ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია PDF ბეჭდვა ელფოსტა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:42

 

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია

 

რუსეთის  საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია 2016 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნდა. წინა კონცეფცია 2013 წელს იქნა გამოქვეყნებული, რომელიც თავის მხრივ 2008 წლის კონცეფციის განახლება იყო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისაკენ; ხელსაყრელი საგრეო გარემოსა და პირობების შექმნისკენ რუსეთის ეკონომიკის, ტექნოლოგიური განახლებისა და მოსახლეობის რაოდენობისა და ცხოვრების დონის გაზრდისათვის. რუსეთი საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთი გავლენიანი ცენტრი უნდა იყოს. წინა კონცეფციაში უმთავრეს პრიორიტეტად პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცულობა იყო დასახელებული.მნიშვნელოვან მიმართულებად დოკუმენტში მოცემულია „რუსეთის პოზიციების გამყარება გლობალური სამეურნეო ქსელში. რუსეთის საქონელის, ინვესტიციებისა და პროდუქციის დაცვა დისკრიმინაციისგან“. ასევე, ორიენტირება კურსზე, რომელიც ხელს შეიწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ და დაძაბულობის კერების განეიტრალებისკენ.

Russia

კონცეფციაში ასევე საუბარია უცხო ქვეყნებთან „არადისკრიმინაციულ საფუძველზე“ მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და ურთიერთობათა  გაფართოებაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რუსეთის მასობრივი მედიის საშუალებების გლობალურ არენაზე პოზიციების გამყარება და რუსული თვალსაზრისის „საზოგადოებრივი ფართო ფენებისათვის დაუბრკოლებლად მიწოდება".

კონცეფციაში წერია, რომ „არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებს არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ თანამედროვე გამოწვევებისა და მუქარების ფართო სპექტრს“ ამიტომ, განსაკუთრებით აქტუალურია თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების დაცვა ყველა რეგიონთან მიმართებაში.

აქტუალური და მოთხოვნადი იქნება „ქსელური დიპლომატია“ რომელიც „რბილი ძალის ინსტრუმენტების“ და სტრუქტურების მრავალმხრივ გამოყენებას გულისხმობს. ისეთები როგორებიცაა სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები, საინფორმაციო-კომუნიკაციური და სხვა მეთოდები და ტექნოლოგიები.

როგორც 2013 წლის დოკუმენტში, ახალ რედაქციაშიც პრიორიტეტებად დასახელებულია თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან.

ცალკეა საუბარი უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვეთზე. „რუსეთი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას უკრაინის საშინაო კონფლიქტის დარეგულირებისათვის“- ნათქვამია ტექსტში.

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობათა ნორმალიზაციით იმ სფეროებში რომლისთვისაც ქართული მხარე არის მზად. ამასთან ერთად ნათქვამია, რომ   რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებას მათი დემოკრატიული სახელმწიფოებად ჩამოყალიბების გზაზე.

მოლდავეთის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი მხარს უჭერს, მაგრამ დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრების შემთხვევაში.

ევროკავშირის ძირითად პარტნიორებად დასახელებულია გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. 2013 წელს დაფიქსირებული იყო რუსეთის სურვილი ახლო ურთიერთობები განვითარებულიყო დიდ ბრიტანეთთან. ახალ დოკუმენტში ეს ჩანაწერი ამოღებულია.

რუსეთის მიდგომები ნატოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მოსკოვი განაგრძობს ალიანსთან ურთიერთობებს მხოლოდ თანაბარ უფლებიანი პარტნიორობის ფარგლებში ყურებას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი „ნეგატიურად უყურებს ალიანსის გაფართოებას, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებას და მისი სამხედრო აქტივობებს რუსეთის საზღვრის სიახლოვეს.“ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ამ ქმედებებს აღიქვამს როგორც „თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევას, რომელიც ევროპაში არსებული ძველი გაყოფის ხაზების გაღრმავებას და ახლების გაჩენას იწვევს“.

ახალ კონცეფციაში დიდი ყურადღება ეთმობა „ტერორიზმთან ბრძოლას“. ცალკეა ნახსენები „დაეში“ (ისლამური სახელმწიფო). რუსეთი ემხრობა ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში მოქმედებას. ეს ფორმულირება არ ყოფილა 2013 წლის ვერსიაში.

ახალ კონცეფციაში, გამკაცრებულია რიტორიკა აშშ-თან დაკავშირებით. „რუსეთი არ აღიარებს აშშ-ს იურისდიქციის ექსტერიტორიულ განხორციელებას; მიუღებელია სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ზეწოლა და იტოვებს უფლებას მკაცრი რეაგირება მოახდინოს არამეგობრულ ქმედებებზე“. კონცეფციიდან გაქრა ჩანაწერი, სადაც საუბარი იყო რუსეთის სურვილზე ემუშავა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე აშშ-თან. აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამა მოხსენიებულია, როგორც საფრთხე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

თუმცა ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავინდებურად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეტევითი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ 2010 წლის 8 აპრილის შეთანხმების შესრულებას.

რუსეთი ასევე, განწყობილია ხელი შეუშალოს სხვა სახელმწიფოში ინტერვენციებს „თავდაცვაზე პასუხისმგებლობის კონცეფციის“ ფარგლებში.

2016 წლის კონცეფცია უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ცივილიზაციურ კონკურენციასა და წინააღმდეგობებს. ასევე, „სხვა სახელმწიფოების მიერ საკუთარ ფასეულობათა შკალის თავსმოხვევის მცდელობები“ დასახელებულია, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ფაქტორი.

ახალ კონცეფციაში შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა ე.წ. „რბილ ძალას“ და საზოგადოების გამოყენებას შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. მასში არ არის საუბარი ადამიანთა უფლებების სფეროში რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებებში მონაწილეობის გაფართოებაზე. ამის მაგივრად, კონცეფცია მოუწოდებს გაიზარდოს საერთაშორისო და არა სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გასამყარებლად.

2016 წლის კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთი დაიცავს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური და სხვადასხვა თვალსაზრისის მქონე ინფორმაციაზე წვდომის  უფლებას თითოეული ადამიანისათვის.

ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, ისევე როგორც რუსეთის ბოლო უახლოესი სტრატეგიული დოკუმენტები, მიმართულია რუსეთის პრესტიჟისა და როლის გაზრდისაკენ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, რომელიც უკვე მრავალპოლუსიანია და სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცივილიზაციური კუთვნილების ფაქტორსა და ღირებულებათა მნიშვნელობას, განსაკუთრებით საინფორმაციო და რბილი ძალის კონტექსტში. ზოგადი რიტორიკით, დოკუმენტი საკმაოდ მკვეთრი და ხისტი აქცენტების მატარებელია და ხაზს უსვამს რუსეთის მზაობას ყველა მის არსებული საშუალებით დაიცვას მისი სასიცოცხლო ინტერესები ნებისმიერ რეგიონში.

ისევე როგორც რუსეთის სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემთხვევაში, საქართველოს გაცხადებული კურსი ნატოში ინტეგრაციისკენ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან და უსაფრთხოების მის გლობალურ ხედვებთან. ყოველივე ჩვენი ქვეყნისათვის ადეკვატური სამოქმედო და უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის აუცილებლობას აჩენს, სადაც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს საინფორმაციო უსაფრთხოებისა და რბილი ძალის ელემენტები, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც დღეს საქართველოში არსებული ყველა სტრატეგიული დოკუმენტი ფაქტობრივად მოძველებულია და არ ითვალისწინებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს.

 

 

 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters