error
ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი ბეჭდვა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2012 13:31

ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი

(2004)

http://newmexiken.com/wp-content/images/2006/12/AntietamLights.jpg

  ხშირად, საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ, როდესაც მსჯელობის საგანი ამ ქმედებათა შეფასება ხდება, ისმის კითხვა:რატომ დაიღუპა ჯარისკაცი? ზოგს ჯარისკაცის დაღუპვა ბუნებრივად მიაჩნია:ომია და ჯარისკაცი უნდა დაიღუპოს. ზოგს, ამდაგვარი ახსნა არ აკმაყოფილებს და მიაჩნია, რომ ასეთი რამ აუცილებელი არ არის, თუმცა შესაძლოა, რომ ჯარისკაცი დაიღუპოს. აღნიშნული კალამბური არ გახლავთ და ომის წარმოების მიმართ ორ სხვადასხვა მიდგომას, ორ სხვადასხვა ფილოსოფიას გამოხატავს. პირველის მიხედვით, ჯარისკაცი ომის მასალაა, რომელიც ომის დროს უნდა დაიხარჯოს. მეორის მიხედვით, ჯარისკაცი საბრძოლო ქმედებათა ცენტრალური ფიგურაა, რომლის წარმატება (საბრძოლო ამოცანის შესრულება) მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. სხვათაშორის, ამ მიდგომის უკან დგას არა იმდენად ჰუმანიზმი, რამდენადაც ცივი, პრაგმატული გათვლა:პირველი, დაღუპული ჯარისკაცი ამოცანას ვერ ასრულებს და მეორე, დაღუპულთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შესაძლოა პოლიტიკური სირთულეები შექმნას და პოლიტელიტისთვის ომის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადოს. სხვა საქმეა, რომ საბრძოლო ამოცანის შესრულება სიცოცხლის მაღალი რისკის შემცველია და უმეტესად შეგნებულ თავგანწირვას გულისხმობს.
   როდესაც ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე, ანუ როდესაც ჯარისკაცი არა ბრმა ტყვიით იღუპება, არამედ იმიტომ, რომ ამოცანის შესრულება სხვისთვის უფრო ადვილი გახადოს (მაგალითად, მატროსოვი, ანდა გამცემლიძე), ან თავს წირავს, რომ თავისიანებს უფრო დიდი მსხვერპლი აარიდოს (მაგალითად, როდესაც ხელყუმბარას ტანით ეფარება), ანდა  სულაც იმიტომ, რომ მისი ხასიათიდან (ან ღირებულებებიდან) გამომდინარე, შექმნილი ვითარება აიძულებს სიკვდილი აირჩიოს (გავიხსენოთ ფორე მოსულიშვილი), ვიტყვით, რომ გმირობასთან გვაქვს საქმე. გმირობა იმდენად გამორჩეული რამაა, იმდენი სულიერი ძალების დაძაბვას მოითხოვს, რომ ხშირად ვამბობთ ხოლმე, ყველა გმირი ვერ იქნებაო. ამგვარად, იმის კონსტანტაცია, რომ ჯარისკაცი შესაძლოა  დაიღუპოს, თუმცა ეს არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, სრულებითაც არ გახლავთ სიტყვების თამაში.
   პირველი მიდგომის კლასიკური მაგალითია საბჭოთა ჯარების მიერ განხორციელებული ბერლინის აღების ოპერაცია. მეორე მიდგომის ღერძს თანამედროვე დასავლური დოქტრინები წარმოადგენს. შემთხვევითი არ არის, რომ 1975 წლიდან 2002 წლამდე პერიოდში აშშ-ს მიერ წარმოებულ 91 მსხვილმასშტაბიან ოპერაციაში, ანუ თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე, დანაკარგმა 900-ზე ნაკლები სამხედრო მოსამსახურე შეადგინა (ანუ, ოპერაციები პრაქტიკულად უდანაკარგოდ ტარდებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერაყში განვითარებულ მოვლენებს, რასაც სამხედროები ჭაობს ეძახიან). ამ ფონზე, ცხინვალის რეგიონში, არაოფიციალურად გაცხადებული, ოცდაოთხი დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, ცალსახად, არაადექვატურად მაღალ მსხვერპლად შეიძლება მივიჩნიოთ, თუ კი ოპერაციის მასშტაბებსა და  ინტენსივობის ხარისხს გავითვალისწინებთ.
   იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რამაც საბრძოლო შეხებისას ჯარისკაცის სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს იმდენად ფართეა, რომ ნებისმერი ცდა სისტემატიზაციისა აპრიორი წარუმატებელი იქნება. თუმცა, ომის ტექნოლოგიათა, ანუ ომის წარმოების ხერხების დახვეწის კვალობაზე, შემთხვევითობათა იმ სიმრავლის დავიწროვება, რომელიც ჯარისკაცის დაღუპვის მიზეზთა ერთობლიობას შეადგენს, სავსებით რეალური ამოცანაა. მაგალითად, ვიეტნამისშემგომი ამერიკისთვის დოქტრინული ცვლილებები საკმარისი აღმოჩნდა, რომ მსხვერპლის რაოდენობა დრამატულად შემცირებულიყო. ასევე, სამედიცინო დარგის მიღწევებმა პრაქტიკულად არა მარტო საბრძოლო მოქმედებების თანმდევი ეპიდემიების საშიშროება მოხსნეს, არამედ მკვეთრად შეამცირეს მსხვერპლი დაჭრილთა შორისაც. ასე რომ, მიუხედავად შემთხვევით ფაქტორთა მრავალგვარობისა, საბრძოლო დანაკარგი მაინც რეგულირებადია.
   მსხვერპლის თავიდან აცილების მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის, ძველთაგანვე, ოფიცრის კომპენტენცია და ხარისხი განიხილება. გავიხსენოთ მაკედონელი:არ არსებობს ცუდი ჯარისკაცი, არსებობენ ცუდი ოფიცრები. ალბათ, არ ჭირდება მტკიცება იმას, რომ დანაკარგის გარკვეული ნაწილის მიზეზი ხელმძღვანელთა არაკომპენტენტურობაც გახლავთ. მეთაურმა ველზე შესაძლოა მართლაც დაუშვას შეცდომა.  ასეთი რამ რომ ყოველთვის შესაძლებელია, ომის ერთ-ერთი თავისებურება გახლავთ. მაგრამ დრამატიზმი ამაში როდია. გაცილებით ცუდია, როდესაც შეცდომას მაღალი დონის მეთაური უშვებს. მისი შეცდომა უფრო სიღრმისეულია და შედეგებიც გაცილებით მძიმე. საერთო აზრია, რომ ტაქტიკური მარცხი გაცილებით ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს სტრატეგიულ ფონზე, ვიდრე სტრატეგიული შეცდომა – (ერთი შეხედვით) წარმატებულ ტაქტიკურ ვითარებაზე.
   ტაქტიკური გარემოს ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი შემთხვევითობაა. გავიხსენოთ კლაუზევიცი: ომი შემთხვევითობათა არეა. შემთხვევითობაზე აწყობილ ვითარებათა შორის ორიენტაცია საკმაოდ რთულია და ხშირად, წარმატება-წარუმატებლობა ინტუიციასა და მის მიერ ნაკარნახევი სვლების სწრაფად რეალიზაციის უნარზეა დამოკიდებული. მერფის წესი: ნებისმიერი გეგმა საბრძოლო მოქმედებათა დაწყებიდან რამოდენიმე წუთში აუცილებლად ირღვევა. თავად ინტუიციის ხარისხი საკუთარი საბრძოლო გამოცდილების პროპორციულია (სხვათაშორის, ამიტომაც ჯობია გამოცდილი მეთაური გამოუცდელს) და მასზე ნაკლებ ზეგავლენას ახდენს სამხედრო მეცნიერების (ხაზი გავუსვათ, არა ხელოვნების) ცოდნა-არცოდნა. შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ უმცროს ოფიცერთა მოსამზადებელი დაწესებულებები, გენერალური შტაბის აკადემიის ტიპის სასწავლებლებისგან განსხვავებით, მთლიანად პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. მეორეს მხრივ, სტრატეგიული გარემო უფრო მყარი და პროგნოზირებადია. თუმცა ცვლადები აქაც არსებობს, მაგრამ მათი ვარირების სივრცე გაცილებით შეზღუდულია. სტრატეგიული გარემოს სიმყარე, სხვათაშორის, ქმნის იმის წინაპირობასაც, რომ სამხედრო მეცნიერება არსებობს. ეს კი, თავის მხრივ,  ნებისმიერი დაგეგმარების წინაპირობაა. ამგვარად, შემთხვევითი არც ისაა, რომ მერფის წესის მიუხედავად, კამპანიები მაინც იგეგმება.
    ამ რამოდენიმე წლის წინ აშშ-ში გამოვიდა წიგნი, რომელსაც მეტად საგულისხმო სათაური ჰქონდა :როგორ ვაკეთოთ ომი. მაშასადამე, ომი ისეთი რამ ყოფილა, რისი კეთებაც შესაძლებელია. Aმაგრამ, ვინაიდან ყოველი კეთება მკეთებელისაგან გარკვეულ უნარ-ჩვევათა ფლობას გულისხმობს, ხოლო ეს უნარჩვევები ციდან არავის აცვივა, არამედ შეძენადია, ანუ ცოდნაა, გამოდის რომ ომის კეთებას, პირველ რიგში, ომის ცოდნა ჭირდება. როგორც ზემოთ ვნახეთ,  ამდაგვარი ცოდნა მრავალპლანია: ის შეიძლება იყოს როგორც აბსტრაქტულ-თეორიული, ასევე პრაქრიკულ-გამოცდილებისეული, ტექნიკურ-ტექნოლოგიური (ომის წარმოების ტექნოლოგიების ცოდნის თვალსაზრისითაც), ინტუიციური და ა.შ. ამ მრავალგვარობაში, ერთ-ერთი ძირითადი იმ საშუალებათა ცოდნაცაა, რაც, კონფლიქტის საწყის ეტაპზე, დაპირისპირების ძირითად ინსტრუმენტად გაგვაჩნია. აქ მარტო შეიარაღება არ იგულისხმება. მეტიც, შეიარაღება, მოცემულ შემთხვევაში, საერთოდ შეგვიძლია არც ვიგულისხმოთ. აღნიშნულის ცოდნა, ანუ არსებული საშუალებების სწორად გამოყენების უნარი, ზედმეტი დანაკარგის თავიდან აცილების ერთგვარი გარანტიაცაა. ვიცით რა ჩვენი საშუალებების შეზღუდვები, საკმაოდ კარგად შეგვიძლია განვჭვრიტოთ იმ დანაკარგის ხარისხი, რაც ამ შეზღუდვებიდან ბუნებრივად გამომდინარეობს. Aასევე შეგვიძლია განვსაზღვროთ ისიც, გვიღირს თუ არა ამ ფასად ოპერაციის განხორციელება. თუ ოპერაციის განხორციელება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ ღონისძიებები, რომელიც მოსალოდნელ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.
   ყველაფერი ეს რომ ძალიან აბსტრაქტულად არ მოგვეჩვენოს, დავუბრუნდეთ ისევ ცხინვალის მოვლენებს და ჩვენს ოცდაოთხ დაღუპულს:ამჟამად რთულია იმ ამოცანის ავ-კარგიანობაზე საუბარი, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე დაისვა, ვინაიდან ეს ინფორმაცია დახურულია, მაგრამ სურათი, რომელსაც, კვირაზე მეტ ხანს, მთელი საქართველო დაძაბული შეცქეროდა, მეტ-ნაკლები სიზუსტით, შემდეგია: ქართველ კომანდოსებს პოზიციებზე ღამ-ღამობით “ამუშავებდა” მოწინააღმდეგის არტილერია. გარჩევა იმისა, თუ რას წარმოადგენს კომანდოს ტიპის ნაწილები, საკმაოდ შორს წაგვიყვანდა. Aაქ უბრალოდ რამოდენიმე მომენტს მოვნიშნავთ:იმ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი თავისებურება, რომელიც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა 1998-2003 წლებში განიცადა (და რომელიც ყველა სამხედრო ექსპერტს რატომღაც გამორჩა) გახლავთ ის, რომ მსუბუქი ქვეითი კომპონენტი, რასაც ჩვენ არც თუ მთლად არასწორად, მაგრამ მაინც, ოდნავ უზუსტოდ, კომანდოს ვეძახით, ამ პერიოდში ხდება არმიის არქიტექტურის ძირითადი (განმსაზღვრელი) კომპონენტი. ამ კომპონენტის თავისებურებანი ძალზე სპეციფიურია და საკმაოდ ფაქიზ მოპყრობასა და ზედმიწევნით კარგ ცოდნას მოითხოვს. ევროპულ არმიებში კომანდოს ისტორია ძირითადად მეორე მსოფლიო ომიდან იწყება. 1940 წელს, ჩერჩილის ცნობილი განკარგულება მოითხოვდა შექმნილიყო “მონადირის ტიპის განსაკუთრებულად გაწვრთნილი ძალები, რომელთაც შეუძლიათ მოწინააღმდეგის სანაპიროზე განახორციელონ ტერორი”. მონადირეზე მითითება ცალსახად მიანიშნებდა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ძალები ერთ ადგილზე ხანგრძლივად ყოფნისთვის არ იყო გამიზნული. შემთხვევითი არაა, რომ ბრიტანული დოქტრინა, თავდაპირველად, მათთვის ველზე ყოფნას ოცდათექვსმეტი საათით განსაზღვრავდა. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ძალების გამოყენების დოქტრინა დღესაც წინააღმდეგია პოზიციებზე მათი ხანგრძლივად გაყვანისა, ვინაიდან მსხვერპლი, რომელიც ამ დროს ცალსახად გარდაუვალია, ბევრად აჭარბებს იმ ეფემერულ შედეგს, რომელიც კომანდოს ხასიათიდან გამომდინარე, მათმა შეუპოვრობამ შეიძლება მოიტანოს. სხვა სიტყვებით, პოზიციებზე კომანდოს ტიპის ნაწილების ჩასმა ეწინააღმდეგება ამ ჯარების ბუნებას. ახლა, შეგვიძლია თუ არა ვიკითხოთ, იცოდნენ თუ არა გენერალურ შტაბში, რომ გადაწყვეტილება კომანდოს წინა ხაზზე გაყვანისა იყო მცდარი და რა შედეგი უნდა მოყოლოდა ამას? თუ ასეთი ცოდნა გენერალურ შტაბს გააჩნდა, მაშინ საქმე გვაქვს დანაშაულთან. სამწუხაროდ, სურათის სიმძიმეს არც არცოდნა ცვლის, ვინაიდან ამ არცოდნის ფასი სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლეა. მთელ იმ არაკომპენტენტურობის მორევში, რომელშიც სამხედრო ხელმძღვანელობამ თავი ჩაიგდო, ერთად-ერთი იმედისმომცემი  პრეზიდენტის განკარგულება გახლდათ აღნიშნული ნაწილების ზონიდან გამოყვანის შესახებ.

არსებობს გამოთქმა, რომ საომარ მოქმედებათა პირველი მსხვერპლი ყოველთვის სიმართლეა. აღნიშნული მსხვერპლი თავისთავად იმდენად დიდია, რომ დამატებით არ არის საჭირო მისი ზედმეტი სისხლით გაჯერება. სხვა სიტყვებით, ომი დილეტანტებს ვერ იტანს და დღეს მართლაც არ უჭირს საქართველოს იმდენად, რომ მაინცა და მაინც დილეტანტები აომოს.

 

დ.თევზაძე;
გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი
IB ვერო-კავკასიური უნივერსიტეტის სრული პროფესორი

გაზეთი 24 საათი-სამხედრო, #14, 2004