ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

უკან დახევა PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:37

უკან დახევა


“ბოლო ბრძოლა” - (ანგლო-ავღანეთის I ომში (1839-1842) უკან დახეული ბრიტანელების 16000 ადამიანიდან, სადაც 3000 სამხედრო იყო, დანიშნულების ადგილ ჯალალაბადამდე მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიაღწია.

“ომში უკან დახევა ნამდვილად ურთულესი მანევრია...
როდესაც წარმოვიდგენთ უკან დახეული არმიის ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობას, დისციპლინის შენარჩუნების სირთულეს და იმ კატასტროფას, რომელთანაც შეიძლება ამ არეულობამ მიგვიყვანოს, არ არის ძნელი მიხვდე, თუ რატომ სძულთ მსგავსი ოპერაციების განხორციელება ყველაზე გამოცდილ გენერლებსაც კი”

ანტუან-ჰენრი ბარონი ჟომინი

1990 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულმა სამხედრო მოქმედებებმა თვალნათლივ აჩვენა, რომ უკან დახევითი მოქმედებებისთვისა და საარიერგარდო ბრძოლებისთვის ქართული ჯარი არ აღმოჩნდა მომზადებული, ისევე როგორც ალყაში ბრძოლისა და ალყის გარღვევისთვის (არადა ჩვენი თანამემამულე გენერალი პ.ბაგრატიონი სწორედაც არიერგარდული ბრძოლების დიდოსტატი იყო).  ხშირად უკან დახევის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ იყო წინასწარ მომზადებული თავდაცვითი ზღუდეები, ქართული სამხედრო ფორმირებები დემორალიზაციას განიცდიდნენ და დახევა გაქცევაში გადადიოდა. აღნიშნული გარემოების მიზეზი სხვა სუბიექტურთან ერთად, არის ის, რომ ძველი თაობის სამხედრო მეთაურები არ უთმობდნენ ამ ტიპის საბრძოლო მოქმედებებს ჯეროვან ყურადღებას, ვინაიდან სსრკ-ს სამხედრო წესდებებში ძალზე დიდი პერიოდი უკან დახევა ბრძოლის სახეებში საერთოდ არ განიხილებოდა, ხოლო ქართულ ჯართან თანამშრომლობაში მყოფ ამჟამინდელ ამერიკელ სამხედრო მრჩეველებსა და ინსტრუქტორებს აღნიშნულის არც გამოცდილება აქვთ და არც დიდ  დროს უთმობენ გასაგები მიზეზების გამო (ძნელად წარმოსადგენია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს რომელმა მოწინააღმდეგემ უნდა დაახევინოს ფართო მასშტაბით უკან! მსგავსი მათ ბოლოს კორეის ომის დროს განახორციელეს, თანაც ძალიან დიდი დანაკარგებით).  არადა, ოპერატიულ – ტაქტიკური გათვლებისა და კვლევების თანახმად, უკან დახეული ფორმირებების დანაკარგი მნიშვნელოვნად აღემატება თავდაცვით პოზიციებზე დარჩენილი ძალების დანაკარგებს და უტოლდება (ზოგიერთ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც შეტევაში მყოფთა დანაკარგებს).  როგორც სამწუხარო წესი, სამხედრო მეთაურები არ ემზადებიან მსგავსი მანევრისათვის და მის დაგეგმას იწყებენ მაშინ, როცა უკვე იმყოფებიან მოწინააღმდეგესთან საბრძოლო კონტაქტში.M

უკან დახევა – შეტევასა და თავდაცვასთან ერთად ბრძოლის სახეობაა. ის უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს იძულებით საბრძოლო მოქმედებას.  უკან დახევა შეიძლება განხორციელდეს როგორც შეტევისას, ასევე თავდაცვისას: შეტევაში – თუკი საჭიროა მიმართულების შეცვლა ან თავდაცვაში გადასვლა, ხოლო თავდაცვაში – პოზიციების დატოვების წინ ან სხვა შემაკავებელ პოზიციაზე გადასასვლელად.  უკან დახევა წარმოადგენს მოწინააღმდეგესთან დაშორების ორგანიზებული მანევრის ფორმას.  ის ხორციელდება შემდეგი მიზნების მისაღწევად:

•    საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა;
•    დროის მოგება გადამწყვეტი ბრძოლის გარეშე;
•    თავდაცვისთვის მოუმზადებელი მწინააღმდეგის გამოფიტვა, ზიანის მიყენება, დასუსტება;
•    მოწინააღმდეგის არახელსაყრელ პირობებში ჩაყენება;
•    ძალების დაზოგვა თუკი წარმატების მიღწევა ამ შემხვევაში შეუძლებელია;
•    ძალების გადაჯგუფება უკეთესი პოზიციების დასაკავებლად;
•    ძალების გადაჯგუფება სხვა მიმართულებით თავმოყრის მიზნით;
•    ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით კომუნიკაციის ხაზების შემოკლება;
•    დანაკარგების შევსება;
•    თავდაცვითი გეგმის შეცვლა;
•    მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა;
•    ოპერატიული კულმინაციის წერტილის თავიდან აცილება.

