ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

ტერორიზმის დეფინიციის პრობლემა და კლაუზევიცის "ომის სამება" PDF ბეჭდვა ელფოსტა
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2016 08:39

ტერორიზმის დეფინიციის პრობლემა და კლაუზევიცის "ომის სამება"

ტერორიზმთან განსაზღვრებასთან დაკავშირებული დღეისათვის არსებული სიტუაცია არ იძლევა ერთიანი ნათელი წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალებას მის ბუნებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ არცერთი არსებული დეფინიცია არ აღწერს ტერორიზმს სრულად და რჩება არაერთი ლეგიტიმური შეკითხვა.

დღეს არსებული ტერორიზმის ნებისმიერი დეფინიცია როგორც წესი აღწერს მის რომელიმე ასპექტს, ან რამდენიმეს. თუმცა ჩვენის აზრით არ ასახავს ტერორიზმის ბუნებას. დეფინიციების უმრავლესობაში ტერორიზმის განმარტება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანიზაციის, ან უწყების მიერ არის მოცემული დეფინიცია და იგი განმარტებულია ამ ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკის ჭრილში. ასეა როგორც გაეროს, ან ევრო კავშირის დეფინიციების შემთხვევაში, ასევე ამა თუ იმ ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ მოყვანილი დეფინიციებშიც.

ჩვენი სტატიის მიზანი არ არის ამ დეფინიციების კონკრეტული განხილვა, მათი ზოგადი ნაკლოვანების ხასიათზე უკვე აღვნიშნეთ, რომ არცერთი განხილული დეფინიცია არ იძლევა ტერორიზმის ნათელ განმარტებას, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და ტერორიზმის მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებას აღწერს, ამასთან არ ეხება მის არსს. ის გამოხატულებები რაც ტერორიზმს ახასიათებს იმდენად ზოგადი და განსხვავებულია, რომ შეუძლებელს ქმნის რამენაირად ტერორიზმის განმარტებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას.

ტერორიზმის დეფინიციასთან დღეისათვის არსებული სიტუაცია, უამრავ გართულებებს იწვევს. ამის დასადასტურებლად მსოფლიოში დღეისათვის მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებითაც ადვილად მივხდებით.

საინტერესოა თვითონ ფრაზა- “გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ”. ჩვენ გვიჩნდება რამდენიმე კითხვა აღნიშნულ ფრაზასთან მიმართებაში.

პირველი და უმნიშვნელოვანესი ისაა, თუ რამდენადაა შესაძლებელი ომი გამოუცხადო იმ მოვლენას რომლის არსი და ბუნება ბოლომდე არ არის გაცნობიერებული. როგორ წარმოუდგენიათ ამ ომის ავტორებს ტერორიზმი? რა მოვლენაა იგი? შეიძლება თუ არა მასთან ომი? თუ, კი მაშინ როგორ?

მოგეხსენებათ, რომ ომი ეს სამხედროების საქმეა და მათ ომის დაწყების წინ ნათლად უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი მოწინააღმდეგე რომელიც მათ წინაშე დგას.

მიგვაჩნია, რომ ტერორიზმთან მიმართებაში თავიდანვე არასწორი მიდგომა იქნა ჩამოყალიბებული.

ჩვენი აზრით, ტერორიზმის ნათლად წარმოდგენისთვის საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ ტერორიზმი და ტერორი.

დღეისათვის არსებული განსაზღვრებები, როგორც აღვნიშნეთ, აღწერენ ტერორიზმის გარეგნულ გამოვლინებებს, კერძოდ კი ტერორს. სწორედ ამიტომ არის ყველა არსებული დეფინიცია განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც და დუალისტური. ტერორიზმი და ტერორი ეს ორი განსხვავებული რამ არის. პირველ რიგში შევეხოთ ტერორიზმს.

