ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები PDF ბეჭდვა ელფოსტა
სამშაბათი, 14 სექტემბერი 2010 13:08

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები.
ნაშრომს შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

ანოტაცია

ნაშრომი ეხება სახელმწიფოს სისტემური მოდელის განხილვას. დაზუსტებულია ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნისას მოიხმარება. ნაჩვენებია, რომ  როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების სტრატეგიაზე და შესაბამისად ისაზღვრება საფრთხეები, აუცილებელია მათი კლასიფიცირება იმ ძირითადი სისტემების მიხედვით (ცხრა), რომლებიც სახელმწიფოს, როგორც ამ სისტემათა მეტასისტემის სტრუქტურას (მატრიცას) ქმნიან.

ავტორის შესახებ

ალექსანდრე მჭედლიშვილი- დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქ.მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოფიზიკურ ექსპედიციაში. 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (სამხედრო დაზვერვა). 2000–2003 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსი. გაიარა სტაჟირება აშშ, თურქეთისა და რუმინეთის   უმაღლეს სამხედრი–პოლიტიკურ კურსებზე.  2004 წლიდან თადარიგში. ბოლო სამხედრო წოდება – ბრიგადის გენერალი. 2003 წლიდან გეო–სტრატეგიული კვლევების ჯგუფის თანადამფუძნებელი.


ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები

cartoon07-320x2001

 

     სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრატეგია ქვეყნის კონსტიტუციასთან ერთად წარმოადგენს სახელმწიფოს არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელ ძირითად დოკუმენტს.
კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს ფორმას, მოწყობას, მართვის სისტემის აგებულებასა და იმ ძირითად ღირებულებებს, რისთვისაც მოწოდებულია იარსებოს სახელმწიფომ.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ის ძირითადი საპროგრამო თეზისები, რომელთა ცხოვრებაში გატარება, ე.ი. მათი სხვადასხვა სფეროში პროგრამად ქცევა, უზრუნველყოფს სახელმწიფოს უსაფრთხო არსებობასა და განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შეიცავს იმგვარ დებულებებს, რომელიც პრაქტიკულად მუდმივია სახელმწიფოს არსებობის მანძილზე, მასში აისახება ისეთი საკითხებიც, რომელთა გადაჭრა სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის საჭიროა დროის მოცემულ მონაკვეთში. საკითხის მოგვარების შემდეგ კი იგი იხსნება დღის წესრიგიდან. (მაგალითად, დღეისათვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება. აღდგენის შემდეგ დარჩება მხოლოდ შენარჩუნება). ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, სახელმწიფო განვითარებისათვის აუცილებელი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მთლიანად ეყრდნობა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, როგორც დოკუმენტი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (პრინციპებს):

 _ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ისე როგორც სხვა ნებისმიერი სტრატეგიული დოკუმენტი, ემყარება იმ ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, რომელიც საზოგადოებისთვისაა მისაღები.
_ მკაფიოდ ჩამოყალიბდეს, თუ რა არის სახელმწიფო და რა განსაზღვრავს მის ეროვნულობას (თავისთავადობას).
_ ჩამოყალიბდეს ეროვნული ღირებულებები, თანაც ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი ფილოსოფიური კატეგორიებიდან სამართლებრივ სივრცეში გადმოტანა.
_ სახელმწიფოს განსაზღვრება მოხდეს ორ ჭრილში – პოლიტიკურ-ფილოსოფიურში და სისტემურ-ფუნქციურში.

პირველიდან გამომდინარე, ხდება სახელმწიფო ინტერესების ჩამოყალიბება და შესაბამისი ამოცანების განსაზღვრა. მეორედან – თუ როგორ და რა საშუალებებით სრულდება ეს ამოცანები. ე.ი. იქმნება სახელმწიფოს სისტემური მოდელი.

 _ ჩამოყალიბდეს სახელმწიფო ფუნქციების შესრულების შეფასების კრიტერიუმები და კონკრეტული პერიოდისთვის შეასაბამისი ინდიკატორული მაჩვენებლები.
_ ამის შემდგომ განისაზღვროს ის გარემოებები, რომლიც ხელს უშლის ან, შესაძლოა, შეუშალოს განსაზღვრული მაჩვენებლების მიღწევას. ე.ი. მუქარები, საფრთხეები, გამოწვევები.
_ დაბოლოს, საპროგრამო თეზისების სახით ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ავირიდოთ ან წინ აღვუდგეთ აღნიშნულ გარემოებებს.

აღნიშნულ საკითხებთან დამოკიდებულება საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება (მაგ. სახელმწიფოებრიობის გაგება). ამიტომ, ერთიანი ხედვის არარსებობის პირობებში, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაზუსტდეს, რა იგულისხმება გამოყენებულ ტერმინებში ან განსაზღვრებებში:

ქვეყანა _ გარკვეულწილად შემოსაზღვრული ტერიტორია, თავისი მოსახლეობით, რომელიც პოლიტიკურად არ არის ორგანიზებული.

სახელმწიფო _ ტერიტორია მკაფიო საზღვრებით და მოსახლეობით, რომელიც პოლიტიკურად ორგანიზებულია და პირობითად შედგება სამი სუბიექტისაგან: პიროვნება, საზოგადოება, ხელისუფლება.

ამოცანა _ ის, რაც გარკვეული მიზნის მისაღწევად საჭიროებს შესრულებას, გადაჭრას. სახელმწიფოს შემთხვევაში მისი ინტერესების რეალიზება.
სახელმწიფოს ფუნქცია _ სახელმწიფოს მოქმედება, მის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად.

სისტემა _ გარკვეული წესრიგი, რაც დაფუძნებულია მისი შემადგენელი ნაწილების კანონზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე.

სტრუქტურა _ რისამე შემაერთებელი ნაწილების ურთიერთმიმართება, აგებულება, აღნაგობა, წყობა.
ეროვნული ღირებულებები _ კატეგორია, რომლის მეშვეობითაც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან ერთად ხდება ერის იდენტიფიკაცია საერთაშორისო თანამეგობრობის შიგნით.

ეროვნული ინტერესები _ პიროვნების, საზოგადოების და ხელისუფლების დაბალანსებული ერთობლივი ინტერესები.

ეროვნული უსაფრთხოება _ მდგომარეობა, ვითარება, როდესაც სახელმწიფო შეუფერხებლად ასრულებს თავის ფუნქციებს.

უფრო განვრცობილად შევჩერდეთ ზოგიერთ მათგანზე:

ა) სახელმწიფო:
კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იქმნებოდა სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოები და მათი ფუნქციური დატვირთვაც, გარკვეულწილად, იცვლებოდა. შესაბამისად მაშინდელი შემეცნება იმისა, თუ რა არის სახელმწიფო, მითუმეტეს – ეროვნული, საკმაოდ განსხვავდება დღევანდელისაგან. თანამედროვე პოლიტიკურმა მეცნიერებამ გარკვეული კორექტივები შეიტანა სახელმწიფოს განმარტებასა და, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის არსში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო საზოგადოებრივი თანაცხოვრების პროდუქტია, ხოლო საზოგადოების განვითარების პროცესი ობიექტური, სახელმწიფოს განმარტებაც დღევანდელი პროდუქტის აღწერაა. და თუ როგორ სახეს მიიღებს იგი მომავალში, მთლიანად დამოკიდებულია საზოგადოების განვითარების დონეზე.

საქართველოს რეალობის აღწერისას ერთგვარად მძიმე სურათს ვხედავთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოება არცთუ ისე რთული ამოცანის წინაშე დგას. ევროპული სახელმწიფოების სახით გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფო და როგორ შეიძლება იცხოვროს ხალხმა ამ სახელმწიფოში, და, ამავდროულად, არ დაკარგოს თავისი ეროვნული თვითმყოფადობა. დღეს ჩვენი მიზანია მივაღწიოთ არა რაღაც თეორიულად შესაძლებელ შედეგს, არამედ აპრობირებულს განვითარებული სახელმწიფოების პრაქტიკაში.

საქართველოში, როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ტერმინები სახელმწიფო და ხელისუფლება (მთავრობა) გაიგივებულია, რაც მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის შემორჩენილი გავლენით შეიძლება აიხსნას.

თანამედროვე მიდგომით სახელმწიფო არის ტერიტორია მკაფიო საზღვრებით და მოსახლეობით, რომელიც პოლიტიკურად ორგანიზებულია და პირობითად შედგება სამი სუბიექტისაგან: პიროვნება, საზოგადოება, ხელისუფლება. სწორედ მათი ერთობლიობა არის სახელმწიფო და არა მხოლოდ ხელისუფლება (მთავრობა).

ამ სამ სუბიექტს შორის დაბალანსებული ურთიერთობით განისაზღვრება სახელმწიფოს სტაბილურობა. თითოეული სუბიექტის უფლებები და ურთიერთმოვალეობები აღიწერება კონსტიტუციასა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, სადაც მოცემულია პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები და ერთობლიობაში ეწოდება ეროვნული ინტერესები.

სახელმწიფო ინტერესები: სახელმწიფო ინტერესები წარმოადგენს პიროვნების, საზოგადოების და ხელისუფლების (მთავრობა) ინტერესთა გაწონასწორებულ ერთობლიობას, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ ღირებულებებზე.

პიროვნების ინტერესები:
_ უსაფრთხოება
_ კეთილდღეობა
_ უფლებების და თავისუფლებების რეალიზების პირობების არსებობა
საზოგადოების ინტერესები:
_ სამოქალაქო თანასწორუფლებიანობა
_ სამოქალაქო თანადგომა
_ სამოქალაქო თანხმობა
ხელისუფლების ინტერესები:
_ ხელისუფლების იურისდიქციის შეუფერხებელი განხორციელება საკუთარ ტერიტორიაზე
_ მართვის მდგრადობა
_ ქვეყნის შიგნით ძალის გამოყენებაზე მონოპოლია

შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესები იქნება:
_ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა
_ პოლიტიკური სტაბილურობა (საშინაო, საგარეო)
_ ეკონომიკური მდგრადობა
_ სოციალური სამართლიანობა და კეთილდღეობა
_ ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის გაცნობა.

სამოქალაქო საზოგადოება: საერთაშორისო სამართლის მიხედვით მოქალაქეობა არის პიროვნების მყარი სამართლებრივი კავშირი კონკრეტულ სახელმწიფოსთან. მოქალაქეობა გამოიხატება როგორც სახელმწიფოსა და მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პიროვნების ურთიერთობა:

_ სახელმწიფო აღიარებს პიროვნების უფლებებს და თავისუფლებებს და არის მათი რეალიზების გარანტი; იცავს და მფარველობს პიროვნებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
_ მოქალქე აღჭურვილია უფლებებითა და თავისუფლებებით; ამასთან ერთად ასრულებს კანონით დაკისრებულ მოვალეობებს.

მხოლოდ მოქალქეებს ეკუთვნით პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები. თუკი მოქალაქეობის განმსაზღვრელი რომელიმე ნიშანი არ რეალიზდება, შეიძლება ითქვას, რომ არც მოქალაქეობის ინსტიტუტია სრულყოფილი სახელმწიფოში და არც მოქალაქის სტატუსი.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, სახელმწიფო არის მისი სამი პირობითი შემადგენელი სუბიექტის ერთობა: პიროვნების, საზოგადოების და ხელისუფლების. დემოკრატიული სახელმწიფო გამოხატავს ამ სამი სუბიექტის გაწონასწორებულ ინტერესებს.

როდესაც წონასწორობა დარღვეულია ხელისუფლების ინტერესების დომინირებით, ყალიბდება ავტორიტარული რეჟიმი. წონასწორობის საწინააღმდეგო მხრისკენ დარღვევას კი, როგორც წესი, მივყავართ ანარქიამდე.

ინტერესთა წონასწორობა და დისბალანსი თავისთავად არ იქმნება ისევე, როგორც თავისთავად არ არსებობს სახელმწიფო. ეს ყველაფერი ადამიანთა შემოქმედების ნაყოფია. პიროვნებები ქმნიან საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც, ერთობლიობაში კი სახელმწიფოს. მაგრამ რა არის ამ ერთობის ძირითადი გამაწონაწორებელი ძალა?

ეს არის მოქალქეობრიობა, რომელსაც, გარდა იურიდიული განსაზღვრებისა, გააჩნია სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც, რომელიც უფრო ღირებულებათა კატეგორიას განეკუთვნება და ძნელად თუ აისახება სამართლებრივად.

მოქალაქეობა ეს არის გააზრება და შემეცნება იმისა, რომ:

_ საკუთარი პიროვნული ინტერესების გარდა არსებობს საზოგადოებირვი და საერთო სახელმწიფოებრივი (არა ხელისუფლების) ინტერესები.
_ პიროვნებას აქვს რეალური უფლება და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესთა რეალიზებაში.
_ ხელისუფლება (მთავრობა) და სახელმწიფო ერთი და იგივე არ არის. ხელისუფლება (მთავრობა) სახელმწიფო ინტერესების რეალიზების პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელსაც ქმნის საზოგადოება (თანაც ისეთს, როგორიც თავისი განვითარების დონით ხელეწიფება).
_ ამ ინსტრუმენტის ნდობა მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივად, მორალურად და ცოდნით გამორჩეული პიროვნებებისთვის შეიძლება.
_ ასეთი პიროვნებების წარმოჩენის ერთადერთი არეალი კი სამოქალაქო საზოგადოებაა.
საზოგადოება ქმნის ხელისუფლებას (მთავრობას), პირუკუ პროცესი გამორიცხულია. ხელისუფლებას (მთავრობას) კი შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას.

საზოგადოება, რომელმაც ვერ გაისიგრძეგანა მოქალაქეობრიობის არსი, განწირულია, მუდმივი აღმავალი და დაღმავალი სვლებისათვის. მისი თანაბრად განვითარებაში გადაყვანის ერთადერთი პირობა (შესაძლებლობა) სამოქალაქო საზოგადოებაა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც არ არის ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება, არჩევნებიდან არჩევნებამდე ხელისუფლებაზე ზემოქმედების არავითარი ბერკეტი არ არსებობს. სამოქალქო სზოგადოების პირობებში კი ხელისუფლების შეცდომებზე მყისიერი და თანაც ქმედითი რეაქცია ხდება, რადგან ამის წინაპირობები (ბერკეტები) თვით ამ ტიპის საზოგადოებაშივე ძევს, კერძოდ:
_ სამოქალქო საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლების ინტერესები არ არის პიროვნული ინტერესებით მოტივირებული, შესაბამისად, მიზანი სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებაა და არა ხელისუფლების შენარჩუნება.
_ სამოქალქო საზოგადოებაში არსებობს ხელისუფლების მოღვაწეობის შეფასების კრიტერიუმები, როგორც მორალური და ზნეობრივი, ასევე პრაგმატულად ციფრებით გამოხატული – ეკონომიკასა თუ სოციალურ სფეროში.
_ სამოქალქო ინსტიტუტები, რომელთაც სახელმწიფოს განვითარებაში არანაკლები როლი და პასუხისმგებლობა გააჩნიათ, ვიდრე ხელისუფლებას.
_ რეალურად სამ შტოდ გაყოფილი ხელისუფლება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო.
_ საზოგადოების ინტერესების გამომხატველი თავისუფალი მასმედია (სწორედ ამიტომ ითვლება ის `მეოთხე ხელისუფლებად~ და არა იმის გამო, რომ ყველაფრის თქმის საშუალება აქვს).

ეროვნული ღირებულებები: ღირებულებათა სისტემატიზაციას ახდენენ მრავალი ნიშნის მიხედვით. მათ შორის  -  ზოგადსაკაცობრიო, ეროვნულ, სულიერ, მატერიალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, დემოკრატიულ, სოციალურ, ზნეობრივ, ფინანსურ, მარადიულ, ზეეროვნულ, ცვალებად, ინტელექტუალურ, ესთეტურ, ფსევდო- და ა.შ.

 დასმული ამოცანის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხდება სხვა პარამეტრების გამოყოფა:

დროის – ანუ რამდენად მდგრადია ესა თუ ის ღირებულება დროში.

სივრცითი – რა სივრცითი განფენილობა აქვს.
ხარისხობრივი – ღირებულებათა რომელ ჯგუფს ეძლევა უპირატესობა.

დროის ფაქტორის მიხედვით ღირებულებები შეიძლება დაიყოს:
_ მუდმივი ანუ მარადიული – დროში უცვლელი ან იმდენად მცირედ ცვალებადი, რომ ეს ცვლილება შეიძლება არ იქნას გათვალისწინებული;
_ გარდამავალი – ხანგრძლივად არსებული, მაგრამ მაინც ცვალებადი, თანაც ცვლილება ხდება მდორედ და არა ნახტომისებურად;
_ დროებითი და ფსევდო-ღირებულებები – რომლებიც ხანმოკლე პერიოდში არსებობენ;
ასევე სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს ღირებულებები სივრცითი ფაქტორის მიხედვითაც:
_ ზოგადსაკაცობრიო
_ საზოგადოებრივი (სულ ცოტა ერთი სახელმწიფოს მასშტაბით მაინც)
_ ჯგუფურ-ინდივიდუალური
ხარისხობრივი მახასიათებლის მიხედვით ღირებულებები იყოფა:
_ სულიერი
_ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი
_ მატერიალური.

თუ კი მოვახდენთ ასე დაჯგუფებულ ღირებულებათა ზედდებას, მივიღებთ შემდეგ სურათს:

drois faqtoris mixedviT sivrciTi faqtoris mixedviT xarisxobrivi faqtoris mixedviT
maradiuli Rirebulebebi zogadsakacobrio sulieri:rwmena

sicocxle

siyvaruli

imedi

bedniereba

Tavisufleba da a.S.

gardamavali Rirebulebebi sazogadoebrivi inteleqtualuri:kulturulipolitikuri

da a.S.

droebiTi da fsevdoRirebulebebi jgufur individualuri materialuri:ekonomikurifinansuri

da a.S.

fsevdoreligiuri – seqtebi

fsevdokulturuli – moda;

fsevdopolitikuri - revoluciebi

da sxva.

 

რა თქმა უნდა, მოცემული დაყოფა პირობითია, რადგან აბსტრაქტული კატეგორიების მკვეთრ ჩარჩოებში ჩასმა შეუძლებელია. ამასთან ერთად, თუ დავუკვირდებით, აღნიშნული სქემა “მუშაობს” არა მარტო ჰორიზონტალზე, არამედ გარკვეულწილად – დიაგონალზეც, ზოგიერთ შემთხვევაში კი ალბათ უფრო მისაღები შეიძლება მათი (ჰორიზონტალის და დიაგონალის) ურთიერთქმედება იყოს.

რა ადგილს დაიკავებს მოცემულ სქემაში ეროვნული ღირებულებები? ერონული ღირებულებები არის კატეგორია, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან ერთად იძლევა სახელმწიფოს იდენტიფიკაციის საშუალებას საერთაშორისო თანამეგობრობაში. შესაბამისად, ისინი უნდა არსებობდნენ მარადიულ და გარდამავალ, ზოგადსაკაცობრიო და საზოგადოებრივ, სულიერ და შემოქმედებით ღირებულებათა მიჯნაზე.

მაგალითად, თუკი ენა, ზოგადად, მარადიული ღირებულებაა, როგორც კომუნიკაციის, აზრის გამოხატვის და პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელი პირობა, რომელიმე კონკრეტული ენა შეიძლება, მარადიულ ღირებულებად მხოლოდ კონკრეტული საზოგადოებისათვის დარჩეს.

იგივე შეიძლება ითქვას სუვერენიტეტზე, ზოგადად, იგი საკაცობრიო ღირებულებაა. მაგრამ ამავდროულად სახელმწიფოს სუვერენიტეტი მთლიანად მიბმულია კონკრეტულ ტერიტორიაზე. მის გარეშე არც საერთაშორისო აღიარება არ არსებობს.

თუკი სულიერებისკენ მიმავალ გზაზე ზოგადსაკაცობრიოდ ითვლება რწმენის თავისუფლება, რომელიმე კონკრეტული სარწმუნოება კონკრეტული საზოგადოების ან ცივილიზაციის არჩევანია.

ასე, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსათვის ეროვნული ღირებულება იქნება ენა, მამული (ტერიტორია, სუვერენიტეტი), სარწმუნოება და ამ სამებაზე დაფუძნებული შემოქმედებითი, კულტურული თუ სხვა საზოგადოებრივი ღირებულებები.

ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, გარკვეულწილად ესაა ცივილიზაციათა კონვერგენციის შედეგად აღმატებულ ხარისხში აყვანილი ეროვნული ღირებულებები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოს  წინაშე დასმული უპირველესი ამოცანებია:

_ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა
_ მდგრადი ეკონომიკური განვითარების და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფა
_ უსაფრთხოების უზრუნველყოფა
_ დემოკრატიული ღირებულებების განვითარება
_ ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება

ზემოხსენებული ამოცანების შესასრულებლად კი სახელმწიფოს, როგორც წესი, გააჩნია შესაბამისი სისტემები, სტუქტურები, შესაბამისი ინსტიტუციონალური მოწყობა.

სახელმწიფოს სისტემური მოდელი:
სახელმწიფო არის რთული სისტემა, რომელიც, თავის მხრივ, შედგება სისტემებისგან, ქვესისტემებისგან და სტრუქტურებისგან. ამჯერად ჩვენი მიზანია, მათი ისეთი ოპტიმალური დაჯგუფება და ურთიერთკავშირების ჩამოყალიებება, რომელიც მოგვცემს ქვეყნის სახელმწიფოდ გადაქცევის და შემდგომ მისი განვითარების საშუალებას. რა იგულისხმება ქვეყნის გადაქცევაში სახელმწიფოდ? ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან გამომდინარე ცალ-ცალკე გამოვყავი ის ძირითადი სისტემები, რომლებიც ადამიანის მიდრეკილებებიდან, თვისებებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ბუნებრივად ახასიათებს საზოგადოებას. როდესაც ეს სისტემები გააზრებულად, ერთიანად არ იმართება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოება არ არის პოლიტიკურად ორგანიზებული და მას არ გააჩნია სახელმწიფოს ნიშნები. და პირიქით, სისტემების შეგნებული მართვით იწყება სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

სახელმწიფოს შემადგენელი სისტემები:

_ მართვის (ერთიანი) სისტემა
_ საინფორმაციო სისტემა
_ საფინანსო სისტემა
_ ენერგეტიკული სისტემა;
_ სამართალდამცავი სისტემა;
_ თავდაცვის სისტემა;
_ ეკო სისტემა (ტერიტორიის ათვისების სისტემა);
_ ეკონომიკური სისტემა;
_ სოციალური სისტემა.

მართვის სისტემა:

მართვის პრინციპული სქემა:
მართვის საფუძვლები (მეთოდოლოგია):
- იდეა, მიზნები, ამოცანები
- პრინციპები, კანონები
- ტექნოლოგია და პრაქტიკა (გამოცდილება)
მართვის პროცესი:
- საინფორმაციო უზრუნველყოფა
- გადაწყვეტილების მიღება და რეალიზაცია
მართვის აღმასრულებელი სტრუქტურები:
- ცენტრალური
- ადგილობრივი
მართვის ტექნიკა:
- კომუნიკაციები
- დოკუმენტების მიმოქცევა
- ტექნიკური აღჭურვილობა
- უკუკავშირები

ქვესისტემები:

- საკანონმდებლო სისტემა (ხელისუფლება)
- სასამართლო სისტემა (ხელისუფლება)
- აღმასრულებელი სისტემა (ხელისუფლება)

საინფორმაციო სისტემა:

სისტემის პრინციპული სქემა:
- საინფორმაციო რესურსი _ ინფორმაცია
- საინფორმაციო არხები (მიღება, გაცემა)
- შეფასება და გადამუშავება
- საინფორმაციო ბანკები
- “ფილტრი”:
ქვესისტემები:
_ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა
_ სადაზვერვო სისტემა
_ მეცნიერებისა და განათლების სისტემა
_ სტატისტიკა
_ საინფორმაციო ბანკები
_ კონტრდაზვერვა (დასაშვებია მისი მოქცევა სადაზვერვო სისტემაში)
_ კულტურა, ტრადიციები, ისტორია
_ მასმედია
_ ელექტრონული ქსელური სისტემა

საფინანსო სისტემა:

_ მონეტარული სისტემა
_ ფინანსური აქტივები
_ საბანკო სისტემა
_ საფინანსო ფონდები
_ საფინანსო დაწესებულებები

ენერგეტიკული სისტემა:

ენერგო რესურსები
- ჰიდრო
- თხევადი
- მყარი
- აირი
- ალტერნატიული
ინფრასტრუქტურა
- წარმოება
- მიწოდება
მომხმარებელი

სამართალდამცავი სისტემა:

სისტემის ფუნქციონალური სქემა:
- მონიტორინგი
- კონტროლი
- პროფილაქტიკა
- აღკვეთა
- გამოძიება
- ბრალდება
- სასჯელის აღსრულება
სისტემის შემადგენელი სტრუქტურები:
- იუსტიცია
- პროკურატურა
- პოლიცია
- საფინანსო-საგადასახადო
- საბაჟო
- ინსპექციები
- კონტროლის პალატა
- სხვადასხვა

თავდაცვის სისტემა:

_ შეიარაღებული ძალები
_ სარეზერვო-სამობილიზაციო სისტემა
_ სტრატეგიული მარაგები
_ სამოქალაქო თავდაცვა
_ საზღვრის დაცვა
_ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი

ეკონომიკური სისტემა:

_ პირველადი პროდუქტის მოპოვება, წარმოება.
_ გადამუშავება, მრეწველობა
_ ვაჭრობა(შიდა, საგარეო)

ეკო სისტემა (ტერიტორიის ათვისების სისტემა):

_ ტერიტორია
_ ბუნებრივი რესურსები
_ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემა
_ ურბანული სისტემა

სოციალური სისტემა:

_ მოსახლეობა
_ ადამიანის ეკოლოგია (ჯანდაცვა)
_ სოცუზრუნველყოფა
_ დაზღვევა
_ მარაგები
_ საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა

უფლებების უზრუნველყოფის სიტემა:

- საარჩევნო სისტემა
- ომბუცმენი
- ადვოკატურა
- საზოგადოებრივი გაერთიანებები

სისტემა და სტრუქტურა: როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს აგებულებაზე, აუცილებელია მკაცრად იქნას დაცული შემდეგი კანონზომიერება: სახელმწიფო შედეგება სისტემებისგან, სისტემა _ ქვესისტემებისაგან და სტრუქტურებისაგან, ქვესისტემა _ სტრუქტურებისაგან, სტრუქტურა _ სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია განვიხილოთ ერთი საყურადღებო მოვლენა, რომლის დანახვაც ძალიან ადვილია ჩვენს დღევანდელ რეალობაში. კერძოდ, სტრუქტურის აგებულება-აღნაგობაში არსებული კანონზომიერება (რაც ბუნებრივია და აუცილებელიც), როგორც წესი, ხშირად ხდება სტრუქტურის სისტემასთან, ან პირიქით _ სისტემისა სტრუქტურასთან გაიგივების მიზეზი.

სისტემის სტრუქტურასთან (მაგ: სამინისტრო) გაიგივებისას სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე მთელი პასუხისმგებლობა ძალაუნებურად აწვება სტრუქტურას: საფინანსო სისტემაზე _ ფინანსთა სამინისტროს, თავდაცვაზე _ თავდაცვის სამინისტროს და ა.შ. რაც უფრო ღრმავდება ეს დიფერენცირება, მით უფრო უძნელდებათ ამ სტრუქტურებს თავიანთი ფუნქციების შესრულება. აქედან გამომდინარე, იწყება უფლებების გადაჭარბება, მათი გაზრდის მოთხოვნა, ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების უაზრო ხარჯვა. ყალიბდება საერთო მიდგომა, რომ თავდაცვაზე უნდა იზრუნონ მხოლოდ სამხედროებმა, მართლწესრიგზე – პოლიციამ, ენერგეტიკაზე – ენერგეტიკის მინისტრმა და ა.შ. ძალოვანები ეძებენ არასაბიუჯეტო შემოსავლებს, ფინანსთა სამინისტრო კი იქმნის საკუთარ პოლიციას.

ხოლო, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობისას სტრუქტურა იგივდება სისტემასთან, იქმნება სისტემურობის ილუზია. სინამდვილეში კი მიმდინარეობს მხოლოდ სტრუქტურების აგება. შედეგად, ვითარდება “მშენებლისათვის” გაუგებარი, საკმაოდ მტკივნეული, სინამდვილეში კი ლოგიკური _ სტრუქტურების სისტემებზე მორგების ბუნებრივი პროცესი. სწორედ ამ ლოგიკურობის დაუნახავობა არის მიზეზი გაუთავებელი რეორგანიზაციებისა, რომელთაც როგორც წესი თავის გასამართლებლად რეფორმებს ეძახიან.

სახელმწიფო სისტემა არის რაიმე კანონზომიერებით (კანონმდებლობით) გაერთიანებული, სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილების ერთობლიობა, რომელთაც ერთმანეთთან მიმართებაში არ არის აუცილებელი, ჰქონდეთ ადმინისტრაციულ-სუბორდინაციული დამოკიდებულება. მათ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად არ სჭირდებათ ცენტრალიზებული მართვა, ისინი საერთო კანონზომიერების ფარგლებში მოქმედებენ დამოუკიდებლად. უფრო მეტიც, თვით სისტემას ახასიათებს დამოუკიდებელი არსებობა, მას არ სჭირდება უშუალო ხელმძღვანელობა. შეიძლება ითქვას, რომ სისტემა ვერც იტანს პირდაპირ, მითუმეტეს,  უხეშ ჩარევას. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ეკოლოგიური სისტემა. თუ კარგად დავაკვირდებით, იგივეა ეკონომიკურ სისტემაშიც:  საკმარისია გაუაზრებელი ჩარევა და სისტემა იწყებს დამოუკიდებელ ფუნქციონირებას, რასაც ჩვენ ”ჩრდილოვან ეკონომიკას” ვუწოდებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, რაც უფრო მკაცრად ხდება ამ სისტემის ადმინისტრირება, მით უფრო ფართოვდება ჩრდილოვანი და მცირდება ლეგალური ნაწილი. ანალოგიური ვითარებაა სახელმწიფოს სხვა ნებისმიერ სისტემასთან მიმართებაში.
სტრუქტურას ახასიათებს საწინააღმდეგო თვისება: მისი ფუნქციების შესასრულებლად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მკაცრი ადმინისტრირება. მას დამოუკიდებლობა გააჩნია მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

სისტემების კლასიფიკაცია სხვადასხვა ამოცანების ან ფუნქციური ნიშნის მიხედვით:

სისტემების ზემოთ მოყვანილი დაყოფა, რა თქმა უნდა, პირობითია. ისინი ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად არ არსებობენ. მათი ურთიერთქმედება იძლევა მკაცრ კანონზომიერებაზე აგებულ ისეთ ბადეს _ მატრიცას (შესაძლებელია სივრცულიც), რომლის ნებისმიერ წერტილთან შეხებისას, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს გარკვეული სისტემურობა ამ წერტილის ფუნქციიდან გამომდინარე. მაგალითად, მშენებლობის სისტემა, ქალაქის დასუფთავების სისტემა, ვაჭრობის სისტემა, მოძრაობის უსაფრთხოების სისტემა და ა.შ.
უფრო მეტიც, სისტემების კვეთაზე ანუ მათი ურთიერთქმედებისას, აუცილებლად მივიღებთ ახალ სისტემებს (ქვესისტემებს).
ასე რომ, აბსოლუტურად მისაღებია სისტემების დამკვიდრებული კლასიფიკაცია სახელმწიფოს ძირითადი ამოცანების ან ფუნქციების შესაბამისად.

ეროვნული უსაფრთხოების სისტემა მოიცავს:

_ საგარეო უსაფრთხოების სისტემას
_ შიდა უსაფრთოხების სისტემას
თუკი საგარეო უსაფრთხოების (უზრუნველყოფის) სისტემის ძირითადი ამოცანა სუვერენიტეტის შენარჩუნებაა, მაშინ მასში შევა: საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, დაზვერვა და არმია. შიდა უსაფრთხოებაში კი: სამართალი, მართლმსაჯულება, სამართალდაცვა, კონტრდაზვერვა და ა.შ.

მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების სტრატეგიაზე და, შესაბამისად, ისაზღვრება საფრთხეები, აუცილებელია მათი კლასიფიცირება ზემოთ აღნიშნული ცხრა ძირითადი სისტემის მიხედვით. რა თქმა უნდა, იქ თავის ადგილს იპოვის ყველა დანარჩენი სისტემაც. თუმცა, ეს ადგილი მათთვის ზუსტად იქნება განსაზღვრული, რაც თავის მხრივ აგვაცილებს არასისტემურობის პრობლემას და რეალური პრიორიტეტების განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორული მაჩვენებლები:
ამ ნაწილში არავითარი სიახლის გამოგონება სჭირო არ არის, რადგან უკვე არსებობს აპრობირებული დასავლური სტანდარტები და მათი მხოლოდ გააზრება და გონივრულად გამოყენებაც საკმარისია. ამიტომ თვალსაჩინოებისათვის მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ:

მართვის სისტემის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

- ხელისუფლების ლეგიტიმურობა
- სხვა სისტემების ფუნქციონირების შედეგები.
- დასაქმებულთა რაოდენობა და კვალიფიკაცია (განათლება, ასაკი, სტაჟი, ზოგადი  უნარჩვევები, სახელმწიფო ენის ცოდნა) და სხვა.
ძირითადი ინდიკატორული მაჩვენებლები:
1. მართვის სისტემის წილი მშპ_ში _ %
2. მართვის სისტემაში დასაქმებულთა წილი მთლიანი მოსახლეობიდან _ %
3. მართვის სისტემაში დასაქმებულთა წილი შრომისუნარიანი მოსახლ. _ %
საინფორმაციო სისტემის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- საინფორმაციო რესურსის რაოდენობა _ ბანკების ტევადობა
- საინფორმაციო რესურსის ხარისხი
- შეფასების და გადამუშავების უნარი, ტექნოლოგიების ფლობა
- ინტეგრირებულობა
- ხელმისაწვდომობა და ა.შ.

ძირითადი ინდიკატორული მაჩვენებლები

1. საინფორმაციო სისტემის წილი მ.შ.პ.-დან _ %
2. ცალკეული მაჩვენებლების წილი მ.შ.პ.-დან _ %
3. ცალკეული მაჩვენებლების წილის ფარდობა სისტემის წილთან %
4. სახელმწიფო სექტორის წილი
5. ასევე ერთსულ მოსახლეზე გათვლით:
- გამოყენებული სატელეფონო ხაზები
- მობილური ტელეფონები
- სატელეფონო სისტემები
- მოქმედი რადიოსადგურები
- მოქმედი რადიომიმღებები
- მოქმედი სატელევიზიო სადგურები
- მოქმედი ტელევიზორები
- ინტერნეტპროვაიდერები
- ინტერნეტის მომხმარებელი
- საინფორმაციო ბანკები:
- სტატისტიკა
- არქივები
- ბიბლიოთეკები
- სერვერები და ა.შ.

განათლების სისტემა:

- სკოლების, პროფესიული მოზადების და უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა, შესაბამისად ნასწავლი და გამოცდილების მქონე საკადრო რესურსი და სხვა.

და ყველაზე მთავარი - სოციალური სისტემა. მთავარი იმიტომ, რომ ამ სისტემაზე დგას და ამ სისტემისთვის მუშაობს ყველა დანარჩენი სისტემა. ამ სისტემის შეფასების ძირითადი და უპირველესი შეფასების კრიტერიუმი კი არის მოსახლეობის რაოდენობა, მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. სწორედ ამიტომაც არის რომ არა მარტო სოციალური არამედ ნებისმიერი სხვა სისტემის ინდიკატორული მაჩვენებლების გათვლა ერთ სულ მოსახლეზე ხდება.


 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters