error
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ პრიზმაში ბეჭდვა
ოთხშაბათი, 13 მარტი 2013 12:39
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ პრიზმაში

(თამაზ იმნაიშვილი- საქართველოს გენერალთა კლუბის
საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრის უფროსი.
თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი)


საბჭოთა კავშირისეული ტერმინი ამიერკავკასია, სოციალისტური სივრცის დაშლამ ახლა ტერმინად გადააკეთა, რომელიც გეოგრაფიული და პოლიტიკური თვალსაზრით გაცილებით უფრო უპრიანი და გამართულია - სამხრეთ კავკასია.
ახალი ტერმინის დამკვიდრება გარკვეულწილად ამ რეგიონის რუსული გავლენის სივრციდან ამოვარდნის მცდელობაა.  1990-იანი წლების დასაწყისიდან სამხრეთ კავკასია, როგორც ცალკე აღებული რეგიონი, ისე განიხილებოდა, რომელზე გავლენის მოსაპოვებლადაც გეოპოლიტიკურ ბრძოლას დასავლეთი და რუსეთი აწარმოებდნენ. თუმცა მეოცე საუკუნის ბოლო წლებიდან ამ ბრძოლაში ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ: თურქეთი, ირანი და ჩინეთიც კი.

ჩინეთის ინტერესები ერთი შეხედვით საკმაოდ ბუნდოვნად და უცნაურადაც კი ჩანდა, მაგრამ ჩინეთის გეოპოლიტიკური ინეტერესებიდან გამომდინარე, მის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა ევრაზიული  გეოპოლიტიკური სივრცის გზაჯვარედინზე  მყარად მოეკიდებინა ფეხი. ამ მიზნის მისაღწევად ჩინეთმა საკუთარი დემოგრაფიული პოლიტიკური ინსტრუმენტები აამოქმედა _ დემოგრაფიული ექსპანსია კავკასიაში. საქართველოს მოსახლეობა მეოცე საუკუნის ბოლო წლებიდან მოყოლებული ყოველდღიურად ხედავდა ჩინური წარმოშობის ადამიანთა ჯგუფების გამოჩენას ქართული სახელმწიფოს სივრცეში. თავიდან ისინი დედაქალაქში სახლდებოდნენ, შემდეგ პრაქტიკულად ყველა რაიონში შეაღწიეს. ადგილობრივ გარემოში ადაპტაციაც არ გასჭირვებით.  იაფფასიანი ფართო მოხმარების საქონელმა ბაზრის ამ სეგმენტის დიდი ნაწილი აითვისა. სომხეთში ჩინელ მიგრანტებს ძალიან გაუჭირდათ. სომხურმა საზოგადოებამ საფრთხე თავიდანვე რეალურად აღითქვა და ერთმანეთისადმი  სოლიდარობით პრაქტიკულად უარი თქვეს ჩინური ნაწარმის ყიდვაზე, რითაც ჩინელ მიგრანტებს ადგილზე დამაგრების და ადაპტაციის საშუალება არ მისცეს. 

Caucasus

2004 წლისათვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა გახდა ჩინეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი პოლიტიკური კურსის ამ მიმართულებაზე პრიორიტეტების ცვლილებების  მიზეზი, მაგრამ ცხადია, რომ ჩინური მიგრაცია შენელდა და გარკვეული ნაწილი სხვაგან გადაბარგდა კიდეც.

გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიაში
ამ პერიოდისათვის რამდენიმე დიდი ცვლილება მოხდა მსოფლიო პოლიტიკაში, რომელიც ასე თუ ისე აისახა სამხრეთ კავაკასიაზე. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებული ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ გამართლებულად მიიჩნია ამერიკულმა საზოგადოებამ და ჯორჯ ბუში უმცროსი კიდევ ერთხელ აირჩია აშშ-ს პრეზიდენტად. რესპუბლიკური პარტიის ავანგარდმა, ნეოკონსერვატულმა ფრთამ ანუ იგივე ნეოკონებმა ახალი ძალით დაიწყეს აგრესიული პოლიტიკის გატარება რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ. პოსტსაბჭოურ სივრცეს ფერადი რევოლუციების ტალღამ გადაუარა, რაც რუსული გავლენის შესუსტებას ემსახურებოდა. ყველაზე წარმატებული ეს პროექტი სამხრეთ კავაკსიაში, კერძოდ კი საქართველოში აღმოჩნდა. სახელმწიფოში ახალი, მკვეთრად პროამერიკულად გამოცხადებული ხელისუფლება მოვიდა ნაციონალური მოძრაობის და  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელსაც პრეზიდენტმა ბუშმა მისი საქართველოში პომპეზური ვიზიტით პრაქტიკულად კარტ-ბლანში მისცა სამოქმედოდ. რევოლუციის მცდელობამ  კრახი განიცადა აზერბაიჯანში და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო სახელმწიფოში, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების სწრაფვის ტემპი შენელდა. ალიევმა ბალანსის პოლიტიკის გატარება დაიწყო საგარეო  პოლიტიკურ კურსში. ერთის მხრივ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების აწყობა, ხოლო მეორეს მხრივ ნატოსთან თანამშრომლობა თურქეთის მეშვეობით.,  პარალელურ რეჟიმში  შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის გეგმა აამოქმედა. ენერგეტიკულ მატარებლებზე ფასების ზრდამ აზერბაიჯანს ნახტომისეული განვითარების და სწრაფი გამდიდრების საშუალება მისცა და პრაქტიკულად შიდა რესურსების განკარგვის მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოს უსაფრთხეობის გაძლიერება გახდა.
2004-2005 წლებიდან ანუ პრეზიდენტ პუტინის ხელმეორედ არჩევის შემდეგ რუსეთმა დაჩქარებული ტემპებით დაიწყო სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროების სრული ათვისება და მონოპოლიური გავლენის მოპოვება. 2010 წლისათვის რუსეთის მართვის ქვეშ გადავიდა სომხური ეკონომიკის თითქმის 75-80%. ხოლო 2007 წელს დადებულმა  სამხედრო-პოლიტიკურმა ჩარჩო ხელშეკრულებამ, რომელიც გულისხმობს რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებას სომხეთის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დასაცავად, პრაქტიკულად დაამკვიდრა რუსეთის სამხედრო შემადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
სომხეთის სტრატეგიული თანამშრომლობის მეორე ვექტორი ირანისკენაა მიმართული. ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებისთანავე სომხეთს გარე სამყაროსთან კომუნიკაციიის პრობლემები შეექმნა, რომელსაც საქართველოს და ირანის საშუალებით აბალანსებდა. სომხეთის ირანთან სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთის ინტერესებშიც შედიოდა. ირანის არც თუ კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან სომხეთ-რუსეთის ტანდემისათვის რეგიონში სამოქმედოდ კარგი ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო და საჰაერო კომინიკაციები შეწყდა, ირანი გაცილებით მაღალი ხარისხის სტრატეგიული პარტნიორი გახდა სომხეთისათვის. ეს ფაქტორები აზერბაიჯანისთვის უდიდესი საფრთხის მატარებელი შეიქმნა ყარაბაღის და აზერბაიჯანის 6 რაიონის უკან დასაბრუნებლად, რომელიც დღეისათვის სომხეთს აქვს ოკუპირებული. სომხეთ-ირან-რუსეთის გეოპოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერების საპირისპიროდ აზერბაიჯანმა ინტენსიურად დაიწყო საგარეო-პოლიტიკური კურსის გაძლიერება სტრატეგიული პარტნიორების შესაძენად. სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა განამტკიცა ისრაელთან და საუდის არაბეთთან, შეიარაღებული ძალების მომზადების, იარაღის მიწოდების სფეროს და შემდგომში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასაძლიერებლად. განსაკუთრებულად გააძლიერა თანამშრომლობა თურქეთთან, რომელიც დღეისათვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია მისთვის. აზერბაიჯანმა სომხეთ –რუსეთის ტიპის ხელშეკრულება გააფორმა თურქეთთან სამხედრო დახმარების თაობაზე და პრაქტიკულად ამით სამხრეთ კავკასიაში ნატოს და ~ ОДКБ~ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ანუ იგივე რუსეთის ინტერესები დაეჯახა ერთმანეთს. აზერბაიჯანმა შეიარაღების თვალსაზრისით, რომელიც მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების უპირატესობაში გამოიხატებოდა სომხეთის სასარგებლოდ, გაათანაბრა პოტენციალი, ხოლო ადამიანური და ფინანსური თვალსაზრისით ბევრად გაუსწრო სომხეთს.
აზერბაიჯანისთვის თურქეთის შერჩევა მთავარ სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორად პრაგმატული და კარგად გათვლილი სვლაა. თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. ამით აზერბაიჯანი ნატოს სივრცეს უახლოვდება და მასთან პარტნიორულ თანამშრომლობაშია. თურქეთი მონათესავე ერია, ორივე ე.წ. `დიდი თურანი~-ს სივრცის შემადგენლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი სუნიტური სახელმწიფოა, ხოლო აზერბაიჯანი შიიტური, ორივე სახელმწიფოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსულმანური რწმენის მიმდევარია და ეთნიკური, კულტურული და მენტალური ასპექტით ახლოს დგანან ერთმანეთთან. Aარც ერთ სახელმწიოფში რელიგია არ წარმოადგენს სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის წარმართველ ძალას. რელიგიის უმთავრესი მიზანი გარდა სულიერი საზრდოსი, ეთნიკური იდენტობის და საზოგადოების სოლიდარობის ინსტრუმენტს წარმოადგენს  
2005-2006 წლებიდან სამხრეთ კავკასიაში ასეთი გეოპოლიტიკური სურათი შეიქმნა.
რეგიონის სამივე სახელმწიფომ საკუთარი სტრატეგიული პარტნიორი აირჩია, ყველა ამ სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც გეოპოლიტიკის დიდ მოთამაშეს, საკუთარი ინტერესები გააჩნია ამ რეგიონში და ისინი სხვადასხვა ასპექტებში ერთმანეთის მიმართ პატრნიორებიც არიან, მაგრამ ზოგიერთ სფეროში, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ერთამანეთს უპირისპირდებიან გავლენის მოსაპოვებლად.  რუსეთი და ირანი ერთმანეთისთვის კარგი პარტნიორები არიან და დღემდე რუსეთი ირანს მხარს უჭერს მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის შექმნის გზაზე, თუმცა იგივე რუსეთისთვის უდიდესი გამოწვევა იქნება, თუ ირანი თერმბირთვული იარაღის მატარებელი სახელმწიფო გახდება. ამის შემდეგ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში ისედაც შესუსტებულ გავლენას საბოლოოდ დაკარგავს. თურქეთი და აშშ ნატოს სივრცის გამორჩეული სახელმწიფოები არიან და მათი სტრატეგიული თანამშრომლობა აგერ უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება, მაგრამ თურქეთის ამბიციები, რომელიც ბოლო 5 -6 წლის განმავლობაში ღიად და ცალსახად ფიქსირდება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, გახდეს მუსულმანური სამყაროს ლიდერი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დომინანტი სახელმწიფო, აშკარად არ შედის არც ევროპის, არც ნატოს და მითუმეტეს არც აშშ-ს ინტერესებში.
ძალთა გადანაწილების ასეთმა კონფიგურაციამ, როგორიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა და ახლო აღმოსავლეთის სივრცეზეც ვრცელდება, პოლიტიკოსთა, მეცნიერთა და პოლიტოლგთა უდიდეს ნაწილს მისცა საშუალება სამხრეთ კავკასია ახლო აღმოსავლეთის სუბრეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილონ. ამ სუბრეგიონის ნებისმიერ სახელმწიფოში განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური პროცესები გარკვეული დოზით აისახება სხვა სახელმწიფოებზეც და ცვლის საერთო გეოპოლიტიკურ სუართს.

თურქეთის გეოსტრატეგიული მიზნები- დიადი თურანი
ამ ოთხი დომინანტი სახელმწიფოდან სამხრეთ კავკასიისადმი რუსეთის ინტერესი უკვე სამი საუკუნეა ცნობილია და საერთო პოლიტიკური კურსის არსი არ იცვლება. აშშ-ს ინტერესები სოციალისტური ბანაკის  დაშლის შემდეგ ღიად გამოიხატა და როგორც მსოფლიოს სუპერსახელმწიფო, მისი ინტერესებიც უკვე კარგა ხანია ცნობილია. ირანი თავისი თერმობირთვული პროგრამის იდეაფიქსით შეპყრობილი მსოფლიოს თავსატკივარად გადაიქცა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრი სანქციების დაწესების გამო უკვე ნაკლებ აქტიური გახდა.
სამხრეთ კავკასიისთვის ახლო მომავალში დიდის ალბათობით ყველაზე დიდი გამოწვევაც და შესაძლებლობაც თურქეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი და მისი გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელების სტრატეგია გახდება.

ამ ნაშრომის მიზანს წარმოადგენს გაანალიზოს, თუ რა გამოწვევების ან შესაძლებლობების მატარებელია თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელების სტრატეგია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისათვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის.
სანამ ამ თემას გავშლიდეთ სასურველია ითქვას, რომ თურქეთი უპირველესად საკუთარი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ეს ქმედება შესაძლებელია სხვა სახელმწიფოსთვის გამოწვევად, რისკად ან კიდევ დიდ საფრთხედ გადაიქცეს. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების უპირველეს მიზანს თურქეთის ამბიციების არსის გაგება უნდა წარმოადგენდეს, რათა საკუთარი სტრატეგიული გეგმები შეიმუშაონ იქიდან წამოჭრილი გამოწვევების, რისკების და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად იმ პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტურად გამოსაყენებლად, რომელიც ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობების საფუძველზე გახდება შესაძლებელი.
თურქეთის სახელმწიფო 75 მილიონი მოსახლეობით, 784 ათასი კმ.კვ ტერიტორიით მსოფლიოს სახელმწიფოების რეიტინგში 36–ე ადგილზეა, ხოლო ტრილიონ დოლარზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტით და ეკონომიკური სიძლიერის მიხედვით მსოფლიოში მე-15 ადგილს იკავებს. Nნატო-ს წევრ სახელმწიფოთა შორის აშშ-ს შემდეგ რაოდენობრივი თვალსაზრისით სიდიდით მეორე სამხედრო ძალები ჰყავს 720 ათასი სამხედროთი, 90 ათასიანი რეზერვით და 12 მლრდ დოლარიანი სამხედრო ბიუჯეტით. 2017 წლისათვის კი სამხედრო ხარჯების გაზრდას 20 მლრდ დოლარამდე გეგმავს.
1959 წელს თურქეთმა პირველად გამოთქვა სურვილი ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ მოლაპარაკებების თემა იყო და პრაქტიკულ განხორციელებამდე არ მიდიოდა. 2003 წელს  პრემიერ მინისტრად რეჯებ თეიფ ერდოღანის არჩევის შემდეგ  თურქეთმა ძლიერი წინსვლა განიცადა პრაქტიკულად ყველა სფეროში და აზია-აფრიკიდან ევროპაში ენერგეტიკული რესურსების გადაზიდვების საკვანძო სახელმწიფოდ გადაქცევამ მას მსოფლიო პოლიტიკაში განსაკუთრებული როლი შესძინა. Aამ როლმა კი მას ამბიციები გაუჩინა, რომლის განხორციელებასაც მიზანმიმართულად და მეთოდურად ეწევა ერდოღანის ხელისუფლება..
2004 წელს ევროკავშირსა და თურქეთს შორის მილაპარაკებების ახალი ფაზა დაიწყო, სადაც თურქეთი უკვე კატეგორიულად ითხოვდა მის მიღებას ამ ორგანიზაციაში, თუმცა 2009 წელს მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შევიდა და დიალოგის აქტიური ფაზა ამით დასრულდა.
2012 წლის ნოემბრის დასაწყისში ერდოღანის ვიზიტს გერმანიაში შეიძლება ისტორიულიც ეწოდოს. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას ერდოღანმა მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო განაცხადა, რომ თუ ევროპას არ სჭირდება თურქეთი, არც თურქეთს აღარ უნდა ევროკავშირში გაერთიანება. თუ მომავალში ევროკავშირი სთხოვს მას ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თურქეთი სერიოზულად დაფიქრდება, უღირს თუ არა ეს.
თურქეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი, დოქტორი მეჰმედ აკიფ ოყური თავის ნაშრომში ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ტენდენციების შესახებ წერს, რომ მსოფლიო ერთპოლარული პოლიტიკიდან მრავალპოლარულზე გადადის, აშშ-მ შეამცირა თავისი ინტერესები ახლო აღმოსავლეთში და შუა აზიის რეგიონისკენ აძლიერებს თავის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ვაკუუმი იქმნება, რომელიც უნდა შეივსოს. სწორედ თურქეთის ინტერესებშია ამ ვაკუუმის შევსება და მან ევროპის მაგივრად თავისი გეოპოლიტიკური ვექტორი აქეთკენ უნდა მიმართოს.
თუ გავითვალისწინებთ თურქეთის ხელისუფლების მიერ გადაგმულ ბოლო პერიოდის რამდენიმე პოლიტიკურ ნაბიჯს, ღიად შეიძლება დავინახოთ, რომ დოქტორ ოყურის მოსაზრება პრაქტიკულად ხორციელდება.
ჯერ კიდევ 2012 წლის 8 ივნისს ტრაბზონში თურქეთ –საქართველო _ აზერბაიჯანს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაფორმდა კომუნიკე საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
აგვისტოს დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა გააკეთა განცხადება `დიადი თურანი~-ს ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. შეიქმნა და დამტკიცდა დიადი თურანის დროშაც.

Asia

2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ბიშკეკში ამ ოთხი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთიანი სატრანსპორტო კორიდორის შექმნის ხელშეკრულებას. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ სატრანსპორტო კორიდორი თურქეთი (საქართველოს გავლით)-აზერბაიჯანი- კასპიის ზღვა ყაზახეთი-ყირგიზეთი ვიდრე ჩინეთამდე დიდი თურანის სივრცის გასაძლიერებლად სერიოზული მექანიზმია.
Aამავე სექტემბრის თვეში პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა გააკეთა განცხადება `მუსულმანური ნატო~ს შექმნის აუცილებლობის შესახებ. მისი სიტყვებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონს თავის უსაფრთხოების ძალები უნდა ჰყავდეს, რათა პასუხისმგებლობა აიღოს ამ რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებაზე.
ამ წლის ნოემბრის დასაწყისში ერდოღანმა ოფიციალურად განაცხადა ე,წ, `ლირაზონის~ შექმნის აუცილებლობის შესახებ. მისი სიტყვებით, `ლირაზონა~ არ იქნება ევროზონის მსგავსი ბოლომდე. ამ ზონაში მოხვედრილი ყველა სახელმწიფო საკუთარი ვალუტით ისარგებლებს და მხოლოდ საგარეო სავაჭრო ურთიერთიობებში იქნება გამოყენებული მთავარ ვალუტად თურქული ლირა.
ერდოღანის ხელისუფლებამ ქვეყანის სათავეში მოსვლისთანავე  ერთ_ერთი პირველი შიდაპოლიტიკური შეტევა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გენერალიტეტზე მიიტანა და 2012 წლისთვის უკვე 300-ზე მეტი უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიცერი, მათ შორის 40-მდე გენერალი დააპატიმრა და გაასამართლა სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობის მუხლით. სამხედრო ხელისუფლების ეს მაღალჩინოსნები დასავლეთის და კერძოდ კი აშშ-ს მთავარ საყრდენს წარმოადგენდნენ ქვეყანაში. ასეთი პოლიტიკური კურსი მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთის ხელისუფლება ცდილობს დისტანცირებას როგორც ევროპისგან ისე აშშ-სგან, რათა დამოუკიდებელი ქმდებების უფრო მეტი ხარისხი მიიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მეცნიერი და პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ისლამი თურქეთში ბოლო ათწლეულში გაძლიერდა, თურქი მეცნიერების, სოციოლოგების ბაჰათინ აკშიტის, რეჯებ შენთურქის და ონდერ ქუჩუკულარის მონოგრაფია, სადაც აისახა 2008-2011 წლებში ქვეყნის უდიდესი ნაწილის ტერიტორიაზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მასალები, სულ სხვა ტენდენციებზე მიუთითებს. ისლამი თურქეთში სახელმწიფოს საერო ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღი გახდა როგორც შიდა ისე საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე. ისლამის სულიერი მოძღვრები სწორედ რომ ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ატარებენ იმ სივრცეში, სადამდეც მიუწვდებათ ხელი. სოციოლოგთა კვლევებით ქვეყნის მორწმუნეთა კონტინგენტის (იგულისხმება თურქული სუნას მიმდევრები), რომელიც ქვეყანაში საშუალოდ 70%-ს აღწევს, უდიდესი ნაწილი - დაახლოებით 74% მხარს მმართველ სამართლიანობის პარტიას უჭერს და თვლის, რომ სწორედ თურქეთი უნდა გახდეს მუსულმანური მსოფლიოს ლიდერი.
ბოლო წლების თურქეთის აქტიურობას თუ გადავხედავათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დავინახავთ, რომ იგი ორ ფრონტზე ანვითარებს საკუთარ გეოსტრატეგიულ ვექტორს. ერთის მხრივ მისი სამხედრო და დიპლომატიური ძალისმხევა მიმართულია არაბული სამყაროს სუნიტური ნაწილისკენ, ერაყი, ლიბანი,  სირია, პალესტინა. ამ რეგიონში, დოქტორ ოყურის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ვაკუუმის შევსებას ცდილობს და საკუთარი გავლენის გაძლიერება უნდა.  ხოლო მეორეს მხრივ თურქეთი ეთნიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ექსპანსიას ეწევა სამხრეთ კავკასიაში.

თურქეთის გეოსტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში

ამ ვექტორზე თურქეთის ძალისხმევა ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს 1988- 2004 წლები და 2004-2012 წლები. აზერბაიჯანი თურქეთის მონათესავე ერია და ამ ორ სახელმწიფოს ერთმანეთთან ურთიერთობაში პრობლემები იშვიათად ჰქონიათ, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მისი ე.წ. `ათვისება~ სერიოზული პრობლემების ფონზე მიმდინარეობდა. თურქეთის მიერ საქართველოში საკუთარი ინტერესების გატარების უახლესი ისტორია 1988 წლის 8 ნოემბრით შეიძლება დავათარიღოთ. Aამ დღეს თურქეთთან მოსაზღვრე სოფელ სარფში (რომელიც 1918 წელს ორ, ქართულ და თურქულ ნაწილად გაიყო) გაიხსნა პირველი თავისუფალი საბაჟო გასასვლელი. Eეს იყო პირველი პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზი სსრკ-სა და ნატო-ს სივრცეს შორის. დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ს უდიდეს ინტერესს წარმოადგენდა ამ გასასვლელით დასავლური ინტერესების ექსპანსია მოეხდინა საბჭოთა სივრცეში. თავდაპირველად ექსპანსიის ინსტრუმენტები წვრილი სავაჭრო ურთიერთობები და თურქი განმანათლებლის და ისლამის მქადაგებლის მოლა ფეთჰულა გიულენის საგანმანათლებლო სისტემის სასულიერო და საერო სკოლების გახსნა გახდა როგორც საქართველოში, ისე მთელს კავკასიაში და შემდეგ კი უკვე შუა აზიაში და რუსეთის ისლამურ ნაწილში. 2000 წლისათვის პოსტსაბჭოურ სივრცეში უკვე 200-მდე საერო და სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულება მოქმედებდა.
თურქეთის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველო წარმოადგენდა, რადგან დიდი თურანის სივრცეში ერთადერთ არამუსულმანურ სახელმწიფოს სწორედ საქართველო წარმოადგენს და იგი ერთგვარ ბარიერად მიიჩნევა ამ სივრცის ასათვისებლად. ფეთჰულა გიულენი თურქი მეცნიერის და იდეოლოგის ზია გიოლქაფის თეორიის `დიადი თურანი~-ს აპოლოგეტი გახლდათ. Mმის საგანმანათლებლო დაწესებულებებში  `დიადი თურანი~- ს იდეა მიზანმიმართულად და მეთოდურად ინერგებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიურ ექსპანსიას პირველ პერიოდში წარმატებები არ მოჰყოლია. პირიქით, 1989-2004 წლები საქართველოს მუსულმანური რეგიონში - აჭარაში ძირძველი რწმენის _ ქრისტიანობის რენესანსის პერიოდად შეიძლება მოინათლოს. ამ რეგიონის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქრისტიანულ რწმენაზე დაბრუნება დაიწყო. გადამწყვეტ თარიღად 1989 წლის 22 აპრილი შეიძლება მივიჩნიოთ. 19 აპრილს აჭარის ყველაზე მორწმუნე მუსულმანი ქართველებით დასახლებულ ხულოს რაიონის სხალთის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, რაც ადგილობრივების მიერ ქრისტიანული ტაძრის ნანგრევების შეუარცხყოფის გამო ღვთის სასჯელად იქნა აღქმული. 22 აპრილს ხეობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქი იმყოფებოდა და  იმ დღეს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით პატრიაქმა ერთდროულად ათასამდე ადგილობრივი მკვიდრი მონათლა ქრისტიანული წესით მდინარე სხალთაში. ამ დღიდან სწრაფი ტემპებით დაიწყო ქრისტიანულ რელიგიაზე დაბრუნება, ტაძრების აღდგენა და ახლების აშენება ამ რეგიონში.
1999 წელს ფეთჰულა გიულენის თურქეთში დაპატიმრებამ მის საგანმანათლებლო ქსელს დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოში და გიულენის სკოლებში სასწავლო მეთოდოლოგიის რეორგანიზაცია გამოიწვია. იგივე ბედი ეწია მის საგანმანათლებლო ქსელს მთელს კავკასიაში.
2004 წლამდე საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები საშუალო დონის სავაჭრო ბალანსით გამოიხატებოდა. თურქი ბიზნესმენები ვერ იკიდებდნენ ფეხს მყარად ქართულ სახელმწიფოში. ამაში განსაკუთრებულ როლს როგორც ცენტრალურ ხელისუფლება, ისე აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე ასრულებდა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამ კი ამ ორ მიმართულებას ახალი იმპულსი მისცა.
ამავე წელს თურქეთის პრემიერ მინისტრად რეჯებ თეიფ ერდოღანი აირჩიეს და მმართველად ქვეყანას სამართლიანობის პარტია ჩაუდგა სათავეში.
ამ პერიოდიდან დაიწყო თურქული ექსპანსიის ამ ორი მიმართულების ხელახალი გაძლიერება საქართველოში. თურქულმა წრეებმა ისლამის გავრცელების მიზნით დაიწყეს სერიოზული ინვესტიციების ჩადება რელიგიური ტაძრების და სასულიერო სკოლების დაფინანსებაში. ფინანსები ჩაიდო არა მარტო აჭარაში, არამედ ეთნიკური აზერბაიჯანლებით დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონშიც. მასობრივად დაიწყო საქართველოს მოქალაქე მუსულმანური რელიგიის მიმდევარი ახალგაზრდების გაგზავნა თურქეთის საერო და სასულიერო სასწავლებელებში. მათთვის სტიპენდიების დანიშვნა და ფინანსური დახმარებების აღმოჩენა ეკონომიკური გასაჭირიდან თავის დაღწევის კარგი საშუალება აღმოჩნდა. ასეთმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და აჭარის მოსახლეობის საკმაო ნაწილი ისევ მიუბრუნდა ისლამის რწმენას.
მეორეს მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარების პოლიტიკურმა კურსმა და ორმაგი მოქალაქეობის შემოღებამ თურქ ბიზნესმენებს საშუალება მისცა სწრაფი ტემპებით მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა და აქედან გამომდინარე საშუალება მიეცათ საკუთარი ბიზნესის სწრაფად განსავითარებლად და უძრავი ქონების შესაძენათ.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ თურქეთი თავისი ეკონომიკური პოტენციალით მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს. ევროპის ბაზარი სრულად გაჯერებულია და ამ ბაზარზე შეღწევა წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით თურქეთისთვის ურთულესი ამოცანაა. აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ თურქი ბიზნესმენების პრიორიტეტების ერთი ვექტორი საქართველოსკენ არის მიმართული, რაც თურქეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტსაც წარმოადგენს. თურქი ბიზნესმენები ფინანსურ სახსრებს არ იშურებენ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებისათვის და ადგილობრივი ბიზნესი კი ამაში მას წინააღმდეგობას ვერ უწევს შესაძლებლობათა ძალიან დიდი დისბალანსის გამო.
ამას ყველაფერს ნაციონალური მოძრაობის მიერ გატარებული პოლიტიკაც უწყობდა ხელს. ორმაგი მოქალაქეობა, რომლის მინიჭების პრეროგატივა პრეზიდენტს აქვს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შრომის კანონმდებლობა, რომელიც დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ აბსოლუტურ უპირატესობაში აყენებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით  ადგილობრივ ბიზნესმენებთან შედარებით განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება უცხოელი ინვესტორებისათვის.  
2006 წელს რუსული ბაზრის ჩაკეტვის გამო თურქეთი გახდა მთავარი პარტნიორი სახელმწიფო საქართველოსთან ურთიერთვაჭრობის სფეროში. 2008 წლის აგვისტოს ომმა კი უფრო დააჩქარა პროცესები და გაზარდა თურქეთის ეკონომიკური შემადგენელი ქვეყანაში. 2012 წლის პირველ სამ კვარტალში ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთბრუნვამ ერთ მიალიარდ დოლარს მიაღწია.  
ხელისუფლების მიერ ქართველების მიმართ ასეთი დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების გამო მთელს საქართველოში და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.
არაოფიციალური მონაცემებით აჭარაში, სადაც დაახლოებით 350 ათასი ეთნიკური ქართველია, 25 ათასამდე თურქეთის მოქალაქე ცხოვრობს, რომელსაც ხელისუფლების მიერ ორმაგი მოქალქეობის კანონით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი ორმაგი მოქალაქე  65 ათასი თურქი ეროვნების პირია.
აჭარაში პრაქტიკულად მთელი ბიზნესი თურქების ხელშია. ბათუმის უძველესი უბანი საზღვაო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, მეჩეთის გვერდით ათამდე დიდი და პატარა ქუჩა მთლინად თურქების მიერ არის შესყიდული და პატარა თურქული ანკლავია შექმნილი.
განსაკუთრებული გაღიზიანება საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია თურქეთში ორი ქართული მართლმადიდებლური ტაძრის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში თურქული ისლამური სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის აღდგენის გამო. აზიზიეს მეჩეთი ოსმალეთის იმპერიის პერიოდში აშენდა, როდესაც აჭარა ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს. კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა ასევე ბათუმის შემოსასვლელში ე,წ,  `ჭაჭის არყის~ კოშკის აშენების გამო. საქმე ის არის, რომ კოშკის არქიტექტურა ოსმალეთის იმპერიალიზმის სიმბოლოდ ითვლება თვით თურქეთში. წლების განმავლობაში ამ პრობლემატიკას ვსწავლობდი და შემიძლია ვთქვა, რომ აჭარის მოსახლეობის გაღიზიანება საზოგადოდ მუსულმანური ტაძრების მშებელობას  კი არ ეხება, არამედ თურქეთის გააქტიურებას ამ სფეროში. გარდა ამისა  ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს მეჩეთის აშენების ადგილი იწვევდა. იმ ტერიტორიაზე, სადაც აზიზიეს მეჩეთი უნდა აშენებულიყო, 1921 წელს აჭარის თურქული ბატონობისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული ქართული არმიის მეომრების მემორიალია და იგი ერთგვარ სიწმინდედ ითვლება საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არც ერთ დონეზე არ ჟღერდება ყარსის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თურქეთი გარკვეულ პრივილეგიებს ინარჩუნებს აჭარის რეგიონზე, რეალურად ეს პრეტენზიები ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იკვეთება. აჭარის მოსახლეობის საკმაო ნაწილის ოჯახებში ორივე რწმენის მიმდევრები თანაარსებობენ და პრობლემა არასდროს შექმნიათ. აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგი რაც არ უნდ გასაკვირი იყოს, უპირველესად აჭარის მუსულმანური უმის (ქრისტიანული გაგებით ეპარქია) წევრები არიან, განსაკუთრებით კი სულიერი მოძღვრები.  საქმე ის არის, რომ აჭარის უმა დამოუკიდებელი ინსტიტუტია. აზიზიეს მეჩეთის და სხვა სასულიერო ტაძრების აშენებაში თურქული ინვესტიციები უნდა ჩადებულიყო. აქედან გამომდინარე ეს ტაძრები თურქული უმის პროტექტორატის ქვეშ გადავიდოდა. Aამ წესით ქართული მუსულმანური უმა კარგავს მრევლს, დამოუკიდებლობას და ხვდება თურქული სასულიერო ხელისუფლების გავლენის ქვეშ.
ბათუმში არაერთხელ იქნა გაჟღერებული ადგილობრივების მიერ, რომ თუ საჭიროება მოითხოვს ადგილობრივი მუსულმანები და ქრისტიანებიც კი ერთობლივად შეაგროვებენ ფულს და საკუთარი ძალისხმევით ააშენებენ სასულიერო ტაძარს, ოღონდ კი თურქული საერო და სასულიერო წრეები არ ჩაერიონ ამ საქმეში. რაც მთვარია, ადგილობრივები სწორედ თურქული მუსულმანობის სიმბოლოს აშენების წინააღმდეგნი არიან და არა საზოგადოდ მეჩეთების.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის ოსმალეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში მტრად და დამპყრობლად მიიჩნეოდა. მხოლოდ ბოლო ოცი წელია თურქეთსა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მაგრამ ის ძველი მენტალიტეტი ქართველებში დღემდე არსებობს.
განსაკუთრებული აღნიშვნის საგანია გურიის რეგიონის ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში განვითარებული პროცესები. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ტრადიციულად ქრისტიანულ რეგიონში გაჩნდა მუსულმანური რელიგიური ტაძრის აშენების პრეცედენტი, რამაც ადგილობრივ ქრისტიანულ მოსახლეობასა და წინა საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში აჭარიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა. რწმენის თავისუფლება ის ღირებულებაა, რომელსაც ქართული სახელმწიფო უპირობოდ იცავს, თუმცა ეკომიგრანტების ჯგუფს ამ სოფელში, რომელიც რაოდენობრივად 50 ოჯახისგან შედგება, 2009 წლამდე პრაქტიკულად არანაირი მოთხოვნა არც ერთ დონეზე არ ჰქონიათ გაცხადებული საკუთარი რელიგიური რწმენის დაცვის და სამლოცველოს აშენების თაობაზე. თვით აჭარაში ცხოვრების დროსაც კი უმრავლესობის მუსულმანური რწმენა დიდწილად ყოფით დონეზე გამოიხატებოდა. ამ სოფელში ჩამოსახლების შემდეგ ახალგაზრდა თაობის ბევრი წარმომადგენელი ქრისტიანულ რელიგიასაც ეზიარა. თუმცა 2009 წლიდან ეს პრეტენზიები გაჩნდა და 2012 წლის შენოდგომაზე ერთ_ერთი ეკომიგრანტის კერძო სახლში ჯამე აშენდა. ადგილობრივ მუსულმანთა ჯგუფი აცხადებს, რომ სამლოცველო საკუთარი სახსრებით ააშენეს რელიგიური რწმენის რიტუალების შესასრულებლად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფის წევრთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველთა სიაშია და უმწეოთა სოციალურ დახმარებებს იღებს.
ეკომიგრანტები აჭარის მაღალმთიანი ზონიდან მთელს საქართველოში არიან განსახლებულები და არსებობს დიდი ეჭვის საფუძველი, რომ ეს პრეცედენტი სხვა რაიონებშიც გავრცელდება. ამ ფაქტის პირდაპირ მიბმა თურქეთის რელიგიურ ექსპანსიაზე არ შეიძლება მაგრამ სახეზე გვაქვს სურათი, რომლის მიხედვით მუსულმანური რელიგიური რენესანსი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება. P
პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ქართულ მედიასაშუალებებში გაიჟღერა ერთობ უცნაურმა განცხადებამ. თურქული ეთნიკური წარმოშობის პირთა ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა დაერთო ნება შესაბამისი კანონმდებლობის მიღების გზით ეთნიკური ნიშნის მატარებელი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად, რათა თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ყველა დონეზე. Aაქამდე ამ განცხადებას არანაირი რეაგირება ან გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ თავისთავად ეს განცხადება მომავალი პოლიტიკური კონიუქტურის პრევენციად შეგვიძლია მივიჩნიოთ და თუ როგორც აქამდე ხდებოდა ასეთივე სწრაფი ტემპებით გაგრძელდება ორმაგი მოქალაქეობის კანონით გათვალისწინებული უფლებების მინიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეეებზე, ასეთი ტიპის განცხადებებს უკვე სერიოზული საფუძველი შეექმნებათ.
თუ ზემოთ აღნიშნულ სამ ასპექტს - ეთნიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ექსპანსიას გავითვალისწინებთ, საკმაოდ დამაფიქრებელ სურათს მივიღებთ. დიდი თურანის სივრცეში საქართველოს  ათვისება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს თურქეთის მხრიდან.

აზერბაიჯანის  პოლიტიკა საქართველოს მიმართ

მეორე თემაა აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობები. სახეზე გვაქვს ერთის მხრივ მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ენერგეტიკის ტრანზიტის სფეროში, რომელიც უაღრესად მომგებიანია ორივე მხარისთვის, და მეორეს მხრივ სახეზეა პრობლემები, რომელიც აზერბაიჯანის მზარდი გავლენით გამოიხატება ქვეყნის ეკონომიკაზე და ქვემო ქართლის რეგიონზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანლები არიან. Aამას გარდა ბოლო პერიოდში პრობლემა შეიქმნა საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლზე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის გამო. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანი თავს ალბანური კულტურის მემკვიდრედ მიიჩნევს. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ალბანურ არქიტექტურულ ნიმუშად თვლის და მასზე პრეტენზიების გამოცხადება საკუთარი იდენტობის დადასტურებისა და გამყარების ინსტრუმენტად მიაჩნია. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეს პრეტენზიები საჯაროდ არ გამოუხატავს და საზღვრის პრობლემებიც პრაქტიკულად მინიმალური იყო. პრეტენზიები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გაჩნდა. ქართული საზოგადოების მხრიდან ამ თემის აჟიტირება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას სერიოზულად აღიზიანებდა და პრაქტიკულად უყურადღებოდ დატოვა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოწევა რამდენიმე ასეული მეტრით, რის გამოც ამ კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს მოხვდა. კომპლექსის ამ ტერიტორიაზე სასულიერო პირთა და მომლოცველთა მისვლა არ იკრძალება, მაგრამ  ეს უფლება აზერბაიჯანის სასაზღრო ძალების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ხდება.
სახეზე გვაქვს აზერბაიჯანის მზარდი გავლენა ქართულ ტერიტორიებზე, როდესაც თვით აზერბაიჯანში საქართველოსთან მოსაზღვრე რეგიონში ისტორიულ ქართულ მიწაზე, საინგილოში, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, მათი როგორც ქართველების უფლებები პრაქტიკულად დაუცველია, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობის გამო ქართული სახელმწიფოს გავლენა პრაქტიკულად ნომინალურია.

დემოგრაფიული პოლიტიკა, როგორც სტრატეგიული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი

როდესაც საუბარია `დიადი თურანი~-ს სივრცის ჩამოყალიბებაზე, პრაქტიკულად სახეზე გვაქვს ორმხრივი ექსპანსია საქართველოში თურქეთის და აზერბაიჯანის მხრიდან. ამ ტერიტორიის ასათვისებლად საქართველოს წინააღმდეგ ომის წარმოების ალბათობა პრაქტიკულადაც და თეორიულადაც მიზერულია. მოქმედების მექანიზმები ძალიან კარგად ჩანს ეკონომიკის, მიგრაციის, ადამიანური რესურსების უპირატესობის, ეთნიკური და რელიგიური იდენტობის გაძლიერების გზით. მეოცე საუკუნის სამხრეთ კავკასიის დემოგრაფიული სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს ქართული შემადგენლის მკვეთრ შემცირებას და აზერბაიჯანული შემადგენლის მკვეთრ ზრდას. ხოლო სომხური შემადგენელი აგერ უკვე 80 წელია ერთ ნიშნულზე - 18%-ზეა გაჩერებული და არ იცვლება. დღეს მოსახლეობა 9 მილიონზე მეტია მხოლოდ აზერბაიჯანში და დაახლოებით 350 ათასი მის გარეთ საქართველოში და მილიონამდე კიდევ პოსტსაბჭოურ სივრცეში. ილჰამ ალიევის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ  2020 წლისათვის აზერბაიჯანის მოსახლეობამ 15 მილიონს უნდა მიაღწიოს. საქართველოს ამჟამინდელი დემოგრაფიული მდგომარეობით, მატების თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით ერთ_ერთი ბოლო ადგილი უჭირავს. მოსახლეობის მატების სეგმენტში ერთ_ერთი მთავარი კონტინგენტი დიდწილად აჭარის მაღალმღთიანი რეგიონის მუსულმანი ქართველი და ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მოსახლეობაა.

საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის პირველი ნაბიჯების შეფასება  მეზობელი სახელმწიფოების მიერ

პირველი ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების სათავეში ქართული ოცნების მოსვლამ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ საქართველომ შესაძლოა მოლაპარაკებები აწარმოოს აფხაზეთის სარკინიგზო და საავტომობილო გზის გახსნასთან დაკავშირებით, თურქეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებების მხრიდან მყისიერი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. აზერბაიჯანმა ეს შესაძლო ნაბიჯი სომხეთის გაძლიერების წინაპირობად აღიქვა. ამ რეაქციით გასაგები ხდება, რომ არც თურქეთი და არც აზერბაიჯანი არ მიესალმება თბილისის აფხაზებთან ურთიერთობების დალაგებას. თავისთავად რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენაც გამოწვევაა დიდი თურანის სივრცის განვითარებისათვის და ეს ორი სახელმწიფო საქართველოსთან ურთიერთობებში თუ ხელს არ შეუშლიან ამ კონფლიქტის გადაჭრის პროცესს, არ იქნებიან  ამის მხარდამჭერები. საკითხის ასეთ პრიზმაში განხილვა საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების მცდელობები ამ რეგიონში არცერთი გლობალური მოთამაშისთვის მისაღები არ რის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რადგან ერთი გლობალური მოთამაშის მიერ რომელიმე კონფლიქტის გადაწყვეტის შემთხვევაში ოპონენტს გავლენის გარკვეული ნაწილის დაკარგვის  საფრთხეს უქმნის.  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა აშშ-სთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, რადგან ეს ურთიერთობები ადრეც მსუბუქი და კვების მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სფეროებს მოიცავდა, ხოლო აშშ ამ სფეროში არასდროს აქტიურობდა.  2006 წლიდან ბაზრის ეს სეგმენტი თურქეთმა აითვისა. ახლა კი მას ამ ბაზრის დიდი ნაწილის დაკარგვის საფრთხე შეექმნება. თურქეთთან ურთიერთობებში საქართველო პრაქტიკულად მხოლოდ მომხმარებელი და თურქულ იმპორტზე დამოკიდებული პარტნიორია. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით საქართველოს კვების მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის სერიოზული ბაზარი გაუჩნდება. ეს კი პირდაპირ აისახება ქართულ ეკონომიკის გაძლიერებაზე.  დიდი თურანის ინტერესებში ნამდვილად არ შედის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დათბობა.

საფრთხეების პრევენციის გზები და შედეგები

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სიღრმისეულად უნდა გააცნობიეროს ის კონიუქტურა, რაც საქართველოს პარტნიორების თურქეთისა და აზერბაიჯანის გეგმებში შედის `დიადი თურანი~-ს სივრცის შექმნის თაობაზე და ადექვატური ნაბიჯები გადადგას. თავს ნებას მივცემ და რამდენიმე სუბიექტურ აზრს შევთავაზებ მკითხველს პრევენციული ზომების შესახებ.
თუ ახალმა ხელისუფლებამ გააუქმა კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და მხოლოდ საქართველოში დაბადებულ პირებს დაუტოვა ეს პრეროგატივა, სხვა ქვეყნის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, თუნდაც იგივე ეთნიკურ თურქებს,  დაუდგებათ დილემა, უარი თქვან ერთ-ერთ მოქალაქეობაზე. მათთვის ხიბლი  საქართველოს მეორადი მოქალაქეობა იმით იყო, რომ ისინი საქართველოში ბიზნესის წარმოებასა და უძრავი ქონების შეძენისას პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. Aამ კანონის შესაძლო მიღების შემთხვევაში დიდის ალბათობით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი უარს იტყვის მეორად მოქალაქეობაზე და თუ მას ბიზნესის წარმოების სურვილი ისევ დარჩება ქვეყანაში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან მოუწევს ერთობლივი საქმიანობა.
კონკორდატის კანონის სრულყოფა საშუალებას მისცემს ადგილობრივ რელიგიურ კონფესიებს გახდნენ დამოუკიდებლები სხვა ქვეყნების რელიგიური გავლენისგან და სრულად მოექცნენ ქართული სახელმწიფოს ერთიან სივრცეში.
საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორებისათვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ ფორსირებულად ნორმატიული აქტების მიღება და ამ გეგმების განხორციელებისთვის შესაბამისი ფინანსების გამოყოფა გარკვეულწილად შეამცირებს იმ დემოგრაფიულ დისბალანსს, რომელიც ამჟამადაა შექმნილი სამხრეთ კავკასიაში.
ზემოთ აღნიშნული სურათი აჩვენებს, რომ თურქეთის გაცხადებული გეგმები `დიადი თურანი~-ს ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა, ხოლო უკვე გადადგმული ნაბიჯები, რომელიც თურქეთის და აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელდა საქართველოში, რისკის მატარებელია  სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისათვის. პერსპექტივაში კი იგი დიდ საფრთხედ შეიძლება გადაიქცეს ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის, თუ ხელისუფლებამ ადექვატური ზომები არ მიიღო და სტრატეგიული გეგმები არ შეიმუშავა გამოწვევების და რისკების გაუვნებლყოფისათვის.
დემოკრატიული ღირებულებების და ფასეულობების დაცვა, ეკონომიკის განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, არაქართველი მოსახლეობის ქართულ სახელმწიფოში სრულყოფილად ინტეგრაცია, შეიარაღებული ძალების რეალური რეფორმა წარმოადგენს იმ პრევენციულ მექანიზმებს, რომლის საშუალებითაც საქართველო შეძლებს გააუვნებელყოს ან შეასუსტოს ის რისკები და გამოწვევები, რომელიც ახლო და საშუალო ვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს ემუქრება.