error
მდინარის ზღუდეზე გამაგრება ბეჭდვა
ორშაბათი, 27 დეკემბერი 2010 17:18
მდინარის ზღუდეზე გამაგრება
“ ბრძოლის ნებისმიერი სახე შეიცავს დიდ საფრთხეს როგორც მეთაურობისთვის, ასევე ჯარებისთვის.  მხოლოდ მტკიცე საბრძოლო ერთობა, დაფუძნებული ურყევ ურთიერთნდობაზე მეთაურიდან ბოლო ჯარისკაცამდე, ეხმარება მათ გადალახონ თანამედროვე ბრძოლის სწრაფად ცვლადი გარემოს ყველა მოულოდნელობა.”
ეიკე მიდელდორფი,
გერმანელი სამხედრო ექსპერტი
  
    შეტევის ღერძის პერპენდიკულარულად გაწოლილი მდინარეები და სხვა წყლიანი თუ მშრალი ხაზობრივი დაბრკოლებები (ხეობები, კანიონები, ხევები, არხები და ა.შ.), წარმოადგენენ შეტევის შემაფერხებელ და დაცვის მოწყობის ხელშემწყობ ფაქტორებს. ისინი იძულებულს ხდიან შეტევაში მყოფს თავი მოუყაროს ძალებსა და საშუალებებს ცალკეულ მონაკვეთებზე, გამოიყენოს სპეციალური ტექნიკური საშუალებები, დააგდოს შეტევის ტემპი და გარკვეული პერიოდით დაარღვიოს საბრძოლო წყობის ერთიანობა.  საქართველოს მდინარეების ძირითადი ჩრდილოეთ-სამხრეთი მიმართულება კარგ საშუალებას აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს მოაწყოს მდგრადი და კარგად ორგანიზებული თავდაცვა მოწინააღმდეგისშესაძლო დარტყმის მოსაგერიელებლად.  
    საქართველოს ტერიტორიაზე გაედინება 26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 26000 კმ-ს აღწევს. Mმიუხედავად იმისა, რომ მათგან 99,4% მცირე სიგრძისაა, საქართველოს უმეტესი ნაწილის რთული რელიეფის, ბუნებრივი და ხელოვნური წინაღობების გათვალისწინებით შეტევაში მყოფ ფორმირებას თავის ამოცანების მიმართულებაზე, მოუწევს რამოდენიმე მშრალი და წყლიანი წინაღობის გადალახვა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის სიგანე 20 მ-ზე მეტი იქნება.  დაბრკოლების მეორე (შორ) ნაპირზე ძალებისა და საშუალებების პროეცირება ჩვენი მოწინააღმდეგისთვის მისი საინჟინრო რესურსების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, თუმცა მისთვის იგივეს გამეორება წინააღმდეგობის პირობებში, ანუ ფორსირება, მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.

დაბრკოლების (წყლიანი ან მშრალი) მნიშვნელობა დამოკიდებული მის სიგანეზე, სიღრმეზე, ნაკადის სიჩქარეზე (მდინარის შემთხვევში), ნაპირების სიმაღლესა და დაქანებაზე, გრუნტის ხასიათზე, ფსკერზე და კალაპოტზე (მდინარის შემთხვევაში), ჰიდროტექნიკური ნაგებობის არსებობაზე, თავდაცვის ხასიათზე, საინჟინრო მოწყობაზე, ასევე ამინდსა და წლის დროზე, დაბრკოლების გადალახვისთვის საჭირო საინჟინრო საშუალებების არსებობასა და სხვა ფაქტორებზე.

ნათელია, რომ არ შეიძლება მდინარე თავისთავად ჩაითვალოს დაბრკოლებად, თუკი არ იქნება განხილული მისი დაცვის შესაძლო ხასიათი.  მათ დამცველებისთვის არაერთგვაროვანი მნიშვნელობა გააჩნიათ.  მცირე ზომის მდინარეები და ხევები არ უნდა ჩაითვალოს სერიოზულ დაბრკოლებად და ამდენად, არასწორი იქნება რუკაზე აღნიშნულ თითოეულ ამ ტიპის დაბრკოლებას მიენიჭოს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ეს გამოიწვევს ძალების დაქსაქსვას და ოპერატიული დაცვის შესუსტებას.  წლის დრო და მდინარეზე ჰიდროტექნიკური ნაგებობის არსებობა, ასევე მნიშვნელოვანწილად ცვლიან მდინარის დაცვით თვისებებს.  

განვიხილოთ მდინარის თავდაცვით ზღუდედ გამოყენების შესაძლებლობა.

დასავლეთის სამხედრო სახელმძღვანელოებში მდინარის ზღუდის დაცვა განეკუთვნება განსაკუთრებულ პირობებში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებს.  მისი უნარიანი დაცვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ჩნდება ძალებისა და საშუალებების მინიმალური დანახარჯით შენელებულ იქნას მოწინააღმდეგის შეტევა, გაურთულდეს მდინარის სვლიდან გადალახვა და იძულებული გახდეს დაიწყოს დაბრკოლების მომზადებული ფორსირების ორგანიზება.  ამასთან იგულისხმება, რომ მოწინააღმდეგეს დასჭირდება ძალების გადაჯგუფება, ახალი დანაყოფების შემოყვანა, გადასალახი საშუალებების მოზიდვა და სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.  ეს კი, თავის მხრივ ითხოვს მნიშვნელოვან დამატებით დროს.  აღნიშნული გარემოება ქართულ მხარეს ოპერატიულ მასშტაბში შესაძლებლობას აძლევს თავისი პოზიციების გამაგრებისა და მოწინააღმდეგის შეტევის ძირითადი მიმართულების გამომჟღავნებისთვის.

წყლიანი დაბრკოლების დაცვის მიზანს წარმოადგენს – მოგერიებულ იქნას მოწინააღმდეგის შეტევა, მიყენებულ ექნას ზიანი გადმოადგილების, გაშლისა და ფორსირების ეტაპებზე, შენარჩუნებულ იქნას გადმოლახვისთვის გამოსადექი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთები, ხოლო ახლო ნაპირზე გადმოსვლის შემთხვევაში განადგურებულ იქნას მისი გადმოსული ძალები, მომზადდეს პირობები ძირითადი ძალების კონტრ-დარტყმისთვის (რომელიც ჩვეულებრივ, ტარდება უფრო ადრე, ვიდრე ბრძოლის სხვა პირობებში, რათა არ მიეცეს მოწინააღმდეგეს პლაცდარმზე გამაგრების საშუალება).

მდინარის ზღუდის დაცვა ეწყობა საბრძოლო მოქმედებების საერთო პრინციპების საფუძველზე, თუმცა მდინარის მახასიათებლებისა და მიმდებარე გარემოს თავისებურებების გათვალისწინებით.  როდესაც მდინარე წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას, ხოლო გარემო ბუნებრივი პირობები იძლევა ცეცხლის სისტემის ორგანიზების საშუალებას, საბრძოლო დანაყოფებმა შესაძლებელია თავდაცვა ფართო ფრონტზე მოაწყონ, წინა ხაზის უშუალოდ მდინარის ნაპირზე განთავსებით.  თუკი, მდინარის მიმდებარე გარემო არ იძლევა ეფექტური ცეცხლის წარმოების საშუალებას, მოწინავე ხაზი შესაძლებელია გადატანილ იქნას თავდაცვის სიღრმეში.  ნებისმიერ შემთხვევაში, თავდაცვის რაიონი უნდა მოეწყოს მანძილზე, რომელიც საშუალებას იძლევა მდინარის მისასვლელების ტყვიაფრქვევების ცეცხლით დაფარვისთვის.

დაცვისთვის მომზადებული რაიონები ნაწილებმა და ქვედანაყოფებმა უნდა დაიკაონ წინასწარ, ან მოწინააღმდეგის ფორსირების დაწყებისთანავე ძლიერი საბრძოლო დაცვის გამოყოფით (რაც საქართველოს მდინარეების მასშტაბების გათვალისწინებით არაა რეკომენდირებული).  მათი ამოცანაა მოწინააღმდეგის შეფერხება და დროის მოგება ძირითადი ძალების მიერ დაცვისთვის მოსამზადებლად.

მდინარის ზღუდის დაცვის დროს ცეცხლის სისტემა ეწყობა შემდეგი გათვლით:
•    მაქსიმალური მანძილებიდან ცეცხლის წარმოებით დააზიანოს   მოწინააღმდეგე თავმოყრის რაიონებში – ამოცანით, შეაფერხოს მოწინააღმდეგის მდინარისკენ გადმოადგილება, ჩაახშოს და გაანადგუროს მისი საცეცხლე საშუალებები;
•    ყველა სახის იარაღის გამოყენებით უშუალოდ მდინარეზე გადმოსვლისას განადგურებულ იქნას მოწინააღმდეგის სადესანტო და ხიდგამდები საშუალებები, ცოცხალი ძალა – ამოცანით, არ დაუშვას მოწინააღმდეგის ახლო ნაპირზე გადმოსვლა და გამაგრება;
•    გაანადგუროს და შეაჩეროს ახლო ნაპირზე გადმოსული მოწინააღმდეგის დანაყოფები – ამოცანით, არ მისცეს მოწინააღმდეგეს ახლო ნაპირზე ფეხის მოკიდების და პლაცდარმის გაფართოების საშუალება, ხელსაყრელი პირობები შეუქმნას მეორე ეშელონს (რეზერვს) კონტრ-შეტევის განსახორციელებლად;
•    განახორციელოს კონტრ-შეტევაში აქტიური მონაწილეობა – ამოცანით, უკუაგდოს და გაანადგუროს მოწინააღმდეგის გადმოსული ქვედანაყოფები, ხელი შეუწყოს თავდაცვის ზღუდის აღადგენას.

ცეცხლის სისტემის ორგანიზება ხდება იმგვარად, რომ მდინარესთან მისასვლელები, მდინარის წყლის სარკე, განსაკუთრებით ფონები და ფორსირებისთვის ხელსაყრელი მონაკვეთები იცხრილებოდეს ფლანგური და ჯვარედინი ცეცხლით.  ამ შემთხვევაში, დამცველთა ტანკების ნაწილი, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საცეცხლე საშუალებები შესაძლებელია გადაადგილდნენ ზღუდესთან ახლოს.

მდინარის ზღუდის დაცვა საბრძოლო მოქმედებების ხასიათისა და მეთოდების მიხედვით იყოფა ორ სახედ: პოზიციურ და მობილურ დაცვად. პოზიციური – ძირითადად გამოიყენება შედარებით მცირე ზომის მდინარეებზე. დიდი გადაჭიმულობის მდინარეებზე უპირატესობა ენიჭება მობილურ დაცვას.

მდინარის ზღუდეზე პოზიციური დაცვის მოწყობა განიხილება იმ პირობებში, როდესაც მეთაურის განკარგულებაში არ არის საკმარისი სამანევრო ტექნიკა, ჰაერში გაბატონებულია მოწინააღმდეგე, რაც რელიეფის რთულ პირობებთან ერთად არ იძლევა მნიშვნელოვანი მობილური რეზერვების ფართო გამოყენების საშუალებას.  ამ პირობებში, ადგილმდებარეობის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთები, ინფრასტრუქტურის კვანძები, შესაძლო გადმოსასვლელები და ა.შ. დაკავებულ უნდა იქნას ყველაზე ძლიერი დანაყოფებით, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის, ძირითადი ძალებიდან მოწყვეტით, ხშირად ალყაში.  ნებისმიერ შემთხვევაში, მეთაური უნდა ცდილობდეს ღრმა ეშელონირების პრინციპის დაცვას.  დაცვის მდგრადობის ასამაღლებლად, ღია ფლანგი (ფლანგები) უნდა ებჯინებოდნენ მდინარეს და დაცულნი იყვნენ საინჟინრო წინაღობებით.  თავისთავად, პოზიციური თავდაცვა არ წარმოადგენს ერთგვაროვანს და გააჩნია სხვადასხვა ნაირსახეობაც, მაგრამ, ამ სტატიის ფორმატში მათზე გაჩერების საშუალება არ არის, თუმცა შესაძლებელია მდინარის ზღუდის დაცვის რამოდენიმე ზოგადი ტაქტიკური მონაცემის მოყვანა:


ფრონტის სიგანე
•    საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი – 3.5-5.5 კმ;
•    ქვეითთა ასეული – 1200 მ-ზე მეტი;
•    ქვეითთა ოცეული – 500 მ-ზე მეტი.
საბრძოლო წყობის სიღრმე
•    საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი – 2.5-3 კმ;
•    ქვეითთა ასეული – 700 მ-ზე მეტი;
•    ქვეითთა ოცეული – 200 მ-ზე მეტი.


პოზიციური დაცვის პირობებშიAუცილებლობას წარმოადგენს შორ ნაპირზე მობილური და გაძლიერებული ქვედანაყოფის აქტიური მოქმედება საკუთარი ძალებიდან დაახლოებით 12-15 კმ-მდე მანძილზე, რაც საშუალებას აძლევს ძირითად ძალებს მხარი დაუჭიროს საარტილერიო ცეცხლით.  ქვედანაყოფის მთავარ ამოცანას წარმოადგენს მოწინააღმდეგის შეფერხება, მაქსიმალური ზიანის მიყენება და მისი შეტევის ძირითადი მიმართულების გამოვლენა.

მობილური თავდაცვის ძირითადი პრინციპის განსხვავება პოზიციური თავდაცვისგან მდგომარეობს იმაში, რომ დამცველთა ძირითადი ძალები ეწყობიან მდინარიდან მოშორებით. მდინარის ზღუდის დაცვა ხორციელდება ძირითადად კონტრ-შეტევებითა და გადმოსული მოწინააღმდეგის განადგურებით.  განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მობილური თავდაცვის დროს საბრძოლო დაცვა არ გამოიყოფა.  მათ მაგივრობას ასრულებენ სათვალთვალო პუნქტების ხშირი ქსელი და სადაზვერვო პატრულები.  მის დამახასიათებელ ნიშანს ასევე წარმოადგენს სუსტად გამოხატული დაცვის მთავარი ზოლი, რომელსაც არ გააჩნია მკვეთრად მოხაზული პოზიციები.  მობილური დაცვის ორგანიზება მოითხოვს მოწინააღმდეგეზე არანაკლებ ოპერატიული მობილურობის შესაძლებლობებს, უმაღლესი დონის საბრძოლო მომზადებას და ჯარების უმკაცრეს დისციპლინას, ასევე, განსაკუთრებული ხარისხის მართვადობას.

საქართველოს საოპერაციო რაიონში მიზანშეწონილია ამ მეთოდების სინთეზის ადაპტირება გარემო პირობებთან ურთიერთკავშირში.  კერძოდ, მოწინავე თავდაცვითი პოზიციები უნდა შედგებოდეს უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური მიმართულებებისა და მდინარეზე გადმოსასვლელების ჩამკეტი პოზიციური დაცვის პრინციპის წინააღმდეგობების კვანძებისა და საყრდენი პუნქტებისგან.  ისინი ჩვეულებრივ ეწყობიან წრიული თავდაცვისთვის და მათი შემადგენლობა შეიძლება იყოს როგორც გაძლიერებული ოცეული, ასევე ასეული და ბატალიონი. აღნიშნული წინა აღმდეგობის კვანძები და საყრდენი პუნქტები განლაგებულნი უნდა იქნას სიღრმეში ეშელონირებულად, რომელთა შუალედებში აქტიურად და აგრესიულად უნდა მოქმედებდნენ მობილური სადაზვერვო და საბრძოლო პატრულები, “მოხეტიალე” ჯავშან-ჯგუფები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ბატარეები.  ასევე, 8-10 კმ სიღმეზე წინასწარ მზადდება რაიონები კონტრ-შეტევითი დანაყოფებისთვის.

Uუშუალო მხარდაჭერის არტილერია მიზანშეწონილია განლაგდეს საყრდენი პუნქტების რაიონებში ან მოწინავე თავდაცვით პოზიციაზე, რათა მუდმივი დარტყმის ქვეშ ამყოფოს მოწინააღმდეგე.  მათვისაც მზადდება როგორც ძირითადი, ასევე ჩვეულებრივზე მეტი სათადარიგო პოზიციები.  ეწყობა დროებითი საცეცხლე პოზიციები მდინარის ზღუდესთან უშუალო სიახლოვეს, ხოლო თვითმავალი არტილერიისთვის – შორ ნაპირზეც, რათა მაქსიმალურ მანძილებზე შეძლოს გადმოადგილებული მოწინააღმდეგის დაზიანება.  ნაღმ-მტყორცნების ცეცხლი შედის საარტილერიო ცეცხლის საერთო გეგმაში და წარმოებს ორივე ნაპირის მიმართულებით.  მათი ცეცხლის სწრაფი ჩაწერტებით წარმატებით შეიძლება დიდი ზიანის მიყენება შექუჩული მოწინააღმდეგესთვის, რასაც აუცილებლად ექნება ადგილი სადესანტო საშუალებების წყალში ჩაშვების ადგილებში.

ცალკე უნდა ხაზი გაესვას საინჟინრო უზრუნველყოფას.  მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ყველა სახის იარაღის ძალის ეფექტურობის ამაღლება, საკუთარი ძალების დაცვა და მანევრის უზრუნველყოფა.  დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საინჟინრო წინაღობების დაყენებას როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში.  25 მ-ზე მეტი სიგრძის ხიდები უნდა მომზადდეს აფეთქებისთვის. აფეთქების დრო და პასუხისმგებელი პირი ინიშნება დაჯგუფების მეთაურის მიერ.  25 მ-ზე ნაკლები სიგრძის ხიდები ინაღმება და იფარება ცეცხლით.  საკმაოდ ეფექტურია ხიდების მიმდებარე ადგილების დანაღმვა ორივე ნაპირზე.  აფხაზეთის კონფლიქტისა და სხვა ლოკალური კონფლიქტების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი პირობებისთვის მიზანშეწონილია ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების დაყენება როგორც მდინარის ფონებთან ჩამავალ მისასვლელებზე, ასევე, უშუალოდ მდინარის ფსკერზეც.  ნაკადის ჩქარი დინების პირობებში ნაღმები მაგრდება სპეციალურ სადგარზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი გადაადგილება და ნატანით დაფარვა.  ძალზედ ეფექტურია როგორც წყალქვეშა დისტანციური ფუგასების, ასევე, მცურავი ფუგასების გამოყენება.  მათი საშუალებით შესაძლებელი იქნება პონტონური და ბორნული გადასასვლელების, ასევე, მექანიზებული ხიდების წყობიდან გამოყვანა.  


Bდასასრულს, მდინარის ზღუდის წარმატებული დაცვის მაგალითი საქართველოს უახლესი ისტორიიდან, რომლის მონაწილეებიც სამწუხაროდ უსამართლოდ არიან დავიწყებულნი:

1992-1993 წწ. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, ფრონტის ძირითადი ხაზი მდინარე გუმისთაზე გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი ზღუდე საინჟინრო თვალსაზრისით არასრულად იყო მოწყობილი, ქვედანაყოფები ძირითადად დაკომპლექტებულნი იყვნენ მოხალისეებით, კატასტროფულად არ იყო საკმარისი საბრძოლო აღჭურვილობა - ვაჟკაცობისა და თავდადების ხარჯზე სოხუმის დამცველები ერთ წელზე მეტ ხანს არ აძლევდნენ საშუალებას მოწინააღმდეგეების მრავალეროვან შეიარაღებულ დაჯგუფებებს, შემოჭრილიყვნენ სოხუმში, თუმცა მათი პოზიციები სისტემატურად იბომბებოდა მძიმე არტილერიითა და ავიაციით, როგორც ჰაერიდან, ასევე ზღვიდან.  განსაკუთრებით გააფთრებული შეტევა განხორციელდა 1993 წლის 16 მარტს ღამის 3.00 საათზე. გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. საავიაციო და საარტილერიო დარტყმების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულების მიზანს სარკინიგზო სადგური და აჩადარა წარმოადგენდა. თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა, ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს, თუმცა, დილის 7:00 საათზე ცენტრში ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ.  ამ მძიმე საბრძოლო გარემოებაში ქართულმა დანაყოფებმა შეძლეს მდინარეზე თავდაცვითი ზღუდის ხაზის შენარჩუნება, არ მისცეს მოწინააღმდეგეს პლაცდარმის გაფართოებისა და ახლო ნაპირზე ფეხის მოკიდების საშუალება.   გარღვევა მალე შეაჩერეს, რითაც საშუალება მისცეს  რეზერვიდან გადასროლილ ნაწილებს გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოექცია და მთლიანად გაენადგურებინა.  16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.  მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-ზე მეტი კაცი დაკარგა. ყველაზე მეტად დაზარალდა ახლადშექმნილი “ბაგრამიანის” ბატალიონი.  აფხაზებმა იმდენად დიდი დაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება პოლიტიკური მიზეზებით, მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა და მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა  ვერ მოახდინა.

ამ საბრძოლო ეპიზოდის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ის რაც შეძლეს გამოუცდელმა და არასრულად შეიარაღებულმა, მაგრამ გულანთებულმა ქართველმა მოლაშქრეებმა, დღეს მით უფრო უნდა შეძლონ კარგად აღჭურვილმა და მომზადებულმა დანაყოფებმა.  ამ შემთხვევაში წარმატების მომტანი გადამწყვეტი ფენომენი არის ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული და მტკიცე საბრძოლო მეგობრობის შეგრძნება.
ვახტანგ კაპანაძე
ბრიგადის გენერალი