სიმძიმის ცენტრის განმარტებისთვის ბეჭდვა
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 09:49

 

რამდენიმე წლის წინ, მაგისტრატურაში სწავლის დროს, კლაუზევიცისეული სიმძიმის ცენტრის თემის გაცნობისას, მისი პენტაგონისეული დეფინიციის ანალიზი გავაკეთე და მივანიშნე ერთ საკამათო ასპექტზე. ეს იყო ტერმინი „სამხედრო“, რომელიც როგორც ახლახან ვნახე დაახლოებით 10 წლის თავზე, უკვე ამოღებულია დეფინიციიდან, რამაც ლოგიკურია მაფიქრებინა, რომ დეფინიციის ჩემი კრიტიკა უსაფუძვლო არ იყო. მიუხედავად, იმისა რომ საკმაო დრო გავიდა ამ წერილის დაწერიდან, მემგონი ვინც კლაუზევიცთან  მუშაობს, ან ზოგადად ომის თეორიაში სიმძიმის ცენტრის ცნებით დაინტერესებულა ოდესმე, მათვის საინტერესო შეიძლება იყოს ეს პატარა წერილი. წერილის ბოლოს, დეფინიციის ჩემეული კორექტირებაც შემომაქვს.

რაც შეეხება უშუალოდ ტერმინის ღრმა ანალიზს, ვფიქრობ ეს თემა ცალკე სტატიას მოითხოვს სადაც „სიმძიმის ცენტრი“ ომის ოპერატიული და სტრატეგიული დონეების ჭრილშიც უფრო ღრმად უნდა იყოს განხილული.

 გიორგი ანთაძე,
ოქტომბერი, 2016


სიმძიმის ცენტრის განმარტებისთვის

 

სიმძიმის ცენტრის ცნება პირველად ნახსენები იქნა ცნობილი პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსის და პრაქტიკოსის კარლ ფონ კლაუზევიცის მიერ ცნობილ ნაშრომში „ომის შესახებ“. სწორედ მან პირველად შემოიტანა ეს ტერმინი.იგი თავის ნაშრომში ასე აღწერს სიმძიმის ცენტრს „ძალთა და მოძრაობათა  ის კონცენტრაცია, რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი“. ეს განსაზღვრება ნაშრომის მე-6 და მე-8 თავებში გვხდება. თუმცა ნაშრომის დაუსრულებლობის გამო, ავტორს მკაფიოდ არ აქვს განმარტებული ამ ცნების შინაარსი.

 

ჩვენს დროში სიმძიმის ცენტრის თემა აქტუალურობას მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ღებულობს. პირველად იგი 1986 წლის ა.შ.შ.-ის არმიის საველე სახელმძღვანელოში 100.5 ოპერაციები გამოუჩდა და ზემოთმოყვანილ განმარტებას იმეორებდა. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ბოლომდე არ იყო გარკვეული თუ რა იგულისხმა პრუსიელმა მოაზროვნემ სიმძიმის ცენტრის ცნების ქვეშ. სამხედრო წრეებში 1997 წლამდე ვერ მოხერხდა მეტნაკლებად ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება.ვინაიდან ჩვენი წერილის ძირითადი მიზანი, არ არის სიმძიმის ცენტრის ცნებასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამოკვლევა, შევეცდებით გამოვიყენოთ დღეისათვის ყველაზე მიღებული განმარტება, რომელიც ა.შ.შ.-ის თავდაცვის დეპარტამენტს ეკუთვნის, ეს განმარტება ფაქტობრივად იდენტურია იმისა რომელიც 1997-წელს იქნა მიღებული.ამ განმარტების საფუძველზე ჩვენ შევეცდებით მოკლედ განვსაზღვროთ თუ რა იგულისხმება სიმძიმის ცენტრის დღევანდელ დეფინიციის ქვეშ და ამ განმარტებასთან მიმართებაში ვიმსჯელებთ.

ა.შ.შ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მოცემული სიმძიმის ცენტრის დეფინიცია ქართულად ასე ჟღერს:„ის მახასიათებლები, შესაძლებლობები და მდგომარეობები რომელთაგანაც სამხედრო ძალა მოქმედების უნარს, ფიზიკურ ძალას ან ბრძოლის ნებას ღებულობს“. (Joint Publication 3-0, p. GL-4.)

 

(კ.ფ. კლაუზევიცი)

სიმძიმის ცენტრის ცნებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, რომ საფუძველს მოკლებული არ არის, ზემოთ მოყვანილი დეფინიციიდანაც ჩანს. მიუხედავად იმისა რომ ეს დეფინიცია ა.შ.შ.-ის თავდაცვის დეპარტამენტს ეკუთვნის ვფიქრობ მასში არის საკამათო საკითხი.განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიგვაჩნია განმარტებაში მოცემული ერთი ფრაზა. ეს არის- სამხედრო ძალა. საუბარია სიმძიმის ცენტრის მახასიათებლებზე რომელიც სამხედრო ძალას შეიძლება ქონდეს. ასეთი ფორმულირებიდან გამომდინარე, სიმძიმის ცენტრის ცნების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მოწინააღმდეგე სამხედრო ძალაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.განსაზღვრების ნაკლოვანება მაშინათვე კარგათ გამოჩნდება თუ კი მას მაგალითისთვის ტერორიზმთან მიმართებაში ვიხმართ.ტერორიზმი თავისთავად არ გულისხმობს და არ აქვს აუცილებლობა გულისხმობდეს სამხედრო ძალას, ან სამხედრო შენაერთების ყოლას, როგორც ასეთის. თუ არსებული განმარტებიდან გამომდინარე შევეცდებით სიმძიმის ცენტრის  ტერორიზმში მოძებნას, მაშინ ასეთი მცდელობა თავისთავად განწირულია. განმარტება თავისი არსით შეუსაბამოა ტერორიზმთან.ცნების განმარტებაში მოცემულია სუბიექტი სამხედრო ძალა, რომელსაც შეიძლება ქონდეს სიმძიმის ცენტრი როგორც ასეთი. ეს ხაზს უსვამს, რომ მარტო სამხედრო ძალას შეიძლება ქონდეს ეს ცენტრი. მაგრამ რა ვქნათ თუ კი მოწინააღმდეგე არ არის სამხედრო ძალა? მაგალითად, ტერორისტული ორგანიზაცია, ან ორგანიზაციათა ქსელი, რომელიც არ არის სამხედრო ძალა.ამის გასარკვევად მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი. შეიძლება თუ არა სიმძიმის ცენტრი ქონდეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ძალას? დადებითი პასუხის შემთხვევაში, ყველა სხვა არა სამხედრო ძალის მქონე სუბიექტთან მიმართებაში სიმძიმის ცენტრის ძიება არასწორი გახდებოდა, რაც აგვაცილებდა ყველა წარმოქმნილ გაუგებრობას  ცნების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამ კითხვაზე პასუხი კარ ფონ კლაუზევიცის ნაშრომშივე შეიძლება ვიპოვოთ. როგორც ვთქვით, კლაუზევიცის აზრით სიმძიმის ცენტრი ძალთა და მოძრაობათა ის კონცენტრაციაა, რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი და რომ მოწინააღმდეგის აბსოლუტური დამარცხება იმ წინააღმდეგობის გატეხვაზეა დამოკიდებული, რომელიც მოწინააღმდეგის სიმძიმის ცენტრშია კონცენტრირებული, რაც თავისთავად მოწინააღმდეგის ძლიერების მთავარი წყაროცაა.

სანამ გავაგრძელებდეთ სიმძიმის ცენტრის ცნებაზე საუბარს, უნდა აღვნიშნოთ, რომ კლაუზევიცის მოძღვრების კარგად გასაგებად, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ის ისტორიული კონტექსტი და კლაუზევიცის პირადი გამოცდილება რომელიც ამ ნაშრომის შექმნას წინ უძღოდა. სწორედ ნაშრომის დაუმთავრებულობა და ხშირად ისტორიული კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ბევრჯერ გამხდარა კლაუზევიცის განსხვავებული ინტერპრეტაციების გაჩენის საფუძველი.

მაგალითად, კლაუზევიცის მიერ არა ერთი დამკვიდრებული ტერმინი, ისეთები როგორებიცაა ფრიქცია, პოლალურობა (ურთიერთ დაპირისპირებულობა) და იგივე სიმძიმის ცენტრიც პირდაპირ დაკავშირებულია „მექანიკურ მეცნიერებებთან“ (თანამედროვე ფიზიკა) როგორც მის დროს უწოდებდნენ. კლაუზევიცის „ომის შესახებ“ ორიგინალურ გერმანულ ტექსტში იგივე სიმძიმის ცენტრი დაახლოებით ორმოცდაათჯერ არის ნახსენები. სავარაუდოდ მან ეს ტერმინი გერმანელი ფიზიკოსის პაულ ერმანის ლექციების მოსმენის შემდეგ შემოიტანა მსჯელობაში. როგორც ცნობილია, ერმანი ბერლინის უნივერსიტეტსა და ე.წ. პრუსიულ ომის კოლეჯში კითხულობდა ლექციებს, რომელსაც კლაუზევიცი 1818-1831 წლებში ხელმძღვანელობდა. ცნობილია, რომ გერმანელი პროფესორი და კლაუზევიცი საკმაოდ ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს და მეგობრობაც აკავშირებდათ.

როგორც აღვნიშნე კლაუზევიცის ნაშრომის გაგებასთან არა ერთი პრობლემა არსებობდა და არსებობს დღესაც. ისტორიულად, ბედის ირონიაა, რომ მისი ნაშრომი ჯერ სამხედროებმა გაიხადეს სამაგიდო წიგნად და საკმაოდ ვიწრო სამხედრო პერსპექტივიდან დაიწყეს მისი განხილვა, თუმცა მისი ნაწერის ანალიზისთვის არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. კლაუზევიცის წასაკითხად, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ის, რომ მისი ხედვები  განსაკუთრებით ნაპოლეონის ომების გამოცდილების ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა. მაგრამ მას ორი ფილოსოფიური წანამძღვარიც გააჩნდა. პირველი ეს იყო გალილეი-ნიუტონის ბუნებისმეტყველებაზე დაფუძნებული მექანისტური მსოფლმხედველობა, რომელიც ყოველივეს მექანიზმის დარად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი სისტემის ფუნქციონირება უნაშთოდ და ცალსახად დაიყვანება მისი შემადგენელი ნაწილების ფუნქციონირებაზე (ანუ ნებისმიერი მთელი სხვა არაფერია თუ არა მისი შემადგენელი ნაწილების მექანიკური ჯამი). რაც ლოგიკურად გვიბიძგებს სიმძიმის ცენტრის ძიებისკენ, ანუ იმ მთლიანის, რომლის გატეხვაც, გაფუჭებაც მთლიან მექანიზმს გამოიყვანს მწყობრიდან. კლაუზევიცის ნააზრევის მეორე საფუძველს გერმანული იდეალიზმი წარმოადგენდა, რომელიც პრიორიტეტს ადამიანურ „მე“-ზე, განსაკუთრებით მის ნებელობით ხასიათზე აკეთებდა. სწორედ ამიტომ, იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მთავარსარდლის როლს, როგორც ამ ნებელობის გამოხატვისა და არსებობის არეს. (ცნობილია ჰეგელის აღფრთოვანება ნაპოლეონის პიროვნებით). სწორედ ზემოთ ნახსენები ერმანის ლექციების და ზოგადად კლაუზევიცის პერიოდის ინტელექტუალური ტენდეციების დიდი ზეგავლენა იგრძნობა მის ნაშრომში.

სიმძიმის ცენტრის დეფინიციის „ისტორიაც“ კლაუზევიცის წაკითხვის ამ სირთულეებს მოწმობს სწორედ. კლაუზევიცთან სიმძიმის ცენტრის დეფინიციაში, განსხვავებით თავდაცვის დეპარტამენტის დეფინიციისგან არ არის ნახსენები ფრაზა „სამხედრო ძალა“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სიმძიმის ცენტრი არაა აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ძალას გააჩნდეს. აქვე გამოვყოთ ერთ სიტყვას, ესაა „მთლიანი“. ფრაზა „რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი“ -მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქ რაღაც მთლიანობასთან და ეს მთლიანობა, როგორც აღვნიშნე არაა აუცილებელი სამხედრო ძალა იყოს. მთლიანი გულისხმობს რაღაც სისტემას, რაღაც მთლიანს და ეს სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს.

შედარებისთვის მივუბრუნდეთ პენტაგონის მიერ მოცემულ განმარტებას, რომლის მიხედვითაც სიმძიმის ცენტრი მხოლოდ სამხედრო ძალისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ეს ჩვენის აზრით  არასწორია. თვითონ პრუსიელი სამხედრო მოაზროვნეც შემდგომ განმარტავს, რომ სხვადასხვა შემთხვევაში სიმძიმის ცენტრი სხვადასხვაა. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება მოწინააღმდეგე შეიარაღებული ძალები იყოს, მეორე შემთხვევაში მოკავშირეთა ერთიანობა. ხოლო სახალხო ომებში სიმძიმის ცენტრი ლიდერებსა და საზოგადოებრივ აზრშია (ძალიან საინტერესო დაკვირვებაა).

აქ კლაუზევიცი განსაკუთრებით საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს და ფაქტობრივად პირველად ეხება სახალხო ომს, იგივე მესნერის „ამბოხი ომს“ და მის სიმძიმის ცენტრს. ამით კლაუზევიცი ფაქტობრივად პირდაპირ ამბობს, რომ „ამბოხი ომიც“ და მისთვის დამახასიათებელი პარტიზანულ-ტერორისტული ომიც ომია. იგი სახალხო ომის სუბიექტებსაც

ისევე ღებულობს, როგორც მაგალითად კლასიკური ომის სხვა სუბიექტებსაც.როგორც აღვნიშნე კ.ფ. კლაუზევიცისთვის სიმძიმის ცენტრი შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო. მას მაგალითებიც მოაქვს. მისივე მოსაზრებით, ალექსანდრე მაკედონელისთვის, გუსტაფ ადოლფისთვის, კარლ მეთორმეტესათვის და ფრიდრიხ დიდისათვის სიმძიმის ცენტრი მათ არმიებში, ანუ სამხედრო ძალებში იყო უშუალოდ. ჯარების დაკარგვა გახდებოდა ის კრიტიკული წერტილი რის მერედაც გახდებოდა შესაძლებელი ამ მოწინააღმდეგეების დამარცხება.

წარმოვიდგინოთ ისეთი სიტუაცია სადაც სიმძიმის ცენტრი ჩვენი მოწინააღმდეგე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ან რომელიმე კონკრეტული ლიდერია, რომელთა ნეიტრალიზების შემთხვევაში ჩვენს მიერ არსებული საფრთხეები და ამოცანები გადაიჭრება. ასეთ სიტუაციაში მოწინააღმდეგე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განადგურების აუცილებლობა აღარ არის. ასეთი მაგალითი, როგორც ვხედავთ თამაშგარე სიტუაციაში ტოვებს

მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებს და პენტაგონის მიერ მოცემული სიმძიმის ცენტრის დეფინიცია უკვე ვეღარ ფარავს ჩვენს მიერ მაგალითში ნაჩვენებ სიტუაციას.აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიმძიმის ცენტრი, რისამე მთლიანის დამახასიათებელი რამ არის და არა მარტო სამხედრო ძალის.

როგორც დავინახეთ კ.ფ. კლაუზევიცი სიმძიმის ცენტრს სხვადასხვა სუბიექტების მისამართით ხმარობს და არ იფარგლება მხოლოდ სამხედრო ძალებით, რაც კლასიკური გაგებით მხოლოდ სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია.იგივე სამოქალაქო ომების შემთხვევაში როდესაც მხარეებს ერთის მხრივ სახელწიფო თავისი სამხედრო ძალებით, ხოლო მეორეს მხრივ „რაღაც“  შეიარაღებული ძალებია. ჩვენს მიერ განხილული დეფინიციით სიმძიმის ცენტრი მხოლოდ მას შეიძლება გააჩნდეს ვისაც სამხედრო ძალები აქვს, ანუ სახელმწიფოს. მოგეხსენებათ სამხედრო ძალები (military force) მხოლოდ სახელმწიფოს შეიძლება გააჩნდეს, ხოლო შეიარაღებული ნაწილები შეიძლება სხვადასხვა იყოს, დაწყებული რაიმე ბანდ-ფორმირებებიდან, არალეგიტიმური კომბატანტიდან, დამთავრებული ტერორისტულ ორგანიზაციებამდე. ასე, რომ ტერმინოლოგიურადაც ფრაზა  „სამხედრო ძალა“ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.

კიდევ ერთი მაგალითი. თუ ჩვენ ომს ვუცხადებთ ტერორიზმს და მის ერთ-ერთ უმთავრეს ტერორისტულ გაერთიანებას ალ-ქაედას, მაშინ მოგვიწევს „სიმძიმის ცენტრის“ ძიება ალ-ქაედასა და ტერორიზმში ცალ-ცალკე. ვინაიდან ალ-ქაედა არ არის სახელმწიფო და უფრო ტრანსნაციონალურ „ტერორისტულ კორპორაციას“ და მას არც სამხედრო ძალები გააჩნია (ვინაიდან ეს როგორც უკვე აღვნიშნეთ მხოლოდ სახელმწიფოებს აქვთ).კიდევ ერთი პრობლემა- თუ ალ-ქაედას ტერორისტს ჩვენ მივიღებთ როგორც სამხედრო ძალას და მაშასადამე ჯარისკაცებს, მაშინ მათზე ავტომატურად უნდა გავრცელდეს მთელი ის საერთაშორისო სამართალი რომელიც მაგალითისთვის ჯარისკაცებთან ან სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის წესებს არეგულირებს. ანუ ხდება ტერორისტების სულ სხვა სამართლებრივ სივრცეში გადატანა.

ყოველივე ზემოთთქმულიდან ნათელია, რომ სიმძიმის ცენტრის არსებულ განსაზღვრებას სერიოზული ნაკლოვანებები გააჩნია. ეს ნაკლოვანებები განსაკუთრებით ომის დაგეგმარებისას აისახება. დამგეგმავი მხარე დროს კარგავს იმის გარკვევაში თუ რას წარმოადგენს სიმძიმის ცენტრი და სად უნდა ეძებდეს იგი მას.

მაგალითისთვის ცნობილია, რომ სპარსეთის ყურის პირველი კონფლიქტისას კოალიციური ჯარების სარდალი ნორმან შვარცკოფი და გაერთიანებული საჰაერო ძალების სარდალ ჩარლზ ჰორნერს განსხვავებული აზრები გააჩნდათ მოწინააღმდეგის სიმძიმის ცენტრზე. შვარცკოფის აზრით სიმძიმის ცენტრი მოწინააღმდეგის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო, ხოლო ჰორნერი სიმძიმის ცენტრში მხოლოდ წმინდა სამხედრო მნიშვნელობის ელემენტებს გულისხმობდა. ფაქტია, რომ ამ ორ ადამიანს განსხვავებული წარმოდგენები ქონდათ საერთოდ სიმძიმის ცენტრის შესახებ და ორ სხვადასხვა სიბრტყეში ხედავდნენ მას.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე სიმძიმის ცენტრის ცნების დაზუსტება განსაკურებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენს მიერ ზემოთ გატარებულ მცირე ანალიზის საფუძველზე შევეცდებით ჩვენეული ცვლილება შევიტანოთ სიმძიმის ცენტრის განსაზღვრებაში.როგორც გავარკვიეთ პენტაგონის მიერ მოცემულ დეფინიციაში უმთავრეს პრობლემას ქმნის ფრაზა- სამხედრო ძალა; საჭიროდ მიგვაჩნია ამ ფრაზის უფრო სწორი და კორექტული ტერმინით ჩანაცვლება.

ასეთ ტერმინად შეიძლება ვიხმაროთ სიტყვა- კომბატანტი. რას გვაძლევს ეს ცვლილება?

კომბატანტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სამხედრო ძალა, არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ნებისმიერი „მთლიანი“.შედეგად ვღებულობთ სიმძიმის ცენტრის ასეთ განმარტებას „ის მახასიათებლები, შესაძლებლობები და მდგომარეობები, რომელთაგანაც კომბატანტი (და არა სამხედრო ძალა) მოქმედების უნარს, ფიზიკურ ძალას ან ბრძოლის ნებას ღებულობს".

თუ კი შევაჯამებთ, სიმძიმის ცენტრი წარმოგვიდგება როგორც რაღაც „მთლიანობა“ რომელიც არის კომბატანტის, ანუ მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგობის გაწევის უნარის უმთავრესი წყარო. კლაუზევიცური მოძღვრების მიხედვით, ამ წყაროში მოცემული წინააღმდეგობის გატეხვა შექმნის იმ კრიტიკულ უპირატესობას, რაც უმნიშვნელოვანესია მოწინააღმდეგის დასამარცხებლად და დასმული მიზნების მისაღწევად. საკმარისია, თუ არა ამ წინააღმდეგობის გატეხვა გასამარჯვებლად, ეს უკვე ცალკე კვლევისა და ნაშრომის ინტერესის საგანია.

 

 

თბილისი,  2008
გიორგი ანთაძე, ეროვნულ იუსაფრთხოების მაგისტრანტი

 

 

წყაროები

CLAUSEWITZ’S CENTER OF GRAVITY It’s Not What We ThoughtLieutenant Colonel Antulio J. Echevarria II, U.S. Army

Joint Publication 3-0 operations0

Department of Defense Dictionary of Military and Associated Terms

Clausewitz, On War trans. COL James John Graham (London: N. Trübner, 1873)