error
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა ბეჭდვა
ორშაბათი, 13 სექტემბერი 2010 21:05

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა

(გიორგი გოგაშვილი)

შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ  ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

შესავალი

ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან აქტიურად იხმარებოდა, ხოლო 1996 წლიდან, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა, სახელმწიფო დონეზე იწყება უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა. იმ დღიდან მოყოლებული ამ თემაზე ბევრი ითქვა და მრავალიც დაიწერა, მათ შორის პირველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაც, რისთვისაც 1996 წელს 75 კაციანი კომისიაც კი შეიქმნა. მიუხედავად უსაფრთხოების პრობლემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლისა, დღემდე ვერ მოხერხდა ეროვნულ უსაფრთხოების პოლიტიკურ პროცესსა და ეროვნული ძალაუფლების ელემენტებს შორის ლოგიკური, გამჭვირვალე კავშირის დამყარება, რაც აგვისტოს მოვლენების განხილვის დროს თვალნათლივ გამოჩნდა.

წარმოდგენილი ნაშრომი, ავტორის მცდელობაა ქართული სახელმწიფოს რეალობიდან შეხედოს და გარკვეული სიცხადე შეიტანოს ეროვნული უსაფრთხოების ტერმინოლოგიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება სტრატეგიის დღევანდელ გაგებას, რომლის მრავალი ფილოსოფიური, თეორიული თუ ნორმატიული განმარტება არსებობს შესაბამის ლიტერატურაში.  ამასთან ერთად, თანამედროვე სახელმწიფოს ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები, ეროვნული ძალაუფლების ელემენტები, საფრთხეები, გამოწვევები, და ა.შ. საქართველოში სხვადასხვა მიზნითა და შინაარსით იხმარება რაც, ხშირად, საზოგადოებას ხელს უშლის ჩაწვდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ლოგიკას. უფრო მეტიც, ავტორის აზრით, ერთიანი, შეთანხმებული ტერმინოლოგიის პრობლემა მწვავედ დგას ხელისუფლებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც, რამეთუ ეს აფერხებს გასაგები ინტერესების, მიზნების, საშუალებების და შესაბამისად სტრატეგიის ფორმულირებას. აღნიშნული პრობლემა, ავტორის აზრით, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის გასაგები პოლიტიკური პროცესი, ერთის მხრივ გაზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას და მეორეს მხრივ, მოიპოვებს საყოველთაო  მხარდაჭერას ამდაგვარი გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის.
შემდგომ, ავტორი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების ზოგად პრინციპებს. დასავლურ, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი შეეცდება მკითხველს დაანახოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები ქართული სახელმწიფოს რეალობაში.

 

I სტრატეგია
 

ისტორია
დასავლურ ცივილიზაციაში სიტყვა სტრატეგია ძველი საბერძნეთიდან შემოვიდა და სამხედრო ხელმძღვანელს ნიშნავს. STRATOS – არმია, ჯარი  Ago – ხელმძღვანელობა, მართვა. ანალოგიურად, სიტყვა Strategos – არჩეულ გენერალს ნიშნავდა ძველ ათენში.  ამ პერიოდისათვის სამხედრო ლიდერები თავის თავში აერთიანებდნენ როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკურ ძალაუფლებას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, პოლიტიკასაც სხვა მნიშვნელობა ენიჭებოდა . სტრატეგიის დღევანდელი მნიშვნელობით გამოსახატავად ბერძნებს ალბათ Stratagos Sophia – გენერლის სიბრძნე უნდა ეხმარათ. დაახლოებით ამავე აზრის გამომხატველი ტერმინები, მაგალითად Strategicos – გვხვდება ბერძენ ფილოსოფოს ონისანდერთან  აგრეთვე Strategicon – მოგვიანებით “ომის სახელმძღვანელოში” გვხვდება მაურიციუსთან .  საინტერესოა აგრეთვე სტრატეგიასთან ასოცირებული ერთ-ერთი უძველესი ტერმინი Stratagemata – რაც ფრონტინიუსის ლათინური ნაშრომის ბერძნული სახელწოდებაა .
როგორც სამხედრო ისტორიკოსები აღნიშნავენ, გვიანდელი რომის იმპერიიდან მოყოლებული, ბერძნული სიტყვა “შტრატოს” უცნობი იყო დასავლეთისათვის. მაგალითად, შუა საუკუნეებში ომის წარმოებას “რაინდული ხელოვნება” ერქვა. მოგვიანებით რაინდობა განადგურდა და შემდგომ, მაკიაველის ეპოქაში, “რაინდული ხელოვნების” ნაცვლად “სამხედრო ხელოვნება” მკვიდრდება. XVIII საუკუნის ბოლოსათვის უპირატესობა რაციონალურ აზროვნებას ენიჭება და სამხედრო ხელოვნების ნაცვლად სამხედრო მეცნიერება გამოიყენება. ამავე პერიოდს უკავშირდება პირველი სამხედრო აკადემიების დაარსებაც.
ამ პერიოდისათვის იკვეთება აგრეთვე არსებითი განსხვავება სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის. სიტყვა “ტაქტიკა” წყობას ნიშნავდა და განისაზღვრებოდა, როგორც ბრძოლის წარმოების პროცესი. “სტრატეგია” კი მოიცავდა ყველაფერს რაც წინ უძღოდა  ომის დაწყებას, რაც ხდებოდა ომის დროს და მის შედეგადაც.

როგორც ისტორიიდან ჩანს, დროთა განმავლობაში, ომის გართულებასთან ერთად, ტერმინი გაფართოვდა და გასცდა სამხედრო მნიშვნელობის საზღვრებს. არასამხედრო ფაქტორების (პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური, მორალური და სხვა) ზეგავლენა კრიტიკული გახდა ომის წარმოებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათ¬ვის. ვესტფალიის ზავის შემდეგ დასაბამი ეძლევა სახელმწიფოს (თანამედროვე გაგებით) წარმოქმნას. შესაბამისად, სახელმწიფოსთან ერთად, სტრატეგიამაც ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ტერმინი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ან დიდი სტრატეგია ფართოდ გამოიყენება ლიტერატურაში ომისა და სახელმწიფო მშენებლობის შესახებ. შესაბამისად სტრატეგია, ფართო გაგებით, უფრო მეტად სახელმწიფო მშენებლობის ნიშვნელოვანი კომპონენტია ვიდრე ომის კონცეფცია და ხელოვნება. ამ პროცეზებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების ერთმანეთისაგან გამიჯვნამ.


განმარტებათა ანალიზი

თანამედროვე ლიტერატურაში სტრატეგიის მრავალი განმარტება არსებობს: სხვადასხვა წყაროების თანახმად სტრატეგია მოქმედებათა გეგმაა,  იდეათა ერთობლიობა,  ან მეცნიერება და ხელოვნებაა  გარკვეული მიზნების მისაღწევად. ფართო გაგებით სტრატეგია განსაზღვრავს ურთიერთობებს მიზნებსა და საშუალებებს შორის  მაგალითად: სტრატეგია = მიზნები + კონცეფცია + საშუალებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, რა სფეროსაც არ უნდა შეეხებოდეს, სტრეტეგია გულისხმობს მიზნების, ცონცეფციისა და რესურსების საგულდაგულო გათვლას, რათა მისაღები რისკის ფარგლებში მიღწეულ იქნას უფრო კეთილსაიმე¬დო შედეგი, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგებოდა შემთხვევით ან აღმოჩნდებოდა სხვების ხელში.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი სტრატეგია, ფართოდ ფამოიყენება ყველა იმ სფეროში სადაც ადგილი აქვს დაპირისპირებას, კონფლიქტს და ბრძოლას, – ბიზნესი, პოლიტიკა, თამაშის თეორია და სხვა, – ეროვნული უსაფრთხოება და განსაკუთრებით მისი სამხედრო კომპონენტი არის “ბრძოლის ველი” სადაც სტრატეგია იძენს ყველაზე უფრო რთულ და მრავალფეროვან ფორმებს. ამ და სხვა გარემოებათა გამო, ვფიქრობთ, სტრატეგიის არსში გასარკვევად სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია საუკეთესო ობიექტია დაკვირვებისა და შესწავლისათვის.
ნებისმიერი სტრატეგიის შემქმნელს, ზოგადად, ორი მარტივი და იმავე დროს რთული ამოცანა აქვს დადასაწყვეტი: გაზარდოს საკუთარი ძლიერება, თავისუფლების, დამოუკიდებლობის ხარისხი და შეზღუდოს, დაასუსტოს, შეაკავოს, გააკონტროლოს მოწინააღმდეგე. თანამედროვე გაგებით სტრატეგია, ასევე, ორი ძირითადი ელემენტისაგან შედგება, ესენია: ძალის ფორმირება და საჭირო დროს მისი გამოყენება. საყურადღებოა, რომ, როდესაც ძალის ფორმირებაზეა საუბარი დაპირისპირების მომენტი (მით უმეტეს საბრძოლო) ჯერ არ დამდგარა, ამიტომაც ეს პირველი ელემენტი შედარებით ადვილია მეორეზე. ფაქტიურად, პირველ ეტაპზე, გარკვეულ, მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ გასაგებად ჩამოვაყალიბოთ მიზნები, ავწონ-დავწონოთ საშუალებები და შევქმნათ კონცეფცია რომელიც ქმნის არსებული საშუალებების გამოყენებით დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისაღები რისკის ფარგლებში.

კლაუზევიცი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში “ომის შესახებ” განსაზღვრავს: “ტაქტიკა გვასწავლის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ბრძოლაში; სტრატეგია, ბრძოლის გამოყენებას ომის მიზნებისათვის” . კლაუზევიცი შემდგომ განმარტავს, რომ სტრატეგიამ სამხედრო მოქმედებებს ისეთი მიზნები უნდა განუსაზღვროს, რაც  ომის აზრს შეესაბამება. ამ განმარტებებთან დაკავშირებით ლიდელ ჰარტი მართებულად აღნიშნავს, რომ სტრატეგიის კლაუზევიცისეული განმარტება, ერთის მხრივ, პოლიტიკის სფეროს მოიცავს და ამასთან ერთად ავიწროვებს სტრატეგიის განმარტებას ბრძოლის გამოყენებამდე, რაც საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ, რომ ბრძოლა ერთადერთი საშუალებაა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. იმავე პარაგრფში იგი იძლევა სტრატეგიის განმარტებას და აღნიშნავს, რომ “სტრატეგია არის სამხედრო საშუალებების გავრცელებისა და გამოყენების ხელოვნება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად” .

მოლტკე უფრო (კლაუზევიცთან შედარებით) მკვეთრ ზღვარს ავლებს სტრატეგიასა და პოლიტიკას შორის და განმარტავს, რომ “სტრატეგია არის მხედართმთავრის მიერ მის განკარგულებაში გადაცემული საშუალებების გამოყენება დასახული მიზნების მისაღწევად”. ეს განმარტება ნორმატიული ხასიათისაა და გულისხმობს, რომ მხედართმთავარს ყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელისუფლების, მთავრობის სახით ვინც იღებს გადაწყვეტილებას რა საშუალებები უნდა გადაეცეს მას. ფაქტიურად განმარტებაში ჩადებულა შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის ელემენტები.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა აგრეთვე სტრატეგიის თანამედროვე განმარტებათა განხილვა, რაც მოცემულია ერთის მხრივ ენციკლოპედიურ გამოცემებში და მეორეს მხრივ ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებში.

ვებსტერის ენციკლოპედიაში სტრატეგიის შესახებ ვკითხულობთ: “ერის ან ერთა ჯგუფის პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სამხედრო ძალების გამოყენების მეცნიერება და ხელოვნება მიღებული პოლიტიკის მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ომისა და მშვიდობის დროს”.
ჯეიმს კინგი სამხედრო ტერმინოლოგიის ლექსიკონში განმარტავს: “ერის (ან კოალიციის) სამხედრო ძალის მართვის, განვითარების, შეიარაღების და გამოყენების მეცნიერება, ხელოვნება ან გეგმა, იმ მიზნით, რომ მის ინტერესებს ეფექტურად ხელი შეეწყოს და იქნას დაცული რეალური, პოტენციური ან ნაგულისხმევი მტრისაგან”.

აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ვებ გვერდზე სტრატეგიის ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ: “სინქრონიზებული და ინტეგრირებული სახით ეროვნული ძალაუფლების გამოყენების კეთილგონივრული (საუკეთესოდ გათვლილი) იდეა ან იდეათა ერთობლიობა თეატრის, ეროვნული ან/და მრავალეროვნული მიზნების მისაღწევად”.

იქვე სამხედრო სტრატეგია განმარტებულია როგორც,  – “გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის მიერ მიღებული დოკუმენტი სამხედრო ძალის გავრცელებისა და გამოყენების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად”.
ანალოგიურ ლოგიკას მიყვება ნატოს ოფიციალური განმარტება სტრატეგიის შესახებ: სტრატეგიული დონე – დონე რაზედაც ერი ან ერთა ჯგუფი განსაზღვრავს უსაფრთხოების ეროვნულ ან მრავალეროვნულ მიზნებს და განალაგებს ეროვნულ, სამხედროს ჩათვლით, რესურსებს ამ მიზნების მისაღწევად .

აღნიშნული განმარტებები ცხადყოფს, რომ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოში პოლიტაკასა და სტრატეგიას შორის მკვეთრი ზღვარის გავლება მეტად მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, ისინი არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ სტრეტეგიის გამოყენებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა არსებობდეს მიზნები, საშუალებები და გარკვეული კონცეფცია მიზნების მისაღწევად. შემდგომ, როდესაც საუბარია მიზნებზე და საშუალებებზე, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მიზნებიც და საშუალებებიც არის ეროვნული, ანუ თანამედროვე სახელმწიფოს ჩარჩოებშია მოქცეული. ფაქტიურად, ყველა ეს განმარტება გარკვეულ ნორმატიულ ბაზას ქმნის მოქმედებისათვის. ნორმატიულობა კი, თავის მხრივ, გარკვეულ იერარქიას წარმოშობს , რამაც საზოგადოებისათვის გასაგები უნდა გახადოს ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებათა მიღების და აღსრულების პროცესი. ეს კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება ისეთი განმარტებების განვიხილვსას გორიცაა, ეროვნული ინტერესები, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, ეროვნული სამხედრო სტრატეგია და ა.შ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა აშშ ოფიციალური სტრატეგიული დოკუმენტების განხილვისას (დანართი 1).

აღნიშნულიდა გამომდინარე, შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ სტრატეგიის მრავალი განმარტება არსებობს, რომელთა შესწავლა, გააზრება და განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიის არსისა და ლოგიკის გაგებაში, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია მომავალი ლიდერებისათვის სტრატეგიული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად. აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებელია სტრატეგიის ნორმატიული განმარტების არსებობაც, რაც ინსტიტუციონალურს გახდის სტრატეგიის ფორმულირებისა და იმპლემენტაციის პროცესს. ამას პირველ რიგში ის მიზანი აქვს, რომ გამჭვირვალე და კონტროლირებადი ხდება ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და ამასთან ერთად, აღსრულება მიყვება ვერტიკალს ეროვნული ღირებულებებიდან კონკრეტულ საბრძოლო ოპერაციებამდე ან/და საგარეო პოლიტიკურ აქციამდე. გარდა ამისა, ეს,  განსაზღვრულ ჩარჩოებში, შემსრულებელს ანიჭებს გარკვეული თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას და ყოველი გადაწყვეტილების მიღება არ საჭიროებს დამატებით ნებართვებს, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია საომარი ოპერაციების მიმდინარეობისას.

II ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების პროცესი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ხელმისაწვდომი ლიტერატურისა და დოკუმენტების განხილვის შემდეგ, არჩევანი აშშ გამოცდილების გაზიარებაზე შევაჩერეთ. ეს პირველ რიგში გამოწვეულია ამ თემატიკაზე შესრულებული ნაშრომების სიმრავლით და გარკვეული თეორიული ბაზის არსებობითაც,  რაც საფუძველს იძლევა შევაფასოთ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების პროცესი. ჩვენი მიზანი, ამ შემთხვევაში, არა მარტო ის არის რომ მკითხველს გავაცნოთ ეს ტრადიცია, აღნიშნული თეორიული ბაზის განხილვასთან ერთად შევეცდებით პარალელები გავავლოთ ქართულ რეალობასთან.

სხვადასხვა განმარტებათა ანალიზიდან ჩანს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შესაძლოა გაგებული იქნას, როგორც ერის (სახელმწიფოს) პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, ინფორმაციული და სამხედრო ძალაუფლების გამოყენების მეცნიერება და ხელოვნება, შეთანხმებული სახელმწიფო პოლიტიკასთან, რის შედეგადაც იქმნება პირობები ეროვნული ინტერესების დაცვისა და განვითარებისათვის სხვა ერებთან, აქტორებთან ან პირობებთან და ვითარებასთან მიმართებაში.

ეს საკითხი, როგორც ჩანს, იმდენად აქტუალურია, რომ აშშ სახელმწიფო საბიუჯეტო-საკონტროლო სამმართველოს, შესწავლის საგანი გახდა. შედეგად, მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში გამოიკვეთა სასურველი და გასაგები სტრატეგიის პარამეტრები. ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები წარმოადგენს ერთ-ერთ ინსტრუმენტს ეფექტიანი სტრატეგიის ფორმულირებისა და შემდგომი ანგარიშგების საწარმოებლად .

ეს კრიტერიუმებია:

1.    ნათელი განზრახვა, საზღვრები (ჩარჩოები) და მეთოდოლოგია;
2.    საგულდაგულო (დეტალური) დისკუსიები პრობლემების, რისკების და საფრთხეების თაობაზე კონკრეტულ სტრატეგიასთან მიმართებში;
3.    სასურველი მიზნები და ამოცანები, აგრეთვე ჩატარებული სამუშაოს შეფასების მექანიზმები საბოლოო შედეგებთან მიმართებაში;
4.    აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციისათვის საჭირო რესურსების აღწერა;
5.    ხელისუფლების შიგნით, როლების, პასუხისმგებლობებისა და კოორდინციის მექანიზმების მკვეთრი გამიჯნვა,
6.    აღწერა იმისა, თუ როგორ არის სტრატეგია ინტეგრირებული ქვეყნის შიგნით აშშ სააგენტოებს შორის და ქვეყნის გარეთ მოკავშირეებს შორის.
როგორც წარმოდგენილი პარამეტრებიდან ჩანს სტრატეგია ნათელი მიზნის, განზრახვის ჩამოყალიბებიდან იწყება. ამასთან, „განზრახვებისა და მიზნების სიცხადე, არ იძლევა გამარჯვების გარანტიას, მაგრამ მათ გარკვევაში წარუმატებლობას გარანტირებულად მივყავართ დამარცხებამდე“.  როდესაც ხდება სამხედრო ძალის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება, მიზნის განსაზღვრით ერი აცხადებს, რომ ამ მიზნისათვის ღირს სისხლისა და სახსრების გაღება.

სახელმწიფო

ეროვნული სახელმწიფო  არის ის საფუძველი , რისთვისაც იქმნება ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე სტრატეგია. არსებობს გარკვეული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გავარკვიოთ არის თუ არა ესა თუ ის ტერიტორიული ერთეული სახელმწიფო. მივმართოთ სახელმწიფოს ერთ-ერთ ცნობილ განმარტებას, რომლის თანახმადაც: “სახელმწიფოში იგულისხმება საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ეფექტურად ფლობს ძალის ლეგიტიმური გამოყენების მონოპოლიას ტერიტორიული საზღვრების შიგნით” (მაქს ვებერი).

ამ განმარტების მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფოს ძირითადი ატრიბუტებია:

1.    აღიარებული საზღვრების არსებობა;
2.    ეფექტური სახელმწიფო ძალაუფლების არსებობა;
3.    სახელმწიფო მონოპოლია ძალის გამოყენებაზე;
4.    ძალის ლეგიტიმურობა ანუ ძალა-უფლება (გულისხმობს თვითონ ხელისუფლების ლეგიტიმურობასაც);
აღნიშნული კრიტერიუმებით თუ ვიხელმძღვანელებთ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მდგომარეობაზე. კერძოდ, აღიარებული საზღვრების პრობლემა და გარკვეულ ტერიტორიებზე ძალის მონოპოლიის არარსებობა, ისევე, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რამაც 2007 წლის ნოემბრისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ თავი იჩინა – აკნინებს სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, დღეისათვის, გაცილებით ეფექტური სახელმწიფო ძალაუფლება, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, არსებობს ქვეყანაში, მაგრამ საზღვრების საკითხი უფრო მწვავედ დგას და სახელმწიფოებრივი ბალანსიც ამ 4 კომპონენტს შორის უწინდებურად დარღვეულია, რაც, განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ვფიქრობთ კრიტიკულია.

ეროვნული ინტერესები, მიზნები და საშუალებები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტრატეგია აღწერს ურთიერთობებს მიზნებსა და საშუალებებს შორის. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია  განსაზღვრავს დამოკიდებულებას ეროვნული ძალაუფლების ელემენტბსა (საშუალებები) და ეროვნულ ინტერესებს შორის (მიზნები). სახელმწიფოსთან ერთად, ეროვნული ღირებულებები არის ის ამოსავალი წერტილი საიდანაც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკური პროცესი იწყება. ეროვნული ღირებულებები წარმოადგენს ერის (ეროვნული სახელმწიფოს) არსებობისა და განვითარების იურიდიულ, ფილოსოფიურ და მორალურ საფუძველს. მართალია, ღირებულებების გადაფასების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ, ფუნდამენტრალური ღირებულებები, რაც ერს ანიჭებს თვითმყოფადობას, როგორც წესი, ცვლილებებს ნალკებად განიცდიან და თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ ღირებულებები¬დან გამომდინარე სახელმწიფო განსაზღვრავს ეროვნულ ინტერესებს, რაც არის ერის მიერ შემეცნებული საჭიროებები სურვილები და იმედები საერთაშორისო გარემოსთან მიმართებაში. შესაბამისად ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის ადგილსა და მონაწილეობას საერთაშორისო საქმეებში და წარმოადგენენ საფუძველს ეროვნული მიზნების ფორმულირებისათვის.

დემოკრატიულ სახელმწიფოში, მმართველი პოლიტიკური გუნდი, უმაღლეს დონეზე, იყენებს პოლიტიკურ მეთოდებს, რათა მოახდინოს სახელმწიფო ინტერესების იდენტიფიკაცია. ეროვნული პოლიტიკა შესაძლოა გაცხადდეს როგორც ხედვა მომავალი უსაფრთხოების გარემოს შესახებ, ან როგორც უფრო დაკონკრეტებული და სპეციფიური განცხადება მიზნების, გზებისა და საშუალებების თაობაზე. დასავლური ტრადიციის შესაბამისად ის შესაძლოა გამოჩნდეს სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტებში, გამოსვლებში, პოლიტიკურ განცხადებებსა და სხვა გამოთქმებში, რაც ოფიციალური პირების მიერ ხელისუფლების სახელით არის გაკეთებული.

ეროვნული ინტერესები ჩამოყალიბებულია როგორც სასურველი მდგომარეობა. მაგალითად, აშშ ეროვნული ინტერესები გამოხატულია სამი ფუნდამენტური კატეგორიის სახით. ესენია: ფიზიკური უსაფრთხოება; ეკონომიკური კეთილდღეობა; და ღირებულებების გავრცელება. ანალოგიური ლოგიკით, საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესები შესაძლოა გაერთიენდეს შემდეგ კატეგორიებში: ფიზიკური უსაფრთხოება (გადარჩენა); ეკონომიკური  კეთილდღეობა; ხელსაყრელი საერთაშორისო გარემო. თითოეული ეს კატეგორია შემდგომ იყოფა ქვეკატეგორიებად გარკვეული პრინციპის მიხედვით. მაგალითად, ფიზიკური უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიის და ხალხის, თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შენარჩუნებას. ქვეკატეგორიები ფორმულირებულია პრიორიტეტების შესაბამისად. ეს ინტერესები, შემდგომ, შესაძლოა, შესაბამის ფუნდამენტურ ეროვნულ მიზნებში იყოს გამოხატული. მაგალითად ქვეყნის, ხალხის, ღირებულებების, ინსტიტუტების დაცვა ხელყოფისაგან;  ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცება და ა.შ.. თვალს თუ გადავავლებთ შეერთებული შტატების პოლიტიკას, შესამჩნევია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ფოკუსირებულია ამ 3 ფუნდამენტურ კატეგორიაზე, მაგრამ, სხვადასხვა დროს, მათ სხვადასხვა პრიორიტეტებს ანიჭებდა და სხვადასხვა ამოცანებს სახავდა მათ მისაღწევად. მაგალითად, კარტერის ადმინისტრაციისთვის ადამიანის უფლებები იყო პრიორიტეტული (ღირებულებების გავრცელება), რეიგანი უსაფრთხოებაზე იყო ფოკუსირებული, ხოლო კლინტონი ეკონომიკაზე (კეთილდღეობა) ამახვილებდა ყურადღებას. ეს გარკვეულწილად განაპირობებდა დიდი სტრატეგიის ფორმირებას.

როდესაც სტრატეგიის ფორმულირებაზეა საუბარი, სასურველია, ეროვნულ ინტერესებს, დასაწყისშივე, მიეკუთვნოს ინტენსივობის ხარისხი რათა, შემდგომ, ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და შესაბამის ამოცანებს მიენიჭოს პრიორიტეტები, რაც აუცილებელია რესურსების განაწილებისათვის.

ინტენსივობის ხარისხი პირობითად შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:
•    სასიცოცხლო – რომელთა შეუსრულებლობას ექნება უშუალო და კრიტიკული გავლენა ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სიცოცხლისუნარია¬ნო¬ბაზე. მაგ. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ქვეყნის ოკუპაცია და ა.შ.
•    მნიშვნელოვანი – რომელთა შეუსრულებლობასაც ექნება სერიოზული გავლენა ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობაზე, მაგრამ ეს გავლენა არ იქნება კრიტიკული. მაგ. სახელმწიფო ინსტიტუტების არაეფექტურობა. ან ღირსეული როლის დაკარგვა საერთაშორისო თანამეგობრობაში დააკნინებს ეროვნული დამოუკიდებლობას
•    ნაკლებად მნიშვნელოვანი – რომელთა შეუსრულებლობა სავარაუდოდ არ მოახდენს კრიტიკულ გავლენას ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობაზე, მაგრამ აფერხებს სახელმწიფოს ფუნქციონირებას ან ზიანს აყენებს მის პრესტიჟს. მაგ. დამნაშავეობის მაღალი დონე ან ჰუმანიტარულ და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა.
ბუნებრივია, “ნაკლებად მნიშვნელოვანი” ინტერესების კატეგორიიდან შესაძლოა საკითხმა “მნიშვნელოვანში’ ან უფრო ზევით გადაინაცვლოს, თუკი გაიზრდება მისი აქტუალობა. მაგალითად, დამნაშავეობის მასშტაბების გაზრდამ შესაძლოა პირდაპირ, ან არაპირდაპირ, სასიცოცხლო ინტერესები დააზიანოს. ამასთან, ეს დაყოფა პირობითია და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაჩნდეს კატეგორიები უაღრესად მნიშვნელოვანი (სასიცოცხლოს შემდეგ), მეორეხარისხოვა¬ნი (ნაკლებად მნიშვნელოვანის შემდეგ) და სხვა.
ეს ყველაფერი შეგვიძლია შემდეგი მატრიცის სახით წარმოვადგინოთ:

intensivobis xarisxi

ეროვნული ინტერესებისათვის და უასფრთხოების მიზნებისათვის ინტენსივობის კრიტერიუმების განსაზღვრა  სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მეთოდი რის მიხედვითაც ხელისუფლება ამას ადგენს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გარკვეული თანმიმდევრულობა და საზოგადოებისთვის გასაგები ლოგიკა იქნას დაცული როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რა ზომები,  რა საშუალებები და როგორ უნდა გამოიყენოს მან განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. მაგალითად, როდესაც “სასიცოცხლო ინტერესები” დგება საფრთხის ქვეშ, ერთიანი ეროვნული თანხმობა ძალის გამოყენების შესახებ, სამხედროს ჩათვლით, შედარებით ადვილად მიიღწევა. მაგალითად, საზოგადოება  მზად არის იომოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. სამხედრო ძალის გამოყენება-არგამოყენების საკითხი, ასევე ეჭვს არ იწვევს “ნაკლებად მნიშვნელოვანი” ინტერესების შემთხვევაში. “მნიშვნელოვანი ინტერესების” შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა და ძალის გამოყენების თაობაზე რთული პოლიტიკური დებატები, დემოკრატიულ სახელმწიფოში, გარდაუვალია.

საზღვარი სასიცოცხლო და მნიშვნელოვან ინტერესებს შორის უფრო ხშირად ბუნდოვანია და ხელისუფლებას სერიოზული ინტელექუალური სამუშაოს ჩატარება უწევს სათანადო სტრატეგიის, მიზნებისა და საშუალებების დაბალანსებისათვის შეზღუდული რესურსების პირობებში. ამა თუ იმ პრობლემის მნიშვნელობის განსაზღვრა,  უაღრესად კრიტიკულია ჩვენი ქვეყნისათვის რესურსთა სიმწირის გამო. ანალოგიურად კრიტიკულია ამ პრობლემის ინტერესთა ინტენსივობის შკალასთან დაკავშირება და იმის დასაბუთება რამდენად მოითხოვს ეს სამხედრო ძალის გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის სასიცოცხლო ინტერესებისათვის მიკუთვნების საკითხს მომხიბვლელობას მატებენ ის საშუალებები, რაც მისთვის არის გამოყოფილი. ეს, ბუნებრივია, კონფლიქტს წარმოქმნის მათ შორის ვინც მონაწილეობს პროცესში თუ რა ინტენსივობის ხარისხი მიეკუთვნოს ამა თუ იმ ინტერესს. შესაბამისად, საზოგადოების ნება ძალის გამოყენების შესახებ ხშირად იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ არის ესა თუ ის ინტერესი წარმოდგენილი და ინტერპრეტირებული. საბოლოოდ, პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნარი დაარწმუნოს ამომრჩეველი მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ სახით ძალის გამოყენებას საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისათვის გადაინაცვლებს თუ არა კონკრეტული ინტერესი “მნიშვნელოვანი” საფეხურიდან “სასიცოცხლოში” ან პირიქით. ამასთან ერთად, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კონსენსუსი ინტერესისათვის “სასიცოცხლო” ინტენსივობის მიკუთვნებაზე ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს საყოველთაო თანხმობა თუ როგორ დავიცვათ ეს ინტერესი. ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა დროს გამართული დებეტები სამხედრო ძალის გამოყენება-არგემოყენების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მუდმივი ანალიზი და დაკვირვებაა საჭირო სტრატეგიის ფორმულირების პროცესში (და შემდეგაც) ამ პრიორიტეტებისა და ინტენსივობის განსაზღვრისას, რათა მიზნები შეესაბამებოდეს საშუალებებს და წარმოდგენილი სტრატეგია კრავდეს მათ. თუ ხელისუფლება აურევს ამ განსაზღვრებებს, არეულ და დაუბალანსებელ სტრატეგიას მივიღებთ ურთიერთგამომრიცხავი და კონფლიქტური მიზნებით. შესაბამისად, დისკუსიები ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირებისა და კლასიფიცირებისათვის აუცილებელი პოლიტიკური პროცესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. უფრო მეტიც, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული და შეთანხმებული ამ დისკუსიის ტერმინოლოგია, საზღვრები და პარამეტრები.

სტრატეგიული შეფასების პროცესი

სტრატეგიული შეფასების პროცესი, რეალურად, ეროვნული ინტერესების ფორმულირებიდან და გარემოს ანალიზიდან იწყება. მისი მიზანია, კონკრეტულ სტრატეგიასთან მიმართებაში, რაოდენობრივად და ხარისხობრივად განისაზღვროს რაც ცნობილია, გვჯერა რომ ცნობილია ან უცნობია სტრატეგიული გარემოს შესახებ და მოხდეს იმის დადგენა რა არის მნიშვნელოვანი ამ სტრატეგიის ფორმულირებისათვის. ამასთან ერთად, ნებისმიერი ახალი ინფორმაცია უნდა იქნას გააზრებული არსებული ინფორმაციის პრიზმაში და რაც უკვე ცნობილია უნდა გადახალისდეს ახალი ცნობებით.

სტრატეგიული ანუ ეროვნული უსაფრთხოების გარემო, ამ შემთხვევაში, ის რეალობაა, რომელშიც ხელისუფლებას უწევს ურთიერთქმედება სხვა სახელმწიფოებთან აქტორებთან ან/და მომავალ შესაძლებლობებთან, რათა განამტკიცოს სახელმწიფოს კეთილდღეობა. ეს გარემო რთულია და მოიცავს ფაქტებს, კონტექსტს, პირობებს, ურთიერთობებს, კავშირებს, პრობლემებს, ტენდენციებს, საფრთხეებს, შესაძლებლობებს, ურთიერთქმედებებს, რაც გავლენას ახდენს სახელმწიფოს წარმატებაზე მსოფლიოსთან სხვა სახელმწიფოებთან ან/და აქტორებთან, შესაძლებლობებთან, სავარაუდო მომავალთან მიმართებაში.   როგორც თვით ორგანიზებადი რთული სისტემა, სტრატეგიული გარემო დინამიურობით გამოირჩევა და რეაგირებს ზემოქმედებაზე, მაგრამ არა აუცილებლად პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთქმედების გზით.

შეფასების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია იმ საფრთხეების იდენტიფიცირება, რაც კონკრეტულ ინტერესებს ემუქრება. საერთაშორისო და საშინაო გარემოს ანალიზი, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ დადგინდეს რა აყენებს ზიანს ეროვნულ ინტერესებს და განისაზღვროს რომელი ინტერესს რა და როგორ ემუქრება. აგრეთვე განისაზღვრება: რამდენად სწრაფად ხდება ეს, რამდენად ახლოა გეოგრაფიულად ან რა ფართობზე ვრცელდება, რამდენად მძლავრია, რამდენად გადამდებია, და რაც მთავარია დგინდება კავშირი, ანუ რამდენი რგოლი მოვლენათა ჯაჭვისა შესაძლოა არსებობდეს სასიცოცხლო ან მნიშვნელოვანი ინტერესის დაზიანებამდე.

უაღრესად მნიშვნელოვანია ჯერ ინტერესები და მათი გამოხატულების ხარისხი განისაზღვროს და შემდეგ მოხდეს იმის განსაზღვრა თუ რა საფრთხე ემუქრება მას, რათა ინტერესი არ გადაიქცეს საფრთხის ფუნქციად. ასეთ შემთხვევაში მაღალია რისკი იმისა, რომ მოხდეს საფრთხეთა დრამატიზირება და შემდგომ მათ გასანეიტრალებლად იმაზე მეტი ეროვნული რესურსი იქნას გამოყენებული ვიდრე ეს ამას რეალურად იმსახურებს. ან პირიქით, საფრთხე ვერ იქნას სრულად დანახული და ნაკლები რესურსი იქნას გამოყოფილი. ან/და მმართველმა გუნდმა არ გაამახვილოს კონკრეტულ სასიცოცხლო ინტერესზე ყურადღება იმიტომ რომ არ აწყობს და საფრთხეებით მანიპულირების გზით მოახდინოს საზოგადოების დეზორიენტაცია. საბოლოოდ, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, კრიტიკულია იმის გაცნობიერება და ცხოვრებაში გატარება, რომ საფრთხე ინტერესის გარეშე არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სკოლა სხვადასხვა მიდგომას განავითარებს, – შეფასების პროცესი, ძირითადად, შემდეგი თანმიმდევრული ნაბიჯებისგან შედგება:
1.    სტრატეგიის მოქმედების სფეროსა და მისი დონის განსაზღვრა
2.    ინტერესების დადგენა და ფორმულირება
3.    ინტერესთა ინტენსივობის ხარისხის დადგენა
4.    ინფორმაციის შეფასება მისი დროულობის, საიმედოობის და რელევანტურობის თვალსაზრისით
5.    სტრატეგიული ფაქტორების დადგენა
6.    საკვანძო სტრატეგიული ფაქტორების განსაზღვრა
7.    სტრატეგიის ფორმულირება
არსებობს თუ არა გამზადებული ფორმულა რაც გადაიყვნს ეროვნულ ინტერესებს კონკრეტულ მოქმედებაში – არა. ეს არის მხოლოდ მუდმივი საზრუნავი ხელისუფლებისათვის რომ შეფასების პროცესში დასვას სწორი კითხვები: რა გავლენას ახდენს მოვლენათა მიმდინარე განვითარება ქვეყნის ძალაუფლებაზე? შეუძლიათ თუ არა მტრულ მოწინააღმდეგე ძალებს ზიანი მიაყენონ სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო ინტერესებს? გაააჩნია თუ არა სახელმწიფოს საკმაო ძალა სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად? რა სარგებელი შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ინტერესების კომპრომისისაგან?

ეროვნული ძალაუფლება

მორგანტაუ ამბობდა, რომ, თუკი ეროვნულ ინტერესებს გამოვხტავთ ძალის ტერმინებში, მაშინ გვექნება სტანდარტი საგარეო პოლიტიკის შესაფასებლად და ყოველი მოქმედება შეფასდება კრიტერიუმით ვაძლიერებთ თუ ვასუსტებთ სახელმწიფო ძალაუფლებას. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც იცავს სახელმწიფო ძალაუფლებას უნდა ჩაითვალოს რაციონალურად.

მეცნიერთა უმრავლესობა ძალაუფლებას განიხილავს როგორც საშუალებას, ძლიერებას ან შესაძლებლობას, რაც უზრუვნელყოფს სხვა აქტორის ქცევაზე ზეგავლენის მოხდენის უნარს, საკუთარი მიზნების შესაბამისად. ეს ამოცანა, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დასავლურ გამოცდილებას, რომელიც ეროვნულ ძალაუფლებას განიხილავს, როგორც მრავალგანზომილებიან ინსტრუმენტს, – თავს იჩენს სტრატეგიის პარადოქსი, რომელიც ომის დიდმა თეორეტიკოსმა კლაუზევიცმა შემდეგნაირად დაახასიათა:     “… ყველაფერი  მარტივია, მაგრამ უმარტივესი რამ ძალზედ ძნელია . განვიხილოთ ძალაუფლების ზოგიერთი მახასიათებელი.

ეროვნულ ძალაუფლების კონტექსტი

ეროვნული ძალაუფლების კონტექსტურობა მჟღავნდება იმაში, რომ ის შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ძალაუფლების ყველა ელემენტის შეფასების შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ სხვა მოთამაშესთან ან მოთამაშეებთან მიმართებაში და იმ კონკრეტულ სიტუაციაში რომელშიც ძალაუფლება გამოიყენება. მაგალითად, არ შეიძლება ერთი ძალა შევაფასოთ ერთ პირობებში და მისი მოწინააღმდეგე ძალა კი ზოგადად; ან/და გადაწყვეტილება მივიღოთ მხოლოდ იმ ძალასთან მიმართებაში, რაზედაც ვფიქრობთ გავლენის მოხდენას და არ გავითვალისწინოთ სხვა ძალების მონაწილეობის შესაძლებლობა; ან/და შესაძლოა სახელმწიფოს დიდი ძალა გააჩნდეს, მაგრამ მისი გამოყენება არ იყოს მიზანშეწონილი კონკრეტულ სიტუაციაში.

მრავალგანზომილებიანი ურთიერთქმედებები – ეროვნულ ძალაუფლებას ვერ განაპირობებს ძალაუფლების ერთი ელემენტი. მაგალითად, მიუხედავად რუსეთის დიდი ტერიტორიისა, პაკისტანის მრავალრიცხოვანი მოსახლეობისა, იაპონიის ინდუსტრიული განვითარებისა ან შვეიცარიის საუკეთესო შეიარღებული ძალებისა – რც ერთი წარმოადგენს უმაღლესი კლასის ძალაუფლებას. ამასთან ერთად, პოტენციური და რეალური ძალაუფლება ერთმანეთისგან განსხვავდება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, რომ ხშირად ძალაუფლებაში ორი კომპონენტი იგულისხმაბა პოტენციური ძალა და ამ შესაძლებლობის გამოვლენის რეალური შესაძლებლობა, რომელიც მრავალ პოლიტიკურ, სოციოლოგიურ, ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე და ხელისუფლების უნარზეა დამოკიდებული. მაგალითად რუსეთის დიდი ტერიტორია პოტენციალია, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ის შესაძლოა დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს მოძველებული საკომუნიკაციო ხაზების გამო. ან/და ატომური იარაღი პოტენციალია მაგრამ სეპარატიზმის წინააღმდეგ ალბათ ნაკლებად გამოსაყენებელი. უფრო მეტიც შესაძლოა საფრთხედ იქცეს სახელმწიფოსთვის თუკი ვერ აკონტროლებს ჯეროვნად. ხშირად, სახელმწიფოს ძალზედ რთული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ქმედებების განხორციელება უწევს, რომ გარე სამყარო დაარწმუნოს პოტენციური ძალაუფლების რეალობაში.
ფარდობითობა – ეროვნული ძალაუფლება ფარდობითია ის არ არის აბსოლუტური. სახელმწიფოს არ შეიძლება გააჩნდეს აბსტრაქტული ძალაუფლება როგორც ასეთი, ძალაუფლება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ საერთაშორისო არენის კონკრეტულ აქტორთან ან აქტორებთან მიმართებაში. მაგალითად, საბჭოთა ბანაკის დაშლის შემდეგ, როდესაც აშშ ძლაუფლებამ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია ბევრი პოლიტიკოსი ფიქრობდა, რომ ქვეყანას აბსოლუტური ძალაუფლება გააჩნდა, სინამდვილეში ძალის უპირატესობა გამომდინარეობს არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ხარისხიდან, არამედ სხვა აქტორის ძალაუფლებიდანაც ვინც შესაძლოა კონფლიქტში მონაწილეობდეს. ისევე როგორც არ არსებობს აბსოლუტური ძალაუფლება ყველესთან მიმართებაში (აშშ მაგალითი) ასევე არ არსებობს აბსოლუტური ძალაუფლება ერთი სახელმწიფოსი მეორესთან მიმართებაში (მაგ. რუსეთ-საქართველო).

დინამიზმი – ეროვნული ძალაუფლება არ არის მუდმივი, ის ცვალებადია. არც ერთი ეროვნული ძალაუფლება, კავშირი, გარემო და ყველაფერი ის რაც ძალაუფლებას განაპირობებს არ არის დაცული ცვლილებისაგან. დღეისათვის სწრაფმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეს დინამიზმი. თავის დროზე, ატომური იარაღის გამოგონებამ სრულიად შეცვალა სამყარო და ძალის გამოყენების პირობები. ტექნოლოგიური, უპირველეს ყოვლისა კი ინფორმაციული ტექნოლოგიების წინსვლით არის გამოწვეული ის, რომ დღეს 4-ე თაობის ომების მიჯნაზე დგას მსოფლიო.  ამასთან ერთად, საზოგადოებას გარკვეული ინერცია გააჩნია ძალაუფლების შეფასებაში. ეს იმაში გამოიხატება, რომ ძალუფლება ჩანს ისეთი, როგორიც საზოგადოებას ჯერა რომ არის, ვიდრე ეს ძალა არ იქნება ხელახლა გამოყენებული. ანუ ძალაუფლების რეპუტაცია ერს ანიჭებს ძალაუფლებას, მიუხედავად იმისა რეალურია ეს ძალაუფლება თუ არა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის სამხედრო ძალისადმი 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში. ეს ფენომენი განსაკუთრებული საცხადით მოქმედებს შეკავების განხორციელებისას. როდესაც ერთ სახელმწიფოს უნდა რომ მეორემ თავი შეიკავოს გარკვეული ქმედებების განხორციელებისაგან, ის ამისათვის მიმართავს გაფრთხილებას ძალის გამოყენების თაობაზე. მაგალითად რუსეთი სხვადასხვა გზებით აფრთხილებდა საქართველოს თავი შეეკავებინა სეპარატისტულ რეგიონში (ცხინვალის რეგიონი, კოდორის ხეობა) აგრესიული პოლიტიკის განხორციელები¬საგან. შეკავება შესაძლებელია ეფექტური იყოს მხოლოდ მაშინ როდესაც ზემოქმედების ზემოქმედების სუბიექტი შეიმეცნებს, რომ  ზემოქმედების მომხდენს არა მარტო შესაძლებლობა გააჩნია მისი პრევენციისათვის არამედ სათანადო პოლიტიკური ნებაც და ეს პოლიტიკური ნება გაცილებით წონადია, ვიდრე კონკრეტული შეზღუდვები, რაც ძალის გამოყენების გზაზე არსებობს. რუსეთმა, რა საერთაშორისო გაკიცხვასაც არ უნდა იმსახურებდეს ის, ფაქტიურად, შეცვალა მისი სამხედრო ძალის მიმრთ საერთაშორისო დამოკიდებულება, რომელიც ინერციით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომდინარეობდა.

სიტუაცია – ეროვნული ძალაუფლების ზოგიერთი ელემენტი, ან მათი კომბინაცია, არ შეიძლება გამოყენემულ იქნას, ზოგიერთ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ვიეტნამის ომს აგებდა ბირთვული იარაღის გამოყენება არც უფიქრია. ასევე, რუსეთმა ვერ შეძლო ენერგეტიკული ბერკეტის სრულად ამოქმედება უკრაინის წინააღმდეგ.

საბოლოოდ, ძალაუფლების კონტექსტური ნატურის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ძალის (სამხედრო, ეკონომიკური, დიპლომატიური და სხვა) გამოყენებამდე ხდება მოგება-რისკი-საფასურის ანალიზი. თუ აღმოჩნდა რომ შესაძლო მოგება, წარმატების შემთხვევაში, არაპროპორციულია ჩავარდნის რისკისა და სავარაუდო საფასურისა, -  კეთილგონიერი სახელმწიფო თავს იკავებს ძალის გამოყენებისაგან. სხვა სიტყვებით, ძალაუფლება რელევანტური უნდა იყოს არსებულ გარემოებებში და კონკრეტული ვითარებისთვის.  მაგალითად, საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებლობის დიდი რისკი არსებობდა და საფასურიც გაცილებით მაღალი ჩანდა შესაძლო მოგებასთან მიმართებაში – მაინც მიიღო ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც. აღნიშნული ასპექტი მით უფრო რთულად იჩენს თავს რაც მეტად რთულდება საერთაშორისო გარემო და არენაზე გამოდიან არა-სახელმწიფო აქტორები, რომლებსაც სრულად განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებთ. ისეთები, როგორიცაა ტრანსნაციონალური კორპორაციები, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობები, უფლებადაცვითი ორგანიზაციები, რელიგიური სექტები და სხვა.

ეროვნულ ძალაუფლების ელემენტები

აშშ საგარეო თავდაცვის დეპერტამენტის სამხედრო ტერმინების ლექსიკონში ეროვნული ძალაუფლების ელემენტები განმარტებულია, როგორც: “ყველა ხელმისაწვდომი საშუალება ეროვნული მიზნების მისაღწევად”.  ძალაუფლების ელემენტები, პირობითად, დაყოფილია ნატურალურ და სოციალურ დეტერმინანტებად. ნატურალური მოიცავს: გეოგრაფია, პოპულაცია და ბუნებრივი რესურსები. სოციალური აერთიანებს: ეკონომიკა, პოლიტიკა, სამხედრო და სხვა. დაყოფა პირობითია და ზოგჯერ მკვეთრი ზღვარის გავლება, მათ შორის, შეუძლებელიც არის. მაგალითად, პოპულაცია ნატურალურ კომპონენტს განეკუთვნება, მაგრამ, მოსახლეობის განათლება, სამხედრო მომზდების დონე და სხვა, სოციალური საკითხებია.

 

ნატურალური დეტერმინანტი

გეოგრაფიული ელემენტი – იგულისხმება სახელმწიფოს განლაგება, ტერიტორიის სიდიდე, საზღვრები, კლიმატი და ტოპოგრაფია – გავლენას ახდენს ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების პროცესზე და შესაბამისად არსებობს დამოკიდებულება გეოგრაფიასა და საგარეო პოლიტიკას შორის. საქართველო ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა. უფრო მეტიც, ეროვნული ძალაუფლების გეოგრაფიული ელემენტი, ცალკე აღებული, შესაძლოა განაპირობებდეს ერის მცდარ საგარეო პოლიტიკურ პერცეფციებსა და მისწრაფებებს, რისი თვალსაჩინო მაგალითიც რუსეთია. ასევე, ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა, პოტენციურ ძალაუფლებიას შეიცავს, მაგრამ, უბედურების მომტანი შეიძლება გახდეს ქვეყნისათვის, თუკი არ განხორციელდა დაბალანსებული საგარეო და სამეზობლო პოლიტიკა.

დემოგრაფიული ელემენტი – იგულისხმება მოსახლეობის რაოდენობა, სტრუქტურა, ეთნიკური შემადგენლობა, განსახლება, ტენდენციები და ა.შ. რაოდენობას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ არ წარმოადგენს ძლიერების ავტომატურ გარანტიას. მაგალითად, შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ უფრო განათლებული მოსახლეობის გამო, იაპონია, ინდოეთზე მეტ ძალას წარმოადგენს. ამასთან ერთად, მოსახლეობის ზრდის ან შემცირების ტენდენციას გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეუძლია ეროვნულ ძალაუფლებაზე. განსახლება და ეთნიკური შემადგენლობა ასევე, ძალის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგალითად, საქართველოში ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონები ესაზღვებიან იმ ნაციონალურ სახელმწიფოებს, რომელსაც ამ რეგიონების მოსახლეობა მიეკუთვნება, რაც ზღუდავს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა თავისუფლების ხარისხს. მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ასაკოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა სახელმწიფოს ეკონომიკურ ძლიერებაზე მიუთითებს, მაგრამ, ამავე დროს, მწარმოებელი მოსახლეობის შედარებით დაბალი ხვედრითი წილი ქმნის ტენდენციას, რაც საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ძალაუფლებას მომავალში. საბოლოოდ, მოსახლეობის სიმცირის ან/და პოპულაციის სხვა პარამეტრების დასაბალანსებლად იქმნება კომპენსატორული მექანიზმები. მაგალითად, ისრაელი შეიარაღებლი ძალების მშენებლობისას აქცენტს ძლიერ საჰაერო ძალებზე, ურთულეს ტექნიკაზე, მობილურობაზე და პრევენციულ დარტყმებზე აკეთებს, რომ თავიდან აიცილოს სახმელეთო შეტაკებები.

ნატურალური რესურსებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ძალაუფლების ფორმირებისათვის. ეს განსაკუთრებით კრიტიკულია ომის წარმოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. ძალზედ მცირეა იმ სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც საკმარისად ფლობს ყველა საჭირო ბუნებრივ რესურსს. ამასთან ერთად, ნატურალური რესურსების ფლობის ფაქტი არ წარმოადგენს თავისთავად ძალაუფლების წყაროს, თუკი სახელმწიფოს არ შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ის. რესურსებს, მომხიბვლელობას მატებს მოთხოვნა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს შექმნა რესურსებით მდიდარი სახელმწიფოების მუდმივი საზრუნავია. ნატურალური რესურსების სიუხვე, აგრეთვე, შესაძლოა შემაფერხებლ ფაქტორად გადაიქცეს და ნიადაგი მოამზადოს სახელმწიფოს დასუსტებისათვის, როდესაც მისგან მოღებული შემოსავლების უდიდესი ნაწილი მიდის არამწარმოებლურ სფეროში და არ ხდება ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ასეთი სახელმწიფოს, მაგალითად რუსეთი, ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება კრიტიკულია, რაც მის ძალაუფლებას აკნინებს ან დააკნინებს  სტრეტეგიულ პერსპექტივაში. მეორეს მხრივ, ბუნებრივი რესურსების სიმწირე ხელს არ უშლის იაპონიას იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალის ცენტრი მსოფლიოში.

სოციალური დეტერმინანტი

ეკონომიკური ელემენტი. ეკონომიკური შესაძლებლობები კრავს ეროვნული ძალაუფლების ნატურალურ და სოციალურ დეტერმინანტებს. მიუხედავად ამისა, ეკონომიკა, უფრო მეტად, სოციალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული (მოსახლეობის განათლების დონე, პოლიტიკური სისტემა, კანონმდებლობა, და ა.შ.), ვიდრე ნატურალურ რესურსებზე. ამასთან ერთად, ნატურალური რესურსი, თუ არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს შესაძლებლობებით გარდაქმნას ის სხვა ძალად, შესაძლოა დამაბრკოლებელიც კი აღმოჩნდეს განვითარებისათვის.  საყურადღებოა, რომ სამხედრო ხარჯები სერიოზულ ძლას ქმნის მაგრამ გადამეტებამ შესაძლოა შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მართალია, ეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას მთლიანობაში, მაგრამ ერის კულტურაზე, საფრთხის აღქმაზე და მრავალ სხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული რამდენად მოითმენს საზოგადოება ეკონომიკურ შეზღუდვებს სამხედრო ძლიერებისათვის. ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, ევროპელებმა მოითმინონ იმდენი რამდენსაც რუსები ითმენენ სამხედრო ძლიერების სანაცვლოდ. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ასევე წარმოქმნიან არასამხედრო ძალას საერთაშორისო არენაზე.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყოველივე ამას, აგრეთვე ის გამოხატულება გააჩნია, რომ დღეისათვის, გლობალიზაციის ეპოქაში, ასევე კრიტიკული გახდა სახელმწიფოთა ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი, რამაც სერიოზული ცვლილებები გამოიწვია ეროვნული ძალაუფლების ეკონომიკური ელემენტის ხასიათსა და რაობაში. ინფლაციას ერთ ქვეყანაში შეუძლია ბიძგი მისცეს სერიოზოლ ეკონომიკურ პრობლემებს სხვებში, მცირე ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებიც კი ნათლად აისახებიან გლობალურ ეკონომიკურ გარემოზე და სხვა. ამასთან ერთად, გაჩნდა მრავალი არასახელმწიფო აქტორი, რომელებიც თავისი გავლენით ბევრ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდებიან და ზოგჯერ კიდეც აღემატებიან მათ.

სამხედრო ელემენტი. სამხედრო ძლიერება, ისტორიულად, ეროვნული ძალაუფლების ყალიბსა და საზომს წარმოადგენდა. ბრძოლის წაგება, როგორც წესი, ეროვნული ძალაუფლების სერიოზულ დეგრედაციას, ხშირად კი სახელმწიფოს მოშლასაც იწვევდა; ომში გამარჯვება კი სერიოზული ბიძგი იყო ერის შემდგომი გაძლიერებისა და აღორძინებისათვის. ამასთან ერთად, სამხედრო ძლიერება უფრო მეტია ვიდრე პერსონალი, შეიარაღება და აღჭურვილობა. მმართველობას, მორალსა და დისციპლინას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიანი სამხედრო ძალის ფორმირებაში.

თავდაცვისავის მზადება ძირითადად მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარეობს. ეს რომ შეძლოს, ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს რა სახის კონფლიქტში მოუწევს ქვეყანას ჩაბმა სამომავლოდ და საზოგადოებას შესთავაზოს თავდაცვის გასაგები სტრატეგია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის და მისი ეროვნული რესურსების გათვალისწინებით.
თუ კი, როგორც სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, მეოთხე თაობის საბრძოლო სივრცე არა ფრონტი, არამედ მთლიანობაში აღებული საზოგადოებაა – ქართული სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა დაიცვას საზოგადოება და ამით დაიცვას თავისი თავი. ამასთან ერთად, ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობა და მისი დღევანდელი ეროვნული სტრატეგიული რესურსები არ იძლევიან დასაშვები რისკის ფარგლებში მოწინააღმდეგის გადამწყვეტ, ფრონტალურ ბრძოლაში განადგურების თუნდაც ოპტიმალურ გარანტიას. მიუხედავად ამისა, ქვეყნის გეოგრაფია, ისტორიული გამოცდილება და ტრადიციები ქმნიან შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს ისეთი თავდაცვითი სისტემა, რომელიც აიძულებს მოიწინააღმდეგეს თავი შეიკავოს პირდაპირი აგრესიისაგან;
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველომ თავი უნდა აარიდოს აგრესორთან გადამწყვეტ და სრულმასშტაბიან ფრონტალურ ბრძოლას. ნაცვლად ამისა, ქვეყნის სტრატეგიული რესურსი ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული, რათა მომქანცველი, შედარებით მცირე მასშტაბების ბრძოლებით გამოფიტოს აგრესორი, ამოწუროს მისი საომარი რესურსი და მინიმუმამდე დაიყვანოს მისი ბრძოლისუნარიანობა. ფაქტიურად, შექმნილი რეალობა, საზოგადოებას, მცირე ჯგუფებით ბრძოლაში მონაწილეობის გარდა სხვა გზას არ უტოვებს. შესაბამისად,  ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს მაღალი პატრიოტული სულისკვეთების მქონე ქართველი ხალხი, რომელსაც, სათანადო მომზადების და ორგანიზაციის შემთხვევაში შეუძლია გაუსაძლისი გახადოს ნებისმიერი აგრესორის ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ამდაგვარად ორგანიზებული თავდაცვა შესაძლოა გახდეს აგრესიისაგან შეკავების ფაქტორი. მაგალითად, დღეს ბევრს საუბრობენ საქართველოს ნეიტრალურ სტატუსზე. ზოგიერთის აზრით, საკმარისია საქართველომ, შვეიცარიის მსგავსად, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და მისი უსაფრთხოების პრობლემებიც დავიწყებას მიეცემა. მინდა მოგახსენოთ, რომ შვეიცარიის ნეიტრალურ სტატუსს არა იმდენად დეკლარაცია, ან საერთაშორისო გარანტიები განაპირობებს, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენედაც ძლიერი არმია და სათანადოდ მომზადებული მოსახლეობა არის ამის საფუძველი.

რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ვფიქრობ ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს (კრიტერიუმებს):

    მუდმივი თავდაცვითი უნარი – სამხედრო საფრთხეებისა და რისკების ადექვატური თავდაცვითი პოტენციალის შენარჩუნება და მისი განვითარების უზრუნველყოფა;

    ოპტიმალურობა, ეკონომიურობა და ეფექტურობა – გულისხმობს  მოქმედი სტრუქტურების ოპტიმიზაციის გზით მოქნილი მოდელის ფორმირებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ არსებული რესურსების მობილიზაცია და მათი ეფექტური და ეკონომიური გამოყენება.
    თავსებდობა _ ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უნარის შენარჩუნება და განვითარება;
    ინტეგრირებულობა –ქვეყნის უასფრთხოების სისტემაში ინტეგრირება;
    ინტეროპერაბელობა – ცალკეული დანაყოფებისა და სახეობების, აგრეთვე სახალხო თავდაცვით ძალებთან ეფექტური ურთიერთქმედების უნარი;
    პარტნიორობა – ორმხრივი და მრავალმხრივი პარტნიორობის განვითარება კრიზისების მართვის, ჰუმანიტარული, სამშვიდობო და სხვა მისიების გნსახორციელებლად
    რეორგანიზაცია და მოდერნიზაცია – შეიარაღებული ძლების რეორგანი-ზა¬¬ცია და მოდერნიზაცია მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანო¬ბის შენარჩუნებთ და მის წინაშე დასახული მიზნების და განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად.

პოლიტიკური ელემენტი.  ძალაუფლების ეს ელემენტი ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო მმართველობის ფორმით და ხელისუფლების უნარით გარდაქმნას ერის პოტენციური ძალა რეალურ ძალაუფებად. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია თუ როგორ აფასებს საზოგადოება ხელისუფლებას, ან როგორი უნდა რომ ის იყოს. ეს ის საკითხებია, რომლებზეც პასუხის გაცემა ძნელია სტატისტიკის გამოყენებით, მაგრამ, ერთ-ერთი უპირველესია ეროვნული ძალაუფლების შეფასებისას. ერთი რამ აშკარაა, რომ მმართველობის არსებული ფორმა, დემოკრატიული იქნება ის თუ ავტოკრატიული, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით, სერიოზულ როლს თამაშობს ეროვნული ძალაუფლების შექმნასა და გამოყენებაში. მაგალითად, ავტორიტარული სისტემა, რაღაც დონეზე, კრძალავს ინდივიდუალურ თავისუფლებასა და ინიციატივას, სამაგიეროდ იძლევა მაღალორგანიზებული სახელმწიფო სტრატეგიის ფორმულირების საშუალებას. დემოკრატიული სისტემა მოითხოვს, რომ პოლიტიკის ფორმულირება განხორციელდეს ნდობის შენებითა და დარწმუნებით თავისუფალ, ღია და პლურალისტურ საზოგადოებაში. ამიტომაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალზედ რთულია გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმულირება და განვითარება, ან პოლიტიკის ისეთი მკვეთრი შემოტრიალება, როგორც, მაგალითად, პუტინმა გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

საყურადღებოა, რომ დეკლარირებული პოლიტიკური სისტემიდან დეკლარირებული და არა რეალური პოლიტიკური ძალაუფლება გამომდინარეობს, რაც ძირითადად შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის გამოიყენება. ამას შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოყვეს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება საყოველთაოდ აცხადებს, რომ მას მმართველობის დემოკრატიული ფორმა გააჩნია და პოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთ ნაწილში შესაძლოა ეს ასეც არის. რაც შეეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, აშკარაა, რომ ეროვნული ძალაუფლების ფორმირებასა და გამოყენებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება არადემოკრატიული ფორმით ხორციელდება, რაც სერიოზულ ჩავარდნებს იწვევს მისი ფორმულირებისას და აღსრულებისას, რადგან მოითხოვს დამატებით ინსტრუქციებს იქ სადაც ეს არ არის საჭირო. ფაქტია, როდესაც სახელმწიფო აცხადებს დემოკრატიულ მმართველობას, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნის თანახმად, შესაბამის უსაფრთხოების სტრეტეგიას და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებს აყალიბებს, ამ დროს კი არ არსებობს მათი აღსრულების დემოკრატიული ტრადიცია და სტრატეგიული კულტურა, ყოველთვის ისეთ შედეგს მივიღებთ რაც 2008 წლის აგვისტოში და წინა წლებშიც, მოხდა.

საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა, ამ ეტაპზე, არა იმდენად მმართველობის არსებულ ფორმაშია, არამედ იმ შეუსაბამობაშია, რაც მმართველობის ფორმასა და სტრატეგიული დაგეგმარების პროცესს შორის არსებობს.
ფსიქოლოგიური ელემენტი.   არსებული ტრადიციის თანახმად წრმოადგენს ეროვნული ნების, მორალური მდგომარეობის, ეროვნული ხასიათის და ეროვნული ინტეგრირებულობის რთულ ნაკრებს. ეს არის ის რამაც ბევრჯერ განაპირობა უფრო ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფოთა დამარცხება ბევრად სუსტების მიერ. სამხედრო ისტორიაში, საქართველოსაშიც, მრავლად მოიპოვება ამის მაგალითები.

„ნაციონალური ნება და მორალური მდგომარეობა განსაზღვრულია როგორც სიმტკიცის ხარისხი, რასაც ყოველი აქტორი ავლენს ეროვნული მიზნების განხორციელებისაკენ სწრაფვაში“. ამასთან უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოში საზოგადოების ყველა წევრი არ ამჟღავნებს თანაბარ ნებასა და მორალურ სიმტკიცეს. მაგალითად აფხაზეთის ომის დროს ბევრი მოქალაქე ომობდა, ბევრიც საზღვარგარეთ დადიოდა დასასვენებლად. ეროვნულ ხასიათს, ასევე კომპლექსური მიმართება აქვს ეროვნულ ძალაუფლებასთან, იმდენედ, რამდენადაც ეს ხასიათი ხელს უწყობს ერთი სტრეტეგიის რეალიზაციას და აბრკოლებს მეორეს. ხასიათის ჩამოყალიბებაში, უდაოდ, ისტორიული გამოცდილება და ტრადიციული ღირებულებებიც, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გეოგრაფიული მდებარეობა და გარემო პირობები.  მაგალითად ქართველთა უნდობლობას რუსეთის მიმართ, სომეხთა უნდობლობას თურქეთის მიმართ, ან/და რუსების უნდობლობას გარე სამყაროს მიმართ – გარკვეული ისტორიული გამოცდილება უდევს საფუძვლად.

რაც შეეხება ინტეგრირებულობას, მას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საზოგადოების სახელმწიფოსთან და ერთან იდენტიფიკაციის ხარისხი. უმეტეს შემთხვევებში არსებობს პირდაპირი კორელაცია შემეცნებული ინტეგრირებულობის ხარისხსა და საზოგადოების ეთნიკურ, ლინგვისტურ, რელიგიურ და კულტურულ ჰომოგენურობას შორის, რაც განამტკიცებს მოქალაქეობის გრძნობას. ამასთან ერთად, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც ინტეგრაციის დაბალი ხარისხი არ გამოიხატება დაბლ იდენტურობაში

ინფორმაციული ელემენტი. დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, ინფორმაციული ველი და ვირტუალური სივრცე ისეთივე რეალობაა, როგორც ფიზიკური. კომუნიკაციის ამოუწურავი შესაძლებლობები და ინფორმაცია ქმნიან ფაქიზ მატერიას რომელიც მთლიანად განმსჭვალავს ეროვნული ძალაუფლების სოციალურ დეტერმინანტს, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა თუ ფსიქოლოგია. ამასთან ერთად, სამხედრო სფერო არის ის არენა სადაც კომუნიკაციური და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა იწვევს გეომეტრიული პროგრესიით განვითარებას. წარმოუდგენლად მოკლე დროში ჩნდება არამარტო ახალი ტიპის შეიარაღება, რამედ საფუძველი ეყრება ახალი ტიპის ბრძოლის ველის გაჩენას და ახალი თაობის ომების წარმოებას.

სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, ომში ინფორმაციული დომინირებას შესაძლოა ქონდეს სინერგეტიკული ეფექტი. ამ შემთხვევაში ბრძოლის ველის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემები იმდენად გაზრდიან მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს, რომ მეთაურს შესაძლებლობა მიეცემა შექმნას  პრეციზიული (ზუსტი მოქმედების) ძალები, რომლებიც ინტეგრირებული იქნება ერთიან გარემოში, ეგრეთ წოდებულ „სისტემათა სისტემაში“. შედეგად შესაძლებელი იქნება შევამჭიდროვოთ ომის ტაქტიკური, ოპერაციული და სტრატეგიული დონეები და ერთ მთლიანობაში აღვიქვათ ყველა მართვის რგოლი და ფუნქციონალური პასუხისმგებლობის წერტილი.

შესაძლო უპირატესობათა გარდა, ინფორმაციული რევოლუცია მნიშვნელოვნად ზრდის მეთაურის პასუხისმგებლობას, რამეთუ მას მოუწევს ბევრად უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ყველაფერი ერთდროულად გამოჩნდება მის თვალწინ. გარდა ამისა, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე  სულ უფრო მეტად დამოკიდებული უძლიერესი სახელმწიფოები, რომელთა ძლიერების საფუძველს სწორედ ეს ტექნოლოგიები წარმოადგენს, შესაძლოა დაუცველნი აღმოჩნდნენ კიბერტერორისტთა მცირე ჯგუფების შეტევისაგან, რადგან მათ შეეძლებათ ათასობით კილომეტრის მანძილიდან სერიოზულ დარტყმა მიაყენონ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ეროვნული ძალაუფლების შეფასება

ეროვნული ძალაუფლების ობიექტური შეფასება რთული, დინამიური პროცესია. ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ ყველა ელემენტი ურთიერთქმედებაში და ურთიერთმიმართებაში განიხილება. ამასთან, ზოგიერთი ელემენტი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი არ არის მოკლებული სუბიექტურობას. მაგალითად, რა გავლენას იქონიებს ცალკეული ეთნიკური ჯგუფი ხელისუფლების ცალკეულ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე? როგორი იქნება ამ გავლენის შინაარსი და ხარისხი? როგორ გამოვხატოთ ეს რაოდენობრივად? რა გავლენას ახდენს მათი ისტორიული გამოცდილება მათ მსოფლმხედველობაზე? რა გავლენას მოახდენს მათი მსოფლმხედველობა იმაზე თუ რა სახის თვითმმართველობას შექმნიან ისინი? რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი შეიარაღებული ძალების ოდენობასა და ხარისხზე? – ეს და სხვა მრავალი ამდაგვარი საკითხი ცალკე და ერთმანეთთან მიმართებაში საჭიროებს ანალიზსა და შეფასებას. ამოცანას კიდევ უფრო ართულებს ის რომ ეროვნული ძალაუფლება დინამიურია და ფარდობითი. ფაქტიურად, სახელმწიფოები და სხვა არასახელმწიფოებრივი აქტორები პერმანენტულად იცვლიან პოტენციურ და რეალურ ძალაუფლებას, რის გამოც ჩვენი გათვლები ძველდება და მით უფრო სწრაფად, რაც უფრო მეტი აქტორი ფიგურირებს ამ გათვლებში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შეფასება უფრო ხელოვნებას გავს ვიდრე მეცნიერებას, სადაც ინტუიციას და გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული მეთოდები ეროვნული ძალაუფლების გააზრებისა და შეფასებისათვის. წარმოდგენილი ფორმულა საშუალებას იძლევა გავაკეთოთ მიახლოებითი გათვლები და შეგვექმნას წარმოდგენა თუ როგორია სახელმწიფოს ეროვნული ძალაუფლება, უპირველეს ყოვლისა, ომის წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
Pp = (C+E+M)x(S+W)
სადაც:
Pp – შემეცნებული, აღქმული ძალა
C -  კრიტიკული მასა: პოპულაცია და ტერიტორია
E – ეკონომიკური შესაძლებლობა
M – სამხედრო შესაძლებლობა
S – სტრატეგიული განზრახვა
W – ნება ეროვნული სტრატეგიის სისრულეში მოსაყვანად

აღნიშნული ფორმულა, გარდა ხელშესახები ელემენტებისა, როგორიცაა C, E, M, შეიცავს საკმაოდ სუბიექტურ მახასიათებლებსაც, როგორიცაა სტრატეგიული განზრახვა და ნება. ამასთან, ობიექტურშიც ფიგურირებს სუბიექტური ელემენტები, რომელთა რაოდენობაში გადაყვანა, შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, ხალხი რომელიც მრავალრიცხოვანია, მაგრამ მოუმზადებელი, განათლების დაბალი დონით; შეიარაღებული ძალები, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური იარაღით, მაგრამ მას უპირისპირდება ფსიქოლოგიურად და მორალურად უფრო მდგრადი აქტორი და ა.შ. საბოლოოდ, შეფასების პროცესი კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ძალა პროდუქტია და არა ჯამი შემადგენელი კომპონენტების ურთიერთქმედებისა. ფორმულა, ამ შემთხვევაში, თვალნათლივ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კონტექსტი და ურთიერთქმედება ძალის გათვლაში.

სტრატეგიული რისკების შეფასება და მართვა

სპეციალურ ლიტერატურაში რისკი განმარტებულია, როგორც არსებული საშუალებებით, მიზნების მიღწევის წარუმატებელი შედეგით დასრულების ალბათობის მაჩვენებელი. სხვა სიტყვებით, რამდენად დიდია დისბალანსი მიზნებს მეთოდებსა და საშუალებებს შორის. ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ყოველთვის არსებობს სტრატეგიული რისკი ვინაიდან რესურსები არასდროს არ არის საკმარისა და კონცეფცია არასდროს არ არის სრულყოფილი მუდმივად ცველებადი სტრატეგიული გარემოს ფარგლებში. შესაბამისად, სტრატეგი ყოველთვის ცდილობს შეამციროს რისკი სტრატეგიის განვითარებით, რაც ნიშნავს მიზნების, კონცეფციისა და საშუალებების დაბალანსებას.

სამხედრო და პოლიტიკურ ლიტერატურაში აღწერილია გარკვეული მეთოდები რომლებიც საშუალებას იძლევა დავხვეწოთ მიზნები და მოვახდინოთ საშუალებების იდენტიფიცირება. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი წარმოდგენილია თანმიმდევრული შეკითხვების სახით.
1.    ვინ ან რა უნდა გავანადგურო, ალყაში მოვაქციო, დავბლოკო, დავაშინო, შევზღუდო, რომ მივიღო ის რაც მინდა?; თუ ეს ყველაფერი შევასრულე მივიღებ თუ არა იმას რაც მინდა?; მომიტანს თუ არა ეს გამარჯვებას?
2.    რას გააკეთებს ჩემი მტერი (მოწინააღმდეგა) იმისთვის რომ ხელი შემიშალოს განადგურებაში, ალყაში ბლოკირებაში და ა.შ.
3.    რა ძალები გამაჩნია მე იმისთვის რომ მივაღწიო სასურველ მიზნებს? შემიძლია თუ არა გავაფართოვო ჩემი ძალები და შევზღუდო მოწინააღმდეგის ძალები?
4.    გამაჩნია თუ არა მე აუცილებელი ნება იმისთვის, რომ მივაღწიო დასახულ მიზნებს? რეალისტურად გავთვალე თუ არა საფასური რაც უნდა გადავიხადო ამ მიზნის მისაღწევად? და თუ გავთვალე, ნამდვილად მინდა თუ არა ამ საფასურის გადახდა სასურველი მიზნების მისაღწევად?
5.    რა სახის მშვიდობას მინდა რომ მივაღწიო? (თუ ომზეა საუბარი)
6.    რა უნდა მოვიმოქმედო იმისთვის, რიომ დავძლიო წინააღმდეგობები, რომლებიც მეღობებიან სასურველი მშვიდობის მიღწევის გზაზე?
7.    რა უნდა გავაკეთო, რომ თავიდან ავიცილო დამარცხება?
8.    რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ გავტეხო მტრის (მოწინააღმდეგის) ნება?

წარმოდგენილი კითხვები მიანიშნებენ, რომ მიზნებისა და საშუალებების შესაბამისობა არ არის ერთჯერადი აქტი. ის დროში გავრცობილი პროცესია, რომელიც მუდმივ ყურადღებასა და ანგარიშს საჭიროებს, რომ აუცილებელი ბალანსი იყოს დაცული.
მოცემული დიაგრამა ნათელ სურათს ქმნის თუ როგორ გამოიყურება ეს ბალანსი.  ამასთან, კარგად ჩანს, რომ გადამეტება, შესაძლოა,  ისეთივე საზიანო იყოს როგორც ნაკლებობა.

strategiuli_sampexa

როგორც წარმოდგენილი დიაგრამიდან, აგრეთვე ჩანს, რისკების შეფასების პრობლემა უმთავდესია მიზნების, გზებისა და საშუალებების გარკვევაში. სირთულე, რისკების შეფასებისას, იქმნება იმიტომ, რომ სამივე კომპონენტი ურთიერთ წონასწორობაშია მოსაყვანი და ამ დროს მნიშვნელოვანია, არა იმდენად სწორად შერჩეული მიზნები და საშუალებები, რამდენადაც კარგად გათვლილი მოქმედებები. ამასთან, უნდა იყოს ნათელი გაგება იმისა, რომ სტრატეგიული გარემოს მუდმივი ცვალებადობის გამო, სამივე ელემენტი მუდმივ ცვლილებას განიცდის და ამიტომ მუდმივი შეფასებისა და კორექტირების საგანს წარმოადგენს.

პოლიტიკისა და სტრატეგიის თეორეტიკოსები მართებულად აღნიშნავენ, რომ რისკების განსაზღვრა ეროვნული ინტერესების ფორმულირებიდან და მათთვის ინტენსივობის ხარისხის მინიჭებიდან იწყება. აღნიშნული მიდგომა, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, საშუალებას იძლევა, არამარტო დავინახოთ კონკრეტული რისკები, არამედ შევაფასოთ ინტერესთა ინტენსივობის ხარისხი რისკებთან მიმართებაში.  წარმოდგენილი დიაგრამა, ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს რისკების გააზრების საშუალებით ინტერესების განსაზღვრისა და მათი ინტენსივობის ხარისხის დადგენისათვის.

ავტორი გვთავაზობს თითოეულ ფაქტორს მივანიჭოთ ქულა სამბალიან შეფასებათა სისტემაში (3 – მაღალი, 2 – საშუალო, 1 – დაბალი) და კონკრეტული ინტერესის (საკითხის) განხილვისას ერთმანეთს შევადაროთ ღირებულებითი და რისკ ფაქტორები. თუკი ღირებულებითი ფაქტორების ჯამი აღემატება რისკ ფაქტორების ჯამს, უნდა ჩაითვალლოს, რომ ეს ინტერესი სასიცოცხლოა სახელმწიფოსთვის.

 

3

ასევე, სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს საზღვაო თეორეტიკოსის ადმირალ უაილის ნაშრომი “რისკების გამოთვლა”  , სადაც მან გარკვეული “განტოლება” შემოგვთავაზა და ამისათვის შემოაქვს სხვადასხვა სტრატეგიული მახასიათებელი:

P =   სარგებელი წარმატების შემთხვევაში
Cn = საფასური თუ არ ვცადეთ
Cf =  წარუმატებელი მცდელობის საფასური
Cs =  წარმატებული მცდელობის საფასური
S =    წარმატების შესაძლებლობა/მოსალოდნელობა
ზოგადად რისკი ჩნდება მაშინ როცა P/Cf ერთზე ნაკლებია, რაც საფუძველს წარმოადგენს, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მცდელობა ვერ იქნება წარმატებული. შესაბამისად:
თუ, P x S < Cf (1-s) – არ ღირს მცდელობა
თუ, P x S > Cf (1-s) – ღირს ვეცადოთ
საბოლოოდ, რისკი წარმოდგენილია, როგორც უტოლობა:
Cf/Cs < /(1-S)

ავტორი გვაფრთხილებს, რომ, აქ წარმოდგენილი განტოლების არც-ერთი სტრატეგიული ფაქტორი არ შეიძლება გამოსახული იყოს არითმეტიკული მნიშვნელობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ეს გააბუნდოვნებს მსჯელობის ფაქიზ საზღვრებს და გაურკვეველს გახდის ისედაც მყიფე და ხელშეუხებელ ბალანსს”.

რისკების შეფასება დინამიური პროცესია, რაც, დამკვირვებლისაგან კარგ ყურადღებას და მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს უსაფრთხოების საკვანძო ცვლადებს შორის (მიზნები, გზები, საშუალებები) დისბალანსის აღმოჩენისა და კორექტირებისათვის. კორექტირების ამ პროცესს რისკების მართვა ეწოდება.

აქაც, როგორც ზოგადად სტრატეგიაში “მარტივი” მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ფრანგ გენერალ ბოფრეს ეკუთვნის, რომელიც გვაძლევს სტრატეგიის დაბალანსების სხვადასხვა ვარიანტს.

მიზნების ცვლილება. როდესაც კონკრეტული მიზნის მიღწევის საფასური ძალზედ დიდია, ან/და მოწინააღმდეგეზე ეფექტიანად ზემოქმედების საშუალება შეზღუდულია, მიმართავენ მიზნების გადახედვას და უფრო რეალისტური მიზნების ფორმირებას. მაგალითად, ტერიტორიული საკითხი საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესია, მაგრამ  საუკუნის წინ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების თემა არ ფიგურირებს სახელმწიფოს დღევანდელ სასიცოცხლო ინტერესებში. სომხეთის ინტერესებში ეს თემა ფიგურირებს შეფარვით, როდესაც საუბარია ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე სომეხთა გენოციდთან მიმართებაში.

საშუალებების ცვლილება. რესურსების გაზრდა ან გადაჯგუფება ზოგჯერ იძლევა სასურველ შედეგს სტრატეგიის განხორციელებისა და მიზნების მისაღწევად. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს ყოველთვის არ არის რაოდენობრივი გადაწყვეტილება. რესურსები, ზოგჯერ, ისეთი ცვალებად ელემენტებსაც გულისხმობს, რომლის წინასწარ გათვლა და გაზომვა ძნელია. მაგალითად, ხალხის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ ქვეყანაში და მხედველობაშა მისაღები სტრატეგიული გათვლებისას, მიუხედავად იმისა, რომ მისი დათვლა ძნელია.

გზების, კონცეფციის ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ მიზნები კეთილგონივრულია და რესურსებიც ადექვატური, რეალიზაციის მრავალი გზა და შესაბამისად, წარმატების სხვადასხვა ალბათობა შესაძლოა არსებობდეს. კონცეფცია მოსაწონია, როდესაც იძლევა მინიმალური დანახარჯებით და დაბალი რისკით დასახული მიზნების მიღწევის მაღალ ალბათობას. ამასთან აღსანიშნავია, რომ, როდესაც საქმე სასიცოცხლო და მნიშვნელოვან ინტერესებს ეხება, სტრატეგიის მიზანი გამარჯვებაა და არა რესურსების დაზოგვა. ამიტომ, მიზნის მისაღწევად რამოდენიმე მოქნილი გზა უნდა არსებობდეს, წინასწარ გათვლილი რესურსების გადანაწილების ვარიანტებით და მანევრის განხორციალების  შესაძლებლობით. ამასთან ერთად, მოქმედებათა ანალიზი არ უნდა იძლეოდეს მოწინააღმდეგის მიერ საბოლოო ჩანაფიქრის გამოცნობის საშუალებას.

რისკების გადაფასება. დროთა განმავლობაში, ზოგიერთი საფუძვლიანი ვარაუდი შესაძლოა მოძველდეს და მცდარი აღმოჩნდეს. ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და შეჯერებაა აუცილებელი, რომ დროულად მოხდეს სტრატეგიული ცვლადების (მიზანი-გზა-საშუალება) კორექტირება და დარღვეული ბალანსის აღდგენა.

 

მოდელი სტრატეგიის ფორმულირებისათვის

სტრატეგია სამი მარტივი კომპონენტის ურთიერთქმედებისაგან შედგება: მიზნები, გზები და საშუალებები. ამ თვალსაზრისით ის უმარტივესია. ამასთან ერთად, როგრც სტრატეგიის სხვადასხვა ასპექტის განხილვისას გამოჩნდა, ეს სამი კომპონენტი ვარიაციათა დიდ სიმრავლეს ქმნის, რომელთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი არა თუ არ ექვემდებარება გაზომვას, არამეტ არც კი არის ხელშესახები. ამ თვალსაზრისით სტრატეგია უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება. ამასთან ერთად, ის ასევე თავისებურად მეცნიერულიც არის, იმ გაგებით, რომ ექვემდებარება ანალიზს და მოდელირებას, რაც მოითხოვს საერთო ტერმინოლოგიის და პრინციპების დაცვას და დისციპლინირებულ, მაგრამ შემოქმედებით აზროვნებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ფორმულები არ იძლევიან პირდაპირ, აწონილ პასუხებს და არც გამოიყენებიან ისე, როგორც ჩვენ მათემატიკურ ფორმულებს ვიყენებთ. ეს ფორმულები და დიაგრამები მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტებია პრობლემათა წარმოჩენისთვის  და სტრატეგიული აზროვნების განვითარებისათვის.

ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს წარმოადგენს აშშ არმიის ომის კოლეჯის სახელმძღვანელო, სადაც თანმიმდევრული მოქმედებების ფორმით არის გადმოცემული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების მეტ-ნაკლებად სრული სურათი:

ა)    ეროვნული ინტერესების იდენტიფიკაცია;
ბ)    თითოეული ინტერესისათვის ინტენსივობის ხარისხის მინიჭება;
გ)    სტრატეგიული გარემოს (პრობლემების, ტენდენციების, საფრთხეების; გამოწვევებისა და შესაძლებლობების) ანალიზი ინტერესებთან მიმართებაში;
დ)    ეროვნული მიზნების ჩამოყალიბება;
ე)    სხვადასხვა ალტერნატიული კონცეფციის (გზების) გააზრება და განხილვა ხელმისაწვდომი ან საჭირო რესურსების ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად;
ვ)    ყველა გააზრებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისთვის განისაზღვროს არის თუ არა ის:
•    შესაძლებელი – გვაქვს თუ არა საშუალებები რომ აღვასრულოთ კონცეფცია
•    მისაღები – აქვს თუ არა საშინაო მხარდაჭერა, არის თუ არა კანონიერი, ეთიკური, ღირს თუ არა საფასური რაც უნდა გადავიხადოთ
•    შესაბამისი – მიგვიყვანს თუ არა სასურველ მიზანამდე
ზ) რისკების შეფასება
თ) რეკომენდაციების შემუშავება
საბოლოოდ, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების პროცესი, პერმანანტული პოლიტიკური პროცესია, რომლის მიზანი უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის დაბალანსებაა. მუდმივად ხდება შეფასება და გადაფასება: რამდენად შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების მიზნები და ამოცანები ეროვნულ ინტერესებს; სახელმწიფო ძალაუფლების რა ელემენტები და ინსტრუმენტები და რანაირად (სტრატეგიული კონცეფციით) უნდა იქნას გამოყენებული ამ მიზნების მისაღწევად; არის თუ არა ქვეყანაში არსებული რესურსები საკმარისი.

თუ მიზნები არ იძლევიან ინტერესების რეალიზაციის მაღალ ალბათობას, ან/და კონცეფცია არ უზრუნველყოფს მიზნების მიღწევას, ან/და არასაკმარისია რესურსები, – ითვლება რომ სტრატეგია არ არის დაბალანსებული.

•    ამ შემთხვევაში ან უსაფრთხოების მთლიანი განტოლება არის გადასახედი, ან უნდა დაუშვათ მაღალი რისკის ალბათობა.
•    თუკი ნაციონალურ დონეზე გადაწყდება რომ რისკის დონე მიუღებელია მაშინ სამი გზა არსებობს
    შემცირდეს (მოიხსნას) ამოცანა
    შეიცვალოს კონცეფცია
    გაიზარდოს რესურსები

strategiis_formulirebis_modeli

დანართი 1
განმარტებები

ეროვნული უსაფრთხოება კოლექტიური ტერმნი, რომელიც მოიცავს შეერთებული შტატების ეროვნულ თავდაცვასა და საგარეო ურთიერთობებს. კერძოდ, პირობები რაც არის შექმნილი: ა) სამხედრო ან თავდაცვითი უპირატესობით ნებისმიერ უცხო ერზე ან ერთა ჯგუფზე; ბ) ხელსაყრელი საგარეო ურთიერთობითი პოზიციით გ) თავდაცვითი მდგომარეობით, რაც უზრუნველყოფს წინ აღუდგეს მტრულ ან დამანგრეველ მოქმედებას შიგნიდან თუ გარედან, ღიას თუ დაფარულს.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაეროვნული ძალაუფლების განვითარების, გამოყენების და კოორდინაციის შესახებ აშშ პრეზიდენტის მიერ მიღებული დოკუმენტი, იმ მიზნების მისაღწევად, რაც უზრუნველყოფს ეროვნულ უსაფრთხოებას

ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები “საფუძველი ქმედითი ეროვნული მიზნების განვითარებისათვის, რაც განსაზღვრავს აშშ ამოცანებსა და მისწრაფებებს. ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები მოიცავს: აშშ პოლიტიკური იდენტურობის, შეხედულებათა სისტემისა და ინსტიტუტების დაცვა; ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარება; საერთაშორისო წესრიგის განმტკიცება, აშშ-სა და მისი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესების მხარდაჭერა”

ეროვნული პოლიტიკა – ხელისუფლების მიერ ეროვნულ დონეზე მიღებული მოქმედებათა (აქციათა) ფართო მიმდინარეობა ან მისი სახელმძღვანელო განცხადებები ეროვნული მიზნების მისაღწევად

ეროვნული თავდაცვის სტრატეგიათავდაცვის სახელმწიფო მდივნის მიერ მიღებული დოკუმანტი აშშ შეიარაღებული ძალების, თავდაცვის სხვა სააგენტოების და ეროვნული ძალაუფლების სხვა ინსტრუმენტების კოორდინირებულად გამოყენების შესახებ, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული მიზნების მისაღწევად

სტრატეგიული კონცეფცია – აქცათა (მოქმედებათა) მიმართულება მიღებული (გამომდინარე) სტრატეგიული სიტუაციის შეფასებიდან. ეს განსაზღვრება უნდა იყოს ფორმულირებულირებული, ზოგადი და მოქნილი ტერმინოლოგიით, რათა გამოყენებულ იქნას სამხედრო, დიპლომატიური, ეცონომიური, ინფორმაციული და სხვა იმ ზომების ჩამოსაყალიბებლად, რაც მისგან გამომდინარეობს.

 ომის სტრატეგიული დონეომის დონე სადაც ერი, ხშირად როგორც ერთა ჯგუფის წევრი, განსაზღვრავს ეროვნული ან მრავალეროვნული (ალიანსის ან კოალიციის) უსაფრთხოების სტრატეგიულ მიზნებს და ხელმძღვანელობას, განავითარებს და გამოიყენებს ეროვნულ რესურსებს ამ მიზნების მისაღწევად. ამ დონეზე მოქმედებისათვის დგინდება ეროვნულ და მრავალეროვნულ სამხედრო მიზნები; ინიციატივათა თანმიმდევრობა; განისაზღვრება შეზღუდვები და ფასდება რისკები სამხერო და ეროვნული ძალაუფლების სხვა ინსტრუმენტების გამოყენებისათვის; ვითარდება გლობალური გეგმები ან ომის თეატრის გეგმები დასახული მიზნების მისაღწევად; ხორციელდება სამხედრო ძალების და სხვა შესაძლებლობების მიწოდება სტრატეგიული გეგმების შესაბამისად.

ეროვნული ძალაუფლება - საშუალება რაც ერს ანიჭებს შესაძლებლობას გავლენა მახდინოს სხვა აქტორის ქცევაზე საკუთრი ინტერესების შესაბამისად (მორგანტაუ). ძალაუფლება არ არის აბსოლუტური, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულ კონტექსტს.

 

 

ლიტერატურა

გვ. 2

Encyclopedia Britannica, Strategy, Fundamentals

politikam Tanamedrove azri SeiZina vestfaliis zavis Semdeg (1648w.), rodesac dasabmi

eZleva Tanamedrove saxelmwifos formirebas.

Onisander (1st century AD) a Greek philosopher. The author of Strategikos (Στρατηγικός), a work on the duties of a general.

The Strategicon or Strategikon (Στρατηγικόν), manual of war written in the late 6th century and usually

attributed to Byzantine Emperor Maurice, 582-602 AD. Wikipedia, http://en.wikipedia.org/wiki/Strategicon_of_Maurice;

Sextus Julius Frontinus (ca. 40-103 AD). The author of the Strategemata, examples of military stratagems from Greek and Roman history. http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Frontinus/Strategemata/home.html

გვ. 3

Wikipedya, the Free Encyclopedia – Definition of Strategy;

DOD Dictionary of Military and Associated Terms;

Dictionary of Military Words http://www.militarywords.com/result.aspx?term=strategy

Carl Won Clausevitz, On War, book 2, chapt. 1, p. 128, Prineston edition

გვ. 4

B. H. Liddel Hart; Strategy, chapt. XIX, p. 321, Meridian, second revised edition

Merriam-Webster; Dictiaonary and Tresaurus http://www.merriam-webster.com/dictionary/Strategy

James E. King Lexicon of Military Terms, 1960, p. 14

DoD JP 1-02 http://www.dtic.mil/doctrine/jel/new_pubs/jp1_02.pdf

DoD JP 1-02, p. 370 http://www.dtic.mil/doctrine/jel/new_pubs/jp1_02.pdf

გვ. 5

NATO Glossary of Terms and Definitions p. 2-S-13 http://www.nato.int/docu/stanag/aap006/aap-6-2009.pdf

erovnuli usafrTxoebis ierarqiaze, romelic iwyeba erovnuli Rirebulebebidan da urTierTmimarTebebze am ierarqiis SigniT, Semdgom paragrafebSi dawvrilebiT gveqneba

saubari

გვ. 6

magaliTad, US AWC Stretegic Studies Institute Guide to National Security Issues, third edition 2008, Gudeline for Strategy Formulation. p. 275

Rebuilding Iraq: More Comprehensive National Strategy Needed to Help Achieve U.S. Goals, Washington,

DC: Government Accountability Offce, 2006, p. 2.

Angelo Codevilla and Paul Seabury, “War: Ends and Means” p. 251. Potomak Books inc. 2006.

გვ. 7

marTalia dRes saxezea saxelmwifos transformacia, magram erovnuli usafrTxoebis Tanamedrove dasavluri sistema jer isev erovnuli saxelmwifos arsebul models efuZneba.

გვ. 8

zogierTi mecnieri amtkicebs, rom xelsayreli msoflio wesrigi aseve warmoadgens aSS fundamentur Rirebulebas.

გვ. 9

idea ekuTvnis: Donald Neuchterlein “National Interests and National Strategy,” in Terry

L. Heyns, ed., Understanding U.S. Strategy: A Reader, Washington, DC: National Defense University, 1983, p. 38

გვ. 10

sayuradReboa, vietnamis omis Semdeg, aSS yofili saxelmwifo mdivnis k. uainbergeris mier Camoyalibebuli principebi, romlic awesebs SezRudvebs samxedro Zalis gamoyenebaze, romlis Tanaxmad xelisuflebam samxedro Zalis gamoyenebisagan Tavi unda Seikavos Tuki:

 qveynis sakuTari an mokavSireTa sasicocxlo interesebi ar aris safrTxis qveS anda safrTxe bundovnia;

 ar aris SesaZlebeli iseTi Zalis (da imdagvarad) Cabma, rac iZleva wrmatebis garantias;

 naTlad da winaswar ar aris gansazRvruli samxedro Zalis gamoyenebis politikuri da samxedro miznebi da omis dasrulebis pirobebi (kriteriumebi);

 arsebobs Seusabamoba dasaxul miznebsa da Tavdapirvelad gaTvlil resursebs Soris;

 Zalis gamoyenebisaTvis ar arsebobs saerTo erovnuli mxardaWera, rac legitimurad arCeuli umaRlesi skanonmdeblo organos mier dasturdeba;

 ar aris amowuruli yvela sxva saSualeba.

გვ. 12

bevri mecnieri iyenebs zogad ganmartebas. mag. “the ability to influence the behavior of others in accordance with one’s own ends.” A. F. K. Organski, World Politics, 2d ed. (New York: Knopf, 1968), p. 104

გვ. 13

Carl von Clausewitz, On War, trans. Michael Howard and Peter Paret (Princeton, N.J.: Princeton Univ.

Press, 1976), p. 119.

David Jablonski, National Power, US AWC Guide to National Security Strategy and Policy, p. 89. Strategic Studies Institute 2006. sayuradReboa, rom Zalauflebis Sefasebis aRniSnuli tradicia dRemde ar Secvlila. ixileT analogiuri gamocemebi 2004 – 2008 w.w.

გვ. 14

Мартин Ван Кревельд, Трансформация Войны, гл. VII стр. 287-300

გვ. 15

http://www.militarywords.com/result.aspx?term=elements+of+national+power

გვ. 18

qveynis Tavdacvaze dawvrilebiT aris saubari statiaSi: “saqarTvelos samxedro strategia – koncefctualuri xedva”, gazeT 24 saaTis samxedro damateba # 18, 27-3 oqtomberi 2004”

გვ. 21

Ray S. Cline, World Power Trends and U.S. Foreign Policy for the 1980s, Westview Press, 1980, p. 13.

გვ. 22

Arthur F. Lykke, Jr. “Toward an Understanding of Military Strategy” US AWC Guide to Strategy 2001, chp.13, P.183

გვ. 23

Donald E. Neuchterlein, America Overcommitted: United States National Interests in the 1980s, (University Press of Kentucky, 1985), pp. 18-28.

J. C. Wylie, “The Calculation of Risk,” United States Naval Institute Proceedings, July 1953, p. 725

გვ. 24

Andre Beufre, An Introduction to Strategy, New York: Praeger, 1965, p. 20.

გვ. 25

US AWC Gudeline for Strategy Formulation. p. 275