უკან დახევის ტაქტიკის ძირითად საფუძველს წარმოადგენს მთავარი ძალების უკან დახევის საიმედო დაფარვა, რომელიც მეთაურმა უნდა უზრუნველყოს მძლავრი არიერგარდული ძალებით, ან როგორც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უწოდებენ – ”საბრძოლო ჯგუფებით”.  ასეთი არიერგარდის შემადგენლობა სხვადასხვაგვარია და განისაზღვრება მთავარი ძალების რაოდენობით, ადგილმდებარეობის ხასიათით, აგრეთვე, საერთო მდგომარეობით ოპერაციის თეატრში (ბრძოლის ველზე).

ხშირად არიერგარდი ძლიერდება საინჟინრო-მესანგრეთა ქვედანაყოფებით, რათა განხორციელდეს უკან დახევის გზების დანაღმვა და საინჟინრო წინაღობების შექმნა.  იმ შემთხვევაში თუკი ვერ ხერხდება დაზიანებული ტექნიკისა და ტყვია-წამლის სრულად გატანა, ქვეითთა შემადგენლობიდან შესაძლებელია გამოიყოს საგანგებო ჯგუფები, რომლებსაც დაევალებათ დატოვებული საბრძოლო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების განადგურება.

იყენებს რა ხელოვნურ წინაღობებსა და ბუნებრივ ზღუდეებს ან ეყრდნობა წინასწარ გამაგრებულ დასახლებულ პუნქტებს, არიერგარდი ცდილობს მდგრადი წინააღმდეგობით შეაჩეროს შეტევაში მყოფი მოწინააღმდეგე და ამით საშუალება მისცეს თავის ძირითად ძალებს მოიგოს დრო რათა შეძლოს გამაგრდეს შუალედურ ზღუდეზე და მოიზიდოს რეზერვები დაცვის სიღრმიდან.  განსაკუთრებით მედგრად უნდა იბრძოლოს არიერგარდმა მაშინ, როდესაც იმყოფებიან წინასწარ მომზადებულ თავდაცვის ზღუდეზე.

იმ შემთხვევაში თუკი არიერგარდი მოწინააღმდეგის დაწოლის შედეგად ვერ ახერხებს ხელსაყრელ ზღუდეზე ”ჩაბღაუჭებას” ან იძულებულია ის დატოვოს მტრის დარტყმების შედეგად, უკან დახევა ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი იხევს ქვეითები, მას არტილერია მიჰყვება.  მათ თავიანთი ცეცხლით აზღვევს თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ტანკები და ქსმ-დან საგანგებოდ ჩამოყალიბებული ჯავშან ჯგუფები.

ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოა შეიქმნას ცრუ საარიერგარდო ჯგუფები, რათა მოწინააღმდეგის ყურადღება გადატანილ იქნას სხვა მიმართულებით და შეინიღბოს უკან დახევის ძირითადი ვექტორები.

უკან დახევა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად დანაკარგის გარეშე, რათა გამონთავისუფლებულმა ძალებმა შეძლოს შეასრულოს ახალი ამოცანები.

უკანდახევა შეიცავს შეკავებას, უკუქცევასა და ბრძოლიდან გამოსვლის ტაქტიკურ მეთოდებს.  შენაერთმა და გაერთიანებამ შესაძლებელია განახორცილს თითოეული ეს ფორმა თავისი შემადგენელი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ძალებით. განვიხილოთ ეს ფორმები ცალ-ცალკე.

 

ბრძოლიდან გამოსვლა


წარმოადგენს უკან დახევის ფორმას, რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგესთან კონტაქტის გარეშე სხვა მოქმედებებისთვის მოსამზადებლად.  ნათელია, რომ ეს ფორმა სხვებთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველი და ადვილად განსახორციელებელია.  ჩვეულებრივ, გამოსვლისას სამხედრო ფორმირება ორგანიზებული მარშით ახორციელებს უკან ტაქტიკურ გადაადგილებას გზების გამოყენებით.

 

avganeti

საბჭოთა ჯარების გამოსვლა ავღანეთიდან

 

შეკავება


წარმოადგენს უკანდახევის ფორმას, რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგესთან კონტაქტში, დროის მოგების მიზნით სივრცის (ადგილმდებარეობის) გარკვეული პერიოდით შენარჩუნების ხარჯზე. ეს მიიღწევა მოწინააღმდეგის შეტევითი მუხტის შესუსტებით (ფიზიკური და ფსიქოლოგიური) და ზიანის მიყენებით (დაჭრილები, დაღუპულები, დაზიანებული ტექნიკა და ა.შ.), გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართვის გარეშე.  აღნიშნულის მიღწევა სწორედ ურთულესი ამოცანაა, ხოლო მისი მიღწევის გარეშე შეკავების მიზანი მიღწეული ვერ იქნება.  შეკავების განხორციელებისას ძირითადად გამოიყენება ორი საბაზისო ტექნიკა - შეკავება მომდევნო პოზიციებიდან და შეკავება ალტერნატიული პოზიციებიდან.  თუ რომელი მეთოდი უნდა აირჩიოს მეთაურმა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.  ქვევით მოყვანილია ამ მეთოდების ძირითადი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

 

3

 

უკუქცევა


წარმოადგენს უკანდახევის ფორმას, რომელსაც სამხედრო ფორმირება ახორციელებს მოწინააღმდეგის დაწოლის ქვეშ.  ამ დროს ფორმირება წყვეტს კონტაქტს მტერთან და იხევს თავმოყრის რაიონის ან ახალი თავდაცვითი პოზიციისაკენ.  ქვედანაყოფი (ნაწილი, შენაერთი) აწარმოებს უკუქცევას დამხმარე ძალების მხარდაჭერით ან დამოუკიდებლად.

ნებისმიერი ამ ფორმის გამოყენებისას მეთაურმა უნდა გაატაროს ის პრინციპები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამოცანის შესრულება.  ესენია:

1.    თავიდან აცილებულ იქნას გადამწყვეტი შეტაკება მოწინააღმდეგესთან.  თუკი ეს მოხდება, უკანდახევის ორგანიზებულად მართვის შანსი კატასტროფულად მცირდება;
2.    არ მიეცეს მოწინააღმდეგეს ჩანაფიქრის გახსნის შესაძლებლობა;
3.    განხორციელდეს მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა კრიტიკული დროის მოგების მიზნით;
4.    ადექვატური მართვა და ხელმძღვანელობა – გადამწყვეტია.  უკანდახევა მოულოდნელად შეიძლება გადაიქცეს ქაოსად;
5.    მუხედავად უკან დახევისა, მეთაურებმა არ უნდა დაუშვას  სამხედროების საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება.  


სამხედრო ავტორიტეტებს შორის გერმანელ გენერალს ფონ მელენტინს განსაკუთრებული ადგილი უკავია.  მან მე-2 მსოფლიო ომის თითქმის ყველა კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და ითვლებოდა უკან დახევითი ოპერაციების ბრწყინვალე ექსპერტად.  მისი რჩევები, უკანდახევის განხორციელების შესახებ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვისაც შეიძლება საინტერესო გამოდგეს:

1.    ”გზები, ხიდები, გადასასვლელები და მდინარის ფონები სისტემატურად უნდა უმჯობესდებოდეს; შერჩეულ, მოწყობილ და შენიღბულ იქნას ძალების თავმოყრის რაიონები,  გათვლილი და შერჩეულ იქნას გასატანი მასალები და აღჭურვილობა, შესაბამისად, მათი გადაზიდვისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებები;
2.    მართვის პუნქტები და კ/გაბმულობის სისტემა ზურგის რაიონში წინასწარ უნდა იქნას გადატანილი და მომზადებული;
3.    წინასწარ უნდა განისაზღვროს და შეესატყვისებოდეს დაგეგმილ მოქმედებებს დანაღმული ველები, საინჟინრო წინაღობები და ასაფეთქებელი ობიექტები;
4.    ვინაიდან უკან დახევის დროს ჯართან ერთად მოძრავი იძულებით გადაადგილებული სამოქალაქო მოსახლეობა უდიდეს პრობლემებს ჰქმნის, ამდენად საჭიროა მეთაურებმა ეს ფაქტორი ყურადღებით გაითვალისწინონ დაგეგმვისას და მოსახლეობის ჯგუფები მიმართონ უკან დახევის მთავარი გზების პარალელურ გზებსა და ბილიკებიისკენ, ინჟინრებმა უნდა უზრუნველყონ ხიდებისა და გადასასვლელების გამართულობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხის შეჯგუფება, ორგანიზებულ იქნას კვებისა და სამედიცინო დახმარების ცენტრები მოსახლეობის გადაადგილების მიმართულებებზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოძრაობის კონტროლს.
5.    არავითარ შემთხვევაში მტერს არ უნდა დარჩეს აეროდრომები და ასაფრენი ბილიკები.  ისინი აუცილებლად უნდა იქნას გამოყვანილი წყობიდან;
6.    გზების გაყოლებით უნდა განთავსდეს საგანგებო სარემონტო ჯგუფები შესაბამისი გამწეებითა და ტექნიკით, რათა მძიმე შეიარაღებისა და ტრანსპორტის წყობიდან გამოსვლამ არ ჩახერგოს უკუქცევის გზები;
7.    მოძრაობის კონტროლის პუნქტები უნდა იყოს მრავალრიცხოვანი და მოიცავდეს ხიდებს, გზაჯვარედინებს, დეფილეებს.  პუნქტებს უნდა ხელმძღვანელობდეს საკმარისად მაღალი რანგის ოფიცერი, ვინაიდან სამხედრო პოლიციის სერჟანტს ან ლეიტენანტს გაუჭირდება შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე წესრიგის დამყარება;
8.    ქაოსის თავიდან აცილების მიზნით, მეთაურის მიერ გაცემული ბრძანებები უნდა იყოს მარტივი, ნათელი, გასაგები.”

 

ვახტანგ კაპანაძე

ბრიგადის გენერალი

 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters