“დაბრუნება მომავალში” - ანუ ჰიბრიდული ომების ეპოქა ბეჭდვა
ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2012 18:00
დაბრუნება მომავალში” - ანუ ჰიბრიდული ომების ეპოქა




“არ არსებობს ორი ომი, რომელიც მიმდინარეობდა ერთნაირად. ყოველი ახალი ომი შესაძლებელია აღმოჩნდეს ყველა წინისგან განსხვავებული”

ე.დ. კინგსტონ-მაკლორი,

დიდი ბრიტანეთის ავიაციის ვიცე-მარშალი

 


   დღეს-დღეისობით, დასავლეთის (და არამარტო) მოწინავე ქვეყნების სამხედრო წრეებში აქტიურად მიდის კვლევები, მიმართული მომავლის ომების ხასიათის დასადგენად.  ხორციელდება მსოფლიოში ძალთა გადანაწილებისა და ბალანსის სავარაუდო ვარიანტების განხილვა, მუშავდება მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტებს შორის შესაძლო დაპირისპირების სცენარები, მომავლის შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნის ადგილები და ხასიათი.

  ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება იმაში, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოს ცივილიზაციის წინაშე წარმოქმნილი პრობლემების ხასიათი და მასშტაბები მოითხოვს კაცობრიობის მთელი რესურსებისა და ინტელექტუალური ბაზის გაერთიანებას, რაც ფაქტიურად უკვე დაწყებულია “გლობალიზაციის” სახელით.  სიკეთესთან ერთად, გლობალიზაცია მსოფლიოს უფრო მოწყვლადს და რთულს ხდის.  ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მომავალში ომები საერთოდ გაქრება, ვინაიდან ისინი უფრო მეტი ზარალის მომტანი იქნება, ვიდრე მოგების (მსგავსი მოსაზრებები არახალია და

იგივე ისმოდა I და II მსოფლიო ომის, კორეის, ვიეტნამის, სპარსეთის ყურის თუ სხვა ომების წინაც),  რეალისტები კი თვლიან, რომ გლობალიზაცია გაგრძელდება და ამ პროცესში გარკვეული სახელმწიფოები და არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნები შეეცდებიან თავისი ნება თავს მოახვიონ სხვებს, მიითვისონ ენერგო თუ სასმელი წყლის რესურსები, დანარჩენი მსოფლიო გახადონ პოლიტიკურად დამოკიდებულები - დეგრადირებული ეკონომიკითა და კულტურით, ეკოლოგიური პრობლემებით.  სწორედ, გლობალიზაციის აღნიშნული წინააღმდეგობები თვალსაწიერ მომავალში გახდებიან  ომების წარმოქმნის მთავარი წყაროები. საზოგადოების და მთლიანად მსოფლიო მოწყობის სისტემის გართულებას მივყავართ იმ რეალობამდე, რომ სახელმწიფო ორგანოები თანდათან კარგავენ რესურსებზე კონტროლს.  აქტიურ საერთაშორისო მოთამაშეებად გვევლინებიან ტრანსნაციონალური კორპორაციები, საქმიანი წრეების კორპორატივები, კრიმინალური და ტერორისტული დაჯგუფებები.  Aამის გამო, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური გარემოს ფორმირებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას არა მარტო სახელმწიფოებრივი, არამედ არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციებიც.

 


სამხედრო დამგეგმავებს ხშირად საყვედურობენ (და არც თუ უმიზეზოდ) მუდმივად წარსული ომისთვის მომზადებაში.  თუმცა აღნიშნული სულაც არ ნიშნავს კვალიფიციურ სამხედრო -პოლიტიკური პროგნოზირებაზე საერთოდ უარის თქმას.  რეალობის სწორი აღქმა, მსოფლიო სამხედრო ხელოვნების განვითარებისა და გამოცდილების მუდმივი შესწავლა წარმოადგენს საქართველოსთვის საუკეთესო საშუალებას მომავალში გასაკეთებელი ნაბიჯების ინტერპრეტირებისთვის.  როგორი საბრძოლო მოქმედებებისთვის და როგორ მოწინააღმდეგესთან უნდა იყოს მზად საქართველო? გამოწვევა იქნება ირეგულარული სახის, როგორსაც პანკისის ხეობაში ჰქონდა ადგილი, ძლიერი სახელმწიფო მანქანის სახით, რომელსაც ქვეყანა დაუპირისპირდა 2008 წლის აგვისტოში, თუ ეს იქნება რაღაც შუალედური, “ჰიბრიდული” (ტერმინი დამკვიდრებულია ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსის ფრენკ ჰოფმანის მიერ), როდესაც მოწინააღმდეგე ჩვეულებრივ საბრძოლო ტაქტიკას, ბრძოლის ირეგულარულ და ასიმეტრიულ ფორმებთან გაუწევს კომბინირებას. ამავე დროს, საქართველო შესაძლებელია აღმოჩნდეს როგორც ამ ტიპის საფრთხის წინააღმდეგ მებრძოლი, ასევე ამ ტიპის საომარი მოქმედებების განმხორციელებელი.  

დავუბრუნდეთ თავად ტერმინს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ს სამხედრო ექსპერტებმა სამხედრო დაგეგმარების პრაქტიკაში შემოიღეს “ჰიბრიდული საფრთხეების” (ჰყბრიდ ტჰრეატს) და შესაბამისად, მასთან დაკავშირებული “ჰიბრიდული ომების” ახალი მცნება – როგორც საომარი მოქმედების ფორმა, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა შემადგენლობის, საშუალებების, მომზადების დონისა და ხასიათის ძალები.  Aაშშ-ს მსგავსად “ჰიბრიდული საფრთხის” ტერმანი ბრიტანული სახმელეთო ძალების დოქტრინაში განმარტებულია, როგორც ”კონფლიქტი, რომლის დროსაც სახელმწიფო თუ არასახელმწიფო მოთამაშეები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთი და იგივე საბრძოლო სივრცეში ერთდროულად იყენებენ ომის ყველა მეთოდს, მოწინავე საომარ ტექნოლოგიებს და შეიარაღების სისტემებს, ირეგულარულ ტაქტიკას, ტერორიზმს და კრიმინალურ დაჯგუფებებს”.

დასავლეთელი სამხედრო ექსპერტთა აზრით, თანამედროვე კონფლიქტების ტრადიციული დაყოფა კონვენციურ (რეგულარული ძალებისადმი დაპირისპირება) და არაკონვენციურ (ბრძოლა ამბოხებულთა, პარტიზანთა და სხვა ირეგულარულ ძალებთან) კონფლიქტებად,  აღარ იძლევა საშუალებას სრულად შეფასდეს დღეს არსებული რეალობა.  ამ ეტაპზე, სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს შეიძლება დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგე, რომელიც იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, დაწყებული რეგულარული სამხედრო ფორმირებებითა და მაღალი სიზუსტის იარაღით, ფართო პარტიზანული მოძრაობის გაშლით და ტერორისტული აქტებით დამთავრებული.  სამხედრო ანალიტიკოსთა წინაშე დამდგარი პრობლემებიდან უმთავრესია: მსგავსი საფრთხის შემთხვევაში რესურსების ეფექტური გადანაწილება როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური მუქარის მისამართით.  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამხედრო ექსპერტთა მსგავსი ხედვები შესაძლებელია მოწმობდეს მხოლოდ ერთ რამეს, კერძოდ: სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ესკალაციას მსოფლიოში გააჩნია მდგრადი ტენდენცია, რის შესაბამისადაც აუცილებლობას წარმოადგენს შეიარაღებული ძალები მომზადდნენ არა მხოლოდ ცალკეული წერტილოვანი, “ქირურგიული” აქციების განსახორციელებლად ცალკეულ რეგიონებში, არამედ დროსა და სივრცის ფართო მასშტაბებში მოქმედებებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო მოთამაშეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, განსხვავებული ომის წარმოების კულტურითა და მიზნებით, მათ ხელში არსებული მთელი არსენალით (მათ შორის მასობრივი განადგურებისა და საინფორმაციო საშუალებებით).  თუკი, რამოდენიმე წლის წინ, მთავარ საფრთხედ მოიაზრებოდა ირეგულარული და ტერორისტული ძალები, ხოლო სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები განიხილებოდა ნაკლებ შესაძლებლად, ამჟამად, მსგავსი ადვილად მოსალოდნელად ითვლება.  ზოგადად, ექსპერტთა მსგავსი შეხედულებები ემთხვევა მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შემდგომი განვითარების პროგნოზებს, რომლის თანახმადაც, გლობალური საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის ზემოქმედება გამოიწვევს სახელმწიფოთა შორის დაძაბულობის ზრდას, ტერორისტული მოძრაობიდან მომდინარე საფრთხის მომატებას, არსებული კონფლიქტების ესკალიაციასა და ახლების ჩასახვას.

აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა ოფიციალურად დაასახელა ჰიბრიდული ომების შესაძლებლობა, როგორც პოტენციური სცენარი და მუშაობს შესაბამის კონცეფციებზე თავისი გრძელვადიანი სტრატეგიისთვის.  დოკუმენტში, რომლის სახელიცაა “საზღვაო ქვეითთა კორპუსი და სტრატეგია 2025 წლისთვის”, კორპუსი წინასწარმეტყველებს კონვენციური და ირეგულარულ ომს შორის სხვაობის სულ უფრო გაფერმკრთალებას.  იქვე აღნიშნულია, რომ ის შეუძლია აწარმოოს როგორც სახელმწიფომ, ასევე, გასამხედროებულმა ფორმირებებმა და სხვა დაჯგუფებებმა.   მსგავს მოწინააღმდეგეს რომ დაუპირისპირდეს, აშშ-ს ძალებს სჭირდებათ უფრო მოქნილ ორგანიზმად გარდაქმნა, მრავალფუნქციური აღჭურვილობით გადაიარაღება.  სამხედროებმა აღარ უნდა დაუშვან ვიეტნამის ომის შემდგომი შეცდომა, როდესაც შეიარაღებულ ძალებში შემუშავებულ იქნა მხოლოდ ამბოხებულთა წინააღმდეგ მოქმედების დოქტრინა და სახელმძღვანელოები, ვინაიდან ვარაუდობდნენ, რომ მსგავსი ომები წარსულს ჩაბარდა.  

საყურადღებოა, რომ თავად ჩრდილოეთ ვიეტნამელები ძალიან კარგად ახორციელებდნენ კონვენციური და ირეგულარული ძალების კომბინირებას დასახული მიზნის მისაღწევად.  აღნიშნული რა თქმა უნდა არ წარმოადგენს გამონაკლისს.  თითქმის ყველა მასშტაბური საომარი მოქმედებებში გამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის ძალები ერთდროულად ერთიანი სტრატეგიული ხელმძღვანელობის ქვეშ, მაგრამ განსხვავებით “ჰიბრიდული” მოქმედებებიდან, ისინი წარმოებდა დაცალკევებულ ოპერაციების თეატრებსა და საბრძოლო მოქმედებების რაიონებში.

ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით, სხვადასხვა საშუალებების ერთდროული და კომბინირებული გამოყენება საშუალებას მისცემს მოწინააღმდეგეს მიაღწიოს ასიმეტრიულ უპირატესობას.  ჰიბრიდული საფრთხეების “ეფექტურობა” დღევანდელ აშშ-ს სამხედრო წრეებს აყენებს რთულ მდგომარეობაში, ვინაიდან არსებული დოქტრინები და კონცეფციები ძირითადად მიმართულია მხოლოდ ერთი ტიპის გარკვეული საფრთხეზე რეაგირებისკენ: ან მოწინააღმდეგის სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ (კონვენციური მოქმედებები), ან ამბოხებულთა და პარტიზანებთან ბრძოლა, ე.წ. “არასაომარი სამხედრო ოპერაციები”.  დღევანდელი სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდიკა და შინაარსი არ იძლევა საშუალებას ერთდროულად განხორციელდეს ადექვატური რეაგირება კომპლექსურ, “ჰიბრიდულ” მუქარაზე.  აღნიშნულის კარგი მაგალითია ლიბანში ჰეზბოლას წარმატებული მოქმედება ისრაელის რეგულარული ძალების წინააღმდეგ 2006 წლის ზაფხულში, ე.წ. ლიბანის მე-2 ომის დროს.

ამ კონფლიქტში ისრაელის შეიარაღებული ძალები აღმოჩნდნენ იმგვარი გეოგრაფიული გარემოსა და მოწინააღმდეგის პირისპირ, რომლისთვისაც არ იყვნენ მომზადებულნი.  თუ ერთ-ერთ ებრაელ სამხედრო ჟურნალისტს დავესესხებით: “ბოლო პერიოდის არც ერთ ეტაპზე ისრაელი არ შეჯახებია მოწინააღმდეგის ქვეით ათეულზე უფრო მეტი სიდიდის გაუწვრთნელ ქვედანაყოფებს”.  ამჯერად, ჰეზბოლას მცირე ზომის დანაყოფები იყვნენ კარგად გაწვრთვნილი და ორგანიზებული, აღჭურვილი ტანკ-საწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით, ნაღმ-ტყორცნებით, ნაღმებით, კომპაქტური რეაქტიული სარაკეტო დანადგარებით, იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით, გადასატანი საზენიტო რაკეტებით.  წინასწარ მომზადებული ჰქონდათ ფორტიფიცირებული თავდაცვითი პოზიციები ლიბანის რთულად მისადგომ სიმაღლეებსა და დასახლებულ პუნქტებში.  თავდაპირველად, ისრაელი ტრადიციულად ეცადა მიზნის მიღწევას მხოლოდ საჰაერო და საარტილერიო დარტყმების საშუალებით, თუმცა ვერ შეძლო ისრაელის ქალაქებზე საპასუხო სარაკეტო დარტყმების აღკვეთა.  შემდგომი ნაბიჯი სახმელეთო ძალების ჩართვა იყო.  ისრაელის თანამედროვე, დაბალი ინტენსიობის კონფლიქტებისათვის ბრწყინვალედ მომზადებული და აღჭურვილი დანაყოფები უუნარო აღმოჩნდა საცეცხლე და სამანევრო შესაძლებლობების მჭიდრო კომბინირების განხორციელებისადმი, რაც ასე აუცილებელი იყო ჩასანგრებული, მოტივირებული მტრის წინაარმდეგ, რომელიც არ აპირებდა პანიკურ გაქცევას ჯავშნიანი ბულდოზერის დანახვისთანავე.  ებრაელი დამკვირვებელი აღნიშნავდა, რომ “ ომის წინ რეგულარული ძალების უდიდესი ნაწილის გამოცდილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ პალესტინელი ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციებით.  ლიბანში შესვლისას მათ არ გააჩნდათ ქვეითების, ტანკების, ინჟინრების, არტილერიისა და მხარდამჭერი ძალების ინტეგრირებულად მოქმედების უნარ-ჩვევები”.  ამავე დროს, მის ჰიბრიდულ მოწინააღმდეგეს გააჩნდა მცირე მასშტაბით, მაგრამ თითქმის იგივე ეფექტურობის ჰაერ-საწინაარმდეგო და ტანკ-საწინააღმდეგო საშუალებები, რაც ისრაელს, გამართული მართვისა და კომუნიკაციის სისტემა, ეფექტური ლოგისტიკა, აქტიურად იყენებდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას.  როგორც საკუთარი, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის ზრდასთან ერთად, ისრაელი აღმოჩნდა მსოფლიო და საკუთარი საზოგადოების წნეხის ქვეშ და იძულებული შეიქმნა შეეწყვიტა სამხედრო მოქმედებები.  ისრაელის  შესაბამისი წრეების მიერ ჩატარებული ოპერაციის  ანალიზის შემდგომ განთავისუფლებულ იქნა რამოდენიმე გენერალი (საქართველოსგან განსხვავებით!), მათ შორის შტაბის უფროსი  გენერალ-ლეიტენანტი დან ჰალუცი.  გამოიყო დამატებითი რესურსები მებრძოლების უკეთ ეკიპირებისა და აღჭურვისთვის.  რაც მთავარია, წვრთნების ფოკუსი გადატანილ იქნა “დაბალი ინტენსიობის კონფლიქტებიდან” “მაღალი ინტენსიობი საბრძოლო მოქმედებებზე” - გაერთიანებული ძალების საცეცხლე ურთიერთქმედებისა და მანევრის კომბინირებაზე.  Aაღნიშნული ცვლილებების შედეგებმა წარმატებით იჩინა თავი ღაზას სექტორში განხორციელებული ოპერაციის ჩასტ Lეად-ის დროს, ამჯერად ჰამასისი წინააღმდეგ.

ნებისმიერი ტიპის ომის სირთულე არ იძლევა მისადმი გამარტივებული მიდგომის უფლებას.  ჩვენი ხვალინდელი მტერი სავარაუდოდ დარჩება ცოცხალი ძალისა და ლეტალური იარაღის ისეთივე დიდი მარაგების მქონე და ულმობელი, როგორც დღეს-დღეისობითაა, მაგრამ შეიძენს მეტ მოქნილობას და მოხერხებულობას.  შესაბამისად, ასე თუ ისე მასშტაბური საომარი მოქმედებები საქართველოსთვის იქნება “ტოტალური”, თუკი რა თქმა უნდა, გვსურს ამ ომში გამარჯვება ან მინიმუმ, მტრის მოგერიება, ვინაიდან როგორც იტყვიან “ ომის სწრაფად დასრულების საუკეთესო გზა მასში სწრაფად დამარცხებაა”.  ტოტალური წინააღმდეგობისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს გამოიყენოს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო, სოციალური თუ სულიერი შემადგენელი.  თუ გავითვალისწინებთ ისრაელის ზემოთ მოყვანილ მაგალითს, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მიუხედავად იმ უდიდესი გამოცდილებისა, რასაც ქართველი სამხედროები იღებენ ავღანეთში ტალიბანის ბანდ-ფორმირებებთან დაპირისპირების დროს, კრიტიკულად არასაკმარისია ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ და საქართველოს საომარი მოქმედების თეატრში, სადაც ავღანეთიდან განსხვავებით, რიცხობრივი უპირატესობა მოწინააღმდეგეს ექნება და პირველი დაძახებისთანავე არც არავინ ასწევს ჰაერში ბომბდამშენებს შენს დასახმარებლად.  ამდენად, უმნიშვნელოვანესია ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნების ინტენსიობა გაიზარდოს არა მხოლოდ კონტრ-პარტიზანული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, არამედ როგორც ჰიბრიდული მტრის წინააღმდეგ მოსამზადებლად, ასევე, ჰიბრიდული მეთოდების ეფექტური გამოყენების უნარების ასათვისებლადაც.  ყველაზე მთავარი კი, ჩემი აზრით, მაინც სამშობლოს დასაცავად თავად საქართველოს მოსახლეობის ნების ჩამოყალიბებაა.

 

ვახტანგ კაპანაძე

ბრიგადის გენერალი