იენა-აუერშტადტის ბრძოლა, 14 ოქტომბერი, 1806
ორი ბრძოლა, იენასა და აუერშტადტან 1806 წლის 14 ოქტომბერს მდინარე ზაალის დასავლეთით მდებარე პლატოზე, გერმანიაში მოხდა, ფრანგთა იმპერატორის, ნაპოლეონ I-სა და პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ს ძალებს შორის. მსოფლიო ისტორიაში იშვიათი იყო ისეთი ბრძოლების რიცხვი, სადაც ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ერთ(ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ერი ჩავთვალოთ, რადგან ორივე ბრძოლა ერთდროულად მოხდა სულ მახლობლად მდებარე ადგილებზე და შინაარსი ერთი გამოდგა, პრუსიელების სრული კრახი) მთლიანად კარგავდა ბრძოლისუნარიან არმიას და მთელი სახელმწიფო გამარჯვებულის ლუკმა ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა გახლავთ იენა-აუერშტადტიც, რომელშიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა სამხედრო მოღვაწემ და დამპყრობელმა, ფრანგთა იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა მთლიანად მოსპო ევროპის მძლავრი სახელმწიფოს, პრუსიის მდიდარი ტრადიციებისა და სამხედრო წარსულის მქონე არმია, რომელთაც სათავეში “პატარა ფრიცის”, პრუსიის უდიდესი მეფის და მთავარსარდლის, ფრიდრიხ II დიდის ომებში გამოწვრთნილი გენერლები ედგნენ.
საერთოდ პრუსიის დასაპყრობად გამართული მთელი ოპერაცია არის ნიმუში, თუ როგორ შეიძლება უმოკლეს დროში ესოდენ ძლიერი ქვეყნის მთელი ჯარის განადგურება და სახელმწიფოს სრული ოკუპაცია(თუმცა ამის მოსახდენად ალბათ მინიმუმ ნაპოლეონი უნდა ედგეს ჯარს სათავეში). იენა-აუერშტადტის ბრძოლებმა კიდევ ერთხელ დაანახეს ევროპას, თუ რა ძალას წარმოადგენდა საფრანგეთის არმია და მისი გენიალური მეთაური, იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი, “კორსიკელი ურჩხული”.
1806 წლის კამპანიის პერიოდში როგორც პრუსიის, ასევე საფრანგეთის ჯარი რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ მე-3-ს განკარგულებაში სამი არმია იყო: ჰერცოგი ბრაუნშვაიგის(90 000 ჯარისკაცი), პრინცი ჰოჰენლოეს(38 000) და ერნსტ ფონ რიუხელის(15 000). ნაპოლეონმა იენასთან ოთხი კორპუსი(სულტის IV, ლანის V, ნეის VI, ოჟეროს VII) და მიურატის კავალერია გამოიყენა, ხოლო აუერშტადტთან ბერნადოტის და დავუს III(27 000). ნაპოლეონი თავის სტრატეგიული შესაძლებლობების შესახებ პრუსიის ომში წერდა: “პრუსიაში ომის საწარმოებლად კომბინაციის მხოლოდ სამი შესაძლებლობა მქონდა: ჩემი მარცხენა ფლანგით მაინციდან და ვეზელიდან გამოსვლა და ვესტფალიისკენ წასვლა შემეძლო, რაც უაზრო იქნებოდა. ამის საპირისპიროდ, შემეძლო ხშირი კოლონებით ცენტრში, ეიზენახის გზიდან, კასელსა და ლაიპციგის მიმართულებით მემოქმედა. დაბოლოს, ხშირი კოლონებით მარჯვენა ფლანგიდან თავდასხმის შესაძლებლობა მქონდა, რათა მოწინააღმდეგის მარცხენა ფლანგი დამეკავებინა და, ჰოფისა და ჰერის გავლით, პრუსიელებისთვის ბერლინის გზა მომეჭრა. დონავერტის გავლით, ვენიდან მაკი და მარენგოდან მალესი სწორედ ამგვარად მოვკვეთე. ცხადი იყო, რომ ეს უკანასკნელი მანევრი არათუ საუკეთესო, არამედ ყველაზე გონივრულის იყო”. პირველი მნიშვნელოვანი შეტაკება პრუსიელებსა და ფრანგებს შორის 1806 წლის 10 ოქტომბერს, ზაალფელდთან მოხდა. მარშალ ლანს აქ მდგარი პრუსიული შენაერთი დაუპირისპირდა, რომელსაც პრინცი ლუი-ფერდინანდი მეთაურობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მცირე მასშტაბისა იყო და მცირე ხანს გასტანა, მასში კარგად გამოჩნდა ფრანგთა უპირატესობა ყველა სამხედრო ასპექტში, მათ შორის ტაქტიკაში. მამაცმა და ნიჭიერმა მარშალმა საკმაოდ ადვილად მოახერხა პრინცის განადგურება. ლუი-ფერდინანდი ფრანგ ცხენოსნებთან ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა, რამაც იმსხვერპლა კიდეც მისი სიცოცხლე. ლანმა ხელში მტრის 4 დროშა და 34 ზარბაზანი ჩაიგდო და მცირეოდენი დანაკარგის ფასად(დაახლ. 200 ჯარისკაცი) მოწინააღმდეგის თითქმის ორი ათასეული გაანადგურა. თავად ნაპოლეონი ზაალფელდის ბრძოლის შესახებ წერდა: “10 ოქტომბერს ლანმა ზაალფელდთან შეუტია ჰოენლოეს არმიის ავანგარდს, რომელსაც პრუსიელი პრინცი ლუი მეთაურობდა. მოწინააღმდეგე განადგურდა და ათასი ადამიანი და ოცდაათი ზარბაზანი დაკარგა. ახალგაზრდა პრინც ლუის, რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა, არ უნდოდა თავის შერცხვენა და შეგნებულად სიკვდილზე წავიდა. ის ცხოვრობდა როგორც მამაცი რაინდი და დაიღუპა როგორც გმირი. თავიდან იგი ჩემი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ შემდეგ ჩემი დაუძინებელი მტერი გახდა, რადგან პრუსიისთვის საშიშად მივაჩნდი. ის თავისმა პატრიოტიზმმა შეიყვანა შეცდომაში და, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მან ჩემ წინააღმდეგ გააკეთა, მე ჯეროვნად ვაფასებ მას”, ხოლო კარლ ფონ კლაუზევიცი ასე აღწერს პრინცის შეცდომებს ზაალფელდთან: “მას(პრინც ლუის) იმედი ჰქონდა, რომ ბრწყინვალე წარმატებას მოიპოვებდა; ფიქრობდა, საქმე მოწინააღმდეგის მხოლოდ ერთ კორპუსთან ექნებოდა და ამიტომაც მარშალ ლანთა ბრძოლაში ჩაება. პრინცს 12 ბატალიონი და 18 ესკადრონი ანუ 10 000 კაცამდე ჰყავდა, მას შეეძლო ევარაუდა, რომ საქმე ფრანგულ კორპუსთან ანუ 15 000-20 000 ან, შესაძლოა 25 000 კაცთან ექნებოდა. ადგილმდებარეობა განსაკუთრებით მოუხერხებელი იყო. ეს გახლდათ ზაალის ველის მცირე გაფართოებული ადგილი, ქალაქის გადაღმა, ტიურინგიის ტყის ამაღლებული ფერდობებით გარშემორტყმული, რომლის სიმაღლეები მოწინააღმდეგეს უკვე ხელთ ეგდო”.
ამ გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონის არმიამ მიაღწია ზაალის მარჯვენა სანაპიროებს და დაიკავა ქალაქები: იენა და გერა, ხოლო მარშალი ლუი დავუ და მისი მესამე კორპუსი ნაუმბურგში შევიდა, სადაც რამდენიმე პონტონის ხიდი ჩაიგდო ხელთ, რითაც მდინარე ზაალის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა იყო შესაძლებელი. იენას ბრძოლა 14 ოქტომბერს მოხდა, როდესაც პრუსიელებმა ქალაქ იენას მახლობლად ნაპოლეონის ძალებს შეუტიეს. ცნობილი ისტორიკოსი ევგენი ტარლე საკუთარ წიგნში “ნაპოლეონი”, აღნიშნავდა: “თავადმა ჰოჰენლოემ იცოდა, რომ ფრანგები იენაში შევიდნენ, ამგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ თვით ნაპოლეონიც იქ იმყოფებოდა რამდენიმე კორპუსით. 13-14 ოქტომბერს ღამით ჰოჰენლოე გზაზე შეჩერდა და ნაპოლეონისათვის მოულოდნელად გადაწყვიტა შებრძოლებოდა. პრუსიელებმა გადაწყვიტეს დაცვითი ბრძოლის ტაქტიკით ეომათ, თუმცა უნდა ითქვას რომ ცუდად მოემზადნენ შეტაკებისთვის. ჰოჰენლოემ ბრძოლის წინა ღამეს დისპოზიციაც კი არ შეადგინა და მეორე დღეს არმიის განლაგებისას ბევრი შეცდომა დაუშვა. პრუსიის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო თეორეტიკოსის, კარლ ფონ კლაუზევიცის აზრით ბრაუნშვაიგის ჰერცოგს და ჰოჰენლოეს შეეძლოთ გაერთიანებულიყვნენ. თუ ჰერცოგი 12 ოქტომბერს გამოემართებოდა, ის 14 აუცილებლად ჩამოაღწევდა, რადგან ვაიმარში იდგა, საიდანაც იენამდე 2 დღის სავალი იყო. ასეთ შემთხვევაში პრუსიელები 80 000 კაცამდე ჯარს მოუყრიდნენ თავს და ფრანგებზე რიცხობრივი უპირატესობა ექნებოდათ, ბონაპარტს იენასთან მხოლოდ 60 ათასი კაცი ჰყავდა, დანარჩენი ნაწილები კი მარშლების სარდლობით სხვადასხვა ადგილზე იდგნენ. თუმცა ეს შემდეგდროინდელი მოსაზრებაა. არც ჰოჰენლოეს და არც ჰერცოგ კარლ ბრაუნშვაიგს არ გაუვლიათ თავში მსგავსი აზრი. ლოგიკურად პრუსიელები გაერთიანების შემთხვევაშიც დამარცხდებოდნენ, მაგრამ რათქმაუნდა არა ისე სასტიკად და ისეთი დანაკარგებით, როგორც ეს იენასა და აუერშტადტთან მოუვიდათ ძალების გაყოფის და ნაპოლეონთან და მარშალ დავუსთან ცალ-ცალკედ ბრძოლის დროს.
ბრძოლა იენასთან
ბონაპარტი კარგად მოემზადა ბრძოლისთვის. მან იცოდა, რომ პრუსიელთა არმიის დიდი ნაწილი მის წინ იდგა, მოამზადა დისპოზიცია და დაიკავა ლანდგრაფენბერგის მაღლობი, ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო პოზიცია ამ ადგილზე. სიმაღლის დაკავების ოპერაცია 30 ათასიანმა ფრანგულმა შენაერთმა ითავა, რომელთაც შეძლეს სწრაფად გაეკეთებინათ თავიანთი საქმე და ლანდგრაფენბერგზე მძლავრი საარტილერიო ბატარეა მოეწყოთ ჰოჰენლოეს არმიის წინააღმდეგ. ფრანგთა ჯარის მარცხენა ფლანგზე მარშალი ოჟერო იდგა მე-7 კორპუსით, ცენტრში მარშალი ლანი მე-5 კორპუსით, მათ შორის საიმპერატორო გვარდია ჩამდგარიყო, ხოლო მარჯვენა ფლანგზე მარშალ ნიკოლა სულტის მე-4 კორპუსი განლაგებულიყო. ნაპოლეონის არმია დავუს კორპუსის გარეშე(დავუ აუერშტადტთან იდგა) 90 ათასს შეადგენდა, მაგრამ ზოგიერთ სამხედრო ნაწილს სხვა დავალება ჰქონდა ან ვერ მოასწრეს ბრძოლაში მოსვლა, ამიტომ ჰოჰენლოეს წინააღმდეგ ნაპოლეონის დაახლოებით 40 ათასი ქვეითი, 8500 ცხენოსანი და 110 ზარბაზანი იდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგთა იმპერატორს შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი ჯარი განელაგებინა პრუსიელთა წინააღმდეგ, თუ მარშალი ბერნადოტი თავისი პირველი კორპუსით შეუერთდებოდა(I კორპუსში 18 500 ქვეითი, 1500 ცხენოსანი და 34 ზარბაზანი შედიოდა)ძირითად ძალებს. ეს უკანასკნელი არც იენასთან მივიდა და არც დავუს დაეხმარა აუერშტადტთან, როდესაც ეს მარშალი პრუსიის არმიის ძირითად ძალებს ებრძოდა.
ნაპოლეონის არმია იენასთან ასე გამოიყურებოდა:
ჰოჰენლოემ როგორც ზემოთ ვთქვით მეტად ცუდად განალაგა ჯარი და დისპოზიციაც თითქმის არ გააჩნდა, ამიტომ იენასთან ნაპოლეონის არმიის პირისპირ სულ 33 400 ქვეითი, 11 800 ცხენოსანი და 15 საარტილერიო ბატარეა აღმოჩნდა(დაახლოებიტ 2000 არტილერისტი), ხოლო გენერალ რიუხელის კორპუსი ბრძოლის დასასრულს ჩაერთო მოქმედებებში და ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა. ჰოჰენლოე ასეთი არმიით იდგა იენასთან
გამთენიისას ნაპოლეონმა თავის არმიას ჩამოუარა. ის ეუბნებოდა მეომრებს, რომ ამ ბრძოლით ისინი მთელ პრუსიას დაეუფლებოდნენ. აქეზებდა და სიმამაცეს უქებდა აუსტერლიცისა და ულმის გმირებს და მომავალი ბატალიის გეგმას უსახავდა. როგორც კი სქელი ბურუსი გაიფანტა და მზის პირველი სხივები დაეცნენ დედამიწას, მარშალმა ლანმა დაზვერა ჰოჰენლოეს არმიის მის წინ განლაგებული ნაწილები და უბრძანა მე-5 კორპუსს შეტევაზე გადასულიყო. დილის 9 საათისთვის რამდენიმე მძაფრი შეტევის შემდეგ ფრანგებმა აიძულეს გენერალი ტაუენცინი უკან დაეხია თავისი რვაათასიანი ავანგარდით. ამ ლოკალური გამარჯვების შემდეგ ლანის ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიცია დაიკავეს და გამაგრდნენ კოსპედის, ლიუტცეროდის და კლოზვიცეს მახლობლად. ჰოჰენლოემ მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ მარშალი ლანი მის ავანგარდს უტევდა, როდესაც ტაუენცინის უკუგდებული, დემორალიზებული შენაერთები პირდაპირ მის სადგომთან მოვიდნენ. ეს მეტყველებს იმაზეც, რომ პრუსიის არმიაში ცუდად იყო განვითარებული დაზვერვა და კურიერული სამსახური. ჰოჰენლოემ გამოიყვანა თავისი ბატალიონები და ერთ ადგილზე შეკრიბა. ამით აპირებდა შეეჩერებინა ფრანგთა შეტევა გენერალ ერნსტ რიუხელის კორპუსის მოსვლამდე, რომელთანაც უკვე გაგზავნილი ჰქონდა დეპეშა ბრძანებით საჩქაროდ გამოსულიყო ვაიმარიდან თავის თხუთმეტათასიანი კორპუსით და იენასთან გამოცხადებულიყო. ჯარის შეკრების შემდეგ ჰოჰენლოემ არმიის ეს მასა სოფელ ფირცენგეილინგენთან გადაიყვანა და ფრანგთა დასახვედრად მოამზადა. ამ დროს მარშალ ლანის დასახმარებლად მარშალი სულტის კორპუსი დაიძრა კლოზვიცისკენ მდინარე ზაალის სანაპიროს მხრიდან, შემდეგ კი შეეტაკა ტყეში გამაგრებულ გენერალ გოლცენდორფის შენაერთს, რომელიც ჰოჰენლოეს მარცხენა ფლანგს იკავებდა. ორსაათიანი შეტევების შემდეგ გოლცენდორფი იძულებული გახდა უკან დაეხია დიდი დანაკარებით, მან 5000 კაცზე მეტი დაკარგა. მარშალ ოჟეროს მე-7 კორპუსი კოსპედასკენ დაიძრა, ხოლო მარშალმა ნეიმ შეამჩნია ჰოჰენლოეს მოძრაობა ფირცენგეილინგენისკენ და ყოყმანის გარეშე დაიძრა 3000 ჯარისკაცით თავისი კორპუსიდან პირდაპირ აღნიშნული ადგილისკენ. მან მოახერხა სოფელში გამაგრება და პრუსიელებს დაუხვდა. ნაპოლეონისაგან “მამაცთა შორის უმამაცესმა” გაამართლა თავისი სახელი. ის ამ მცირეოდენი ძალებით ერთი საათის განმავლობაში იგერიებდა ჰოჰენლოეს ძირითად ძალებს, რომელიც გააფთრებით ცდილობდა ნეის განდევნას ფირცენგეილინგენიდან. როგორც კლაუზევიცი აღნიშნავს პრუსიელთა სასტიკი დამარცხებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოძველებული ხაზოვანი ტაქტიკა იყო. ჰოჰენლოეს შენაერთები გრძელ ხაზებად გაჭიმულები მიიწევდნენ, გარკვეულ დისტანციაზე ჩერდებოდნენ და მასირებულ ცეცხლს ხსნიდნენ ყველანაირი დამიზნების გარეშე. გამოცდილი ფრანგი ჯარისკაცები კი ტაქტიკურად ბევრად მაღლა იდგნენ პრუსიელებზე და კარგადაც უმიზნებდნენ მოწინააღმდეგეს, ამიტომ ასეთი უშედეგო, თვითმკვლელობის მაგვარი შეტევებით მეექვსე კორპუსის ამ მცირე ნაწილზე შეტევისას საქსონიელებმა და პრუსიელებმა საშინელი ზარალი ნახეს. ნაპოლეონმა უბრძანა მარშალ ლანს, რომ დახმარება აღმოეჩინა ნეისთვის, რაც მან შეასრულა კიდეც, შემდეგ კი იმპერატორმა საბრძოლო მწყობრში ჩააყენა მეექვსე კორპუსის ორი დივიზია, მიურატის სარეზერვო კავალერია და დაელოდა როდის დაასრულებდნენ მანევრებს მე-4 და მე-7 კორპუსი. როდესაც მთელი არმია ბრძოლის ველზე აღმოჩნდა, ბონაპარტმა მოწინააღმდეგეს დაუპირისპირა გაერთიანებული ფრანგული ჯარი რეზერვების ჩათვლით. ოჟეროს, სულტისა და ლანის ფლანგური შეტევების შედეგად პრუსიული არმია მოიშალა და ბრძოლის ველიდან პანიკური გაქცევა დაიწყო. მწყობრი უკანდახევა მხოლოდ საქსონელ გრენადერთა ბატალიონმა მოახდინა, რომელიც თავად ჰოჰენლოეს იცავდნენ. 14:00 საათისთვის ბრძოლაში რიუხელის 15 ათასიანი კორპუსი ჩაერთო, რომელიც ჰოჰენლოეს დასახმარებლად მოიწევდა. რიუხელი ვერ გაერკვა სიტუაციაში და იმის მაგივრად რომ ჰოჰენლოეს უკუგდებული ნაწილების უკანდახევა დაეფარა, ფრანგებს შეუტია. იგი ფიქრობდა, რომ ბრძოლა ჯერ არ იყო დასრულებული, ამაში კი მწარედ შეცდა. მარშლებმა მძაფრი იერიშებით გაანადგურეს რიუხელის კორპუსი საათზე ნაკლებ დროში. რიუხელის შეცდომა ძვირად დაუჯდათ პრუსიელებს, რადგან ამით კიდევ უფრო გაიზარდა ისედაც საშინელი დანაკარგები. გაქცეული ჰოჰენლოესა და რიუხელის ჯარისკაცების დევნა მიურატმა ითავა თავისი კავალერიით. პრუსიელების ნაწილმა ვაიმარში სცადა გამაგრება, მაგრამ ფრანგთა კავალერია წამოეწია და დაუნდობლად ამოწყვიტა გაქცეულთა უდიდესი ნაწილი. პრუსიელთა მეორე ნაწილი ჰოჰენლოეს მეთაურობით ნაუმბურგისკენ გაეშურა, რათა შეერთებოდნენ ჰერცოგ ბრაუნშვაიგის მთავარ არმიას, მაგრამ იქ გაქცეულთა კიდევ ერთი ჯგუფი დახვდათ. ეს ჰერცოგი ბრაუნშვაიგის არმიის ნარჩენები გამოდგა, რომლებიც აუერშტადტთან მარშალ დავუსთან სასტიკი დამარცხების შემდეგ გარბოდნენ.
კლაუზევიცის “1806 წელში” კარგადაა აღწერილი, თუ როგორი დეორგანიზებული იყო პრუსიული არმია იენასთან ბრძოლაში: “ღამით 13-დან 14-მდე ტაუენცინმა ვაკეზე დაიხია, რათა დილით სქელ ნისლში მოწინააღმდეგისთვის შეეტია. ის, რათქმაუნდა დამარცხდა და მისი ჯარი ნახევრად გაიფანტა. შემდეგ გენერალი გრავერტიც მოვიდა, მაგრამ მანაც მარცხი იწვნია. ამის შემდეგ გენერალი რიუხელი გამოჩნდა, შეტევაზე გადავიდა და ისიც დამარცხდა. ამასობაში საქსონელები თავიანთი ფლანგის პოზიციაზე, ფლობერგის მთაზე უმოქმედოდ იყვნენ, თითქოს არაფერი ხდებოდა. მათ მოწინააღმდეგემ ალყა შემოარტყა და დაატყვევა. ამგვარად, თითოეული ეს დანაყოფი 6000, 10 000 და 15 000 კაცის შემადგენლობით, ყოველგვარი ერთიანობისა და შეთანხმების გარეშე ცდილობდა საკუთარი ბრძოლა 60 ათასიანი ჯარის წინააღმდეგ ეწარმოებინა.” 1806 წლის 14 ოქტომბერი პრუსიის ისტორიაში შავი დღე გახდა. ფრიდრიხ დიდის მემკვიდრე არმია სასტიკად განადგურდა ერთი დღის განმავლობაში და შეწყვიტა არსებობა, როგორც ორგანიზებულმა სამხედრო ძალამ.
ბრძოლა აუერშტადტთან
იმ დროისთვის, როდესაც ნაპოლეონმა იენადან გამოიყვანა სულტის, ლანის, ოჟეროს, ნეის, მიურატის და საიმპერატორო გვარდიის შენაერთები, პრუსიის მეფის ძირითადი არმია, რომელსაც ჰერცოგი კარლ ბრაუნშვაიგი მეთაურობდა, ვაიმარიდან ნაუმბურგისკენ დაიძრა. პრუსიელებმა ღამე აუერშტადტთან გაათიეს, ფრანგებისაგან(მარშალ დავუს და მარშალ ბერნადოტის კორპუსები) საკმაოდ მცირე მანძილით დაშორებულებმა. ნაპოლეონმა დავუს და ბერნადოტს უბრძანა გადაელახათ ზაალი და მთავარ ძალებს შეერთებოდნენ. დავუმ ეკარტსბერგის მიმართულება აირჩია, ბერნადოტმა დორნბურგის. III კორპუსის სარდლის, მარშალ დავუს გზა პრუსიელთა მთავარმა ძალებმა მოუჭრეს, რომელთან ერთად იყო მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ III, ჰერცოგი ბრაუნშვაიგი და ფელდმარშლები ვიჰარდ ფონ მელენდორფი და ფრიდრიხ ფონ კალკროიტი. დავუს აზრით მის წინააღმდეგ პრუსიელთა სრული ძალები არ იდგნენ. მარშალი დარწმუნებული იყო, რომ მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმი ძირითადი ძალებით ბონაპარტისკენ დაიძვრებოდა. ასევე დავუ არც იმაში იყო გარკვეული რა მანძილით იყვნენ პრუსიელები დაშორებულები მის კორპუსს, თუმცა მიიღო ზუსტი გადაწყვეტილება, ღამით დაეკავებინა კარგი პოზიციები კოზენთან. უნდა ითქვას, რომ ვერც ჰერცოგმა ბრაუნშვაიგმა და ვერც მეფემ ვერ შეაფასეს კოზენის პოზიციების მნიშვნელობა და არ დაიკავეს ეს ადგილი, დაუშვეს რა ანალოგიური შეცდომა, რაც თავადმა ჰოჰენლოემ, რომელმაც ლანდსგრაფენბერგის მაღლობი დატოვა უყურადღებოდ იენასთან. მოგვიანებით ამ ძალებს შეუერთდნენ გებჰარდ ლიბერეხტ ფონ ბლიუხერის(ამ დროისთვის გენერალ-ლეიტენანტის) ნაწილები. პრინცი ვიურტემბერგელის სარეზერვო კორპუსმა, რომელშიც 15 ათასი ჯარისკაცი შედიოდა, ძირითად ძალებთან შეერთება ძალიან გვიან მოახერხა და ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო. თუ ბლიუხერის ნაწილებს არ ჩავთვლით, აუერშტადტთან სულ დაახლოებით 36 500 ქვეითი და 11 500 კავალერისტი პრუსიელი იბრძოდა, ასევე 15 საარტილერიო ბატარეა. ჰერცოგ ბრაუნშვაიგის არმია ასე გამოიყურებოდა აუერშტადტთან
მარშალ დავუს მეთაურობის ქვეშ ეს ძალები იდგნენ
ბრძოლაში მონაწილეობა მხოლოდ მესამე კორპუსმა მიიღო, ხოლო ბერნადოტი როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც იმპერატორს დაეხმარა და არც დავუს. ასეთ შემთხვევაში პრუსიელებს აუერშტადტთან თითქმის ორჯერ მეტი ძალა ჰყავდათ ვიდრე ფრანგებს. ნაუმბურგისკენ დავუს კორპუსის მარშის დროს, ავანგარდი, გენერალ გიუდენის მეთაურობით დილის 7 საათისთვის შეაჩერა პოპელთან პრუსიულმა კავალერიამ, რომელსაც ეხმარებოდა არტილერიაც. გიუდენმა სასწრაფოდ მიიღო ზომები და თავისი ქვეითები კარედ განალაგა. როდესაც ნისლი გაიფანტა, მათ დაინახეს მოწინააღმდეგის ცხენოსნები დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით. გიუდენმა დრო არ დაკარგა და ცეცხლი გახსნა, რითაც პრუსიული არტილერია და კავალერია აიძულა უკან დაეხიათ. როგორც კი დავუმ შეიტყო ამის შესახებ, გიუდენს უბრძანა ჰასენჰაუზენში გამაგრებულიყო. ბრძოლის ამ უბანზე ფრანგთა წინააღმდეგ გენერალ ფონ შმეტაუს დივიზია მოქმედებდა. პრუსიელთა ამ შენაერთში თითქმის 12 ათასი ჯარისკაცი ირიცხებოდა. შმეტაუს დავალებული ჰქონდა შეეჩერებინა დავუს მოძრაობა კოზენისკენ. სანამ ეს პრუსიელი გენერალი ჰასენჰაუზენზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, მის მარცხენა ფლანგზე კავალერიის დიდი შენაერთი გამოჩნდა ბლიუხერის მეთაურობით. ორი პრუსიელი გენერლის კორდინირებულმა შეტევამ აიძულა გიუდენი ჰასენჰაუზენში დარჩენილიყო. დილის ცხრის ნახევარზე ბრაუნშვაიგის არმიას შეუერთდა ფონ ვარტენსლებენის დივიზია(11 ათასი ჯარისკაცი), რომლის ქვეითებს დაევალათ მარცხენა ფლანგის, ხოლო კავალერიას მარჯვენა ფლანგის გამაგრება. 9 საათზე გიუდენის დასახმარებლად კავალერია მოვიდა, ხოლო 10-ს ნახევარზე გენერალ ფრიანის დივიზია 12 ფუნტიანი ზარბაზნებით. ეს ძალები გიუდენის მარჯვნივ გამაგრდნენ. ბლიუხერმა ვერ დაინახა ბრძოლის გაგრძელების სხვა ვარიანტები და თავის კავალერიას უბრძანა გიუდენისა და ფრიანის დივიზიების თავს დასხმოდნენ. ამავე დროს შეტევაზე გადავიდა ჰერცოგ ბრაუნშვაიგის ორი პოლკი, თუმცა ორივე იერიში ფრანგებმა საკმაოდ ადვილად მოიგერიეს. 10 საათზე ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა ბრძანება მისცა მთელ თავის ძალებს, შეეტიათ ჰასენჰაუზენის მიმართულებით ფრანგებისათვის. მალე თავად ჰერცოგი მძიმედ დაიჭრა და ბრძოლის ველიდან გასაყვანი გახდა. გენერალი ფონ შმეტაუც დაიჭრა. პრუსიელთა არმიის ორი მეთაურის სასიკვდილოდ დაჭრამ ჯარის ორგანიზება მთლიანად მოშალა.
კლაუზევიცი წერს: “ყველაზე მეტად დაზარალდა შმეტაუს დივიზია, რადგან ის ბრძოლაში ადრე ჩაება და სოფლებს გადააწყდა. დივიზია მნიშვნელოვნად შესუსტებული იყო, როცა მოწინააღმდეგის მხედრობა გამოჩნდა. მტრის ცხენოსანმა არმიამ მარცხენა ფრთას შეუტია და მთელი დივიზია უკუაგდო ისე, რომ მან ვარტენსლებენის დივიზიასთან ერთად სწორი კუთხე წარმოქმა. ამასთანავე, ორანელის დივიზიის მოსვლამდე ჰერცოგი სასიკვდილოდ დაიჭრა”. პრუსიელები საშინელ დღეში ჩავარდნენ. ოსვალდისა და პრინცი ორანელის(ჰოლანდიის მომავალი მეფე ვილემ I) ქვეითი ჯარი მხოლოდ 11-ს ნახევარზე ჩაერთო ბრძოლაში. ამ მომენტში მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმმა მიიღო თავისი ერთადერთი გადაწყვეტილება – გაეყო ეს ძალები ორ ფლანგად. გენერალ მორანის დივიზია კი დავუმ გიუდენის დასახმარებლად ჩართო ბრძოლაში. როდესაც მარშალმა შეამჩნია, რომ პრუსიელთა ძალები დეორგანიზებულნი იყვნენ, არეულად მოქმედებდნენ და გადაადგილებებს აკეთებდნენ, 11 საათზე უბრძანა თავის არმიას, კონტრშეტევაზე გადასულიყო. ფრანგთა იერიშის შედეგად პრუსიელთა ცენტრი მთლიანად განადგურდა და ლისბახისკენ იქნა უკუგდებული, ბლიუხერის კავალერიაც მას მიჰყვა, ხოლო ფონ ვარტესლებენი ჯერ კიდევ ცდილობდა ჯარის გადაჯგუფებას. მოხუცი მელენდორფი და სხვა სარდლებიც ვერაფერს ახერხებდნენ. პრუსიის მეფე მიხვდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო და საყოველთაო უკანდახევა გამოაცხადა. მარშალი დავუ, რომელიც ბრძოლის ველზე მოქმედებების დაწყების მომენტიდან იდგა, დადიოდა რაზმიდან რაზმში და ამხნევებდა თავის მეომრებს . მან ამ ბრძოლაში გამოავლინა დიდი სამხედრო ნიჭი და სიმამაცე, რის გამოც შემდეგში ნაპოლეონმა მას აუერშტადტის ჰერცოგი უწოდა. 1806 წლის კამპანიაში თავი მხოლოდ მარშალმა ბერნადოტმა შეირცხვინა, რომელიც თავისი I კორპუსით არც დავუს დაეხმარა, არც ნაპოლეონს. შვედეთის მომავალმა მეფემ მარშალი დავუ მასზე რაოდენობრივად ბევრად აღმატებულ მტერთან მარტო დატოვა. რა უნდა ექნათ ბერნადოტისთვის? ბერნადოტი უნდა დაეკავებინათ და სამხედრო-საველე სასამართლოსთვის გადაეცათ დასასჯელად. ეს მოხდებოდა კიდეც ნაპოლეონს რომ ეს ბრძანება არ გაეუქმებინა. ბერნადოტი ნაპოლეონის ძმის, ჟოზეფის ცოლის დის და იმპერატორისავე ძველი სიყვარულის ქმარი გახლდათ. ნაპოლეონს არ სჭირდებოდა საოჯახო პრობლემები. უფრო კარგი იქნებოდა მიეცა ბერნადოტისთვის კიდევ ერთი შანსი.
მიზეზები და შედეგები
იენა-აუერშტადტის ბრძოლების შედეგად სამარცხვინოდ განადგურდა მთელი პრუსიის არმია, დაიღუპა 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი, ტყვედ ჩავარდა თითქმის 18 000, 20 გენერალი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა, არტილერიის უდიდესი ნაწილი ფრანგებს ჩაუვარდათ ხელში. 27 ოქტომბერს, იენის კატასტროფიდან ორი კვირის შემდეგ იმპერატორი ნაპოლეონი ტრიუმფით შევიდა ბერლინში თავის ოთხ მარშალთან და დიდი არმიის ელიტურ რაზმებთან ერთად. პრუსიელთა მორალური მდგომარეობა იმდენად ცუდი გახლდათ, რომ 8 ნოემბერს ფრანგებს უომრად დანებდა შესანიშნავი, საუკეთესოდ გამაგრებული და მომარაგებული პრუსიული ციხე-სიმაგრე მაგდებურგი. ამას გარდა 1806 წლის 15 ოქტომბრიდან – 1807 წლის 5 იანვრამდე ფრანგებს დანებდა შემდეგი სიმაგრეები: ერფრუტი, შპანდაუ, შტეტინი, კიუსტრინი, ჩენსტოხოვი, ხამელნი, ფორტ პლასენბურგი, გლოგაუ და ბრესლაუ. პრუსია დაეცა. 1806 წლის კამპანიაში ფრანგთა გამარჯვება სრული, გამანადგურებელი და ულაპარაკო იყო. პრუსიის მმართველობამ, გენერალიტეტმა და ხალხმა წინააღმდეგობა აღარ გაუწია ევროპის ახალ, დიად დამპყრობელს. თვითონ ნაპოლეონის სიტყვების მიხედვით, იენა მისთვის მესამე ყველაზე ბედნიერი დღე იყო მარენგოსა(1800, ავსტრიელთა დამარცხება) და აუსტერლიცის(1805, მესამე კოალიციის განადგურება) შემდეგ. როგორც შემდეგ კარლ ფონ კლაუზევიცმა აღნიშნა, “პრუსია თავისი სახელმწიფო წყობის გამო დაიღუპა”. არმიის დეგრადაციამ კიდევ უფრო მანკიერი ფორმები მიიღო, ვიდრე ეს სახელმწიფო ადმინისტრაციისა და კანონმდებლობის შემთხვევაში იყო – ის ძალაგამოცლილ, მოდუნებულ ორგანიზმად იქცა. თავად მთავრობა, ე.ი სახელმწიფო მანქანის უმაღლესი ხელმძღვანელობა, ე.წ. “კაბინეტური” ტიპისა იყო. მისი შემოღება, უმთავრესად, ფრიდრიხ დიდის სახელს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ მისი მამა მინისტრებთან ასე თუ ისე მაინც თანამშრომლობდა, ფრიდრიხ დიდს კი ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა მათთან. ამის
მიზეზი ის იყო, რომ ფრიდრიხ დიდს, როგორც დიქტატორს, ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით, მათი რჩევა იშვიათად სჭირდებოდა. როგორც წესი, თავის გადაწყვეტილებებს მათ წერილობითი ფორმით აცნობებდნენ ხოლმე. ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ მის მიერ იყო მიღებული და ჩვეულებრივ, მცირესიტყვიანი ფორმით ჩამოყალიბებული. ამ პროცესში იგი არა მინისტრთა რჩევებს, არამედ უბრალო მდივანს საჭიროებდა; ამდენად, მისი მეფობისას, კაბინეტურ მრჩევლებზე საუბარიც არ იყო. ყრმობის წლებიდან მკაცრი პრინციპებითა და სერიოზულობით გამორჩეული ფრიდრიხ ვილჰელმ III საკუთარი და სხვისი ძალებისადმი ზედმეტი უნდობლობით იყო განსმჭვალული. მასში ჭარბობდა ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი ცივი სკეპტიციზმი, რომელიც ინიციატივას, ენთუზიაზმსა და ყოველგვარ შემოქმედებით შემართებას ანელებდა. მისი ცივი, გამჭრიახი გონება და ეჭვიანობისკენ დაუძლეველი მიდრეკილება მხოლოდ ერთ რამეში – ადამიანთა სისუსტეების აღმოჩენაში გაიწაფა. ყოველივე ამან მასში ხალხისადმი თითქმის მძულვარებამდე მისული უნდობლობა გამოიწვია”. ევგენი ტარლე სწორად აღნიშნავს: “პრუსიის სათავეში იდგა მეფე, რომელიც თავს იწონებდა იმით, რომ იგი ბრანდენბურგის პირველი აზნაური და მემამულე იყო; საფრანგეთის სათავეში იდგა დიქტატორი, რომელიც თავის ერთ-ერთი ძირითად ამოცანად ისახავდა ძლიერი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მქონე დამოუკიდებელი ნაციონალური სახელმწიფოს განვითარებას და კერძო საკუთრების პრინციპის აბსოლუტურად სრულ გატარებას”. ფრიდრიხ-ვილჰელმ III-ს ფეოდალურმა სახელმწიფომ და ფრიდრიხ დიდის დროში ჩარჩენილმა მმართველობის ფორმამ მარცხი განიცადა და ვერ გაუძლო საფრანგეთის რევოლუციურ-ნოვატორული ძალებთან შეჯახებას. საფრანგეთი მაღალგანვითარებული, მძლავრი იმპერია იყო, რომელსაც სათავეში გენიალური სამხედრო მოღვაწე ედგა. “კორსიკელი ურჩხული”, როგორც მას ევროპაში უწოდებდნენ რიგ-რიგობით იპყრობდა საფრანგეთის მეზობელ სახელმწიფოებს და მიიწევდა კიდევ უფრო შორს. პრუსია მისი მორიგი მსხვერპლი შეიქნა. მიუხედავად მეფის სისუსტისა, პრუსიელებს ეიმედებოდათ თავიანთი არმიის, რომელიც დიდი ფრიდრიხის მიერ იყო დაარსებული, მაგრამ იმ დროისა აღარაფერი შერჩენოდა, ეიმედებოდათ თავიანთი მოხუცი, ძველი სამხედრო წესებით აღზრდილი სარდლებისა. ისინი ამაყობდნენ ფრიდრიხ დიდის შვიდწლიან ომში წარმატებით. იხსენებდნენ როსბახის ბრძოლას(1757), იმ დროს, როდესაც ფრანგებს სასტიკად ამარცხებდნენ და ვერ ითვალისწინებდნენ ულმისა და აუსტერლიცის(1805 წ. ფრანგების მიერ რუსეთ-ავსტრიის არმიების განადგურება) მაგალითებს. შედეგად მიიღეს ის, რაც იენა-აუერშტადტთან მოხდა, პრუსიის სრული განადგურება და დაპყრობა ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ. პრუსიის არმია სარკესავით ზუსტად ასახავდა სახელმწიფოს მთელ ბატონყმურ სტრუქტურას. ჯარისკაცი ყმა გლეხია, რომელიც მემამულის როზგების შემდეგ ოფიცრების ფუხტელებისა და შპიცრუტენების მსხვერპლი გახდა, მას სილის გაწვნით და პანღურით უმასპინძლდებოდა ყველა, ვინც კი მასზე მაღლა იდგა, დაწყებული ფელდფებელით; ის ვალდებული იყო მონურად დამორჩილებოდა უფროსებს, კარგად იცოდა, რომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რარიგ გაბედულად და წესიერად არ უნდა ებრძოლა. ოფიცერი მხოლოდ იმიტომაა ოფიცერი, რომ ის აზნაურია; იყვნენ ისეთი ოფიცრებით, რომლებიც თავს იწონებდნენ ჯარისკაცებისადმი მკაცრი მოპყრობით და სწორედ ესმიაჩნდათ ნამდვილ დისციპლინად. გენერლებად ხდებოდნენ ან უკვე სიბერეში, ან პროტექციითა და თავისი წარჩინებული გვარიშვილობით.
იენას შემდეგ პრუსიელებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომლებმაც გაანალიზეს მომხდარი საშინელება და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა აეღორძინებინათ პრუსიული სამხედრო ძალა ახლიდან. მოდერნიზაციის მსურველებს სათავეში ჩაუდგნენ პრუსიის ახალგაზრდა სამხედრო მOოღვაწეები კარლ ფონ კლაუზევიცი, ავგუსტ ფონ გნეიზენაუ და გერჰარდ ფონ შარნჰორსტი. იენა-აუერშტადტთან ნაპოლეონმა თავის კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, დაეუფლა რა პრუსიის თითქმის ყველა მიწას და მთელი გერმანია საფრანგეთს დაუქვემდებარა. სამხედრო ისტორიაში იენა-აუერშტადტის ბრძოლები ითვლება მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება უკეთესი სამხედრო ტაქტიკის, გამოცდილებისა და კარგი მეთაურების მქონე არმიამ პირწმინდად მოსპოს და გაანადგუროს მოძველებული, თუმცა თავის დროზე ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკით აღჭურვილი თუნდაც მამაცი ჯარი, რომელსაც არცთუ გამოცდილი, მაგრამ გმირი მეთაურები სარდლობენ და თუ როგორაა შესაძლებელი ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში.
ნიკა ხოფერია საქართველოს ნაპოლეონის საზოგადოება ბიბლიოგრაფია კარლ ფონ კლაუზევიცი, ნაპოლეონი, 1806 წელი, ნაპოლეონი 1806 წლის ლაშქრობის შესახებ. სამხედრო ბიბლიოთეკა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007 ევგენი ტარლე, ნაპოლეონი. ბედია, თბილისი 1996.
1. Gregory Fremont-Barnes, Todd Fisher, The Napoleonic wars, the rise and fall of an empire. Osprey publishing, 2004.
2. Hourtoulle, Iena, Auerstedt. The Triumpf of the Eagle. Histoire et Collection, 2005.
3. J.Headly, Napoleon and his Marshals. New York, 1988.
4. Манфред А.З, Наполеон Бонапарт. Мысль, 1987.
5. D.G Chandler, Jena 1806: Napoleon destroys Prussia. Osprey military
|