რეზიუმე
თეორიაში, სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეების განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად მიჩნეულია მეზობელი ქვეყნების საერთაშორისო კონფლიქტებში მონაწილეობა ან/და მათ ტერიტორიაზე შიდა კონფლიქტების ან სხვა ფორმის სამხედრო-პოლიტიკური (სამხედრო) არასტაბილობა. აღნიშნულს მივყავართ კავკასიაში კონფლიქტების ჩამონათვალთან, რომლის რიცხვს მთიანი ყარაბახის კონფლიქტიც მიეკუთვნება. ამიტომ, საინტერესოა და ამასთანავე აქტუალურიც, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გაღვივებამ რა საფრთხეები შეუძლია შეუქმნას საქართველოს?
საკითხის შესწავლისათვის შემოვიფარგლეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის დოქტრინალური დოკუმენტების შედარებითი ანალიზით. შევეხეთ იმ საკითხებს, რომლებიც გულისხმობენ ურთიერტდამოკიდებულებით ან დამოუკიდებლად ჩვენთვის საფრთხეების წარმოქმნის შესაძლებლობას. კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი საფრთხეები:
- დაინტერესებული მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკურად სომეხ ან/და აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე შესაძლო პროვოკაციები;
- რუსეთი, როგორც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი;
- სომეხი ან აზერბიჯანელი მოსახლეობის უკონტროლო მიგრაციული პროცესი;
- მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადმოდინების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიაზე.
ამასთანავე მიღებულია დასკვნა - სომხეთი ყარაბახის კონფლიქტში არ არის ნეიტრალური მხარე და დოქტრინიდან გამომდინარე ამართლებს გარანტის როლს.
შემდგომ ეტაპზე, ყურადღება გამახვილებულია სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დოქტრინებიდან გამომდინარე, თუ რომელი მხარეა ყარაბახის კონფლიქტან მიმართებაში უფრო აგრესიული? შეკითხვაზე პასუხის მისაღებად შედარებითი ანალიზის მეთოდოლოგიიდან, იერარქიის ანალიზის მეთოდზე შევჩერდით და მივიღეთ - ყარაბახის კონფლიქტთან მიმართებაში სომხეთის დოქტრინა (0,67) უფრო აგრესიულია ვიდრე აზერბაიჯანის (0,59).
ყარაბახის კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დოქტრინებიდან გამომდინარე, ვნახეთ საქართველოს დოქტრინალურ დოკუმენტებში განსაზღვრულ საფრთხეებზე თუ რა ადეკვატური ღონისძიებებია გათვალისწინებული. შედეგად მიღებულია დასკვნა - საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების დოქტრინალური დოკუმენტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობენ.