში შეცვლილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა ეს თარიღი 1941 წლის ივნისამდე გადაეტანა.
  • 1941 წლის ივნისის დასაწყისში გერმანიის ინტერვენციამდე ცოტა ხნით ადრე, საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრის მთლიან მონაკვეთზე მოიხსნა სასაზღვრო ღობეები და სხვა წინააღმდეგობები. საზღვარზე მყოფი НКВД-ს ჯარები მოხსნილ იქნა საზღვრიდან სიღრმეში და ჩანაცვლებულ იქნა რეგულარული არმიის ნაწილებით.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი კონცენტრაცია ჯარების იყო პოლონეთში და რუმინეთის საზღვართან სამხრეთში სადაც განლაგებული იყო სამთო ქვეითების, მედესანტეების, საზღვაო ქვეითების, ბომბდამშენების დიდი რაოდენობა. ჯარების სახეობები და პოზიციები იდეალური იყო რუმინეთის მთიან რეგიონში და ასევე ნავთობ საბადოებზე შეტევის განხორციელებისთვის, მაგრამ უკიდურესად მოწყვლადი იყო მასზე თავდასხმის შემთხვევაში.
  • საბჭოთა არმიის უდიდესი ნაწილი, საჰაერო ძალები და ამუნიციის საცავები კონცენტრირებული იყო საზღვრის გასწვრივ. შეიარაღებისა და ჭურვების უდიდესი ნაწილი პირდაპირ ამინდის ზემოქმედებისგან დაუცველ ანგარებში და ბუნკერებში ინახებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი იქ დიდი ხნით გაჩერებას არავინ აპირებდა. სამხედრო დანიშნულების ახლად გახსნილი სამხედრო-სამრეწველო ობიექტებიც კი საზღვრის ახლოს იყვნენ განლაგებულნი, სავარაუდოდ რათა სწრაფად მომხდარიყო მიწოდება ჯარებში.

ომის გეგემა

 

   1939- 1941 წლებში არაერთი საშტაბო და საველე წვრთნები გაიმართა რომელთა დანიშნულებაც საბჭოთა კავშირის მიერ დაგეგმილი შეტევითი ოპერაციის გეგმის დახვეწა და დამუშავება იყო.

  1940 წლის ივლის-აგვისტოში წარმოდგენილ დოკუმენტში „ჯარების სტრატეგიული გაშლის შესახებ“  იგეგმებოდა გერმანული ჯარების განადგურება პრუსიაში და ვარშავის მიმართულებით. დამხმარე შეტევები უნდა განხორციელებულიყო: ლუბლინთან, ტომაშოვთან, გრუბიშევთან და სანდამირთან!

http://s1.ipicture.ru/uploads/20111112/c1TYx8jS.jpg

   1940 წლის ოქტომბერში თავდაცვის სახალხო კომიტეტის ხელმძღვანელი ტიმოშენკო და გენშტაბის უფროსი მერეცკოვი სტალინს წარუდგენენ გეგმის განახლებულ ვარიანტს, რომლის დროსაც წარმოიშვა აქტიური დისკუსია დარტყმის ძირითადი მიმართულების შესახებ. საბოლოოდ ბელორუსიიდან ვარშავაზე შეტევა, შეიცვალა უკრაინიდან სამხრეთ პოლონეთზე.

http://s1.ipicture.ru/uploads/20111112/TN650PFM.jpg

   გადაწყდა ამ შეტევისთვის სამხრეთ-დასავლეთ ფრონტი, ამ დროისთვის ჯერ კიდევ კიევის განსაკუთრებული სამხედრო ოლქი, გაძლიერებულიყო: 31%-ით დივიზიების რაოდენობა, 59% -ით ავია-პოლკები და 300% -ით სატანკო ბრიგადები.

   1941 წლის იანვარში საბჭოთა გეგმებს ამუშავებენ ორ დიდ საშტაბო თამაშებში. მონაწილეობას ღებულობს 4 მარშალი და 49 გენერალი, ფაქტიურად წითელი არმიის მთელი ხელმძღვანელობა. შეტევის გეგმა სამხრეთ პოლონეთის მიმართულებით საბოლოოდ მტკიცდება. თამაშებში საბჭოთა ჯარებს ხელმძღვანელობს გ.კ. ჟუკოვი. იგი წარმატებით ახორციელებს შეტევას, რომელის შედეგადაც 300 კმ-ის მანძილზე იჭრება სამხრეთ პოლონეთში და სლოვაკეთში მთლიანად, ასევე რუმინეთის და უნგრეთის ნაწილებში. საინტერესოა, რომ თამაშების ქრონოლოგია მოცემულია არა როგორც ოპერაციის პირველი, მეორე და ა.შ. დღეები, არამედ როგორც 1941 წლის 8-20 აგვისტო! აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის თუ როგორი წარმატებით ვითარდება საბჭოთა შეტევა თამაშებში, მიუთითებს საკუთარი ძლების აშკარა გადაფასებასა და მოწინააღმდეგის დაუფასებლობაზე.

  ამავე წლის მარტში გეგმის განხილვა კვლავ ხდება, თუმცა მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შედის! საყურადღებო მხოლოდ ისაა, რომ არქივებში დაცულ ამ რუქას რომელზედაც მიმდინარეობდა თათბირი, გააჩნია გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის ვატუტინის მიერ ხელით მინაწერი ციფრები- 12.06 რომელთა მნიშვნელობაც ბუნდოვანია.

   გეგმის ბოლო განხილვა მოხდა 1941 წლის მაისში და უმეტესწილად იმეორებდა მარტის და მეტწილად კი ოქტომბრის ვარიანტს. ჟუკოვის მოთხოვნით უნდა დაჩქარებულიყო დამატებითი სარკინიგზო ხაზების მშენებლობა ლვოვის მიმართულებით. დაწყებულიყო რეზერვის ფარული მობილიზაცია.

   ყველაზე რეალური ვარიანტი ოპერაციის დაწყებისა 6 ივლისი რჩება, თუმცა დღეს ამის დადგენა ზუსტად არსებული ცენზურის გამო ძალზედ რთულია. ცნობილია, რომ ჟუკოვი დაზვერვის მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით გერმანია ფარულად ახდენდა ძალების კონცენტრაციას საზღვრებთან, ითხოვდა სტალინისგან დაგეგმილი შეტევის ნაადრევად განხორციელებას, მოსამზადებელი სამუშაოების ბოლომდე დასრულების გარეშე, თუმცა  სტალინი არ დათანმხდა ამ მოთხოვნას. ის თუ რატომ იყო სტალინი ასე დარწმუნებული, რომ გერმანია ომს არ დაიწყებდა უკვე ცალკე საუბრის თემაა და აქ არ გავჩერდებით ამაზე.

   აქვე საინტერესოა გავიხსენოთ იოსებ სტალინის გამოსვლა 1941 წლის 5 მაისს გენშტაბის აკადემიის კურსდამთავრებულთა საპატივცემულოდ გამართულ ბანკეტზე. საუბარი მიდიოდა თავდაცვით საკითხებზე: „ნება მომეცით შევიტანო შესწორება. სამშვიდობო პოლიტიკა დღემდე უზრუნველყოფდა მშვიდობას ჩვენი ქვეყნისათვის. სამშვიდობო პოლიტიკა ეს კარგია, -განაცხადა მან- ჩვენ ასევე გარკვეული დრო ვატარებდით თავდაცვით ხაზს მანამ-სანამ არ გადავაიარაღეთ არმია, არ აღვჭურვეთ იგი ბრძოლის თანამედროვე საშუალებებით. ეხლა კი, როდესაც ჩვენ მოვახდინეთ ჯარების რეკონსტრუირება, აღვჭურვეთ თანამედროვე ტექნიკით თანამედროვე ბრძოლისათვის, როდესაც ჩვენ გავხდით უფრო ძლიერები, საჭიროა თავდაცვიდან გადავიდეთ შეტევაზე.

   ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფისათვის, ვალდებულები ვართ გადავიდეთ შეტევაში. თავდაცვიდან გადავიდეთ შემტევ სამხედრო პოლიტიკაზე. აუცილებლად უნდა გადავაწყოთ ჩვენი ბეჭვდითი სიტყვა, პროპაგანდა და აგიტაცია თავდასხმის რეჟიმში. წითელი არმია  თანამედროვე არმია არის, ხოლო თანამედროვე არმია ეს- შეტევისა და თავდასხმის არმიაა“. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რა შეტევის განხორცილებას გულისხმობდა სტალინი და რა მიმართულებით.

 

 რამდენიმე სიტყვა წითელი არმიის კოლაფსის შესახებ

 

   ნათელია, რომ მოულოდნელი დარტყმა მსოფლიოს საუკეთესო არმიის მიერ შოკისმომგვრელია და შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო კოლაფსი, დანაკარგების მაღალი დონე და ორგანიზებული თუ არა ორგანიზებული უკანდახევა. გერმანული ბლიცკრიგის ტაქტიკა ითვალისწინებდა კიდევაც მოწინააღმდეგის ჯარების გარემოცვასა და მათი დიდი ალყის ქვაბებში მოქცევას. ფაქტია, რომ უმრავლესობა საბჭოთა საჰაერო და სახმელეთო ძალებისა დისლოცირებული იყო საზღვართან ახლოს, ველებსა და ტყეებში. შეტევის წინა მდგომარეობისათვის საჭირო დისპოზიციით, იმის მაგივრად, რომ ღრმად ყოფილიყო სანგრებში ჩაწოლილი და საფორტიფიკაციო  ნაგებობებსა და დოტებში გამაგრებული. ამის გარდა ამუნიციისა და შეიარაღების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მატარებლებში იყო გადმოსატვირთ  მდგომარეობაში. ამ დროს ხდება გერმანელთა შეტევა. ეს შეიძლება ხსნიდეს იმ დანაკარგებსა და ქაოსს რაც სამამულო ომის პირველ დღეებში იყო.

   მაგრამ ის რასაც საბჭოთა ცენზურის მიღმა დარჩა არის, საბჭოთა ჯარების და ფრონტზე მყოფი კომუნისტური პარტიის წევრების დიდი რაოდენობის მორალური კოლაფსი. მათი დიდი ნაწილი გაუჩინარდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სამხედრო ნაწილები ბრძოლებში ჩაებმებოდნენ. ასი ათასობით ასეთი ადამიანი ყოველგვარი ბრძოლის გარეშე „გადაიკარგა“ ახლომახლო სოფლებსა და ტყეებში და მიატოვა თავისი საბრძოლო პოზიციები და ტექნიკა.

   უდიდესი როლი ითამაშა იმ დროსათვის საბჭოთა ჯარში არსებულმა ლამის ფეოდალურმა დამოკიდებულებებმა. კარგად გამოჩნდა ბოლშევიკური წმენდის შედეგები, დიდი იყო კვალიფიციური ოფიცრების ნაკლებობა. იკრძალებოდა ბრძანებების გარეშე ნებისმიერი ინიციატივის გამოჩენა, რაც განსაკუთრებით სავალალო სწორედ სამამულო ომის დაწყების პირველ ხანებში გამოჩნდა. მეთაურობასთან ყოველგვარ კავშირს მოწყვეტილი არმიების და სხვადასხვა შენაერთების მეთაურობის უმრავლესობა ვერ ბედავდა ვერანაირი ინიციატივის გამოჩენას და რეაგირებას იმ საბრძოლო სივრცის რეალობაზე რომელშიც ისინი მოულოდნელი გერმანული შეტევის შედეგად აღმოჩდნენ. ასეთ პირობებში ზედმეტი იყო საუბარი რაიმე ორგანიზებულ ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ უკანდახევაზე, განსაკუთრებით იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი უკანდახევა საბჭოთა არმიაში განიხილებოდა როგორც სამშობლოს ღალატი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ ხვდებოდნენ საბჭოთა მთლიანი არმიები მუდმივად ალყაში. დარღვეული კავშირისა და მართვის უქონლობაში მოუმზადებელი კონტრშეტევები, ფუჭი დანაკარგებისა და მსხვერპლის გარდა არაფერს იძლეოდა. ცნობისათვის, საბჭოთა კავშირის მხრიდან, მხოლოდ 1942 წლის ივლისში გადააჭარბა დაღუპულთა რიცხვმა ტყვედ ჩავარდნილთა რიცხვს. 1941-1942 წლებში საბჭოთა არმიამ მილიონობით ჯარისკაცი დაკარგა, აქედან მხოლოდ 32% იყო დაღუპული და დაშავებული.

   გადაჭარბებული წარმოდგენა ქონდა სტალინს არმიის რეალურ საბრძოლო შესაძლებლობაზეც. სტალინური რეჟიმის ტერორით დაშინებული მისი გარემოცვა ხშირად იმ ინფორმაციას აწვდიდა სტალინს, რაც მას უნდოდა მოესმინა და ამის საკმაოდ ბევრი ისტორიული ფაქტია ცნობილი. იგივე ე.წ. მოხალისე მფრინავთა რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავი და მართალიც იყო, მაგრამ არავინ საუბრობდა მათი მომზადების დონეზე. სწავლის კურსი მაქსიმალურად შემცირებული იყო, რათა მიღწეულ ყოფილიყო სტალინის მიერ მითითებული და დადგენილი მფრინავთა რიცხოვნობა. ამის გარდა ომის საწყისმა პერიოდმა წარმოაჩინა ბევრი საბჭოთა გენერლისა თუ მარშლის აბსოლუტური ჩამორჩენა თანამედროვე ომის ხასიათის თავისებურებების გაგებისა და ცოდნისაგან.

ეს იყო საბჭოთა არმიის ომის საწყის პერიოდში განცდილი მარცხის ძირითადი მიზეზები.

   რა თქმა უნდა ტოტალური უკანდახევის, უზარმაზარი რაოდენობის ჯარისკაცების ტყვედ ჩაბარების გარდა, ფანატიკური წინააღმდეგობისა და  უთანასწორო ბრძოლებში თავგანწირვის უამრავი ფაქტიც იყო საბჭოთა მხრიდან.

   საბჭოთა სასაზღვრო ციხესიმაგრე ბრესტი, მაგალითისათვის 4000 ჯარისკაცით, რომელიც ალყაში მოექცა გერმანული ინტერვენციისთანავე  და 10-1-ზე რიცხობრივი უმცირესობის პირობებში, 5 კვირის განმავლობაში თავს იცავდა და არ დანებდა. ასეთივე შეუპოვარი ბრძოლები იყო ოდესასთან, მურმანსკში,  ლენინგრადთან, სმოლენსკსა და სევასტოპოლთან. გერმანელებისათვის ბრესტი იყო რუსული წინააღმდეგობის პოტენციალის პირველი დეგუსტაცია, რომელიც მათ სტალინგრადთან უკვე ბოლომდე „დააგემოვნეს“.

   ის რამაც საბჭოთა არმიაში სულისკვეთების ამაღლება გამოიწვია, საბჭოთა პროპაგანდის მიერ ფართოდ აჟიტირებული გერმანელთა მხრიდან ჩადენილი სისასტიკე იქცა. ჰიტლერმა სპეციალური დირექტივა გასცა, რომელის მიხედვითაც გერმანიის ჯარებს არანაირი ლმობიერება არ უნდა გამოეჩინათ ბოლშევიკი რუსების მიმართ და მაქსიმალური სისასტიკით მოქცეოდნენ მათ. ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ის რასაც გერმანული ოკუპაცია გულისხმობდა, ბევრად უარესი იყო თვით სტალინის რეპრესიულ რეჟიმზე. საბჭოთა პროპაგანდა თავის ჯარებში მაქსიმალურად ავრცელებდა იმ სისასტიკის ამსახველ ფოტოებს რასაც გერმანელები ტყვეთა ბანაკში ჩადიოდნენ და იმას თუ რა პირობებში იყო ასი ათასობით საბჭოთა ტყვე ჯარისკაცი. ომის დასაწყისში, ფანატიკური და ჰეროიკული წინააღმდეგობა საბჭოთა ჯარების მხრიდან უფრო გამონაკლისი შემთხვევა იყო ვიდრე ნორმა. წინააღმდეგობა სულ უფრო იზრდებოდა გერმანელების მხრიდან რუსეთის გიგანტურ ტერიტორიაზე სიღრმეში შესვლის პროპორციულად. როდესაც რუსი ერი საბჭოთა კავშირის სხვა ერებთან ერთად უკვე საკუთარი სახლისა და ოჯახისათვის იბრძოდა.

   საბოლოოდ რუსეთმა თავის ისტორიაში ყველაზე მძიმე ომი იომა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საომრად მომართულმა საბჭოთა კავშირმა, მოულოდნელი დარტყმისაგან თავისი სამხედრო მრეწველობის, შეიარაღებული ძალებისა და განვითარებული რეგიონების უდიდესი ნაწილი დაკარგა, საბჭოთა კავშირი გადარჩა, აღიდგინა თავისი მრეწველობა გერმანელებისათვის მიუწვდომელ მანძილზე, გაწვრთნა ახალი მილიონობით ჯარისკაცი და იომა უმძიმესი ომი თავის ისტორიაში და შეძლო კიდევაც სრული რევანში აეღო. საბოლოოდ ომი როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა ზესახელმწიფომ ისე დაამთავრა და შეძლო იმ გეოპოლიტიურკი მიზნების დიდი ნაწილისთვის მიეღწია რომელიც მას 1941 წლამდე გააჩნდა, კერძოდ კონტინენტური ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის "გაწითლება" !

გიორგი ანთაძე

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

 

ბიბლიოგრაფია

 

 http://www.2worldwar2.com/

 http://bdsa.ru/index.php

 Речь и выступления И.В.Сталина на приеме в честь выпускников военных академий 5 мая 1941 года

 Доклады НКО о положении дел в РККА в 39г.

 Соображения к плану стратегического развёртывания сил Советского Союза

МАРК СОЛОНИН -«22 июня, или когда началась Великая Отечественная война?» — М.: «Яуза», «Эксмо». 2007. ISBN 5-699-15196-6

 Виктор Суворов. Ледокол

 Генштаб – Готовил ли Сталин нападение на Германию в 1941 году?