დღეისათვის ცნობილია რომ, ნებისმიერ ცნებას რომელსაც ემატება სუფიქსი-იზმი მიანიშნებს იდეოლოგიურ ან ფილოსოფიურ შინაარსზე იმ ცნებისა, რომელსაც ეს სუფიქსი ემატება. უფრო კონკრეტულად კი: ”სუფიქსი-იზმი მიუთითებს წარმოდგენების, მითების, დოქტრინების ან თეორიების სისტემაზე, რომლებიც ამა თუ იმ სოციალური მოძრაობის, ორგანიზაციის, კლასისა თუ ჯგუფისათვის არის დამახასიათებელი“.

მაგალითად, რელიგია და რელიგიურ რწმენათა სისტემა.(ბუდიზმი, იუდაიზმი); თეორიები რომლებიც ინდივიდუალების მიერაა შემუშავებული (მარქსისზმი, ლენინიზმი, დარვინიზმი); პოლიტიკური მოძრაობები (ეგალიტარიზმი, ელიტარიზმი); მიმდინარეობები ხელოვნებაში (კუბიზმი, იმპრესიონიზმი, სიურეალიზმი); მიგვაჩნია, რომ ტერორ-იზმიც ეს პირველ რიგში არის იდეოლოგია, დამახასიათებელი იმ ხალხთა ჯგუფებისათვის რომლებიც თავიანთი მიზნების მისაღწევად ტერორიზმის იდეოლოგიას ირჩევენ.

რა არის იდეოლოგია?

იდეოლოგია ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით ეს არის: “შეხედულებათა სისტემა, რომელშიც ადამიანების რეალობასთან და ერთმანეთთან დამოკიდებულების შეფასება და გაცნობიერება ხდება და რომელიც, ამა თუ იმ სოციალური კლასის, ჯგუფის ან საზოგადოების ინტერესებს გამოხატავს.”

ტერორიზმი ეს არის იდეოლოგია, რომელიც აქტანტებს რომლებიც მას იზიარებენ საშუალებას აძლევს, თავიანთი მიზნების მისაღწევად ისეთ ძალადობრივ ქმედებებს მიმართონ, რომლებიც კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილის უმრავლესობისათვის უბრალოდ მიუღებელია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იდეოლოგია რომელსაც კაცობრიობის ისტორია დღემდე იცნობს.

მაშინ, როდესაც ადამიანთა რომელიმე ჯგუფისათვის ასობით და ხანდახან ათასობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეს ფასი არ აქვს, ასევე ყველანაირი ძალადობრივი ქმედებაა დაშვებული დასახული მიზნების მისაღწევად და მათი გამართლება რაიმე იდეის გამო ხედვა, უკვე ნიშნავს, რომ ადამიანები რომლებიც იზიარებენ ტერორიზმის იდეოლოგიას რეალობას სხვანაირად აფასებენ და აღიქვამენ. მათ განსხვავებული  ფასეულობათა სისტემა გააჩნიათ. შედეგად ეს არის შეხედულებათა სისტემა რეალობაზე, რომლებიც ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს. ეს სხვა არაფერია, თუ არა იდეოლოგია, რომელიც იყენებს ტერორს.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა არის ტერორი?

მიგვაჩნია, რომ ტერორი სხვა არაფერია თუ არა ომის ფორმა, იდეოლოგიური ომის სახე. ამის დასასაბუთებლად შეგვიძლია ცნობილი პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის, კარლ-ფონ კლაუზევიცის ნაშრომი-“ომის შესახებ” მოვიშველიოთ, რომელიც დღეს დასავლურ ცივილიზაციაში თანამედროვე ომის თეორიის საფუძვლებს წარმოადგენს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ტერორზე როგორც ომზე, მაშინ მას უნდ გააჩნდეს ის მახასიათებლები, რაც ომისთვის  ბუნებისთვის არის დამახასიათებელი.

სწორედ კლაუზევიცი თავის ნაშრომში საუბრობს ომის ბუნებაზე. მისი აზრით ომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, მისი ორმაგი ბუნებაა: ომი ობიექტური და სუბიექტური ბუნების მატარებელია. ომის ობიექტური ნაწილი გულისხმობს- ძალადობას, ე.წ. ფრიქციას, შემთხვევითობასა და მოულოდნელობას. მეორე მხრივ ომის სუბიექტური მახასიათებლებია- სამხედრო ძალები, მათი დოქტრინები, შეიარაღება, მთელი ის (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო) გარემო, სადაც აქტანტები მოქმედებენ -ის რაც ხდის ყველა ომს უნიკალურს. კლაუზევიცის აზრით, ომის ობიექტური და სუბიექტური მხარეები გამუდმებით ურთიერთქმედებენ და როგორც ამ ურთიერთქმედების შედეგი, ომის ბუნება არ შეიძლება გაიმიჯნოს მისი არსისა და აქტანტებისაგან, რომლებიც მასში მონაწილეობენ.

კლაუზევიცისვე აზრით, ომი შედგება სამი უმთავრესი ძალისაგან (ომის სამებისაგან) რომლებიც ასევე ურთიერთქმედებენ ომის ბუნებასთან. ესენი არიან: მისი წარმმართველი ძალა ან დაქვემდებარებული ზეგავლენა პოლიტიკა (სახელმწიფო), შემთხვევითობა და მოულოდნელობა (არმია, მხედარმთავრები) და ასევე ანტაგონიზმი, ანუ დაპირისპირებულობა (ხალხი).

მაშასადამე, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ის ძირითადი მახასიათებლები რაც ომს გააჩნია. გავავლოთ პარალელი და შევეცადოთ დავინახოთ, რამდენადაა ეს  მახასიათებლები წარმოდგენილი ტერორში, რაც საშუალებას მოგვცემს ვიფიქროთ ტერორზე, როგორც ომზე.

არის თუ არა ტერორში ომის ობიექტური მახასიათებლები?  პირველი-ძალადობა. იგი ტერორში რაღა თქმა უნდა წარმოდგენილია, თვითონ ტერორისტული ქმედება, (რაც გამომდინარეობს სიტყვა ტერორი-დან და არა ტერორიზმიდან) რაღა თქმა უნდა ძალადობრივი აქტია და სწორედ ამ ძალადობრივ აქტს, მის გამოვლინებებს ახასიათებენ ის დეფინიციები რომლებიც ჩვენ ზემოთ

განვიხილეთ, თუმცა თითქმის არ ეხებიან მის სხვა ასპექტებს. ძალადობა ტერორში ისეა წარმოდგენილი როგორც არსად, ძალადობის ყველაზე მძიმე და დღევანდელი ადამიანისათვის ყველაზე მიუღებელი და მძიმე ფორმებით.

რაც შეეხება ფრიქციას, ისიც ასევე არის ტერორში, ფრიქციად შეგვიძლია თამამად ჩავთვალოთ ის წინააღმდეგობა, ე.წ. “ხახუნი”, რომელიც ტერორისტული საქმიანობის, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის მზადებისა, თუ თვით განხორციელების პროცესში წარმოიშობა. შემთხვევითობაც ასევე წარმოდგენილია ტერორისტულ აქტში და არანაკლები ადგილი უჭირავს. თვით ტერორისტული საქმიანობა, სამიზნეების არჩევა, თუ აქტის განხორციელება შემთხვევითობასთან არის ხშირად კავშირში. რაც შეეხება მოულოდნელობას, ეს ფაქტორიც ნათელია, რომ ტერორში ფართოდაა წარმოდგენილი. იგი ტერორის არსშია, მისი განუყრელი მახასიათებელია. შეილება ვთქვათ, რომ ტერორის სამხედრო ეშმაკობის ერთერთი უმთავრესი პრინციპი სწორედ მოულოდნელობა და გაურკვევლობაა.

ასევეა, ტერორში ომის სუბიექტური მახასიათებლები. განსხვავებულია ტერორის განმახორციელებელი სხვადსხვა ტერორისტული ორგანიზაციებისა და დაჯგუფებების როგორც ორგანიზება და შემადგენლობა, ასევე მათი შეიარაღება, ბრძოლის მეთოდები და მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც განაპირობებენ ამა თუ იმ ტერორისტული ორგანიზაციის სპეციფიკას და უნიკალურობას.

ტერორიც ასევე მოქმედებს იმ განზომილებებში, რომელიც კლაუზევიცს აქვს ნახსენები. სახმელეთო. საზღვაო და რაღა თქმა უნდა საჰაერო სივრცეშიც, რის უამრავი მაგალითებიც არსებობს. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი გლობალიზაციის ხანის იმ მონაპოვარს რასაც საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარება და მათი ყოვლისმომცველობა ქვია, ფართოდ იყენებენ ტერორისტული ორგანიზაციები თუ ჯგუფები. საინფორმაციო სივრცეც დღევანდელი ომების უმნიშვნელოვანესი განზომილებაა.

ასავე თუ განვიხილავთ ტერორს კლაუზევიცის ზემოთ მოყვანილი ცნობილი სამების ჭრილში რაც არის ომის ტრიადა, მისი წარმმართველი სამი ძალა ე.წ. „ომის სამება“: სახელმწიფო, არმია, ხალხი, დავინახავთ რომ ტერორი ურტყამს პირველ რიგში ხალხს, როგორც ძალადობრივი გზავნილის გამტარს  და მისი ამ დარტყმების მეშვეობით ზემოქმედებს და ასუსტებს სწორედ სახელმწიფოს და არმიებს, როგორც ორგანიზმს რომელისთვისაც ხალხის წიაღში არსებული მორალური და სულიერი საძირკველი წარმატებით არსებობისთვის საჭირო ეგზისტენციურად მნიშვნელოვანი კომპონენტებია.

იგივე კლაუზევიცის აზრით, საბოლოო ჯამში ომი ეს არის ძალადობის აქტი რომლის მიზანია მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის, მისი ნების გატეხვა, იმის და მიუხედავად თუ რა ფორმით იქნება ეს განხორციელებული.

ტერორიც თავისი არსით აქეთ არის მიმართული. ტერორიზმის მიზანიც მოწინააღმდეგეზე საკუთარი ნების მოხვევაა და მისი იძულება, მოიმოქმედოს ან არ მოიმოქმედოს რაიმე. მაგალითისთვის იქნება ეს ჯარების გაყვანის მოთხოვნა, დაკავებული ტერორისტების განთავისუფლება, ისლამური ხალიფატის შექმნა, ან რაიმე სხვა. ყოველივე გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ტერორი მთლიანად აღიწერება კლუზევიცისეული განმარტებებით. ეს კი გვაძლევს საფუძველს, რომ ის ომის კუთხით განვიხილოთ.

საინტერესოა პასუხი გავცეთ კითხვას, თუ რატომ ირჩევს ტერორისტი ომის ამდაგვარ ფორმას. ცნობილია, რომ ტერორიზმს დღეს ბევრი “სუსტების ომს” უწოდებს და ეს გამოთქმა, შეიძლება ითქვას, რომ სწორია. თუმცა ჩვენ აქვე ჩასწორებას გავაკეთებთ. ტერორიზმი ეს “სუსტების იდეოლოგიაა”, ტერორი კი “სუსტების ომი”.

ნებისმიერი დაპირისპირების დროს მოწინააღმდეგეები ცდილობენ მათვის ყველაზე მისაღები და ეფექტური გზებით იმოქმედონ. ასევეა ტერორიზმის და ტერორის შემთხვევაში. საქმე გვაქვს, შეიძლება ითქვას, იძულებით არჩევანთან. იმ ამოცანებისა და მიზნებისათვის ბრძოლებისათვის რაც ამა თუ იმ ტერორისტულ ორგანიზაციას გააჩნია ტერორისტული ბრძოლის ხერხი ანუ ტერორი, ყველაზე ეფექტური და წარმატებულია. როგორც აღვნიშნეთ, ნებისმიერი აქტანტი, თუ მას გონიერება გააჩნია, ეძებს და იბრძვის მისთვის ყველაზე მისაღები და სასარგებლო ხერხებით.

თუ ჩვენ აღნიშნულ საკითხს ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ, ასევე ნათელი გახდება, რომ აქამდე არსებული ომები და მისი წარმოების ხერხები ადეკვატური იყო იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული სისტემებისა, რომელშიც ისინი მიმდინარეობდნენ. მოწინააღმდეგეები ყოველთვის ცდილობდნენ მათ მიმართ დაპირისპირებული სისტემების წინააღმდეგ საბრძოლველად შეძლებისდაგვარად, რაც შეილება ეფექტური გზები გამოენახათ.

როგორც კაცობრიობის ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, დიდი განვითარებული სახელწიფოების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ადეკვატური გზა-პარტიზანულ ტერორისტულია. ამის მაგალითებია: იგივე ესპანეთი ნაპოლეონის დროს, იუგოსლავია- მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ალჟირი, ვიეტნამი, ავღანეთი, ჩეჩნეთი და იგივე ერაყი და ავღანეთი დღეს.  ტერორისტული ორგანიზაციები მათვის ყველაზე ეფექტური გზებით ცდილობენ მიაღწიონ იმ მიზნებს რომლებიც მათ გააჩნიათ. სხვაგვარად, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. მათი იდეოლოგია საშუალებას აძლევს გამოიყენონ ტერორი როგორც მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი.

ვინაიდან ტერორისტული ორგანიზაციები ასიმეტრიული ომის შედარებით სუსტ მხარეს წარმოადგენენ, მათ მუდმივად სჭირდებათ ინოვაცია და იმპროვიზაცია, რათა რესურსების უთანაბრობის კომპენსირება მოახდინონ.

თუ კლასიკური დაპირისპირებების დროს ძალადობის ძირითადი ობიექტები სამხედრო-პოლიტიკურია, მაგალითად: ხიდები, სამთავრობო დაწესებულებები, სამრეწველო ობიექტები, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, შეიარაღება, არმიები, მათი ბაზები და მომარაგებისა თუ უზრუნველყოფის საშუალებები, ტერორის  პირობებში ძირითადი აქცენტი სამოქალაქო-საზოგადოებრივ სექტორზეა გადატანილი. ტერორი ეს არა კონვენციური ომია. მასში არ მოქმედებს ის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო არმიებს აქვთ. ეს არის ის უპირატესობა, რომლის გამოყენებითაც აღწევს წარმატებას ტერორიზმი როგორც იდეოლოგია. ტერორისტული აქტები პირველ რიგში სწორედ მოწინააღმდეგე მხარის მორალური და სულიერი ძალების წინააღმდეგ არის მიმართული. საერთოდ ნებისმიერი იდეოლოგიის მთავარი სამიზნე ყოველთვის ადამიანია, ასე რომ არაა გასაკვირი, რომ ტერორიზმის იდეოლოგია დასაშვებად მიიჩნევს ტერორს როგორც ომის ფორმას, რომელიც პირველ რიგში ასევე უბრალო ადამიანების, ანუ სამოქალაქო-საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

თუ კი ტერორს როგორც ომის ფორმას ჩავსვამთ ომი წარმოების სამ დონეზე, ესენია: სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური, უნდა ვთქვათ, რომ ტერორი სწორედ სტრატეგიის დონზე ურტყამს და მოქმედებს. ამაშია სწორედ მისი წარმატების უმთავრესი მიზეზი. ტერორისტული აქტი სწორედ კლაუზევიცური სამების მესამე კომპონენტის - ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული და მისი მოქმედება უსწრაფესად აისახება სამივე ზემოთ ნახსენებ დონეზე. განსაკურებით კი სტრატეგიულზე, იქ სადაც არსებობს კიდევაც სახელმწიფო მთელი თავისი შემადგენლით. ამ დონეზე მიღწეული წარმატებები კი, პირდაპირ მოქმედებს უფრო დაბალ  სამხედრო ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე. რადგან თუ სტრატეგიის დონეზე ვმარცხდებით მოწინააღმდეგესთან, აზრი ეკარგება სამხედრო-ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე მიღწეულ წარმატებებს. ქვედა დონეებზე წარმატებებს აღარ ძალუძთ სიტუაციის იმდაგვარი ცვლილება, რაც განაპირობებდა სტრატეგიულ დონეზე გამარჯვებას. სამხედრო გამარჯვებები კარგავს აზრს. სწორედ ამ მოვლენების შემსწრე ვართ უკანასკნელი წლების განმავლობაში.

აქედან გამომდინარე, თუ დიდი სტრატეგიის დონეზე სწორედ არ იქნა დანახული მოწინააღმდეგე და არ იქნა დასახული ის ადეკვატური გზები რითაც უნდა ვეომოთ მოწინააღმდეგეს, მაშინ მივალთ იმასთან რაც მოხდა: ვიეტნამში, ავღანეთში, ჩეჩნეთსა და რაც ხდება დღეს ახლო აღმოსავლეთში ზოგადად. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, არასწორმა დიდმა სტრატეგიამ აზრი დაუკარგა ქვედა დონეებზე მიღწეულ სამხედრო წარმატებებს. ვერ იქნა შესაძლებელი ომიდან გამოსვლა ისეთი მშვიდობის მოწყობით რომელიც იქნებოდა სტაბილური და არ დაუდებდა საფუძველს ახალ ტერორისტულ წარმონაქმნებსა თუ ზოგადად ქაოსს, არ შექმნია ძალაუფლების უზარმაზარ ვაკუუმებს.

ტერორიზმის პრობლემის მხოლოდ შიშველი აგრესიით (იმ იდეოლოგიის რომელიც ტერორს როგორც ომის ხერხს ირჩევს), გადაწყვეტა დღეს არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების, ეკონომიკური ურთიერთობებისა და კომუნიკაციების განვითარების პირობებში, რასაც ზემოდან ომის წარმოების შემზღუდავი უამრავი ფაქტორი ემატება, შეუძლებელია. რჩება მეორე, პოლიტიკური გზა, რომელიც ასევე ტერორიზმის უმთავრესი შემადგენელის, საზოგადოებისა და ზოგადად ადამიანისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ ფენებზე ზემოქმედების უმთავრესი არხი, საინფორმაციო-კომუნიკაციური არის.

ტერორიზმთან წარმატების მისაღწევად აუცილებელია გავიგოთ ის მიზეზები და ვებრძოლოთ იმ მიზეზებს რაც აიძულებს რეალობით უკმაყოფილო ხალხს აირჩიოს ასეთი იდეოლოგია. ადამიანი და ზოგადად საზოგადოება პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, თანამედროვე სამხედრო კამპანიების მიმდინარეობისას  აუცილებელია, რომ სამხედრო თეატრებზე მიღწეული წარმატებები ყველა ზედა დონეზეც აისახოს და შესაბამისად „ითარგმნოს“. თუ კი ადრე შესაძლებელი იყო ერთ მინდორზე მომხდარ ბრძოლებს ერების ბედი გადაეწყვიტა, დღეს გლობალიზაცია არ იძლევა ასეთ “ფუფუნებას”, აუცილებელია ნებისმიერი გამარჯვება სტრატეგიის დონეზეც “გაფორმდეს” როგორც გამარჯვება შესაბამისი მშვიდობის მოწყობით.

ასევე, ამ გზაზე, ჩვენის აზრით, საჭირო გახდება საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების რეფორმირება, ვინაიდან ეს სისტემები არ არიან ადეკვატურნი გლობალიზაციის ხანისა და არ ძალუძთ, არა თუ ტერორიზმის გამომწვევი მიზეზების არამედ, მათ წინაშე მდგარი სხვა  უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემების გადაჭრა.

დასასრულს, კი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტერორიზმის მიზნები პოლიტიკურია და ამავე დროს იგი ისეთივე ძველია, როგორც პოლიტიკური ძალადობის სხვა ფორმები. ტერორიზმი მის ისტორიულ გზაზე მუდმივად ტრანსფორმირდება რათა ცვალებად გარემოებებს მოერგოს. შესაბამისად იცვლება მისი ძალადობრივი ინსტრუმენტი ტერორი როგროც ომის ფორმა, ხოლო ომი კი მოგეხსენებათ ეს პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით.

 

გიორგი ანთაძე

/04,2016/

 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters