error
“გაჟონვა” - მანევრი, ზედგამოჭრილი საქართველოსთვის ბეჭდვა
ოთხშაბათი, 25 აპრილი 2012 16:39


“გაჟონვა” - მანევრი, ზედგამოჭრილი საქართველოსთვის

 

  “მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა არაა საკმარისი: ის უნდა მიყვანილ იქნას სრულ დაბნეულობამდე – მდგომარეობამდე, როდესაც  დეზორგანიზებულია, აღკვეთილი აქვს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ხოლო მისი ძალები – დაქსაქსულია”

ბრიტანელი სამხედრო თეორეტიკოსი ლიდელ ჰარტი

 

    “გაჟონვა” (“ინფილტრაცია”) დიდი ხანია განიხილება, როგორც საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მანევრის ფორმა. ის გამოიყენება მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანისაკენ მიმართულ ქმედებებში, პარტიზანულ ოპერაციებში, მოწინააღმდეგის გამოფიტისთვის, დაზვერვაში, აგეთვე უშუალოდ შეტევაში.  როგორც წესი, “გაჟონვა”-ს ახორციელებენ მცირე ზომის დანაყოფები ან ჯგუფები 4-6 კაცის შემადგენლობით, თუმცა მე-2 მსოფლიო ომისა და კორეის ომის პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც მთლიანი ნაწილები და შენაერთებიც კი (დივიზიები) წარმატებით ახორციელებენ ამ მანევრს.

    აღნიშნული ტაქტიკა საბრძოლო ხელოვნებაში გამოიყენება უხსოვარი დროიდან, თუმცა ჩამოყალიბებული ფორმა და თეორიული საფუძველი საფუძველს იღებს პირველი მსოფლიო ომის ბოლო პერიოდიდან.  ეს მეთოდი ძირითადად ასოცირდდება გერმანულ სტორმტროოპერს (მოიერიშეებთან) და უკავშირდება გენერალ ოსკარ ფონ ჰუტიერს (ხშირად ამ ხერხს “ჰუტიერის ტაქტიკასაც” უწოდებდნენ).  

Oskar von Hutier

   
    აღნიშნული მეთოდის ყველაზე წარმატებული გამოყენების მაგალითებად შეიძლება განვიხილოთ ბრუსილოვის გარღვევა 1916 წელს, გერმანელთა მიერ განხორციელებული რიგის ალყა 1917 წლის სექტემბერში, კანადელთა იერიში ვაიმის მთაზე 1917 წელს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სამხედრო ქრესთომატიაში შეტანილი კაპორეტოსთვის ბრძოლა, რომლის განმავლობაშიც ახალგაზრდა ერვინ რომელმა შეძლო არასრული ბატალიონის ღამის შეტევითა და “გაჟონვის” გამოყენებით ერთ-ერთი სიმაღლის დაკავებისას ტყვედ აეყვანა 150 იტალიელი ოფიცერი, 7000 რიგითი და 81 საარტილერიო დანადგარი.
    “გაჟონვა” მსხვილი მასშტაბებით ხშირად გამოიყენებოდა მე-2 მსოფლიო ომის, კორეის ომისა და ვიეტნამის ომების პერიოდში (მაგალითად ასევე შეიძლება მოყვანილ იქნას დიენ ბიენ პფუ-სთან ფრანგთა მე-6 კოლონიური პარაშუტისტთა ბატალიონის ორი ასეულის მიერ განხორციელებული იერიში ვიეტ მინის ღრმად ფორტიფიცირებულ პოზიციებზე ელენეს სიმაღლის უკან დაბრუნების მიზნით).  უნდა აღინიშნოს, რომ “გაჟონვა” წარმოადგენს ჩეჩენი ბოევიკების, ისევე როგორც სხვა პარტიზანული ტიპის დაჯგუფებების ძირითად ტაქტიკურ მეთოდს.
მაგალითი საქართველოს უახლოესი წარსულიდან - 1992 წლის სოხუმის დაცვის ბოლო დღეებში აფხაზები 3-5 კაციანი დაქსაქსული ჯგუფებით ფარულად აღწევდნენ ქალაქის გარეუბნებში, სადაც მათ ზოგიერთი არაქართველი ეროვნების მოღალატის სახლებში მოწყობილი ქონდათ სამალავები და იარაღის საწყობები, დათქმულ დროსა და ადგილას ახორციელებდნენ ამ ჯგუფების გაერთიანებას და ზურგში ურტყამდნენ ქართულ თავდაცვით პოზიციებს.  მათ წარმატებას ხელს უწყობდა ორივე მხარის მებრძოლების მიერ ერთნაირი ფორმის ტარება (უფრო სწორედ – ერთიანი უნიფორმის საერთოდ არ არსებობა), თავდაცვის დარღვეული ერთიანი სისტემა, დეზორგანიზებული საკომენდატო სამსახური (ქალაქს ღამით ისე გაივლიდი, რომ გამჩერებელი და საბუთის შემმოწმებელი კაციშვილი არ იყო), მტრის ჯგუფებში გამყოლებად ქართულის და სოხუმის ქუჩების კარგი მცოდნე მოღალატეების გამოყენება.
    აშშ სამხედრო ტერმინების ლექსიკონში, “გაჟონვა” განიმარტება, როგორც მოწინააღმდეგის მიერ  დაკავებულ ტერიტორიაზე შეღწევა მცირე ჯგუფებით, დროის არათანაბარი ინტერვალებით.
    ჩვეულებრივ, ბრძოლაში მანევრის სხვადასხვა ფორმა არ გამოიყენება იზოლირებულად, ხოლო მაქსიმალური შედეგის მომტანი, სწორედ მათი შერწყმა და გონივრული გამოყენება შეიძლება იყოს.  “გაჟონვის” მიზანს წარმოადგენს მოწინააღმდეგის ზურგში გაყვანილ იქნას ჯარების მნიშვნელოვანი ძალები დასახული ამოცანის შესასრულებად და ამავე დროს, მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოხვდეს საკუთარი ძალების მინიმალური რაოდენობა.  ამ დროს, შეტევაზე მყოფი გადის მოწინააღმდეგის თავდაცვის რაიონს მოწინააღმდეგესთან გადამწყვეტი შეტაკებისგან თავის არიდებით და აღწევს მისი განლაგების სიღრმეს ფარულად. “გაჟონვის” განმახორციელებელ დანაყოფებს შეუძლიათ თავისი ამოცანის შესრულება მოწინააღმდეგის კომუნიკაციებსა და მოწინავე ეშელონის ზურგის რაიონის მნიშვნელოვან ობიექტებზე მოულოდნელი დარტყმებით, ან მნიშვნელოვანი სიმაღლის, გადასასვლელის ან დეფილეს დაკავებითა და შენარჩუნებით.  შეიძლება ითქვას, რომ “გაჟონვა” წარმოადგენს ქვეითების შეტევითი მოქმედებების უმაღლეს ფორმას, განხორციელებულს უჩუმრად ან საცეცხლე მხარდაჭერით.
“გაჟონვის” გადამწყვეტ ფაზას – იერიში წარმოადგენს. ამ დროს სიღრმეში მოქმედი ძალების მხარდაჭერა ჰაერიდან და მოწინავე ხაზზე მოქმედი ჯარებით  სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რათა არ მიეცეს მოწინააღმდეგეს გონზე მოსვლისა და საგანგებო ზომების მიღების საშუალება.
“გაჟონვა” შესაძლებელია განხორციელდეს სამ ეტაპად:
•    პირველი ეტაპი მოიცავს დანაყოფების მოწინააღმდეგის თავდაცვის პირველი ეშელონის საბრძოლო წყობის გავლას შეტაკებების თავიდან აცილებით;
•    მეორე, წინასწარ  მონიშნულ რაიონში თავმოყრასა და იერიშისათვის მომზადებას;
•    მესამე - თავად იერიშს.

    “გაჟონვის” განხორციელებისას საბრძოლო ძალისხმევის მაქსიმუმი აუცილებელი ხდება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგის პოზიციები იქნება გავლილი, ხოლო შემტევი ძალები თავმოყრილი და იერიშისათვის მომზადებული.  ამ მანევრის არჩევაზე დიდ გავლენას ახდენს ადგილმდებარეობისა და საბრძოლო მოქმედებების ხასიათი.
“გაჟონვა” უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაშიმ თუკი
(1)    მოწინააღმდეგე გაშლილია დიდ ფართობზე და მის საბრძოლო წყობაში არსებობს სიცარიელეები, რომლებიც ჯეროვანი საცეცხლე მხარდაჭერითა  და მოწინააღმდეგის სათვალთვალო საშუალებების დაბრმავებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას;
(2)    როდესაც საბრძოლო მოქმედებები ხორციელდება რთული, დახურული რელიეფისა და მცენარეული საფარის პირობებში. რაც უფრო ძნელად გასავლელია გარემო, რაც უფრო წარმოუდგენელია მისი მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში მისადგომად, მით უფრო მეტი საფუძველია ამ პირობებში “გაჟონვის” განსახორციელებლად. როგორც წესი, ასეთი რაიონები დაცულია მცირერიცხოვანი ძალებით, რაც კიდევ უფრო ზრდის “გაჟონვის” განმახორციელებელი დანაყოფების შეუმჩნევლად მოძრაობის შანსს.

    აღნიშნული მანევრის წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია შემდეგ მნიშვნელოვან ასპექტებზე:
დაგეგმვა - წარმატების პირველი აუცილებელ პირობას წარმოადგენს ამოცანის ღრმა ანალიზზე და გარემო პირობების სწორ შეფასებაზე დაფუძნებული დეტალური დაგეგმვა.
    უმეტეს შემთხვევაში ამოცანის ხასიათი საშუალებას აძლევს თავად მეთაურს შეარჩიოს მისი შესრულების ხერხი. თუკი “გაჟონვა”-ს გააჩნია წარმატების მიღწევის შანსი, მაშინ  ძალისხმევის ერთიანობის მიღწევის მიზნით ურთიერთქმედება ასევე უნდა აისახოს მეთაურის ჩანაფიქრში.
“გაჟონვის” მარშრუტების და იერიშის ობიექტების შერჩევა ხორციელდება გარემოს, მოწინააღმდეგის განლაგების შესწავლისა და თავმოყრის რაიონებში გასვლამდე ბრძოლის თავიდან არიდების თვალსაზრისით. იერიში მონიშნულ ობიექტზე შესაძლებელია განხორციელდეს ორი მიმართულებიდან: “გაჟონილი” დანაყოფებითა და ფრონტიდან მოქმედი ძალების ერთდროული მოქმედებით. ნებისმიერ ამ მიმართულებაზე შესაძლებელია შერჩეულ იქნას ძირითადი ან მხარდამჭერი დარტყმები.  საუკეთესო შედეგი მიიღწევა ამ შემხვედრი მოქმედებების სრული კოორდინაციით.
    შეტევითი სულისკვეთება - წარმატების მეორე წინაპირობაა მოქმედებების შეტევითი ხასიათი. “გაჟონვის” განმახორციელებელი მებრძოლები, როგორც წესი, ყოველი მხრიდან იქნებიან გარშემორტყმულები მოწინააღმდეგის ძალებით და მტრულ გარემოში, ამიტომ ამ პირობებში შემტევი მოქმედებების განსახორციელებლად მებრძოლებისათვის ასევე აუცილებელია შესაბამისი მორალური მომზადება, ხოლო მეთაურებისთვის – ინიციატიურობა და მაღალი ნდობა  ქვეშემდგომების მხრიდან.
    გაბედულება - “გაჟონვა” არ უნდა იქნას განხილული როგორც მხოლოდ დამხმარე მანევრი. ის წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ, და შეიძლება ითქვას  “თავზეხელაღებულ” ფორმას. ის ყველა სხვა მოქმედებებისაგან გამორჩეულად იძლევა მოწინააღმდეგის ყველაზე მოწყვლად წერტილებზე დარტყმის საშუალებას და მის სულ დეზორგანიზებას, ვინაიდან ახორციელებს მოწინააღმდეგის კომუნიკაციის ხაზებისგან მოკვეთას, მომარაგების ჩაშლას, უზღუდავს უკანდახევისა და დახმარების მიღების შესაძლებლობას, აიძულებს აწარმოოს ბრძოლები სხვადასხვა მიმართულებებით, საფრთხის ქვეშ აგდებს მისი მართვის ორგანოებს.
   ინიციატივა - “გაჟონვის” დიდი ძალებით წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია პირველ ყოვლისა მოქმედების გაბედულება და ინიციატივის ფართო უფლება. აღნიშნული სრულიად არ ნიშნავს “გაჟონვის” განხორციელებას გაუაზრებლად ან მოწინააღმდეგის თვალწინ. ამ შემთხვევაში უაღრესად დიდი მნიშვნელობას იძენს საზრიანობა და გამომგონებლობა (არა შაბლონური აზროვნება).
კარგად ორგანიზებული დაზვერვა - სადაზვერვო პატრულირებას (მზირებას) ეფექტური ქმედება მანევრის ფარულად განხორციელებას, მოწინააღმდეგის სათვალთვალო პუნქტების უჩუმრად და სწრაფად  ნეიტრალიზების, რაც მთავარია – გაჟონვისთვის  ყველაზე ხელსაყრელი გასავლელებისა და მიმართულებების შერჩევის წინაპირობაა. დიდი ძალების ფარულად, მოწინააღმდეგესთან შეხების გარეშე თავდაცვის ზოლში გატარებისთვის, მზირებს უნდა შეეძლოთ სწორედ შეარჩიონ მოწინააღმდეგის თვალთვალისგან დაფარული სექტორები.
    ფიზიკური დაძაბულობა - რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება ისედაც წარმოადგენს საბრძოლო მომზადების განუყოფელ ნაწილს. მოწინააღმდეგის განლაგებაში რთულად გასასვლელი მონაკვეთების (ჭაობები, კლდეები, დასახლებული პუნქტების ნანგრევები და ა.შ.)  მებრძოლებისგან მოითხოვს მთელი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის უშუალოდ “ზურგით” გადატანას. რათა შენარჩუნებულ იქნას საცეცხლე ძალის შესაძლებლობები, “გამჟონმა” ძალები მეტი ოდენობით უნდა შეიარაღდნენ ნ/მტყორცნებითა და ტ/საწინააღმდეგო საშუალებებით (შესაბამისად, მათი ნაღმების და რაკეტების ნორმატიულზე მეტი რაოდენობა გადანაწილებული უნდა იქნას პირად შემადგენლობაზე), რამოდენიმე დღეზე გათვლილი კვების პროდუქტებით. აღნიშნული, თითუეული მებრძოლისგან მოითხოვს დიდი გამძლეობას და კარგ ფიზიკურ მომზადებას.
    დროის სწორი შერჩევა - მოწინააღმდეგის პოზიციებს წარმატებული ფარული გადალახვისთვის საუკეთესოა ცუდი მხედველობის, ძლიერი წვიმის, თოვლის, აგრეთვე ღამის პერიოდები. თუკი გაჟონვა ხორციელდება განმეორებით, აუცილებელია მოძრაობის დაწყების დრო შეცვლილ იქნას ყოველი ახალი ეტაპისათვის. თუკი “გაჟონვა” ხორციელდება საცეცხლე მხარდაჭერით ამ დიდი სიღრმეზე, ის დაწყებულ უნდა იქნას სიბნელის დადგომისთანავე. პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგის დაცვა გაჯერებულია რადიო-ლოკაციური თვალთვალისა და სიგნალიზაციის საშუალებებით, აუცილებლად უნდა იქნას ზომები  მიღებული მათ ჩასახშობად (“დასაბრმავებლად”).
გადაადგილების დროს, მოწინააღმდეგის დაზვერვის მხრიდან “გამჟონი” ძალების მოძრაობის მიმართულებისა და ძალების  დადგენის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გამოყოფილი იქნას დაცვის გაძლიერებული პატრულები და მაქსიმალურად გამოყენებულ იქნას არტილერიის საცეცხლე მხარდაჭერა.
    ნათელია, რომ “გაჟონვა” წარმოადგენს იმ მანევრს, რომელიც შესაძლებელია წარმატებული გამოდგეს გაბედული, მომზადებული, ტერიტორიის კარგად მცოდნე და შესაბამისად აღჭურვილი ძალებისთვის, თანაც სრულად არ არის საჭირო ჯავშან-ტექნიკასა და ავიაციაში გადამწყვეტი უპირატესობა.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართულ შეიარაღებულ ძალებში უნდა შემუშავდეს აღნიშნული მეთოდის ქართულ სინამდვილესთან ინტეგრირებული კონცეფცია, ხოლო დანაყოფები მოემზადონ საჭიროების შემთხვევაში არა მარტო “გაჟონვის” განსახორციელებლად, არამედ ამ მანევრის გამომყენებელი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველადაც.


 


ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე