ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

საქართველოს სამხედრო სტრატეგიის ძირითადი ხედვები PDF ბეჭდვა ელფოსტა
კვირა, 05 დეკემბერი 2010 15:59

საქართველოს სამხედრო სტრატეგიის ძირითადი ხედვები

(ვახტანგ კაპანაძე)


რეზიუმე:  ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ       განხორციელებულმა აგრესიამ, მსოფლიო და რეგიონალური პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებამ, აშკარად მოითხოვა ქვეყნის ეროვნული ფუძემდებლური დოკუმენტების გადახედვა და მათი ახალ რეალობასთან მისადაგება.
სტატიაში შემოთავაზებული სამხედრო სტრატეგიის ზოგადი ხედვები შეესაბამება დღემდე მოქმედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითად დებულებებს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამხედრო სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სამხედრო სტრატეგია, სამხედრო მიზნები, რესურსები, სამხედრო საფრთხეები.

RESUME: The aggression against Georgia, changes of global and regional political landscape shows needs for revision fundamental national documents and requirement of their conformity to new realities.

 General sights of military strategy viewed in the article, correspond with basic clauses of National Security Concept of Georgia and it may be used to elaborate National Military Strategy of Georgia.

 

      მეზობელი ქვეყნის მხრიდან განხორციელებული ღია აგრესიის პირობებში ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის სასიცოცხლო მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.  აღნიშნული ფაქტორი დაუშვებელს ხდის პრობლემისადმი გამარტივებულ მიდგომას.  ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულ პოლიტიკას ახასიათებს მწყობრ კანონზომიერებას მოკლებული მახასიათებლები, ამდენად, მიღებულ უნდა იქნას ყველა ზომა, რათა მოულოდნელობისა და შემთხვევითობების მოცულობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.  საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მიზანს მშვიდობიან პერიოდში უნდა წარმოადგენდეს ომის თავიდან აცილება ან ეროვნული ინტერესების დაცვა საომარი მოქმედებების გარეშე, საომარ პერიოდში – მან უნდა განსაზღვროს ომის მიზანი, მისი წარმოების გეგმები და მეთოდები.
სტატიაში მოყვანილი საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ძირითადი ხედვების პროექტი წარმოადენს ზოგად დოკუმენტს, რომლის დებულებები დამყარებულია საქართველოს ეროვნული კონცეფციით განსაზღვრულ სახელმწიფო ინტერესების სამხედრო შემადგენლებზე.  ის ეფუძვნება “მიზნების”, “კონცეფციების” და “რესურსების”  განსაზღვრის მოწინავე ქვეყნებში მიღებულ მეთოდიკას, რომლის თანახმადაც სამხედრო მიზნები უნდა იყოს ნათელი, დასრულებული და მიღწევადი, სტრატეგიული კონცეფცია წარმოადგენდეს სამხედრო ძალების შესაძლო მოქმედების კურსების ვარიანტებს, ხოლო სამხედრო რესურსები შეიცავდეს არა მარტო პირადი შემადგენლობისა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების რაოდენობრივ მახასიათებლებს, არამედ ისეთ მცნებებს, როგორიცაა დრო, ძალისხმევა, ორგანიზაცია, ადამიანური რესურსები და სხვ.
საქართველოს სამხედრო სტრატეგიის ძირითადი ხედვების წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია საფუძვლად დაედოს ქვეყნის სმხედრო სტრატეგიის ღია ვარიანტს.  ამ დოკუმენტთან ერთად ქვეყნის თავდაცვისა და სამხედრო მოწყობისთვის შემუშავებულ უნდა იქნას სამხედრო სტრატეგიის დახურული  შემადგენლები (დანართებისა და კერძო გეგმების სახით), რომლებიც შეიცავენ: ქვეყნის ომისთვის მზადების საკითხებს, შესაბამისი ოპერატიულ-სტრატეგიულ გათვლებს, საოპერაციო თეატრების მოწყობას, სამობილიზაციო ღონისძიებების გეგმას, სადაც დეტალურად იქნება განხილული დრო, ადგილი ფაზირება, თანმიმდევრობა, პრიორიტეტები და ა.შ.

შესავალი
 


საქართველოს სამხედრო სტრატეგია, როგორც ეროვნული სამხედრო ხელოვნების შემადგენელი ნაწილი, მისი უმაღლესი სფერო – მოიცავს ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების აგრესორის წინააღმდეგ ომისათვის მომზადებას, მისი დაგეგმარებისა და წარმართვის ფუნდამენტურ საკითხებს, სამხედრო ოპერაციების და საბრძოლო მოქმედებების ფორმებსა და მეთოდებს, განსაზღვრავს სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში საომარი მოქმედებების ძირითად მიმართულებებს და რაიონებს, ამოცანებსა და ძალების განაწილებას.
სამხედრო სტრატეგია უშუალოდ დაკავშირებულია ქვეყნის პოლიტიკასთან და გამომდინარეობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით განსაზღვრული მიზნებისა და მოცანებიდან.
საქართველოს სამხედრო სტრატეგიისთვის ამოსავალი ღირებულებებია: ქვეყნის მზადყოფნა მეზობელ სახელმწიფოებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის; ტერიტორიული პრეტენზიების არ არსებობა; ქვეყნის ნება, ყველა შესაძლო საშუალებებით დაიცვას სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მოსახლეობის კეთილდღეობა.  შესაბამისად, საქარველოს სამხედრო სტრატეგია თავისი არსით _ თავდაცვითია.
ცვალებადი უსაფრთხოების გარემოს პირობებში წინამდებარე სამხედრო სტრატეგია განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო მიზნებს და ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევის გზებსა და საშუალებებს.
საქართველოს სამხედრო სტრატეგია ასრულებს შემაკავშირებელი რგოლის ფუნქციებს ქვეყნის თავდაცვით პოლიტიკასა და შეიარაღებული ძალების სამხედრო დოქტრინას შორის.


1.  სამხედრო სტრატეგიის საფუძვლები
 


1.1. საქართველოს სამხედრო სტრატეგია გამომდინარეობს “ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების   კონცეფციიდან”, რომელიც განსაზღვრავს ეროვნულ ინტერესებს და ქმნის მათი დაცვისა და უზრუნველყოფის პოლიტიკას, “საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები”- განსაზღვრავს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს დამუქრებულ რიგ საგარეო და საშინაო საფრთხეებს, რომელთა შორის იკვეთება უშუალო სამხედრო გამოწვევები.  სამხედრო სტრატეგია მიმართულია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა (სამხედრო და არა მარტო) და გამოწვევების შემცირების, ან თავიდან აცილებისკენ.

სამხედრო კომპონენტების შემცველი საქართველოს ეროვნული ინტერესებია:

1.2.1. ტერიტორიული მთლიანობა: ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. საქართველო მოწოდებულია აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა. საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას იმ საკითხთა მშვიდობიანად და სამართლებრივად მოგვარებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საქართველოს ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის დროს.

1.2.2. რეგიონული სტაბილურობა: რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რომელშიც საქართველო იმყოფება, განისაზღვრება ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებით. ამ თვალსაზრისით საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კავკასიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში, მიმდინარე პროცესებს. ამ სივრცეში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, არსებული დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატებში თანამშრომლობით საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაში.


1.3.1.    ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა;  


მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხის მკვეთრი გამწვავების პირობებში სავსებით ნათელია, რომ არც ერთი ქვეყანა არაა სრულად დაცული ამ საფრთხისაგან.  თანამედროვე ტერორიზმის ტრანსნაციონალური ხასიათი განაპირობებს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებას, ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებისა და ფორმების ეფექტურობის გაზრდას, მისი ნეიტრალიზაციისთვის გადაუდებელი ზომების მიღებას.


1.3.2.    უეჭველი შემაკავებელი და ძლიერი საბრძოლო პოტენციალის
დემონსტრირებით აგრესიის თავიდან აცილება;


ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და მთლიანად საქართველოს სამხედრო პოტენციალის საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს პოტენციურ აგრესორთა შეკავების ქმედით ფაქტორს.  მოწინააღმდეგის აგრესიული ჩანაფიქრის გაუვნებელყოფისა და მასზე ხელის აღების იძულება შესაძლო მიყენებული ზარალის საფრთხის საშუალებით, წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების მშვიდობიანად დაცვის ძირითად მეთოდს.



1.3.3.    ნატო-სთან ინტეგრაცია და საერთაშორისო უსაფრთხოების
გარემოს დაცვაში წვლილის შეტანა;


თანამედროვე საფრთხეებისა და გამოწვევების ბუნებიდან გამომდინარე სულ უფრო რთულდება ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც ეროვნული ინტერესების დამოუკიდებლად დაცვა. საქართველოს პოლიტიკაში ძირითად მიმართულებას წარმოადგენს უახლოესი მომავლისთვის ტერიტორიაზე ორიენტირებული თავდაცვის პრინციპებიდან აქცენტის კოლექტიური თავდაცვის პრინციპებზე გადატანა.  ამის მისაღწევად ქვეყანა აქტიურადაა ჩართული პარტნიორი ქვეყნების კოალიციურ მოქმედებებში და უახლოეს მომავალში მიზნად ისახავს ნატო-ში გაწევრიანებას. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა ფოკუსირებულია ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობ სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაზე.  ნათელია, რომ მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ომების, ტერორიზმისა და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოზე. ეს პირობები საქართველოსგან მოითხოვს საერთო სტაბილურობისთვის საერთაშორისო ძალისხმევაში აქტიურ მონაწილეობას.


3. ეროვნული სამხედრო მიზნები და შესაბამისი ამოცანები


3.1  საქართველოს ეროვნული სამხედრო მიზნები გამომდინარეობენ სამხედრო კომპონენტების შემცველი ეროვნული ინტერესებიდან და განსაზღვრავენ საქართველოს შეიარაღებული ძალების როლს ქვეყნის უსაფრხოების,  ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური თავისუფლებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებში.  ეს მიზნებია:

1. დაცულ იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის
სუვერენიტეტი და სახელმწიფო ინტერესები;
2. უზრუნველოფილ იქნას დაკარგული ტერიტორიების სამხედრო ძალით აღდგენისათვის მზადყოფნა;
3. შესრულდეს მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ აღებული სამხედრო ვალდებულებები და განხორციელდეს ნატო-ს სამხედრო სტრუქტურაში გაწევრიანება;
4. მონაწილეობა იქნას მიღებული  ტერორისტული აქტებისა და ქმედებების აღკვეთაში;
5.  მხარდაჭერილ იქნას სამოქალაქო ხელისუფლება ბუნებრივი და ტექნოგენური კატასროფების შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების ჩატარებისას.

3.1.1    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის  სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა _ წარმოადგენს ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს.
გამომდინარე სამხედრო მიზნებიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:

•    გეგმაზომიერად მომზადდეს საბრძოლო მოქმედებების სრული სპექტრისთვის მზადმყოფი შეიარაღებული ძალები;
•    უზრუნველოფილ იქნას მაღალი საბრძოლო მზადყოფნა;
•    ჩამოყალიბდეს ქმედითი სამობილიზაციო სისტემა;
•    დაიხვეწოს სავარაუდო აგრესიის გარანტირებული დადგენისა და გაფრთხილების სისტემა;
•    ჩამოყალიბდეს ნატოს სისტემასთან ინტეგრირებული საჰაერო და საზღვაო სივრცის კონტროლის სისტემა;
•    აცილებულ იქნას ქვეყნისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული კონფლიქტები და სამხედრო პროვოკაციები;
•    მოგერიებულ იქნას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული აგრესია.

1.3.2.  დაკარგული ტერიტორიების სამხედრო ძალით დაბრუნება _ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ განიხილება მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, იმ შემთხვევისთვის, თუკი სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ზომები შედეგს ვერ მოიტანს. ამ პირობებში შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ გადაწყვიტონ შემდეგი სახის ამოცანები:  
•    ლიკვიდირებულ იქნას სეპარატისტული რეჟიმების არაკანონიერი შეიარაღებული Fფორმირებები;
•    დამყარდეს სრული კონტროლი დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე;
•    აღმოეჩინოს მხარდაჭერა ადგილობრივ კანონიერ ხელისუფლებას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის საკითხებში;
3.1.3 მსოფლიოს თანამეგობრობის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ჩრდილო ატლატნიკურ ალიანსში გაწევრიანება - ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.  აღნიშნულიდან გამომდინარე შეიარაღებული ძალების წინაშე შემდეგი სახის ამოცანები დგას:

•    შემუშავდეს ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი   სამხედრო დოქტრინა და კონცეფციები;
•    გაუმჯობესდეს გაერთიანებულ/მრავალეროვნულ სამხედრო
მოქმედებებში მონაწილეობის თვისობრივი მახასიათებლები;
•    გაძლიერდეს საერთაშორისო თანამშრომლობა უსაფრთხოების სამხედრო ასპექტების საკითხებში;

3.1.4 ტერორისტული აქტებისა და ქმედებების აღკვეთაში მონაწილეობის მიღება - წარმოადგენს თანამედროვე რეალობას.  ტერორიზმთან ბრძოლა ყველა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ქვეყნების შეიარაღებული ძალების (სხვა სახელმწიფო სტრუქტურებათნ ერთად) ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყანა მზად უნდა იყოს გამოავლინოს ნება, რათა ეროვნული და სამხედრო ძალით არ დაუშვას შიდა თუ გარე ტერორიზმის გამოვლინება.
ამ პირობებში შეიარაღებული ძალების წინაშე დგება შემდეგი ამოცანები:
•    მომზადდეს შეიარაღებული ძალები  ასიმეტრიული საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებისთვის;
•    მიღწეულ იქნას სრული ურთიერთქმედება სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებსა და უწყებებთან;
•    გარანტირებულ იქნას საინფორმაციო უპირატესობა.

3.1.5 სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში - წარმოადგენს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან მიზანს.  ამ მიზნის მისაღწევად უნდა იქნას გადაწყვეტილი შემდეგი ამოცანები:
•    დაიხვეწოს  ეროვნული გვარდიის საორგანიზაციო სტრუქტურა, აღჭურვა და მომზადება საგანგებო სიტუაციებისათვის;
•    დაიხვეწოს კრიზისისა საგანგებო სიტუაციების პერიოდში მართვისა და უწყებათაშორისი ურთიერთქმედების სისტემა;
•    დაიხვეწოს და სტანდარტიზირებულ იქნას საგანგებო სიტუაციებში სამოქალაქო ხელისუფლებისთვის სამხედრო კომპონენტის მიერ მხარდაჭერის მექანიზმი;
•    დაიხვეწოს რეზერვების მობილიზებისა და წვრთნის სისტემა მშვიდობიან, კრიზისულ და საომარ პირობებში მათი ეფექტური გამოყენების მიზნით.

4. სამხედრო სტრატეგიული კონცეფციები


4.1. საქართველოს სამხედრო კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს მოქნილობა, აქტიურობა, მიზანდასახულობა და პრაგმატიზმი.

4.2 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების დასრულების შემდეგ, საშუალება მოგვეცემა ჩამოყალიბდეს პრინციპულად ახალი ფორმირებები მუდმივი მზადყოფნის ძალების შემცირებული შემადგენლობითა და სარეზერვო კომპონენტების გაზრდილი როლით.
მათ შეეძლებათ უზრუნველყონ ამოცანების წარმატებით შესრულება მოწინააღმდეგის მიერ ყველა ტიპის ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენების პირობებში;  შექმნან აუცილებელი თვისობრივი უპირატესობა შერჩეულ მიმართულებებზე;  დაიცვან სტრატეგიული ობიექტები მაღალი სიზუსტისა და სხვა იარაღისაგან;  აწარმოონ ჯარების სახეობებისა და სპეციალური ძალების შეთანხმებული გამოყენება;  განახორციელონ ჯარებით, ძალებითა და საშუალებებით მოქნილი მანევრები;  მდგრადად მართონ ძალები თანამედროვე ბრძოლის ველის რთულ პირობებში. მათ უნდა შეეძლოთ აწარმოონ სრული სპექტრის საბრძოლო მოქმედებები. კერძოდ:
4.2.1.  ასიმეტრიული საფრთხის შემთხვევაში  (ტერორიზმი, მცირე ზომის სეპარატისტული ბანდ-ფორმირებების მოქმედებები და ა.შ.) გასცენ საჭირო ადექვატური პასუხი დაბალი ინტენსიობის ბრძოლებისათვის სპეციალურად მომზადებული, აღჭურვილი და მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ფორმირებული ძალებით.   
4.2.2.  სიმეტრიული (დაახლოებით თანაბარი სამხედრო პოტენციალის მქონე მოწინააღმდეგის) საფრთხის შემთხვევაში აწარმოონ სრულმაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ჩვეულებრივი იარაღისა და შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტის გამოყენებით.
4.2.3. ასიმეტრიული (ასიმეტრიულად ძლიერი) საფრთხის შემთხვევაში, როდესაც საქართველო იქნება ასიმეტრიის სუსტი მხარე, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ ბრძოლის ჩვეულებრივი და ირეგულარული მეთოდების კომბინირება და ქვეყნის საერთო წინააღმდეგობის მოძრაობის კოორდინირება, აგრესიის შეკავება მეგობარი ქვეყნების ძალების ჩართვამდე.

4.4 ეროვნული სამხედრო სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საქართველოს ტერიოტრიაზე გამოიყოფა სამი ოპერატიული მიმართულება: დასავლეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი, რომლებიც კრიზისის პერიოდში გადადიან საოპერაციო მიმართულებების (რაიონების) რანგში.  
სამხედრო სტრატეგიული მიზნებისა და სამხედრო ამოცანების შესრულებისთვის შემუშავებულია ოპერატიულ-სტრატეგიული კონცეფცია.  მის არსს წარმოადგენს ადრეული დახვედრა კერული თავდაცვის ორგანიზებით, ხოლო შინაარსს _ კრიზისულ პერიოდში პოტენციური საფრთხის რაიონებში ძალების სწრაფი გაშლა,  ნებისმიერ სამხედრო საფრთხეზე ადექვატური პასუხის გაცემით.

4.5. სამხედრო პროვოკაციებსა და შეიარაღებული კონფლიქტების პრევენცია უნდა განხორციელდეს გაფრხილების, შეკავებისა და აღკვეთის საშუალებით.

4.5.1 გაფრხილების ფაზაში ესკალაციის არ დაშვება წარმოებს სამხედრო ხასიათის მშვიდობიანი აქციებით, სამხედრო ძალის ირიბი ან პირდაპირი გამოყენების გარეშე;

4.5.2 შეკავების ფაზა ძალაში შედის კონფლიქტის გამწვავების ეტაპზე გამაფრთხილებელი ზომების თანდათანობითი გაძლიერებითა და შძ-ის ირიბი ან პირდაპირი მონაწილეობით;  

4.5.2  აღკვეთის ფაზა გულისხმობს კონფლიქტის სრულ მოგვარებას
გამაფრხილებელი ზომების შემდგომი გაძლიერებითა და შძ-ს უშუალო მონაწილეობით.  

4.6. სამხედრო პროვოკაციებისა და შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაზვერვის ძალებისა და საშუალებების მართვის სისტემების ოპერატიულობასა და სანდოობას, სადაზვერვო მონაცემების შეკრების, დამუშავების, ანალიზისა და დაყვანის ავტომატიზირებული სისტემის შესაძლებლობების გაზრდას, სტრატეგიული და ოპერატიული დაზვერვის  ყველა სახის ურთიერთქმედების ორგანიზებას.

4.7.  იმ შემთხვევაში, თუკი შეკავების პოლიტიკა ვერ გაამართლებს, მაშინ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არიან აწარმოონ ხანმოკლე, მაღალაქტიური სამხედრო მოქმედებები, რომელთა საფუძველსაც  წარმოადგენს დაუყოვნებელი რეაგირება საფრთხეზე.  ეს მოქმედებები ხასიათდებიან მაღალი საბრძოლო ტემპით, ლოკალური მობილურობით, მოქნილობითა და გაბედულებით,  რაც საშუალებას აძლევს, საკუთარი ძალების მინიმალური დანაკარგით მიაყენოს მოწინააღმდეგეს გადამწყვეტი და სწრაფი დარტყმები ბრძოლის ჩვეულებრივი და სპეციალური მეთოდების გამოყენებით.  ამ მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენს  მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის მძიმე ზარალისAთავიდან აცილება. ამოცანის შესრულება ხორციელდება ჯარების სხვადასხვა სახეობების მჭიდრო ურთიერთქმედებით განცალკევებულ, ხშირად იზოლირებულ მიმართულებებზე, უმეტესწილად ძირითადი ძალებიდან მოწყვეტით, მაღალი ოპერატიულ-ტაქტიკური დამოუკიდებლობის პირობებში.


5.    საქართველოს შეიარაღებული ძალების  მართვა, ხელმძღვანელობა და მთავარი ფუნქციები
 


5.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი ფუნქციები განსაზღვრულია კანონით თავდაცვის შესახებ (III პარაგრაფი, მე-7 მუხლი) და შეიცავს ისეთ სამხედრო მიზნებს, როგორებიცაა: დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულება.

5.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყენებასა და თავდაცვის პოლიტიკას წარმართავს დემოკრატიულად არჩეული სამოქალაქო ხელისუფლება (საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, უშიშროების საბჭო), რომელიც ხელმძღვანელობს დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის პრინციპებით.

5.4 სტრატეგიულ დონეზე თავდაცვის სამინისტრო წარმართავს: შეიარაღებული ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმების შესრულებას; თავდაცვის რესურსების ეფექტურად გამოყენებას; საქართველოს პრეზიდენტის-უმაღლესი მთავარსარდლისა და ზემდგომი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებული      სამხედრო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებების შესრულებას; ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მიხედვით; განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგარ სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო საფრთხეებს.

5.5 ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეზე შეიარაღებული ძალების მართვა ხორციელდება გენერალური შტაბის მიერ, რომელიც პასუხიმგებელია სტრატეგიული კონცეფციით გათვალისწინებული შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებაზე, წვრთნაზე, საბრძოლო მზადყოფნაზე, აღჭურვაზე.  ასევე, სამხედრო კამპანიებისა და მსხვილმასშტაბიანი ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებაზე.

5.6 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის მართვა და ხელმძღვანელობა, წვრთნა, ადმინისტრირება, ლოგისტიკა და ოპერაციების საბრძოლო ამოცანების შესრულება ხორციელდება სარდლობების მიერ, ხოლო ტაქტიკურ დონეზე - შენაერთების მეთაურების მიერ.


6.საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავლის ხედვა


6.1 სამხედრო-პოლიტიკური, ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკური პირობების, შესაძლო სამხედრო კონფლიქტებისა და კრიზისების ხასიათის, მასშტაბების, სავარაუდო მოწინააღმდეგეების საბრძოლო მოქმედების შესაბამისად უახლოესი მომავლისთვის საერთო-საჯარისო ფორმირებების ძირითად ტიპებს უნდა წარმოადგენდეს ოპერატიული სარდლობები, მათთან ჩამოყალიბებული შენაერთების შტაბებითა და ცალკეული ბატალიონები, რომლებისგანაც, საჭიროებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდება შესაბამისი ოპერატიულ-ტაქტიკური ან ტაქტიკური შენაერთები. ამ პრინციპის ძირითადი უპირატესობაა მათი შემადგენლობის მოდულური სისტემა, რაც საშუალებას აძლევს სამხედრო ხელმძღვანელობას, მაქსიმალური მოქნილობით ცვალოს სტრუქტურული შემადგენლობა და მოახდინოს შეიარაღების ინტეგრირებაც გამომდინარე ამოცანის, მოწინააღმდეგისა და გარემო პირობების მიხედვით.  თავისთავად, ეს მოდელი მოითხოვს ყველა დონის მეთაურთა მაღალ კვალიფიკაციასა და ინიციატივის უნარს.

6.2  საბრძოლო შემადგენლობისა და რაოდენობის ოპტიმიზირების გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მათ ტექნიკურ გადაიარაღებას, შტაბებისა და ჯარების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ხარისხსა და ინტენსივობას, უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის, მართვის სისტემებისა და ლოგისტიკის სრულყოფა, გადაიჭრას შეიარაღების სტანდარტიზაციის პრობლემები და გაიზარდოს მათი სამანევრო შესაძლებლობები.

6.3  ქვეყნის წინაშე არსებული რეალური საფრთხის დონის სრულად შესატყვისი, ეფექტური სამხედრო მექანიზმის შემუშავება შეუძლებელია მოქნილი, თანამედროვე ლოგისტიკის ჩამოყალიბებისას არსებული პრობლემების გადაწყვეტის გარეშე. ცალკეული ნაწილების დონეზე უნდა შეიქმნას ლოგისტიკური უზრუნველყოფის, პ/შ-ის მაღალი პროფესიული მომზადების სტიმულირების, შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მართვის ეფექტური სისტემა.

 

ვახტანგ კაპანაძე,

ბრიგადის გენერალი

 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters