ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

“ლედი ხაკისფერში” – ქალი და სამხედრო სამსახური PDF ბეჭდვა ელფოსტა
ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 19:39
“ლედი ხაკისფერში” – ქალი და სამხედრო სამსახური

“ქალი პატიობს ყველაფერს უგულვებელყოფის გარდა”

ფრანგი პოეტი და დრამატურგი ალფრედ დე მიუსე


მსოფლიოში არ წყდება კამათი სამხედრო სამსახურში ქალის ადგილისა და ფუნქციების შესახებ.  მოკამათეების სპექტრი მოიცავს როგორც დაბეჯითებით მომხრეებს, ასევე კატეგორიულად მოწინააღმდეგეებს, აღტაცებულ ფემინისტებს და მოქირქილე ცინიკოსებს.…

საქმე ეხება ქალ – სამხედრო მოსამსახურეს და არა პარტიზანული რაზმის წევრს ან წინააღმდეგობის მებრძოლს, რომელთაც ყველასთვის კარგად ცნობილმა ერნესტო ჩე გევარამ თავისი წიგნის “პარტიზანული ომის” ფურცლებზე განსაკუთრებული ფუნქციაც კი გამოუყო აჯანყებულთა რაზმებში.  ერთია გარკვეული, თუნდაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იარაღით ხელში იდეის გარშემო გაერთიანება და მეორე – ყოველდღიური მუშტრა და მკაცრად რეგულირებული ცხოვრების წესი.  პირველ შემთხვევაში ქალის მიერ იარაღის ხელში აღება ძირითადად მოტივირებულია საყვარელ მამაკაცთან ახლოს ყოფნით, შურისძიების სურვილით ან რომანტიულობისა და ავანტიურის მაცდური ხიბლით, მაშინ როცა რეგულარულ სამხედრო სამსახურში ქალის წასვლის მთავარი მამოძრავებელი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, სტაბილური, მაღალი ხელფასი და სოციალური გარანტიებია.
გასამხედროებულ (პარა-მილიტარულ) ან პარტიზანულ რაზმში ყველა წევრი წარმოადგენს დამოუკიდებელ ინდივიდს, თანაც როგორც წესი, ასეთი ორგანიზაცია გულისხმობს დიდი ოჯახის სტრუქტურას, სადაც ფუნქციები განაწილებულია ნაცნობი სქემით.  ჯარის მთელი აპარატი, თავის მხრივ კარგი გაგებით, მიმართულია პიროვნების დე-ინდივიზებისკენ (ალბათ დამეთანხმებით, ამ დროს ერთ-ერთი ურთულესი ფსიქოლოგიური პრობლემაა ქალი დაარწმუნო, რომ ის არაფრით არ უნდა გამოირჩეოდეს სხვა დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეებიდან).
Lady

მე ჩემს თავზე ვერ ავიღებ აღნიშნულ კამათში არბიტრის ფუნქციებს, თუმცა გამაჩნია პირადი მოსაზრებებიც ამ თემაზე.  ამდენად, მოდით ერთად განვიხილოთ ამ პრობლემის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები.

თავდაპირველად გადავხედოთ ქალების სამხედრო სამსახურში დამკვიდრების მოკლე ისტორიას და ზოგადად გავეცნოთ დღევანდელ მდგომარეობას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში.     ………

სამხედრო ფორმირებებში ქალების მონაწილეობას ღრმა ტრადიციები გააჩნია.  ძველ ჩინეთში იმპერატორის სიცოცხლეს ქალ მცველთა რაზმები იცავდნენ.  პელოპონისისა და კორინფის ომებში ქალებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა სამხედრო ლაშქრობებში.  ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნეში ათენსა და სპარტაში ისინი მამაკაცებთან ერთად მონაწილეობდნენ შეიარაღებულ ფორმირებებში.  პლატონი ამტკიცებდა, რომ მშვენიერი ქმნილებები ბრძოლის ველზე მეომრების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის როლის შესასრულებლად შეუცვლელები იყვნენ: მათ თვალწინ მამაკაცი უკან ვერ იხევდა და არ გამოხატავდა შიშს.  შესაბამისად ასკვნიდა, რომ ქალისა და მამაკაცის ერთად სამხედრო სამსახური არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც კი იყო (უნდა აღინიშნოს, რომ ეტყობა ქალები ძველი დროიდან არა მარტო ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ, ვინაიდან ასევე ცნობილია, რომ სციპიონ აფრიკელმა  ერთხელ თავისი ჯარებიდან 2000-მდე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გაყარა, კარლ IV-ის არმიაში 4000-მდე, ხოლო ჰერცოგ ალბას ჯარებში 400 ცხენოსანი და 800-ზე მეტი იგივე კატეგორიის ქალბატონს ითვლიდნენ).

ჟანა დარკის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ გაუგია, რომ ინგლისელების წინააღმდეგ უილიამ უოლესის შოტლანდიელ მეომრებთან ერთად 1297 წელს ბრძოლის ველზე გმირულად იბრძოდა გრაფინია როსი თავისი პირადი რაზმით.

რუსეთში, ჯერ კიდევ პეტრე I დროს 1716 წლის სამხედრო წესდებაში გაწერილი იყო ქალების მოვალეობა სამხედრო ჰოსპიტალებში, სამეურნეო და სანიტარულ თანამდებობებზე.

აშშ-ს არმიაში ქალებმა სანიტრების, მრეცხავებისა და მზარეულების თანამდებობებზე სამსახური 1775 წლიდან დაიწყეს.

ეკატერინა II-ის ფავორიტ თავად პოტიომკინის მიერ ოფიცერთა შვილებისა და ცოლებისგან ყირიმში ჩამოყალიბდა ”ამაზონთა ასეული”.  მისი წევრები კარგად ჯირითობდნენ, ხმაროდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და საერთოდ, მშვენივრად გამოიყურებოდნენ, თუმცა ხელისუფლების ცვლილებისთანავე ქვედანაყოფი დაშლილ იქნა.

1854 წელს ყირიმში რუსეთის არმიის დაჭრილების მოსავლელად ჩავიდა 120 მოწყალების და, ხოლო 1877 წლიდან რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ქალებმა ოფიციალურად მოიპოვეს მოქმედ არმიაში სამსახურის უფლება და 1878 წლიდან იმავე ომის ფრონტზე დაახლოებით 1500-მდე მოწყალების და იმყოფებოდა.

1857 წლის ინდოეთში სიპაების აჯანყებას სათავეში ედგა და ბრძოლაში დაიღუპა მახარაჯას ქვრივი ლაქშმი ბაი.

1885 წლიდან კანადის არმიაში დაიწყეს სპეციალური სამედიცინო მომზადებაგავლილი ქალების მიღება.

მიუხედავად აღნიშნულისა XX საუკუნემდე ქალებს ეკრძალებოდათ ოფიცრის ჩინების მიღება და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და თუკი რომელიმე მოინდომებდა სამშობლოს სამსახურში ბრძოლას, იძულებული იყო სხვადასხვა ხერხისა და ტყუილისთვის მიემართა, რაც ხშირად მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმა და სქესის დამალვა იყო.  ამის კარგი მაგალითებია: მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვანელი, ალექსანდრა ტიხომიროვა (სამხედრო სამსახური დაიწყო ომში დაღუპული ძმის გვარით და წარმატებით იმსახურა კავალერიაში მთელი 15 წლის მანძილზე), ბოროდინოს ბრძოლის მონაწილე კავალერისტი ნადეჟდა დუროვა (მიაღწია შტაბ-როტმისტრის თანამდებობას) და სხვ. მრავალი მაგალითი.

1904-1905 რუსეთ-იაპონიის ომის დროს უკვე 3000 ქალი ახორციელებდა დაჭრილების სამედიცინო მომსახურებას.

პირველი მსოფლიო ომის დროს მონაწილე ქვეყნების არმიებში ქალები ჩნდებიან საბრძოლო დანაყოფებშიც.  ამ შემთხვევაშიც რუსეთი მაინც ყველაზე აქტიურობით გამოირჩეოდა, რისი კარგი მაგალითიც კერენსკის მხარდაჭერით 28-ე პოლოცკის პოლკის უმცროსი უნტერ-ოფიცერ მარია ბოჩკარიოვას მიერ ჩამოყალიბებული ქალთა ”სიკვდილის ბატალიონი” გახლდათ.

ქალთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მოზიდულ იქნა მე-2 მსოფლიო ომის დროს.  მძიმე გარემოებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალების შეიარაღებულ ძალებში გაწვევის შესახებ.  მაგალითად, სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში ფრონტისთვის მომზადდა 300 000 მედდა, 300 000 სანიტარი, 222 000 სნაიპერი, მეკავშირე და სხვ. სამხედრო სპეციალობა.  ქალებით კომპლექტდებოდა არა მარტო უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, არამედ შეიქმნა ცალკეული მოხალისეთა მსროლელი ბრიგადა, ბომდამშენთა და გამანადგურებელთა ქალთა საავიაციო პოლკები.  მე-2 მსოფლიო ომში გამოჩენილი გმირობისა და ვაჟკაცობისთვის 90 მათგანს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

თანამედროვე პირობებში დემოგრაფიული და ეკონომიკური, კომპლექტაციის ახალი პრინციპების, სოციო-ფსიქოლოგიური განვითარების მიზეზებით ნატო-ს და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში დაიკვირვება ქალთა რაოდენობის ზრდის მდგრადი ტენდენცია.  ქალების სამხედრო სოციუმში შესვლა ვითარდებოდა რამოდენიმე მიმართულებით: გაფართოვდა მათთვის ხელმისაწვდომი სამხედრო სპეციალობების წრე; პროფესიულმა ზრდამ შექმნა სამსახურებრივი დაწინაურების პერსპექტივა; მოპოვებულ იქნა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის უფლება.  140 ქვეყნის მონაცემებით სუსტი სქესის სამხედრო მოსამსახურეების წილი 4,5 %-ს შეადგენს.  ”ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ქალთა საკითხთა ორგანიზაციის”  ინფორმაციით ალიანსის არმიების რიგებში ქალთა რაოდენობა ბოლო 5 წლის მანძილზე გაიზარდა 10-ჯერ და დღესდღეისობით 300 000-ს აღწევს, რაც თავისთავად მოითხოვს ამ საკითხისადმი ახლებულ და მოქნილ მიდგომას.  

ზოგადად ქვეყნების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო თანამდებობების 14 % ქალებს უკავიათ. მათგან 11 200 ნატო-ს სამშვიდობო, ხოლო 37 000 ”უდაბნოს ქარიშხალში” მონაწილეობდა (21 ქალბატონი გენერლის თანამდებობაზეა, ხოლო სახმელეთო ძალების ტექნიკური სარდლობის ხელმძღვანელი ენნ დენვუდი 4 ვარსკვლავიანი გენერალია).  აღნიშნული მონაცემები კანადაში 9 %-ს, დიდ ბრიტანეთში 5 %-ს შეადგენს.  ნორვეგიაში ქალი შესაძლებელია იყოს წყალქვეშა ნავის კაპიტანი, კანადაში არ შეუძლიათ იმსახურონ ფლოტში, მაგრამ წყალქვეშა ნავზე – კი.  პორტუგალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, თურქეთში მათთვის ნებადართულია ნებისმიერი სამხედრო თანამდებობა საბრძოლოს გარდა.  ბუნდესვერში მათ ეკრძალებათ იარაღთან დაკავშირებული თანამდებობების დაკავება.  პაკისტანში ქალები მსახურობენ ჰოსპიტალებსა და საინჟინრო ნაწილებში, ხოლო სამხედრო ექიმმა შახიდა მალიკმა გენერლობაც კი მიიღო.  ლივიის რევოლუციის ლიდერ პოლკოვნიკ კადაფის იცავს მუსულმანურ სამყაროში ერთადერთი ქალთა სამხედრო აკადემიის შერჩეულ კურსდამთავრებულებისგან ჩამოყალიბებული ე.წ. ჯამაჰირიის გვარდია.  რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 15 000 ქალი ოფიცერი და 25 000 ქალი-ზემდეგია, ხოლო რიაზანის უმაღლეს საჰაერო-სადესანტო სასწავლებლის ბაზაზე ჩამოყალიბდა მსოფლიოში ერთადერთი ქალთა საპატიო ყარაულის ასეული.  

ცალკე ღირს შევჩერდეთ ისრაელის გამოცდილებაზე.  ამ ქვეყანაში ქალებიც ექვემდებარებიან საყოველთაო სამხედრო გაწვევას.  21 თვით სპეციალურ ქალთა დანაყოფებში მიიზიდებიან 18-24 წლის ქალები.  სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავისუფლდებიან მხოლოდ ფეხმძიმობის, გათხოვების, ჯანმრთელობის ან რელიგიური მიზეზებით. სამსახურის დამთავრების შემდეგ მათი უმეტესობა თავისუფლდება ყოველწლიური სამხედრო გადასახადიდან.  უდიდესი უმრავლესობა გაიწვევა არასაბრძოლო ნაწილებში, თუმცა ქალები გვხვდებიან საარტილერიო და სასაზღვრო დანაყოფებშიც.  არსებობს ქალთა და მამაკაცთა შერეული ოცეულებიც (მაგ. ბატალიონი ”კარაკალი”).

ამ ვრცელი შესავლის შემდეგ, განვიხილოთ ქალთა სამხედრო სამსახურის მომხრეთა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები.

მომხრეებს მოჰყავთ ქალ-მებრძოლთა უამრავი მაგალითი და ამტკიცებენ, რომ ქალებს მამაკაცების დონეზე შეუძლიათ სამხედრო სამსახური.  მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე ასკვნიან, რომ მამაკაცთან შედარებით ობიექტური ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, ქალები უფრო გამძლეები არიან და უფრო კარგად ეგუებიან ხანგრძლივ დატვირთვებს.  ექსპერტების აზრით, ქალებს მამაკაცისგან განსხვავებით უფრო კარგად აქვთ განვითარებული პერიფერული მხედველობა.  მზერის კუთხე ქალებისთვის თითქმის 180 გრადუსს აღწევს, რაც საშუალებას აძლევთ უფრო ფართოდ მოიცვან გარემოს ყველა დეტალი,  მაშინ, როდესაც მამაკაცის თვალები უზრუნველყოფენ უფრო ფოკუსურ, თუმცა შორ ხედვას. ქალთა მაღალგანვითარებული ინტუიცია მათი უდაო უპირატესობაა.  წვრილმანებისა და დეტალებისადმი ქალთა ბუნებრივი ინტერესის წყალობით ქალები მამაკაცებზე დაკვირვებულები არიან.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ მამაკაცის ტვინის ნახევარსფეროებს გააჩნიათ მკვეთრად განსაზღვრული სპეციალიზაცია, მაშინ როდესაც ქალის ტვინის ორივე სფერო ერთდროულად მუშაობს და შესაბამისად, მამაკაცისგან განსხვავებით, ხელეწაფება ერთდროულად რამოდენიმე საქმის უფრო წარმატებით აკეთოს. ქალები უფრო ყურადღებიანები არიან და შეუძლიათ ერთ ადგილზე მეტი ხნით ყოფნა.  აღნიშნული თვისებებისა და ფიზიოლოგიურად განპირობებული სუთქვის განსხვავებული ტიპის წყალობით ქალებისგან კარგი სნაიპერები დგება (მე-2 მსოფლიო ომის სახელგანთქმულმა ქალ-სნაიპერმა ლიუდმილა პავლიჩენკომ 309 ფაშისტი, თითქმის ერთი ბატალიონი, გამოასალმა სიცოცხლეს.  აფხაზეთში მდინარე გუმისთასთან ქართველების ტყვიით სიცოცხლეს იქნა გამოსალმებული აფხაზების მხარეს მებრძოლი ქართული წარმოშობის ქალი სნაიპერი.  ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსი ჯარისკაცები ლეგენდებს ჰყვებოდნენ ბალტიისპირელი ქალი სნაიპერების, ე.წ. ”თეთრი კოლგოტების” შესახებ, თუმცა ეს უფრო ფრონტულ-ეროტიულ ზღაპრებს ჰგავს, ვინაიდან მონაყოლის უკან არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ იდგა.), ასევე როგორც წესი, სუსტი სქესის წარმომადგენლები შეუცვლელნი არიან კავშირგაბმულობების კვანძებში, ოპერატორებისა და სამედიცინო პერსონალის თანამდებობებზე.  ბრიტანელი ფელდმარშალ მონტგომერის სიტყვებით: ”ვერც ერთი სანიტარი მამაკაცი ვერ შეძლებს მოუაროს დაჭრილსა და ავადმყოფს ისე, როგორც ამას ქალი გააკეთებს”, ამიტომ ის დაჭრილების სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ პირობად თვლიდა ქალი სანიტრების მოწინავე ხაზზე ყოლას.

რაც შეეხებათ ქალების სამხედრო სამსახურის მოწინააღმდეგეების არგუმენტებს.  ბრიტანელი სამხედრო ექიმების კვლევების მიხედვით 1998 წელს, მაშინ როდესაც ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში ქალებისთვის შემუშავებული იყო წვრთნების უფრო მსუბუქი კურსი, ისინი მამაკაცებზე 3-ჯერ უფრო ხშირად იღებდნენ სხვადასხვა ტიპის ტრამვებს.  მას შემდეგ, რაც 1999-2000 წლებში სამხედრო სამსახური სრულიად თანაბარი გახდა და დატვირთვა გათანაბრდა, ქალთა ტრვმატიზმმა 6-ჯერ გადააჭარბა მამაკაცებისას.  ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ქალთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად არა მარტო ვარჯიშები, არამედ თავად სამხედრო ცხოვრების წესიც მოქმედებს.  ასე მაგალითად, მწყობრში ქალებს უხდებათ მამაკაცების ნაბიჯებს აუწყონ ფეხი, რაც ნაბიჯის სიგრძის და ამპლიტუდის გაზრდას მოითხოვს, შედეგად უვითარდებათ ფეხის კუნთების დაჭიმულობა და ტკივილები ზურგის არეში.  იმის გამო, რომ მამაკაცთა და ქალთა კუნთოვანი მასა მნიშვნელოვნად განსხვავდება,  თანაც ქალთა ზედა კუნთები 20-30 %-ით უფრო სუსტია ქვედაზე,  სალაშქრო აღჭურვილობა, შეიარაღება და ამუნიცია, რომელიც მამაკაცისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ქალის კუნთებისთვის დამატებითი ტვირთია.  შეიძლება მავანმა თქვას, რომ კუნთების დაყენება ინტენსიური ვარჯიშითაც შეიძლება, მაგრამ საქმე სხეულების საერთო მასის განსხვავებასა და ქალის კუნთების უფრო ვიწრო ბოჭკოებშია, თანაც კუნთის ზრდას ხელს უწყობს ჰორმონები, რომლებიც მამაკაცებს 10-ჯერ მეტი აქვთ.  რა თქმა უნდა დღევანდელი ფემინიზაციის ეპოქაში ქალები თამაშობენ რაგბს, არიან მოკრივეები, მოჭიდავეები, მძიმე წონოსნები... თუმცა არსებობს ერთი ”მაგრამ” – ისინი ეჯიბრებიან მსგავს ქალებს, ხოლო საბრძოლო მოქმედებები ქალთა და კაცთა ბრძოლად ჯერ-ჯერობით არავის დაუყვია.  ჯარი შექმნილია მამაკაცთა ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. ქალებს სხვა ტიპის ჰიგიენური გარემო სჭირდება (გასაგები მიზეზების გამო აღარ ჩავუღრმავდები დეტალებს).  ამის გარდა, მამაკაცს შეუძლია კვირაობით მუხლებამდე წყლიან სანგარში იჯდეს და ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნოს, მაშინ როცა ქალი რამოდენიმე დღის შემდეგ სერიოზულად სამკურნალო გახდება.  შერეულ ქვედანაყოფებში გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საბრძოლო მარაგი და დატვირთვა განისაზღვრება მთელ დანაყოფზე ამოცანის და არა სქესის მიხედვით.  თუკი ქალი ვერ შეძლებს გარკვეული ტვირთის ტარებას ან ამოცანის შესრულებას, ის უნდა გადანაწილდეს სხვა მებრძოლებზე, რაც შესაბამისად მათ გადაჭარბებულ გადაღლას და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს.  ვინაიდან ქალებისთვის დედობის უფლება არავის აუკრძალავს, შესაბამისი დეკრეტული შვებულებებითა და ბავშვის ავადმყოფობიდან გამომდინარე დათხოვნის უფლებებით, რაც უამრავ პრობლემას უქმნის მეთაურებს და თანამებრძოლებს.  შემთხვევითი არაა, რომ აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ქალ სამხედრო მოსამსახურეებს პირველი საჯარისო კონტრაქტის პერიოდში არ აქვთ გათხოვებისა და ბავშვის გაჩენის უფლება.  კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს არგუმენტს მინდა გავუსვა ხაზი – კერძოდ, ყველაზე საშინელ ღამის კოშმარშიც კი არ შეიძლება დაგესიზმროს ის საშინელი დამცირება და წვალება, რაც შეიძლება მიაყენოს ტყვედ ჩავარდნილ ქალ სამხედრო მოსამსახურეს მოწინააღმდეგის, განსაკუთრებით გასამხედროებული ფორმირებების მებრძოლებმა.

ჩემი აზრით, ქალებს აქვთ სრული უფლება იმსახურონ სამხედრო ნაწილებში,  თუმცა მიმაჩნია, რომ მათი თანამდებობები უნდა იყოს სპეციფიკური და არასაბრძოლო.  საქართველოს პირობებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია  ეროვნული მენტალიტეტი, ფსიქოლოგიური და ფსიქიკის ტიპი, ტრადიციები.  ქართველი ქალი უფრო მდგრადია ხანგრძლივი, ქრონიკული სტრესების მიმართ, უფრო ადვილად ეჩვევა გაჭირვებას, მწუხარებას.  ის განიცდის პრობლემებს მოულოდნელი სტრესის პირობებში, ადვილად ექვემდებარება პანიკას.  შესაბამისად, ქალების წინა ხაზზე იარაღით ხელში გაშვება არ მიმაჩნია სწორედ (ეს შეიძლება ნაწილობრივ არ ეხებოდეს სნაიპერებს, რომელთა ქმედება მოითხოვს წყნარ ხასიათსა და ხანგრძლივი ლოდინის უნარს).  რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, თუმცა ისინი ისეთივე იშვიათობა და არაბუნებრიობაა, როგორც ”კულტურისტი” ქალი.  დღევანდელ ქართულ შეიარაღებული ძალებში სამხედრო სამსახურის მსურველი ქალბატონებისთვის ყოველთვის მოიძებნება მეკავშირეების, ოპერატორების,  მედიკოსების, სანიტრების და სხვა სპეციალისტების ადგილები შტაბებში, საბრძოლო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და ლოგისტიკის დანაყოფებში, თუმცა გულზე ხელის დადებით – ნამდვილად არ მინდა ბავშვების მოვლა, სამზარეულოში ტრიალი და ოჯახური სითბოს შენახვა მასიურად ქართველი კაცების საზრუნავი გახდეს.   

აღნიშნული პრობლემის მრავალწახნაგობის გამო, საკითხის სრულად მოცვა ერთ სტატიაში შეუძლებელია.  მართებული იქნება ქართველ სამხედრო მოსამსახურე ქალების შესახებ ცალკე საუბარიც, რაც ჟურნალის მკითხველისა და რედაქციის გადასაწყვეტია.





ვახტანგ კაპანაძე
 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters