ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

ომის ცხრა პრინციპი PDF ბეჭდვა ელფოსტა
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 08:11

 

ომის ცხრა პრინციპი 

 

არმიათა საბრძოლო ოპერაციების თეორიულ საფუძველს დასავლურ სამხედრო დოქტრინებში წარმოდგენს ე.წ. „ომის ცრა პრინციპი“, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ წარმატებული სამხედრო დაგეგმარებისა და მოქმედებებისათვის დაწყებული საბრძოლო შენაერთების დონიდან, საბრძოლო თეატრის სახელმძღვანელო დონემდე.სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მხედარმთავრები თუ ომის თეორეტიკოსები დიდი ხნის მანძილზე ეძებდნენ ომის წარმატებულად წარმოებისა და დაგეგმარების ყველაზე ეფექტურ პრინციპებსა და საშუალებებს, რომელთაც შეეძლოთ გარკვეული თეორიული ბაზისი შეექმნათ სამხედრო კამპანიის დაგეგმარებისათვის.
ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით ბოლო ორასი წლის მანძილზე სამხედრო თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები სხვადასხვა ნაშრომებში თავის ხედვებს აყალიბებდნენ ომის სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით. ყოველივემ მე-20 საუკუნის დაახლოებთ შუა პერიოდში ომის წარმოების ცრა პრინციპის სახე მიიღო.

მეორე მსოფლიო ომი დასრულების შემდგომ, ეს პრინციპები არმიების მიერ მათი ოფიცრების მომზადების სისტემებში იქნა შეტანილი და დღემდე არმიათა საველე სახელმძღვანელოების ფუნდამენტს შეადგენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ს არმიის საველე სახელმძღვანელოში „3-0 ოპერაციები“, აქამდე არსებულ ცხრა პრინციპს კიდევ სამი პრინციპი დაემატა, რომლებიც განსაკუთრებით ხაზს უსვამენ არმიათა გამოყენების დემოკრატიულ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს.

აღნიშნული პრინციპები დღესაც არმიათა ოპერატიული დაგეგმარების ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ვფიქრობთ ნებისმიერი სამხედროსათვის, ან ამ თემატიკით დაინტერესებული ადამიანისათვის, საინტერესო იქნება აღნიშნული პრინციპების მოკლე მიმოხილვა.

 

ისტორიული წინაპირობები

Суньцзы сказал: 
"Война - это великое дело государства, основа жизни и смерти, Путь
к выживанию или гибели. Это нужно тщательно взвесить и обдумать".

 

დაახლოებით 2500 წლის წლის მანძილზე სხვადასხვა მხედარმთავრები ცდილობდნენ შეემუშავებინათ და შემდგომ ბრძოლაში გამოეყენებინათ ომის წარმოების ძირითადი პრინციპები. ადრეული პერიოდის ყველაზე ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი, რომელმაც მისი ხედვები ჩამოყალიბებულ ნაშრომად დაგვიტოვა ჩინელი მხედარმთავარი და სტრატეგი სუნ ძი (500-400 წწ ძვ.წ) არის. მისი ცნობილი ნაშრომი „ომის ხელოვნება“ მოიცავს თავებს, რომლებიც ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა: ბრძოლების წარმოება, შეტევის დაგეგმვა, არმიის მანევრები, სახმელეთო წყაროები და ჯაშუშთა გამოყენება. ხოლო მისი ნაშრომის თავი „გათვლები“ დღეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც ომის სტრატეგიული დაგეგმარება, რომელსაც თუ მისავე სიტყვებს დავეყრდნობით „რაც უფრო მეტს აკეთებ მით უფრო იზრდება ომში გამარჯვების შესაძლებლობა“.

დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც სუნ ძი თავის ნაშრომს წერდა, დედამიწის მეორე ბოლოში, ძველი ბერძნები თავის ომის ფილოსოფიას აყალიბებდნენ. ძვ.წ. აღ.-ის 490 წელს მარათონის ბრძოლაში ათენელებმა მილტიადეს ხელმღვანელობით მათზე რიცხობრივად აღმატებული სპარსული ჯარი დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მილტიადე შეიძლება პირდაპირ არ აზროვნებდა სპეციფიკურად ომის წარმოების თანამედროვე ცხრა პრინციპით, მილტიადეს ტაქტიკა თავის თავში მოიცავდა მასირებისა და ძალთა ეკონომიის პრინციპებს.

გაცილებით გვიან ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიების შემდგომ, სამხედრო თეორეტიკოსებმა და სტრატეგებმა უფრო ფართოდ გაშალეს ომის წარმოების პრინციპების თეორიული საფუძვლები.

ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი და გენერალი, ანრი ჟომინი, ნაპოლეონის კამპანიის შესწავლის შემდეგ წერდა: „ნაპოლეონის კამპანიებში სახეზე გვაქ ომის წარმოების რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი, რომელთა გამოყენებაც თითქმის ყველა შემთხვევაში ნაპოლეონის ომების წარმატების საფუძველი იყო“. ჟომინის აზრით, ნაპოლეონმა დაამტკიცა, რომ არმიები როგორც წესი წარმატებულები არიან, როდესაც მოქმედებენ მოწინააღმდეგეთა კომუნიკაციების ხაზების წინააღმდეგ, ახდენენ ძალთა მასირებას მოწინააღმდეგის  ფრიქციის*  დროს (მოწინააღმდეგის მოქმედებები რომლის დროსაც იგი ვერ ახერხებს მიზნის მიღწევას და იწყება მისი ძალთა გალევა უშედეგო მოქმედებებისგან) და უტევს კონცენტრირებულად მის ყველაზე სუსტ წერტილებს სწრაფად და საჭირო დროს. ეს იდეები გარკვეულ წილად ჟომინის შემდგომი პერიოდის ომის წარმოების ფუძემდებლურ პრინციპებად იქცა დასავლურ სამხედრო თეორიაში.

ცოტა უფრო გვიან, პირველი მსოფლიო ომი გახდა ომის პრინციპების ჩამოყალიბების ფინალური პერიოდი. პირველი მსოფლიო ომის ხასიათის არა ეფექტური, უზარმაზარი ფუჭი დანაკარგების მქონე, არა პროდუქტიული ოპერაციების ფონზე თეორეტიკოსები ჩამოყალიბდნენ მოსაზრებაზე, რომ ომის წარმოებას ახალი თეორიულ საფუძვლები ესაჭიროებოდა. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის ტექნოლოგიურმა პროგრესმა, არმიათა მზარდმა მექანიზაციამ თავისი მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ამგვარი თეორიული დისკუსიების მიმდინარეობას და უფრო გაადვილა გარკვეულ პრინციპთა ცხოვრებაში რეალიზაცია.

ამ პერიოდში ‘სამხედრო მეცნიერული მიდგომით“ ეს ადამიანები იწყებენ ომის წარმოების თანამედროვე პრინციპების განვითარებას.

1916 წელს ბრიტანელი გენერალი ჯონ ფრედერიკ ჩარლზ ფულერი სამხედრო ჟურნალში აქვეყნებს სტატიას „ომის პრინციპები 1914-1915 წწ-ის კამპანიების ფონზე“. მისი ეს სტატია ომის წარმოების თეორიული პრინციპების პირველ დეტალურ ახსნას წარმოადგენს, სადაც იგი ომის რვა პრინციპს განიხილავს.

Fuller, J. F. C. John

(ჩარლზ ფულერი)

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ და ფულერის მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპებზე დაყრდნობით აშშ-ის ომის დეპარტამენტი აქვეყნებს დოკუმენტს ‘წვრთნების რეგულაციები №10-5“, რომელიც ამერიკული არმიის პირველ ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს სადაც საუბარი იყო ომის ცხრა პრინციპზე.

ამ მოვლენებიდან მალე, ამერიკის არმიის პოლკოვნიკმა, უილიამ ნელორმა, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანმა, გამოაქვეყნა სამი წერილი „ქვეითთა ჟურნალში“ რომლებშიც იგი ომის ცხრა პრინციპს დეტალურად განიხილავდა. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში პრინციპების კრიტიკამ მათი ამერიკული და ბრიტანული სამხედრო დოქტრინებიდან ამოღება გამოიწვია.

თუმცა მეორე მსოფლიო ომის ხასიათმა, ნათლად აჩვენა ამდაგვარი მიდგომის შეცდომა. ომის დამთავრებისთანავე აშშ-ს არმიამ ხელახლა გამოაქვეყნა ომის ცხრა პრინციპი 1949 წლის საველე სახელმძღვანელოში „100-5. საველე სამსახურის რეგულაციები: ოპერაციები“. ეს წარმოადგენდა პრინციპების როგორც საარმიო დოქტრინების ქვაკუთხედის ოფიციალურ აღიარებას. თუმცა ვიეტნამის ომის შემდგომ 1976-82 წწ-ის პერიოდში პრინციპები კვლავ ამოიღეს საარმიო დოქტრინიდან 100-5. თუმცა 1980 წელს სახმელეთო და საჰაერო ბრძოლის დოქტრინაში ისინი კვლავინდებურად გამოჩნდნენ.

ამ პერიოდიდან მოყოლებული ომის ცხრა პრინციპი მუდმივად არის აშშ-ს არმიის დოქტრინებში, კერძოდ „FM 100-5“ და მისი მემკვიდრის „FM-3.0 ოპერაციების“ ნაწილი.

თანამედროვე ომების პირობებში, როდესაც წამყვანი არმიები კვლავინდებურად ჩართულები არიან კონფლიქტებში სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო აქტიორებთან, რომლებიც ცდილობენ ძალის გამოყენებით თავიანთი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მიზნების მიღწევას, თანამედროვე ოპერატიული გარემო კვლავაც სავსეა კონფლიქტების კერებით სადაც იქმნება ახალი გამოწვევები, კომპლექსური მაღალ ტექნოლოგიური დაპირისპირებით, სადაც ფრონტის ხაზის გარჩევა სულ უფრო რთულდება. თუ ადრე არმიები ახერხებდნენ ბრძოლის ველის ხალხისაგან გამოცალკევებას რათა შეძლებოდათ მოწინააღმდეგეზე უშუალო იერიში და ტერიტორიების ისე დაკავება, დღეს ეს პროცესი განსაკუთრებულად გართულებულია.

დღევანდელი ოპერატიული გარემოს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სამოქალაქო საზოგადოება,  ჩვეულებრივი ხალხი და მათი მხარდაჭერა მომავლის კონფლიქტებში გამარჯვებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ პერიოდში, „FM-3.0 ოპერაციების“ 2008 წლის განახლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მასში ოპერაციული კონცეფტი აღწერილია, სადაც: „მეთაურები მიმართავენ შეტევით, თავდაცვით და სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციებს ერთდროულად, როგორც გაერთიანებულ ძალთა ნაწილს, ინიციატივის მოსაპოვებლად, შესანარჩუნებლად და მის განსავითარებლად, გონივრული რისკის დაშვებით, იმდაგვარი შესაძლებლობების მისაღებად სადაც გადამწყვეტი შედეგი მიღწევადი იქნება“.

აშშ-ის არმია ისევე როგორც სხვა არმიები, დოქტრინებზე დამყარებული არმიაა.  FM-3.0 ოპერაციები“ წარმოადგენს თავისებურ ინტელექტუალურ საყრდენს, რომელიც არმიის წვრთნის, ორგანიზირების, აღჭურვის და ოპერაციათა ჩატარების საფუძვლებს აყალიბებს თანამედროვე გარემოში წარმატებული მოქმედებებისათვის. აქვე ხაზგასმულია, რომ თანამედროვე კომპლექსურ გარემოში, აშშ-ი წარმატების მიღწევას შეეცდება სამხედრო ძალის ეკონომიკურ, დიპლომატიურ და საინფორმაციო შესაძლებლობების გამოყენებასთან ერთად.

დღეს მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო სივრცეზე მიღწეული წარმატებები აღარ არის საკმარისი საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად. ფინალური გამარჯვება მოითხოვს ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის პირობების შექმნას ყოფილ საბრძოლო სივრცეზე. ამის რეალიზაციისთვის ცხრა ძირითად პრინციპს რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ, კიდევ სამი პრინციპი დაემატა: შეუპოვრობა, ლეგიტიმურობა და ზომიერება. ჯამში ეს პრინციპები დღეს ქმნიან აშშ-ის არმიის გაერთიანებული ოპერატიული მოქმედების საბაზისო პრინციპებს.

 

ომის ცხრა პრინციპი


We extend knowledge by the discovery
and accumulation of facts,and we condense
it by means of principles, general truths, and laws.- G. GORE.

1. მიზანი/საზრისი - თითოეული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს ნათელი, მიღწევადი და უმნიშვნელოვანესი საერთო მიზნისკენ. სამხედრო კამპანიის თითოეული ოპერაცია და გაანგარიშება მიმართული უნდა იყოს კამპანიის უმთავრესი სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე. სტრატეგიული დაგეგმარებით დაკავებული ადამიანები, უნდა განსაზღვრავდნენ სამიზნეებს უმთავრესი სტრატეგიული სამიზნის გათვალისწინებით და ეს სამიზნეები გასაგებად უნდა დაიყვანებოდეს ყველა რანგის სამხედრომდე.
2.აგრესია - დაეუფლე, შეინარჩუნე და განავითარე ინიციატივა; შეტევითი მოქმედებებით უნდა - იმოქმედო მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე, მათ შორის მომარაგებისა და კომუნიკაციების გზებისკენ მოძრაობა მოქმედების ყველაზე ეფექტური გზა არის  მიაღწიო საერთო მიზანს. შეტევითი ოპერაციები არის გზა, რის მეშვეობითაც ეუფლები ინიციატივას, ინარჩუნებ მოქმედების თავისუფლებას და აღწევ გადამწყვეტ შედეგებს. აგრესიულობის, შეტევითობის ეს პრინციპი კრიტიკულია ომის წარმოების ნებისმიერი დონეზე წარმატებით მოქმედებებისათვის.
3.კონცენტრაცია/მასირება - მოახდინე საბრძოლო ძალის კონცენტრაცია საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად. კონცენტრირებული დარტყმა მიმართული უნდა იყოს მაქსიმალური ზიანისა და შედეგის მიყენებისკენ, რომელიც თავის მხრივ ახალი უპირატესობის მომცემი უნდა გახდეს. კონცენტრირებას აქვს ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა - იგი საშუალებას იძლევა მცირერიცხოვანი ძალებითაც კი, მიღწეულ იყოს გადამწყვეტი უპირატესობები და საკუთარი ძალები ლიმიტირებული იყოს მოწინააღმდეგის ცეცხლისაგან.
4. ძალთა ეკონომია - არ გამოიყენო იმაზე ბევრად მეტი მეორად სამიზნეებზე ვიდრე საჭიროა, რათა არ დაარღვიო კონცენტრაციის პრინციპი. კონცენტრაციის წარმატებთ გამოყენებისათვის საჭირო დროსა და ადგილას, საჭიროა არსებული ძალების ეფექტურად გამოყენება და მათი კოორდინაცია. ძალთა ეკონომია არის პრინციპი, რომელიც საშუალებას იძლევა დაგეგმარებისას მოახდინო საკუთარი ძალების გონივრულად და მიზნის თანაზომიერად გამოყენება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი ძალების რომელიმე ნაწილი მიზნის გარეშე დატოვო ან ყველამ ერთი და იგივე უნდა აკეთოს. მეთაურმა ყველა მის არსებული საბრძოლო ძალა გონივრულად უნდა გამოიყენოს და მართოს, მათ შორის ისეთი ამოცანების გადაჭრისას, როგორებიცაა იმიტირებული ან ლიმიტირებული შეტევა, თავდაცვა, შეყოვნება, ცრუ მოქმედებები და სხვა მსგავსი ოპერაციები.
5. მანევრი - ძალის მოქნილი გამოყენების გზით, ჩააგდე მოწინააღმდეგე მისთვის არა ხელსაყრელ მდგომარეობაში. ძნელია მოძრავი სამიზნისათვის მოხვედრა. ზოგადად მოძრაობა თავისი ბუნებით რთულად პროგნოზირებადია. ეფექტური მანევრები არღვევს მოწინააღმდეგის ერთიანობას. მანევრი გამოიყენება წარმატების განსავითარებლად, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, მოქმედებების თავისუფლების მისაღწევად და საკუთარი მოწყვლადობის შესამცირებლად. აქტიური მანევრით მოწინააღმდეგის გეგმებსა და მოქმედებებში შედის დისონანსი, რაც ახალი წარმატების შესაძლებლობასაც აჩენს.  ომის წარმოების ნებისმიერ დონეზე წარმატებული მანევრი მეთაურისგან მოითხოვს აზროვნების სისხარტეს დაგეგმარებაში, ოპერირებაში და ორგანიზებაში.
6. მართვის ერთობა - თითოეული სამიზნისათვის მართვისა და ძალისხმევის ერთიანობა. მართვის ერთობა ნიშნავს, რომ საბრძოლო თეატრზე მოქმედი ძალები ემორჩილებიან ერთ მეთაურს. მართვისა და ძალისხმევის ერთობა ნიშნავს, რომ ომის ყველა დონეზე მეთაური უნდა შეეცადოს საბრძოლო ძალისხმევის კონცენტრაციას ძირითადი მიზნების მისაღწევად. ბრძოლის ველზე წარმატება მოითხოვს, რომ მეთაურს უნდა ეყოს ავტორიტეტი და უნარები წარმართოს მის ხელთ არსებული ძალები სამიზნეებისკენ ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევით.
7. უსაფრთხოება - არასოდეს მისცე მოწინააღმდეგეს საშუალება მოულოდნელად დაეუფლოს უპირატესობას. შესაბამისი უსაფრთხოება მოქმედებების თავისუფლების საშუალებას იძლევა  და საკუთარი ძალების მოწყვლადობის შემცირებას მოწინააღმდეგის მოქმედებების მიმართ.

დაზვერვა, მოწინააღმდეგის დოქტრინების, დაგეგმარების, სტრატეგიის და ტაქტიკის ცოდნა ზრდის უსაფრთხოებას.

ომი რისკიანი საქმეა. მასში წარმატებისათვის საჭიროა გონივრული და გააზრებული რისკის გაწევა საკუთარი ძალების დასაცავად და მოწინააღმდეგის დასამარცხებლად.  საკუთარი ძალების დაცვა და უსაფრთხოება, თავის მხრივ გაძლევს საშუალებას გასწიო ამდაგვარი გონივრული რისკი.

8. სიურპრიზი - დაარტყი მოწინააღმდეგეს ისეთ დროს, ისეთ ადგილას ან ისეთი ფორმით რაც მისთვის მოულოდნელი იქნება.

ტრადიციული სამხედრო ძალებისათვის დღეს სიურპრიზის მიღწევა იმდენად რთულია, როგორც შეიძლება არასდროს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ძალზედ გაართულა საბრძოლო სივრცეზე დიდი ძალების ფარული და შენიღბული მოქმედებები. როგორც თუნდაც ბოლო პერიოდის ომებმა აჩვენა ერაყსა და ავღანეთში, სიურპრიზის ეფექტს სერიოზული გარდატეხა შეუძლია გამოიწვიოს როგორც საკუთარ, ისე მოწინააღმდეგის მოქმედებებში.

სიურპრიზით შესაძლებელია გაწეულ ძალისხმევაზე გაცილებით დიდი წარმატების მიღწევაც. სიურპრიზის საფუძველი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი გახდეს: იქნება ეს ძალთა მოცულობა, მთავარი მოქმედების ადგილი თუ მიმართულება, დროის შერჩევა და ა.შ. ფაქტორები რომლებიც მოქმედებენ სიურპრიზის ეფექტის შექმნაზე მოიცავენ ეფექტურ დაზვერვას, სხვადასხვა ფანდებს, სისწრაფეს, მოულოდნელ საცეცხლე ძალების გამოყენებას, ოპერაციათა უსაფრთხოებას და ოპერაციათა მეთოდებისა და ტაქტიკების ვარიაციულობას.

9. სიმარტივე - მოამზადე მკაფიო და ნათელი გეგმა და მოკლე ბრძანებები გაუგებრობების ასაცილებლად.

წარმატებული სამხედრო კამპანიის მნიშვნელოვანი ფაქტორია სიმარტივე. მარტივი გეგმა უნდა გასაგები იყოს ყველა დონის მეთაურისათვის. მარტივი, გასაგები და ნათელი ბრძანებები ამცირებს გაურკვევლობის წარმოქმნის ალბათობას. განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია ეს როდესაც მეთაური ან მისი ჯარისკაცები გადაღლილები არიან. შესაბამისად სასურველია გეგმის „მოძრავი ნაწილების“ რაოდენობა იყოს მინიმალური, მექანიზმები შეძლებისდაგვარად მარტივი. როგორც ამბობენ, ყელაზე მარტივი გეგმა ხშირად საუკეთესოა.

დღეს აშშ-ს დოქტრინებში დამატებულია კიდევ სამი პრინციპი.

10. სიმტკიცე - მეთაურები ემზადებიან განსაზღვრული, ხანგრძლივი ოპერაციებისათვისაც. ეროვნული, სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში ზოგიერთი გაერთიანებული ოპერაციები (ერაყი-ავღანეთის გამოცდილება) შეიძლება წლები გაგრძელდეს. კრიზისის ძირითადი მიზეზები შეიძლება ცვალებადი და რთულად გასაგები იყოს, რაც ართულებს საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭირო კონდიციების მიღწევას. ამიტომ ხშირად ეროვნული მიზნების მისაღწევად საჭიროა მოთმინება, ურყევი, შეუპოვარი მიზანდასახული მოქმედებები.

შეირაღებული ძალების გამძლეობა და მეთაურების ურყეობა აუცილებელია ხანგრძლივი მოქმედებებისათვის.

11. ლეგიტიმურობა - სამხედრო ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს. პირველი, ეს არის მათი ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით გამოყენება. მეორე, შეიარაღებული ძალები აუცილებლად საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით უნდა მოქმედებდნენ. მესამე -კამპანიები და ოპერაციები სასურველია იმ ქვეყნის ხელისუფლების მიერაც იყოს მხარდაჭერილი სადაც იგი მიმდინარეობს და ეს ხელისუფლებაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იყოს აღიარებული.

ლეგიტიმურობაში შეიძლება საგარეო აუდიენციის არა ერთი აქტორი იყოს დაინტერსებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კამპანიის წარმატებისათვის აუცილებელი ფაქტორი ლეგიტიმურობა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით არ არის. ვინაიდან შეზღუდული ლეგიტიმურობის პირობებშიც შესაძლებელია წარმატებული სამხედრო კამპანიების ჩატარება. ეს პრინციპი მნიშვნელოვან კორელაციაში იმყოფება მოქმედი სახელმწიფოების მოწყობის ტიპთან, ოპერაციების გარემოსთან და სხვა სუბიექტურ ცვლადებთანაც. სწორი პროპორციის დაცვა ლეგიტიმურობასა და უსაფრთხოებას შორის აუცილებელია.

12. ზომიერება/სიფრთხილე - მოითხოვს ფრთხილ და დისციპლინირებულ ბალანსირებას უსაფრთხოებას,  სამხედრო ოპერაციების ჩატარებასა და სასურველ სტრატეგიულ დასასრულს შორის. ეს მიდგომა, მეტწილად საცეცხლე კონტაქტში შესვლის წესებს გულისხმობს. მეთაურებმა ხშირად უნდა გადახედონ ამ წესებს და თუ გარემოებების შედეგად აუცილებელია ცვლილებები წესებში განახორციელონ ისინი, რადა დაცული იყოს არა საჭირო დანაკარგები. საცეცხლე კონტაქტში შესვლის წესები შეიძლება განსხვავებული იყოს ეროვნული პოლიტიკებიდან გამომდინარე, მაგრამ მუდამ უნდა ითვალისწინებდეს და გულისხმობდეს საკუთარი სიცოცხლის თავდაცვის არსებულ უფლებას. მეთაურები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ჯარისკაცების სიცოცხლე ამ წესების გამო არ იქნება ზედმეტი რისკის ქვეშ. ვინაიდან საცეცხლე კონტაქტში შესვლის წესები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ნაციონალური წარმომადგენლობის ჯარებში, მულტი ნაციონალურ და კოალიციურ ძალებში ეს წესები შეიძლება შესაბამისადაც განსხვავდებოდეს. ამიტომ, მეთაურებმა სასურველია იცოდნენ სხვა ძალების საცეცხლე კონტაქტში შესვლის წესებიც.

 

 

გიორგი ანთაძე

31.01.2017

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Foundations of Science of War - Fuller, J. F. C. John Frederick Charles; U.S. ARMY COMMAND AND CONTROL GENERAL STAFF COLLEGE PRESS, FORT LEAVENWORTH , KANSAS, 1993;

USA ARMY Joint Publication 3-0, Joint Operations ; 11 August 2011;

USA ARMY  Field Manual - FM 100-5 Operations; Headquarters Department of the Army; Washington, DC, 14 June 1993; 

Сунь цзы,  “Искусство войны”;

 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters